განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
110310117002126566
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310117002126566

საქმე N3/ბ-230-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – სსიპ შ--------–----------------

წარმომადგენელი – თ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – შპს „პ--------------------“, შპს „ლ--–--“, მ--–-------------, ლ-------------

წარმომადგენელი – გ-------–-----------

 

დავის საგანი – ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 12 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შპს „პ--------------------ს“, შპს „ლ--–--ს“, მ--–------------ის, ლ------------ის მიმართ და მოპასუხეთა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, შპს ,,პ--------------------ს“ 2017 წლის 27 სექტემბერის მდგომარეობით შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 41 510,8 ლარის ოდენობით. 2014 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2016 წლის 24 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------- ბრძანება შპს ,,პ--------------------ს" ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლის 28 ნოემბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,პ-------------------ას" საკუთრებაში ან/და ბალანსზე არ ერიცხება რაიმე სახის ქონება.

 

მოსარჩელის მითითებით, შპს,,პ--------------------ს" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ--–-------------, ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს ,,პ--------------------ს" საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის ნოემბერში დეკლარირების საფუძველზე, ასევე 2014-2015 წლებში ჯარიმაში ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას. 2015 წლის 10 სექტემბერს შპს ,,პ--------------------ამ“ კუთვნილი სალარო აპარატი (DY0-------) გადაუფორმა შპს ,,ლ--–--ს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენს მ--–------------ის ბიძაშვილი ლ-------------. ასევე, 2015 წლის აგვისტო-ოქტომბერში გადააწერა 12 846 ლარის ღირებულების პროდუქცია. ამასთან, შპს ,,პ--------------------სა" და შპს ,,ლ--–--ს" რეგისტრაციისას მითითებული აქვთ ელექტრონული გვერდისა (m-----------------a.ge) და რეგისტრაციის მისამართის (თერჯოლა, სოფ.გო-------ი) იდენტური მონაცემები. სამეწარმეო საქმიანობაც იგივეა - საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებითა და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს ,,პ--------------------სა" და შპს ,,ლ--–--ს’’ პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შპს ,,პ--------------------ს’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით ,,ფორდ ტრანზიტი’’ სახელმწიფო ნომერი T------ (წინა ნომერი BS-----), რომელიც ამჟამად ლ------------ის საკუთრებაშია, ზემოაღნიშნული გარემოებები, მოსარჩელის მოსაზრებით, ხსენებული პირების მიუთეთებდა.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს 2 კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. შპს ,,ლ--–--მ" შპს ,,პ--------------------ს" სალარო აპარატში გადაუხადა 200 ლარი, ამასთანავე საქონელი არათუ გადააწერა არამედ მიყიდა, რაც დასტურდება შ--------–----------------ს მიერ მოთხოვნილ წერილზე პასუხით და შპს ,,პ--------------------დან" გამოთხოვილი სალარო აპარატის Z ანგარიშის ქსეროასლით ნომრით 06-- 19/10/2015წ. რაც შეეხება იდენტურ ელექტრონული გვერდის მონაცემებს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბუღალტერი მ--–-----------–აძე 1985 წლიდან ეწევა საბუღალტრო საქმიანობას, იგი ემსახურება ათეულობით ინდმეწარმესა და იურიდიულ პირებს და კლიენტების უმეტეს ნაწილზე მითითებული არის მისი ელექტრონული ფოსტა. რეგისტრაციის მისამართის იდენტურობა, რომელიც მოსარჩელემ აღნიშნა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სოფელში ქუჩები არ არის და მისამართად ეთითება მხოლოდ სოფელი გო-------ი. შპს ,,ლ--–--ს" მიერ შპს ,,პ--------------------ს" ყოფილი ავტომანქანა შესყიდულ იქნა მოპასუხის მიერ, ასევე განხორციელდა მის სახელზე რეგისტრაცია, აღნიშნული მანქანა ამ დროისთვის იყო დალომბარდებული, ხოლო როდესაც მოხდა სესხის თანხის დაფარვა, შემდეგ მოპასუხის სახელზე იქნა გადაფორმებული აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც შპს ,,ლ--–--ს" პროდუქციის ტრანსპორტირება ხდებოდა 2015 წლის აგვისტოდან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. შპს ,,პ--------------------’’ 2017 წლის 27 სექტემბერის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 41 510,8 ლარის ოდენობით. 2014 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2016 წლის 24 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------- ბრძანება შპს ,,პ--------------------ას" ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლის 28 ნოემბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს ,,პრ-----------------ია’’ საკუთრებაში ანდა ბალანსზე არ ერიცხება რაიმე სახის ქონება;

 

2.1.2. შპს ,,პ--------------------ს’’ 100% -იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ--–-------------, ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში;

 

2.1.3. შპს ,,პ--------------------ს" საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის ნოემბერში დეკლარირების საფუძველზე. ასევე 2014-2015 წლებში ჯარიმაში ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას;

 

2.1.4. შპს ,,პ--------------------ს" კუთვნილი სალარო აპარატი (DY0-------) შეისყიდა შპს ,,ლ--–--მ", რომლის 100% -იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენს მ--–------------ის ბიძაშვილი ლ-------------. ასევე მან შეისყიდა 12 846 ლარის ღირებულების პროდუქცია;

 

2.1.5. შპს ,,პ--------------------სა’’ და შპს ,,ლ--–--ს" რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული გვერდისა (ma---------------a.ge) და რეგისტრაციის მისამართი (თერჯოლა, სოფ.გო-------ი) წარმოადგენს აღნიშნული შპს-ეების ბუღალტრის მა-–------------–--ის ელექრონულ ფოსტასა და მისამართს, რომელიც ამავე ელ.ფოსტითა და მისამართით ემსახურება რმადენიმე მეწარმე სუბიექტს;

 

2.1.6. შპს ,,პ--------------------სა’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტი სახელმწიფო ნომერი BS-----, ამჟამინდელი ნომერი T------ იმყოფებოდა შპს ,,WORLD GREDIT-ში" დალომბარდებული მ--–-------------ის სესხის სანაცვლოდ;

 

2.1.7. შპს ,,ლ--–--ს" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ლ-------------, საწარმოს რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 12 იანვარი.

 

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლოს სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო- სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

სასამართლოს მსჯელობით, გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლომ მოიხმო მსგავსი კატეგორიის საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტება და აღნიშნა: „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).

 

სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

სასამართლოს მითითებით, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება - გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან - მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმო გამოიყენება დირექტორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოს დამოუკიდებულების ხარისხი მიუთითებს მისი, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტის არარსებობაზე.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს,,პ--------------------ას", შპს ,,ლ--–--ს", მ--–------------ისა და ლ------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას. საგადასახადო ორგანო აპელირებს მოპასუხეთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ლ--–--" რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც შპს ,,პ--------------------" და იმავე საკონტროლო სალარო აპარატით ეწევა საქმიანობას. ამასთან, შპს ,,ლ--–--სა" და შპს ,,პ--------------------ს" დირექტორები არიან ერთმანეთის ბიძაშვილები. შესაბამისად, მათი ნათესაური კავშირის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს და შპს ,,ლ--–--" შექმნილია ფორმალურად.

 

ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. რაც შეეხება დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევას, სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ მფლობელობასთან, რადგან მართალია ორივე შემთხვევაში წარმოიშვება მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, თუმცაღა მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია და არ უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამჭოლი პასუხისმგებლობის ცრუმაგიერ მფლობელობასთან გაიგივება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს სამოქალაქო წესით განსახილველი დამოუკიდებელი მოთხოვნის საგანს.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე №ას-1307-1245-2014 და საქმე №ას-1158-1104-2014). კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო ეკისრებოდათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდებოდა, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილი იყო თუ არ სსიპ შ--------–---------------- მოეთხოვა მათგან კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა შ--------–----------------ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნა კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან და მიიჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა უნდა დარეგულირებულიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობის გამო განსხვავებულია კომპანიის ვალდებულებებისათვის მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

სასამართლოს აღნიშვნით, დირექტორის პასუხისმგებლობათან დაკავშირებით საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).

 

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

საკასაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ: ა) საწარმოს გააჩნია საგადასახადო ვალდებულება; ბ) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახდის უნარი; გ) სახეზეა ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კომპანია ვალდებულია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დირექტორისგან. ხოლო თუ აშკარაა, რომ საწარმოსათვის მისი დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას არავითარი შედეგი არ ექნება, შესაძლებელია კრედიტორმა უშუალოდ მოითხოვოს მის მიმართ საზოგადოების ვალდებულების ანაზღაურება საზოგადოების დირექტორისაგან. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც გადაუხდელი გადასახადის ძირითადი თანხის, ისე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის ნაწილში. მათი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე კომპანიის ვალდებულებების მიმართ სუბსიდიურია, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა გამომდინარეობდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სცდებოდა განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებს. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენდა დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო და ფაქტობრივი საფუძვლებიდან და იგი ვერ დაეფუძნებოდა სხვა საკანონმდებლო და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო სამართლებრივ საფუძვლებს.

 

სასამართლოს აღნიშვნით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო და საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენდეს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით. მით უფრო, რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს როგორც საკონტროლო-სალარო აპარატისა და, სატრანსპორტო საშუალების, ასევე 12846 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ფაქტი. ამდენად სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მცდელობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის აღნიშვნით, გამჭოლი პასუხისმგებლობა არის სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული სამართლებრივი ინსტიტუტი (სამართლებრივი ტერმინი), რომელიც ასევე მიღებულია საგადასახადო სამართალში ცრუმაგიერი მფლობელობის სახით, რომლის საფუძველზეც კომპანიის ვალდებულებები გადადის ასევე სხვა პირზე. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

საგადასახადო კოდექსის მოცემული ნორმა ითვალისწინებს ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობას, კერძოდ 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2. სხვა პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1) საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება; ერთიანად დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2) ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3) კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4) კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5) შვილობილის (კომპანიის) ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6) ე.წ. „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია; სხვა პირი გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით: 1) კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია - კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; 2) კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით;

 

3.1.2. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შპს „პ-------------------ას“ სარჩელის შეტანის მომენტისათვის და დღეის მდგომარეობითაც შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 41 510,8 ლარის ოდენობით. 2014 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2016 წლის 24 ნოემბერს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა 0------- ბრძანება შპს „პ-------------------ას“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 2016 წლის 28 ნოემბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად შპს „პ-------------------ას“ საკუთრებაში ან/და ბალანსზე არ ერიცხება რაიმე სახის ქონება. შპს „პ-------------------ას“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ--–-------------, ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს „პ-------------------ა-ს (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2014 წლის ნოემბერში დეკლარირების საფუძველზე. ასევე, 2014-2015 წლებში ჯარიმაში (ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას).

 

2015 წლის 10 სექტემბერს შპს „პ-------------------ამ“ კუთვნილი სალარო აპარატი (0-------) გადაუფორმა შპს „ლ--–--ს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორს წარმოადგენს მ--–------------ის ბიძაშვილი ლ-------------. ასევე, 2015 წლის აგვისტო-ოქტომბერში გადააწერა 12 846 ლარის ღირებულების პროდუქცია. ამასთან, შპს „პ-------------------ასა“ და შპს „ლ--–--ს“ რეგისტრაციისას მითითებული აქვთ ელექტრონული გვერდისა და რეგისტრაციის მისამართის იდენტური მონაცემები. სამეწარმეო საქმიანობაც იგივეა - საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს „პ-------------------ასა“ შპს „ლ--–--ს“ პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შპს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით - ფორდ ტრანზიტი, რომელიც ამჟამად ლ------------ის საკუთრებაშია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ შპს „პ--------------------ს“ მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერება და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის მ--–------------ის ბიძაშვილის ლ------------ის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ შპს „ლ--–--ზე“ სალარო აპარატისა და პროდუქციის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება მოცემული საწარმოთი, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას;

 

3.1.3. აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ აღნიშნა გადაწყვეტილებაში, რომ ადგილი არ ჰქონია საწარმოდან ქონების გარიდების ფაქტს, არამედ ერთმა საწარმომ მეორედან შეისყიდა პროდუქცია და იმავე მისამართზე იგივე საქმიანობის განხორცილება არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან სასამართლოს განმარტებით ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია სრულიად უსაფუძვლოდ, ვინაიდან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი განხილული უნდა ყოფილიყო ერთობლიობაში და სწორედ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობაში განხილვით უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული;

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება (Nბს-763-755(კ-16) ანალოგიურ საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ--------–----------------ს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოპასუხე პირები ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში წერია: ,,საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასხადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თვის არიდების მიზნით, აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.

 

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელ მოპასუხედ დასახელებულ პირებს გააჩნიათ, ან გააჩნდათ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მათ მოახდინეს უერთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე’’. აპელანტი თვლის, რომ ცრუმაგიერ პირად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქონების განრიდება გადამხდელის მიერ სხვა პირზე, ამასთან მთავარია სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დარწმუნდეს, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. კანონმდებლობით განსაზღვრული მოცემულობით არის დათქმა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი არის ზუსტად ის მოქმედებები, როცა ერთ მხარეს აქვს საგადასახადო ვალდებულება, ხოლო სხვებს არა, რითაც მხარეები ცდილობენ ერთ მხარეს დარჩეს შეუსრულებელი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხარე გათავისუფლებულია ასეთი ვალდებულების შესრულებისაგან ვალდებულების არარსებობის გამო, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა;

 

3.1.4. აპელანტის აღნიშვნით, შპს „პ--------------------ს“ მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერება და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის მ--–------------ის ბიძაშვილის ლ------------ის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულ შპს „ლ--–--ზე“ სალარო აპარატისა და პროდუქციის გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება მოცემული საწარმოთი, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას, რაც უდაოდ ადასტურებს აღნიშნული პირების ცრუმაგიერობას. შ--------–----------------ს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის მე–19 და 246-ე მუხლები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ზემომოყვანილი გარემოებების მიხედვით იკვეთება, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოიყენება კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს სსკ 246-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას – ცრუმაგიერ მფლობელობას გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შ--------–----------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „პ--------------------ს“ ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნება შპს „ლ--–--“, ხოლო დანარჩენ ნაწილში სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (12826 ლარის ღირებულების პროდუქციაში თანხის ანაზღაურების გარდა), რასაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ შპს „პ-----------------ას“ ცრუმაგიერ პირად შპს „ლ--–--ს“ ცნობის თაობაზე მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება მითითებულ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა წარმოადგენს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზუნველყოფის ღონისძებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.

 

საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,პ--------------------ს’’ გააჩნია შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მან მოახდინა შპს ,,ლ--–--ს’’-თან ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციაზე. კერძოდ:

 

სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,პ--------------------ს’’ 2014 წლის ნოემბერში დეკლარირების საფუძველზე წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ კუთვნილი სალარო აპარატი (DY0-------) 2015 წლის 10 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს ,,ლ--–--ს’’ სახელზე და ფაქტობრივად დავალიანების დარიცხვის პერიოდიდან შპს ,,პ--------------------მ’’ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. ისიც უდავოა, რომ საკონტროლო სალარო აპარატის გადაფორმების პერიოდში - 2015 წლის აგვისტო-ოქტომბერში, მაშინ როდესაც მხარეს უკვე გაჩნდა საგადასახადო ვალდებულება, შპს ,,ლ--–--ს’’ სულ ცხრა ანგარიშ-ფაქტურით გადააწერა 12846 ლარის ღირებულების პროდუქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ,,ლ--–--ს’’ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ლ------------- არის შპს ,,პ--------------------ს’’ 100%-იანი წილის მფლობელისა და დირექტორის მ--–------------ის ბიძაშვილი. შპს ,,პ--------------------სა’’ და შპს ,,ლ--–--ს’’ რეგისტრაციისას მითითებული აქვთ ელექტრონული გვერდისა (m-----------------a.ge) და რეგისტრაციის მისამართის (თერჯოლა, სოფ.გო-------ი) იდენტური მონაცემები. ახორციელებდნენ იგივე სამეწარმეო საქმიანობას - საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებითა და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შპს ,,პ--------------------სა’’ და შპს ,,ლ--–--ს’’ პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შპს ,,პ--------------------ს’’ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით ,,ფორდ ტრანზიტი’’ სახელმწიფო ნომერი T------ (წინა ნომერი BS-----), რომელიც ამჟამად ლ------------ის საკუთრებაშია.

 

ამ გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელის - შპს ,,პ--------------------ს’’ მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით შპს ,,ლ--–--სთან’’ ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ამ ოპერაციის ფარგლებში მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებს, შესაბამისად პალატა თვლის, რომ შპს „პ--------------------ს“ ცრუმაგიერ პირად ცნობილი უნდა იქნეს შპს „ლ--–--“.

 

პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,პ--------------------ს’’ და შპს ,,ლ--–--ს’’ წარმომადგენლის პოზიციას შპს „ლ--–--ს“ მხრიდან 12846 ლარის ღირებულების პროდუქციაში თანხის გადახდის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად სასაქონლო ოპერაციის განხორციელების, მათ შორის ამ ოპერაციის შედეგად მყიდველის მიერ პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურების ვალდებულება ამ ოპერაციის განმახორციელებელ პირთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

მართალია საქმეში წარმოდგენილია საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამონაწერი (იხ.ს.ფ.107), თუმცა მხოლოდ ამონაწერის არსებობა არ წარმოადგენს მიღებული პროდუქციისათვის თანხის ანაზღაურების საკმარის მტკიცებულებას მითუმეტეს იმ პორობებში, როდესაც შპს ,,პ--------------------ს’’ გააჩნდა საბანკო ანგარიში და ამის შესახებ იცოდა შპს ,,ლ--–--ს’’ დირექტორმა (იხ.სააპელაციო სასმართლოში მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტება პაექრობის ეტაპზე). ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამონაწერში არ ფიქსირდება პროდუქტის შემძენის ვინაობა, რეალიზებული საქონლის სახეობა. ამონაწერში ბოლო თარიღად ფიქსირდება 2015 წლის 19 ოქტომბერი, თანხად - 14475 ლარი, ხოლო რაოდენობად - 22, რა მონაცემებიც არ შეესაბამება 2015 წლის აგვისტო-ოქტომბერში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებს (იხ.ს.ფ.46).

 

რაც შეეხება შ--------–----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, პალატა ამ ნაწილში იზიარებს პირველი ინსტანციის სასაამრთლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს ამ მიმართებით სააპელაციო საჩივრის მართებულობა დასაბუთებული აქვს ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საზოგადოების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებზე (გამჭოლი პასუხისმგებლობა), რა არგუმენტებზე დაყრდნობითაც აპელანტს გააჩნია სამოქალაქო წესით სასამართლოში დავის გაგრძელების უფლება და მითითებული სამოქალაქო კანონის დანაწესი ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არსებული რეგულაციით აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინდა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს „პ-----------------ას“ ცრუმაგიერ პირად შპს „ლ--–--ს“ ცნობის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, შპს „პ--------------------ს“ და შპს „ლ--–--ს“ თანაბრად უნდა დაეკისროთ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში ჯამში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის ნახევრის 125 (ასოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შ--------–----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს „პ--------------------ს“ (ს.ნ. 4--------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნეს შპს „ლ--–--“ (ს.ნ. 4--------);

 

5. დანარჩენ ნაწილში სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. შპს „პ--------------------ს“ და შპს „ლ--–--ს“ თანაბრად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 125 (ასოცდახუთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი