განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002737520
საქმე №1ბ/168-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ოგ---------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს; საქართველოს მოქალაქის; პ/ნ 3----------; ნასამართლობის არმქონის; რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ნინოწმინდის რაიონი, ს------–------ა, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ოგ--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ოგ--------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც შრომისუნარიანობის უმნიშვნელო მყარი დაკარგვა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნ----–-------------------------–---------ში, ტბასთან, ოგ--------–---მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გა-------------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც გა-------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შრომისუუნარობის უმნიშვნელო მყარი დაკარგვის გამო და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ოგ--------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული, მან ურთიერთშელაპარაკებისას, მცირედი მიზეზის გამო გა-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მსჯავრდებული და დაზარალებული არ არიან შერიგებულები, დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე მიუთითა, რომ იგი არ შერიგებია მსჯავრდებულს და ითხოვს მის დასჯას. ის ფაქტი, რომ მათ შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა კონფლიქტი კვლავ განმეორდეს და ამჯერად უფრო მძიმე შედეგი დადგეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ გა-------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მი--------------ის, ჰა-----------------ის, ნო--------------ის, ოგ--------–---ის, კა-----–------ის, ჰა--–--------------ის, არ------------ის, არ-------–-----ის და გრ-----------------ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო - ექსპერტიზის დასკვნა გა-------------ის მიმართ და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ ოგ--------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ოგ--------–---ი (პ/ნ3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ოგ--------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე