განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2019
საქმის ნომერი
330210115001058741
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001058741

საქმე №2ბ/6543-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - მ----- მ----–---–--ა

წარმომადგენელი – ს--------------–--

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - დ--–-------------ე

 

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მ-----------–-–---–ი წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–------------- - თავდაპირველი მესაკუთრეების - ნ------------ის დის - ა-----------ის შვილიშვილსა და გ------- მ----–---–--ის დეიდაშვილის შვილს.

 

2. მ----- მ----–---–--ა წარმოადგენს აწ გარდაცვლილი გ------- მ----–---–--ის მეუღლესა და მემკვიდრეს და უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–-------------, მესაკუთრეს.

 

3. მოსარჩელე მ-----------–-–---–ი 2008-2018 წლებში ცხოვრობდა სადავო ბინაში.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ-----------–-–---–მა და მოპასუხე მ----- მ----–---–--ას მიმართ მოითხოვა სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯის - 9112 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

5. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელის ბებიას, ა-----------ეს ჰყავდა და, ნ------------ე, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-------------------------–--–------------- - მესაკუთრეს. ნ------------ემ, განსაკუთრებული დედმამიშვილური დამოკიდე-ბულების გამოსახატად, დას, ა-----------ეს ხსენებული ბინა გადასცა საჩუქრად, თავად კი საცხოვებლად წავიდა მოსკოვში, ამასთან, წასვლამდე ა-----------ემ მოსარჩელის ბებიას დაუტოვა ბინის ორდერი და პრივატიზაციის ხელშეკრულება და დაჰპირდა, რომ ჩამოვიდოდა თავის შვილთან, გ------- მ----–---–--თან ერთად და გადაუფორმებდა ბინას. მოსარჩელე განმარტავს, რომ ა-----------ე გარდაიცვალა 2002 წლის 27 აპრილს, რის შემდეგაც მისი შვილი გ------- მ----–---–--ი დაუკავშირდა მოსარჩელის მამას, მ--–---- ხ------–-–---–ს და განუცხადა, რომ მის ქალიშვილს, მ-----------–-–---–ს, საქორწილო საჩუქრის სახით გადასცემდა დედის საკუთრებაში არსებულ ბინას და ჩამოვიდოდა საქართველოში, რათა აღნიშნული იურიდიულად გაეფორმებინათ. მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან ბინის მესაკუთრის მემკვიდრის სურვილიც იყო, ბინა გადასცემოდა მოსარჩელეს, მან უძრავი ქონება თავის საკუთრებად ჩათვალა. შესაბამისად, მოსარჩელე ცხოვრობს ზემოთ აღნიშნულ ბინაში, სადაც მან ჩაატარა 9112 აშშ დოლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. მოგვიანებით, 2013 წლის 22 თებერვალს, გარდაიცვალა გ------- მ----–---–--იც, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო გარდაცვლილის მეუღლე, მ----- მ----–---–--ა მ-----------–-–---–ისათვის სამკვიდრო ქონების ჩუქების წინააღმდეგია, რის გამოც. მოსთხოვა მოსარჩელეს ბინის გამოთავისუფლება, იგი ასევე უარს აცხადებს მოსარჩელისათვის სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

მოპასუხის შესაგებელი:

 

6. მოპასუხე მ----- მ----–---–--ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას უძრავი ქონების ჩუქებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ჩუქება ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებითა და უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში აღრიცხვით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო უძრავი ქონება, მიღებული მემკვიდრეობით, ირიცხება მოპასუხის სახელზე. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის გარდაცვლილ ნ------------ეს ჩუქების დაპირება კანონით დადგენილი წესით (საჯარო რეესტრში რეგისტრაციით) არ მიუცია, ხოლო მოსარჩელე ვერ ადასტურებს ჩატარებული რემონტით ბინის ღირებულების გაზრდის ფაქტს და უსაფუძვლოდ ითხოვს გაწეული ხარჯების გამდიდრების გამო უკან გამოთხოვას.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მ----- მ----–---–--ას მ-----------–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 9112 აშშ დოლარი. მ-----მ მ----–---–--ას მ-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 640 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მ-----მ მ----–---–--ას მოსარჩელე მ-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის - 830 ლარისა და აუდიტორული დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი თანხის - 200 ლარის ანაზღაურება. (იხ.გადაწყვეტილება)

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ-----მ მ----–---–--ამ.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო გარემოებად მ-----------–-–---–ის სადაო ბინაში ცხოვრების ფაქტი, რადგან სარჩელის შეტანამდეც კი სთხოვდა გაენთავისუფლებინა საცხოვრებელი ბინა, მას არ ჰქონდა ამ ბინაში ლეგიტიმურად ცხოვრების უფლება. ამასთან, მ-----------–-–---–მა არ აცნობა თუ რაიმე სახის რემონტს ატარებდა.

აღნიშნულის გამო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ-----------–-–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

10. პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას), ანუ დადგინდეს ამ ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტობრივი გარემოებები. პალატა განმარტავს იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სადავო ნივთის მფლობელების მოთხოვნა ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) შეიძლება გამომდინარეობდეს. (იხ. სუს საქმე №ას-182-182-2018)

 

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოსარჩელის მიერ კონკრეტულად რა სახის ხარჯები იქნა გაწეული, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ემსახურებოდა თუ არა ეს ხარჯები სადავო ნივთის გაუმჯობესებას, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელეთა, როგორც ნივთის მოსარგებლეთა სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული. გამოსაკვლევია და შესაფასებელი ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროების გამო, ნივთზე გაწეული ხარჯები (მაგ; წყალთან, ბუნებრივაირთან დაკავშირებული ხარჯები; სარემონტო სამუშაოები და სხვა გაუმჯობესებანი) უფლებამოსილი პირის ინტერესში ყოფილიყო და, ბუნებრივია, მას მესაკუთრის გამდიდრება მოჰყვა; ამასთან, სრულად გამოირიცხება სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის გამოყენება, რადგან ამ ნორმით თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად. ამავე ნორმის შინაარსიდან და ზემოაღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი, რომელზედაც მოცემულ შემთხვევაში გაიწია ხარჯები, არ იძლევა იმის ობიექტურ შესაძლებლობას, რომ პირს იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდეს, თუკი ასეთ ჩანაწერს არ გვაწვდის საჯარო რეესტრი. შესაბამისად, მოცემული დავის რეგულაცია მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია.¹( იხ. სუსგ საქმე # ას-1245-1265-2011)

 

11. მოთხოვნის დამფიძნებელ ნორმის ქვეშ სუბსუმირებად ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

11.1. 2003 წლიდან 2018 წლამდე, მ-----------–-–---–ი უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–---------------ს ფლობდა, აღნიშნული უძრავი ქონების წინა მესაკუთრეების ნ------------ის და მისი შვილის გ------- მ----–---–--ის თანხმობით და იმ პირობით, რომ სამომავლოდ უძრავი ქონება მის საკუთრებად აღირიცხებოდა. (სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება)

 

11.2. მ----- მ----–---–--ა როგორც აწ გარდაცვლილი გ------- მ----–---–--ის მეუღლე და მემკვიდრე, 2015 წლის 08 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გახდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–-------------, მესაკუთრე. აღნიშნული უძრავი ქონება მის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა 2015 წლის 03 აგვისტოს. (ტომი 1, ს.ფ. 15-16)

 

11.3. 2015 წლის 04 აგვისტოს სარემონტო სამუშაოების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–---------------ში, 2012 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9112 აშშ დოლარი. (ტომი 1, ს.ფ. 18-28)

 

11.3 პალატა განმარტავს რომ, მოცემულ დავაზე დასტურდება აპელანტის გამდიდრების ფაქტი, რაც მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად და წინაპირობად მიიჩნევა. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 04 აგვისტოს სარემონტო სამუშაოების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ-------–--------------------------–--–---------------ში, 2012 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9112 აშშ დოლარი. (ტომი 1, ს.ფ. 18-28)

 

12. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სადაო გახადა უძრავი ქონების სარგებლობიდან გამომდინარე ბინის ქირის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა როგორც საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით დასტუდება მოპასუხეს უძრავი ქონების სარგებლობიდან გამომდინარე ქირის დაკისრება არ უთხოვია, უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბინის ქირის დაკისრებას (გაქვითვას) არ მოითხოვს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი 2017 წლის 19 მაისის შეფასების ანგარიში საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ კუთხით, რომ მათ ბინის ქირა არ მიუღიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, სადაც განმარტებულია, რომ გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი. (იხ. სუსგ ას-708-678-2016) მოპასუხე მხარეს წარმოდგენილ სარჩელთან მიმართებით მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი ე.ი. ბინის ქირის დაკისრების მოთხოვნით, შესაგებელი არ წარუდგენია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამდენად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ბინის ქირის მოთხოვნასთან მიმართებით, მით უფრო, როცა აღნიშნული არც სააპელაციო საჩივრითაც არ იქნა გასაჩივრებული.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----მ მ----–---–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა