განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002744840
საქმე №1ბ/151-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გრ-----–---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბა------–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ხულო, ს------–----------ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენით ბა------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი.
ბა------–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ: 2018 წლის 26 ოქტომბერს დილის საათებში ადიგენის რაიონის ს------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენზე მჯდომმა ბა------–----ემ შურისძიების ნიადაგზე ხის ჯოხი დაარტყა ავ--------–-------ეს ტანისა და მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრ-----–---------ემ და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ბა------–----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. თუ მოსამართლე ბა------–----ეს დაუნიშნავდა სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას, რასაც არ ჩაუთვლიდა პირობითად, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი ბა------–----ისათვის მომავალში საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისათვის, შეამცირებდა ბა------–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც თავისთავად ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კია. ასევე გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისას, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ცემის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ავ--------–-------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ჯი-–----------ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ ბა------–----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბა------–----ე (პ-------------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.
მსჯავრდებულის ბა------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ბა------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე