განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001899468
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2729-18 28 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - გ--------–---–------
წარმომადგენელი - ხ----------------
მოწინააღმდეგე მხარე - დ------------–-----
წარმომადგენელი - ც-–-----–---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ------------–-----მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისში, ა---- ქ. N-, (ს/კ 0---------------), იძულებით აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეების წილების შესაბამისად განაწილების გზით, საზიარო უფლების გაუქმება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დ-------- ს--–----ის სარჩელი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გ------- წ---–-----მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ქალაქ თბილისში, ა---- ქუჩა N--ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი 3000 კვ.მ. შენობა ნაგებობა #1, საცხოვრებელი ფართი 127 კვ.მ. დამხმარე ფართი 108 კვ.მ. სხვა ფართი განაშენიანების ფართობი 158.75 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 127.62 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0---------------, საკუთრების უფლებით დ------------–-----ს 5/8 ნაწილი და გ------- წ---–-----ს 3/8 ნაწილი ეკუთვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 იანვრის განჩინებით სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლო ყადაღაა გამოყენებული (ს.ფ.18-19, 69-72).
6. დ------------–----- და გ--------–---–------ თანამესაკუთრეები არიან, მათ შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო, თანასაკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ერთობლივად შეუძლებელია (მხარეთა ახსნა-განმარტება, სასამართლო სხდომის ოქმი 22.03.2018წ).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ------------–-----ს საზიარო უფლების წილის ნატურით გამოყოფის გზით გაუქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია (ს.ფ. 12-17).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ვ------- წ---–-----ის სარჩელი დ-------- ს--–----ის მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 158-174).
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ა---- ქ. N- (ს/კ 0---------------), საზიარო უფლება აუქციონზე იძულებით რეალიზაციისა და ამონაგები თანხის მოდავე მხარეთა შორის არსებული წილების შესაბამისად განაწილების გზით, მართებულად გაუქმდა.
საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა, საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეელახოს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე დაიყოს. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად/კუმულატიურად იმისათვის, რათა დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას არ დაკარგავს. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, კანონმდებელი საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას ქონების რეალიზაციის გზით იძლევა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დ------------–-----ს საზიარო უფლების წილის ნატურით გამოყოფის გზით გაუქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია (ს.ფ. 12-17).
როგორც უკვე განიმარტა, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული ბერკეტის გამოყენების შეუძლებლობა თანამესაკუთრეს უფლებას აძლევს ამავე კოდექსის 964-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული საზიარო ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაყოფა მოითხოვოს, რაც განხორციელდა კიდეც. მოცემული დავის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დ------------–----- სადავო უძრავი ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას მის აუქციონზე რეალიზაციის გზით ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებზე არ დავობს და მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ ვინაიდან დ-------- ს--–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტის (ქორწინების აქტის) გაყალბების თაობაზე, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებსა და მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. იმისათვის, რათა სასამართლომ დამფუძნებელ ნორმად გამოიყენოს რომელიმე ნორმა ან უარი თქვას მის გამოყენებაზე, აუცილებელია არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ესადაგება. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ------------–-----მ ერთხელ უკვე იდავა სასამართლო წესით და საზიარო უფლების ნატურით გაყოფა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმის (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის) ელემენტების ის კუმულატიური ერთობლიობა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. ცალსახაა, რომ დ------------–-----ს საზიარო საგანზე თანასაკუთრების უფლების გასაუქმებლად ერთადერთი შესაძლებლობა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენება დარჩა, შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში სასამართლო შებოჭილია ხსენებული მუხლის სამართლებრივი წინაპირობებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევით. ერთადერთი წინაპირობა, რომელიც ქონების რეალიზაციის გზით თანასაკუთრების უფლების გაუქმებისთვისაა დადგენილი, მისი ნატურით გაყოფის შეუძლებლობაა, შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემობების არსებობისას, სასამართლო შებოჭილია მხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებები და სარჩელის დაკმაყოფილება ამ გარემოებებს დააფუძნოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გასცდება კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, დაარღვევს კანონის ნორმას, ამგვარი გადაწყვეტილება კი მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი შეიძლება გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, დ------------–----- და გ--------–---–------ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან და მათ შორის ქონების წილობრივი მონაცემები სადავო არაა, ასევე, კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ გამხდარა, სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე თანასაკუთრების უფლების არსებობას უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს. ამასთანავე, საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დ------------–-----ს საზიარო უფლების წილის ნატურით გამოყოფის გზით გაუქმებაზე უარი ეთქვა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის სამართლებრივი წინამძღვრები სახეზეა. თანამესაკუთრემ სასამართლო წესით საზიარო უფლების ნატურით გაყოფა უშედეგოდ სცადა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ქონების აუქციონზე რეალიზაციით საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს ქმნის.
12. რაც შეეხება აპელანტის შედავებას სასამართლოში დ-------- ს--–----ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების თაობაზე, რაც მისი აზრით, განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ის გარემოებები, რაც დღეს-დღეობით სისხლის სამართლის წესითაა სადავოდ გამხდარი, ერთხელ უკვე იყო სამოქალაქო წესით განხილვის საგანი, კერძოდ, ვ------- წ---–-----ი (გ--------–---–------ ვ------- წ---–-----ის უფლებამონაცვლეა) დ------------–-----სთან ქორწინების ბათილობას სწორედ იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ ქორწინების მოწმობაზე არსებული ხელმოწერა მის მიერ შესრულებული არ იყო. სასამართლო მსვლელობის პროცესში გამოკვლეულ იქნა მრავალი ექსპერტიზის დასკვნა, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთი ექსპერტი დაიკითხა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ქორწინების ნების არარსებობის (ხელმოწერის გაყალბების შესახებ ფაქტის პირდაპირი მტკიცებულება) დამადასტურებელი მტკიცებულება, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება (2014 წლის 30 ოქტომბერი) კანონიერ ძალაშია შესული და ამჟამად განსახილველი დავის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლების შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას. ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა სამოქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მით უფრო, ისეთ პირობებში, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა უფლებების თანაზომიერ დაცვას ემსახურება, დღევანდელი მოცემულობით ორივე მოდავე მხარე ქონების მესაკუთრეს და შესაბამისად, სასამართლოსთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლების მფლობელს წარმოადგენს, დაუშვებელია რომელიმე მათგანის უფლების მეტად დაცვის ხარჯზე მეორე მესაკუთრის უფლების შელახვა. იმ დაშვების პირობებშიც კი, თუ მომავალში სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, დღევანდელ პირობებში, სამოქალაქო კოდექსისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--------–---–------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და დ-------- ს--–----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა.
13. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საზიარო უფლების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაუქმებას მოითხოვდა, სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ფაქტი მასზედ, რომ საზიარო საგნის დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელი იყო, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა. ამ პირობებში მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის დადასტურება წარმოადგენდა, ამ მიმართებით აპელანტმა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მიუთითა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა, ვინაიდან იმავე დავის საგანზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე ნამსჯელი ჰქონდა სამოქალაქო დავების განმხილველ სასამართლოს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მტკიცებულებითი ძალის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელსაც პრეიუდიციული ძალა აქვს და მხარეს მის მიერ დადასტურებული გარემოების ხელახლა მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს. ამიტომ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 160 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--------–---–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი