განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002302118
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002302118

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5753-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შ-- „ო---- ს-------“

წარმომადგენელები - ი-–--------–--–--ა, ა-–---- ბ------- (დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- „ო---- მ-----“

წარმომადგენლები - ლ---- გ------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შ-- „ო---- ს-------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 18 აპრილს შ-- „ო---- მ-----“-ს და შ-- „ო---- ს------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მფლობელობაში არსებული ქ--------–-------–-–--–---------------ში მდებარე შენობის (ავტონაწილების მაღაზია და საწყობი) დაცვითი მომსახურება, სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 07:00 საათზე ქ-------–--–- შ-–--–--ის ქუჩა N-- ში მდებარე მაღაზია „ო---- ს------ში“, ფანჯრები ჩაამსხვრია და უკანონოდ შეაღწია 2----–-–------------------ს დაბადებულმა ლ---მ. ფაქტზე დაიწყო საქმის გამოძიება. პროკურორის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დადგენილი ასაკის არარსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- დადგენილება (ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

2.3. 2----–-–---------------ს, დილის საათებში მომხდარი შემთხვევის დროს კომპანია შ-- „ო---- მ-----“-ში შ-- "ო---- ს-------"-ს სერვერიდან არ შესულა „განგაში“-ს სიგნალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-მოპასუხის ახსნა - განმარტება

-ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20-26)

- მოწმის განმარტება (სხდომის ოქმი)

 

2.3. არ დადასტურდა 2----–-–---------------ს, შემთხვევის დროს, შ-- „ო---- ს-------ს“ სალაროში 4 570 ლარის და 600 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ სალაროში არსებული თანხის ოდენობის დასადასტურებლად, წარმოადგინა ანგარიშის ბარათი, საიდანაც ჩანს სადავო პერიოდში გაყიდვების ოდენობა, თუმცა არ ადასტურებს სადავო მომენტისათვის სალაროში რეალურად არსებული თანხის ოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა არც გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რამდენადაც მას პრეიუდიციული ძალა სამოქალაქო საპროცესო სამართალში არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

-მხარეთა ახსნა - განმარტება

-ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 28-30)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კანონდებლობა ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა საფუძველს იცნობს. სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.

 

სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

 

დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. დავის საფუძველია დაცვითი მომსახურების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს, შ-- „ო---- მ-----“-ს და შ-- „ო---- ს------ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შ-- „ო---- მ-----“-მა იკისრა დამკვეთის შ-- "ო---- ს-------ს" მფლობელობაში არსებული ქ-------–-----–-–--–--ის ქ. #---ში მდებარე შენობის (ავტონაწილების მაღაზია და საწყობი) დაცვითი მომსახურება, სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით. მოსარჩელე ზიანის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების მხარემ, დაცვითმა ორგანიზაციამ, არ შეასრულა ხელშეკრულების 2-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება და განგაშის სიგნალის მიღებისთანავე არ გამოცხადდა ადგილზე, რის გამოც თავდამსხმელმა შეძლო თანხის დაუფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევისას, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ (დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.2 პუნქტი) რომ 2----–-–---------------ს, დილის საათებში დაახლოებით 07.00 საათზე დაცვის სამსახურში შ-- "ო---- ს-------ს" სერვერიდან არ შესულა „განგაში“-ს სიგნალი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა ადგილზე დაუსაბუთებელია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მოპასუხის ბრალეულობით განგაშის სიგნალის მიუღებლობის თაობაზე. შესაბამისად, არ დადგინდა მოპასუხის მიერ დაცვითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

 

საქმის მასალებით არ დადასტურდა 2----–-–---------------ს, შემთხვევის დროს შ-- „ო---- ს-------ს“ სალაროში 4 570 ლარის და 600 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი. თუმცა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში არასრულწლოვანი ბრალდებული აღიარებს, რომ შ-- "ო---- ს-------ს" კუთვნილი სალაროს უჯრიდან ფარულად დაეუფლა 4570 ლარს და 600 აშშ დოლარს, აღნიშნული დადგენილება ვერ გახდება საფუძველი ზიანის მიყენების და ოდენობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გამო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2--------- წელს მომხდარი ქურდობის დროს შ-- ,,ო---- მ------ში’’ შ-- ,,ო---- ს-------დან არ შესულა განგაშის სიგნალი. ამ მიმართებით აპელანტი განმარტავს, რომ სადავო ვერ გახდება, რომ 2----–-–---------------ს, დილის საათებში, შ-- „ო---- ს-------ს“ მაღაზიაში, რომელიც აყვანილი იყო შ-- „ო---- მ------“-ის დაცვით სიგნალიზაციაზე, ნამდვილად მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ ქურდობის ფაქტი შეღწევით, შენობის შუშის (ვიტრინის) ჩამსხვრევის გზით. საქმეში წარდგენილი ფოტო მტკიცებულებით და სასამართლო სხდომაზე შ-- „ო---- მ-----“-ის წარმომადგენელთა მიერ მიცემული განმარტებით დადასტურებულია, რომ შ-- „ო---- ს-------ს“ მაღაზიაში მომხდარი ფაქტის დროს განთავსებული იყო არა შ-- „ო---- ს-------ს“ სერვერი, როგორც ამას მცდარად მიუთითებს სასამართლო, არამედ სწორედ დაცვითი ორგანიზაციის - შ-- „ო---- მ-----“-ის კუთვნილი და მისი სპეციალისტების მიერ დამონტაჟებული სასიგნალო (დეტექტორული) მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაბამის შემთხვევაში გადაეცემოდა (ან უნდა გადაცემულიყო) სიგნალი ამავე ორგანიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის სერვერზე; მხარეთა ახსნა-განმარტებებით და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც დგინდება, რომ 2----–-–---------------ს 22.45 საათზე ობიექტიდან შევიდა განგაშის სიგნალი, რა დროსაც ოპერატიული ჯგუფი გავიდა ადგილზე, თუმცა იმჯერად ყველაფერი რიგზე აღმოჩნდა. ასევე მომდევნო დღესაც, ქურდობის ფაქტის შემდეგ სიგნალიზაციის გადამცემმა მოწყობილობამ იმუშავა გამართულად.

 

აპელანტის განმარტებით ზემოთაღნიშნული ფაქტების მარტივი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ თუკი 2----–-–---------------ს 22.45 საათზე ობიექტიდან შევიდა განგაშის სიგნალი, ასევე ვინაიდან სადავო ვერ გახდება, რომ რამდენიმე საათში, 2----–-–---------------ს, დაახლოებით დილის 7:00 საათზე ნამდვილად მოხდა ქურდობა მაღაზიის ვიტრინის შუშის ჩამსხვრევით და ბოროტმოქმედი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა მაღაზიის შენობაში, ლოგიკურია, რომ სიგნალის გადამცემ დეტექტორ მოწყობილობას, თუკი ის იყო გამართულ მდგომარეობაში, აუცილებლად უნდა გადაეცა განგაშის სიგნალი და თუკი მოწყობილობა არ იყო გამართულ მდგომარეობაში, ესეც სასამართლოს უნდა შეეფასებინა როგორც შ-- „ო---- მ-----“-ის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ეს მოწყობილობა აღნიშნული დაცვითი ორგანიზაციის საკუთრებაა, მის მიერ არის დამოტჟებული და შესაბამისად, მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა შ-- „ო---- მ-----“-ს ეკისრება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ მცდარად მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ირკვევა, რომ სინამდვილეში, არავითარი საექსპერტო კვლევა ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ ჩატარებულა. საექსპერტო დაწესებულებამ მხოლოდ მოახდინა შ-- „ო---- მ-----“-ის მიერ სერვერიდან ამოღებული და ექსპერტიზისთვის წარდგენილი ინფორმაციის მექანიკური დადასტურება იმგვარად, რომ არ გადაუმოწმებია (კვლევის საგანი არც ყოფილა) ამ ინფორმაციის ავთენტურობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ (ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა) თავადვე ვერ უარყო ის, რომ ექსპერტიზაზე წარდგენამდე ტექნიკურად შესაძლებელი იყო სერვერზე შესული სიგნალების შესახებ არსებული მონაცემების სასურველი ფორმით კორექტირება. შესაბამისად, ფაქტი, რომ თითქოსდა 2----–-–---------------ს, დაახლოებით დილის 7:00 საათზე დაცვითი ორგანიზაციის ცენტრალურ სერვერზე არ შესულა განგაშის სიგნალი მოსარჩელის ობიექტიდან, რითაც მოპასუხე ცდილობს გაამართლოს მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, არ არის დადგენილი საქმეზე არსებული მტკიცებულებებით.

 

3.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა 2----–-–---------------ს, ქურდობის შემთხვევის დროს, შ-- „ო---- ს-------ს“ სალაროში 4 570 ლარის და 600 აშშ დოლარის არსებობის ფაქტი. აპელანტის განმარტებით ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი შ-- „ო---- ს-------ს“ ანგარიშის ბრუნვის საბუღალტრო დოკუმენტი და საწარმოს დირექტორის მიერ ამ საკითხზე მიცემული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასაბუთებულად და არგუმენტირებულად იქნა განმარტებული თანხის ოდენობის სისწორე და უტყუარობა, ერთობლიობაში ქმნის საკმარის მტკიცებულებით საფუძველს იმისთვის, რომ სასამართლოს დაედგინა 2----–-–---------------ს მომხდარი ქურდობის შედეგად შ-- „ო---- ს-------ს“ კუთვნილი 4 570 ლარის და 600 აშშ დოლარის გატაცების ფაქტი, რაც წარმოდგენს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა პოზიციების გაცნობა-შესწავლის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტნაციის სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად არასწორად დაადგინა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაასკვნა მხარეთა შორის 18.04.2016 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მხრიდან დარღვევის არარსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, აგრეთვე მოსარჩელის კუთვნილი მაღაზიის შენობიდან 2----–-–---------------ს დილის 7 საათზე მომხდარი შემთხვევის (მაღაზიის გაქურდვის) შედეგად ფულადი თანხის (4570 ლარის და 600 აშშ დოლარის) წაღების შესახებ ფაქტობრივი გარემოების არარსებობა. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული საბოლოო დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ არასწორი და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, როგორც დაუსაუბუთებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1.1 18.04.2016 წელს ერთი მხრივ შ-- ,,ო---- მ-----. (შემდგომში დაცვითი ორგანიზაცია) და მეორე მხრივ შ-- ,,ო---- ს------ს’’ შორის (შემდგომ დამკვეთი) დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს დამკვეთის მფლობელობაში არსებული სერვის ცენტრის შენობაზე (ოფისი, ავტომანქანების ნაწილების მაღაზია და საწყობი) მდებარე თ---–-----–-–--–--ის ქ. #---ში დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალურ სამეთვალყურეო პულტზე აყვანის მეშვეობით დაცვითი მომსახურების განხორციელება წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულებად განისაზღვრა ობიექტის დაცვა ცსპ-ს საშუალებით სიგნალიზაციაზე აყვანიდან მის მოხსნამდე, ამავე მუხლის მიხედვით დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენდა სიგნალ ,,განგაშის’’ მიღებისას ობიექტზე სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით უმოკლესი მარშრუტით გამოცხადება. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაცვითი მომსახურების განხორციელების მიზნით დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენდა ობიექტის რადიო გადამცემით A------–ით უზრუნველყოფა, რომელიც თავის მხრივ დაცვითი ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პასუხს აგებდნენ იმ ზიანისთვის, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით დადგებოდა. (ს.ფ. 21-23)

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სასარჩელო მოთხოვნას შ-- ,,ო---- მ------ისთვის’’ 4570 ლარის და 600 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან 18.04.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაზე უთითებს.

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ 18.04.2016წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .

 

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

4.1.4. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია 18.04.2016 წელს ერთი მხრივ შ-- ,,ო---- მ-----.-ს’’ და მეორე მხრივ შ-- ,,ო---- ს------ს’’ შორის გაფორმებული დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შ-- ,,ო---- მ-----.-მა’’ ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის მეშვეობით შ-- ,,ო---- ს-------ს’’ მფლობელობაში არსებული სერვის ცენტრის დაცვის ვალდებულება იკისრა. საგულისხმოა, რომ დაცვითი მომსახურების განხორცილების მიზნით მანვე იკისრა დამკვეთისთვის რადიო გადამცემით A-------- უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც თავის მხრივ შ-- ,,ო---- მ-----.-ს საკუთრებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ შ-- ,,ო---- ს-------’’ მოპასუხისთვის ზიანის სახით 4570 ლარის და 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას ამ უკანაკსკნელის მიერ 18.04.2016წ. ხელშეკრულების 2.1.-2.3. პუნქტების დარღვევაზე მითითებით მოითხოვს, რაც მისი განმარტებით ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კერძოდ, 2--------- წელს დაცულ ობიექტზე თავდასხმის დროს სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით დაცვითი ორგანიზაციის გამოუცხადებლობაში გამოიხატა, რამაც საბოლოოდ დამკვეთის მფლობელობაში არსებული ობიექტზე უკანონოდ შეჭრილი პირის მიერ 4570 ლარის და 600 აშშ დოლარის დაუფლება და შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის თანხით მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი განაპირობა.

 

4.1.5. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითა, რომ 2--------- წელს მომხდარი შემთხვევის დროს დაცვითი ორგანიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის სერვერზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,განგაშის’’ სიგნალი არ შესულა, შესაბამისად, დაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას ადგილი არ ჰქონია. (ს.ფ. 39) აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით კი მოწინააღმდეგე მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული 29.03.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა. (ს.ფ. 77-87)

 

4.1.6. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალურ სამეთვალყურეო პულტზე აყვანილ ობიექტზე 2--------- წელს მომხდარი შემთხვევის შესახებ დაცვით ორგანიზაციაში (მოპასუხესთან) ,,განგაშის სიგნალის’’ შეუსვლელობა არ შეიძლება გახდეს მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ არსებით პირობაზე, რაზეც მხარეები დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, კერძოდ, 18.04.2016 წ. დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაცვითი მომსახურების განხორციელების მიზნით ობიექტის რადიო გადამცემით A------–ით უზრუნველყოფა, დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენდა, შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე შ-- ,,ო---- ს-------ს’’ მოთხოვნის გამორიცხვის საფუძვლად მხარის აპელირება მასზედ, რომ ცენტრალურ სამეთვალყურეო პულტზე ,,განგაშის სიგნალი’’ არ შესულა, იმ პირობებში, როდესაც გამართულ მდგომარეობაში არსებული რადიო გადამცემი მოწყობილობით დაცვითი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა არ შეიძლება გახდეს სარჩელის უარყოფისთვის საკმარისი საფუძველი, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 3---------წ. დადგენილებით (2----–-–---------------ს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ-------–--–-, შ-–--–--ის ქ. #---ში არსებული მაღაზია ,,ო---- მ----------ს’’ გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,ბ’’ პუნქტებით) დადასტურებულია, რომ 2----–-–---------------ს დაახლოებით 07:00 საათზე ქ-------–--–-, შ-–--–--ის ქ. #---ში მდებარე მაღაზია ,,ო---- ს------ში’’ უკანონოდ შეაღწია 2----–-–------------------ს დაბადებულმა ლ------ და მაღაზიაში არსებული სალარო მაგიდის უჯრიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 4570 ლარს და 600 აშშ დოლარს. დადგენილებით ირკვევა, რომ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ლ. გ., რომელმაც აღიარა, რომ 2----–-–---------------ს, დილის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–-, შ-–--–--ის ქ. #---ში მდებარე მაღაზია ,,ო---- ს------ში’’ და მაღაზიაში არსებული სალარო მაგიდის უჯრიდან ფარულად დაეუფლა 4570 ლარს და 600 აშშ დოლარს. გარდა ამისა, დადგენილებით ირკვევა, რომ გამოძიების ფარგლებში დანიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში იდენტური აღმოჩნდა მოწმე ლ------ სუნის ნიმუშისა. დადგენილების თანახმად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან ლ------ ასაკი საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომისთვის.

 

ამდენად, მართალია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ 2--------- წელს მომხდარი შემთხვევის დროს დაცვითი ორგანიზაციის სერვერზე ,,განგაშის სიგნალი’’ არ შესულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის კუთვნილ მაღაზიაში უკანონო შეღწევა და მისი გაქურდვა არ მომხდარა; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი 3---------წ. დადგენილებით ირკვევა, რომ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ შენობაში 2--------- წელს უკანონოდ შეაღწია 23.10.2003 წელს დაბადებულმა პირმა, რომელმაც მოსარჩელის კუთვნილი სალარო მაგიდის უჯრიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 4570 ლარს და 600 აშშ დოლარს. საგულისხმოა, რომ გარდა თავად ლ------ აღიარებისა, რომ 2--------- წელს უკანონოდ შეიჭრა შ-- ,,ო---- ს------ში’’, მაღაზიაში შეღწევის ფაქტი დადასტურებული იქნა გამოძიების ფარგლებში დანიშული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში იდენტური აღმოჩნდა შენობაში უკნონოდ შეჭრილი პირის ნიმუშისა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი 3--------- წლის დადგენილებიდან ირკვევა, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- რაიონის სამმართველოში გამოძიება სწორედ მოსარჩელის გაქურდვის ფაქტზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დადგენილი იქნა 2--------- წელს 07:00 საათზე დამკვეთ ორგანიზაციაში უკანონოდ შეღწევის და ორგანიზაციის სალაროდან მართლსაწინააღმდეგოდ 4750 ლარის და 600 აშშ აშშ დოლარის დაუფლების ფაქტი. რამდენადაც უდავოა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მაღაზიის შენობაში შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე მხარე, პალატა მიიჩნევს, რომ საგანგაშო სიგნალის მოპასუხის სევერზე არ შემოსვლის შესახებ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, ვერ გაათავისუფლებს მოპასუხეს პასუხსიმგებლობისაგან ვინაიდან დადგენილია 2----–-–---------------ს დაახლოებით დილის 7 საათზე მოსარჩელის კუთვნილ მაღაზიის შენობაში უკანონო შეღწევის შესახებ ფაქტი, რასაც ყველა შემთხვევაში უნდა მოყოლოდა შესაბამისი დეტექტორის რეაგირება და საგანგაშო სიგნალის გადაგზავნა მოპასუხის სერვერზე. ის ფაქტი რომ ეს სიგნალი არ გაიგზავნა, აღნიშნულიც უნდა ჩაითვალოს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად, ვინაიდან ამ დეტექტორების და შესაბამისი აღჭურვილობის გამართულ მუშობაზე პასუხისმგებელი თავად მოპასუხე მხარე იყო. აქვე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ სარჩელის უარყოფის მიზნით მოპასუხის მხრიდან, გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, საიდანაც ირკვევა, რომ 2--------- წელს მომხდარი შემთხვევის დროს ცენტრალურ სამეთვალყურეო პულტზე ,,განგაშის’’ სიგნალი არ შესულა, რაც სარჩელის უარყოფის მიზნებისთვის მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია, სხვა მტკიცებულება ან/და მტკიცება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი მხარის პოზიციას დაცვითი ორგანიზაციის მიერ 18.04.2016წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის და აღნიშნულის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობის არსებობის თაობაზე.

 

4.1.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიხატა პირდაპირ ქონებრივ დანაკარგში, იმით რომ მისი კუთვნილი მაღაზიის გაქურდვის შედეგად მესაკუთრემ განიცადა 4750 ლარის და 600 აშშ აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხების დანაკარგი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მოპაუხის მიერ დაცვაზე აყვანილ მოსარჩელის კუთვნილ მაღაზიის შენობაში 2----–-–---------------ს მომხდარი შემთხვევისას (მაღაზიის გაქურვა შენობაში შეღწევით), ხელშეკრულებით ნაკისრი მისი პირდაპირი მოვალეობის - ადგილზე დროულად გამოცხადება, განუხორციელებლობა, აღნიშნული გარემოება საკმარისია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდეუბლების დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, თუმცა არა სარჩელში მითითებული ოდენობით.

 

4.1.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა, იმ ფარგლებში, რაც ზიანის მიმყენებლის ბრალს შეესაბამება. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს.

 

განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ 3--------- წლის დადგენილების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2--------- წელს დამკვეთი ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ფართში მომხდარი შემთხვევის შედეგად, ამ ორგანიზაციის საკუთრებიდან გავიდა 4750 ლარი და 600 აშშ დოლარი. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მითითებული ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედმა პირმა დამკვეთი ორგანიზაციის სალარო მაგიდის უჯრიდან მიითვისა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას (იხ. 07.12.2018წ. სხდომის ოქმი) აპელანტი მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა) დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ ფულად აქტივს ყოველთვის საზოგადოების კუთვნილ ,,სეიფში’’ ინახავს, რომელიც ამავე შენობაში არის განთავსებული. საგულისხმოა, რომ შემთხვევის დღეს, მოსარჩელეს ეს თანხა 4750 ლარის და 600 აშშ დოლარის ოდენობით სეიფში არ ჰქონია შენახული, რაც მოსარჩელის დირექტორმა, მისი შვებულებაში ყოფნით ახსნა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 4750 ლარის და 600 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის დადგომას ხელი შეუწყო საზოგადოების საკუთრების - კუთვნილი ფულადი რესურსის არა ,,სეიფში’’, არამედ სალაროს მაგიდის უჯრაში შენახვამ, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ 2--------- წელს მომხდარი შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სასარგებლოდ, შერეული ბრალის გათვალისწინებით, არა 4750 ლარის და 600 აშშ დოლარის, არამედ 2850 ლარის და 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (სარჩელით მოთხოვნილი თანხის 60 %) უნდა დადგინდეს და საბოლოოდ შ-- ,,ო---- მ-----.-ს’’ შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სასარგებლოდ 2850 ლარის და 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,ო---- ს-------ს’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 182 ლარს შეადგენს (ს.ფ. 33) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 242 ლარი. (ს.ფ. 134) გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ, დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შ-- ,,ო---- მ------ს’’ 2850 ლარის და 360 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ-- ,,ო---- მ------ს’’ შ-- ,,ო---- ს-------ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 145,2 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში 109,2 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხე შ-- ,,ო---- მ------ს’’ მოსარჩელე შ-- ,,ო---- ს-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2850 ლარის და 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ო---- მ------ს’’ შ-- ,,ო---- ს-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 145,2 ლარის გადახდა.

 

6. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ო---- მ------ს’’ მოსარჩელე შ-- ,,ო---- ს-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 109,2 ლარის გადახდა.

 

7. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური