განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
340210017001825077
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210017001825077

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1513-18 “ 18“ იანვარი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე _ _ ჟ---------------ე ე---------------ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ე----------------ას სარჩელი, ჟ---------------ის მიმართ, დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ჟ---------------ის უკანონო მფლობელობიდან ე----------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–--------------------------–-------–---, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------ კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N- ფართი: 5---- კვ.მ. ს/კ: 5-----------, და ქონება გადაეცეს მესაკუთრეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინებით ჟ---------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე ე----------------ას სარჩელით, ჟ---------------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობებს, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობებს, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის 1 ნაწილით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად მიიჩნევა ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

2.4. სსს კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით , საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის მითითება ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სსს კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შედგენილი დოკუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, საქმის განხილვის გადადების კანონიერ საფუძველს არ წარმოადგენს .

2.5. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

2.6. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) ე----------------ას საკუთრებაშია უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ--–------------------------–-------–---, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2------ კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N- ფართი: 5---- კვ.მ. ს/კ: 5-----------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ე----------------ას სახელზე არის რეგისტრირებული. განაცხადის ნომერი- N------------, თარიღი- 1----------

2) ე----------------ამ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის შემდეგ არაერთხელ მიმართა სახლის ყოფილ მესაკუთრეს ჟ---------------ეს, რომ შეეწყიტა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით უკანონო სარგებლობა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაებარებინა ე-------------------თვის, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე კვლავ უკანონოდ აგრძელებს აღნიშნული სახლით სარგებლობას.

3) ე----------------ას სურს სასამართლოს მეშვეობით დაიცვას კანონიერი მესაკუთრის და კეთილსინდისიერი შემძენის დარღვეული უფლებები და მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების ჟ---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისი მესაკუთრისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

2.7. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:

 

2.8. მოცემულ შემთხვევაში თავად საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას 2017 წლის 26 სექტემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის დღის თაობაზე, ასევე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა 2017 წლის 11 აგვისტოს. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ - ავადმყოფობით, თუმცა სსს კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით შედგენილი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი/მტკიცებულება მოპასუხეს პროცესის არც ერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ავადმყოფობის თაობაზე მხოლოდ მხარის ზეპირი მითითება კი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული. ამდენად, მოპასუხე ვერ ადასტურებს სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, რაც მისი მტკიცების საგანს წარმოადგენს, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხისთვის სასამართლოში გამოცხადებისთვის, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რაც, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაუქმებლია, ვინაიდან გადაწყვეტილება არასაკმარისად დასაბუთებულია.

 

4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. 2---------–- გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე----------------ამ მოპასუხე ჟ---------------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-12). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე აღრიცხულია უძრავი ქონების - მდებარე, ქ--–--------------------------–-------–---, ს/კ: 5-----------, მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.

4.2. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ აპელანტი ჟ---------------ე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 26.09.2017წ. 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე ჟ---------------ეს სასამართლო უწყება გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (იხ.: შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 20, გზავნილი, ტ. I, ს.ფ. 37).

საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ 11.08.2017წ., სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა ჟ---------------ეს (ტ. I, ს.ფ. 39).

ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი ჟ---------------ე (მოპასუხე) გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ჟ---------------ე (მოპასუხე) გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 26.09.2017წ. ჟ----------------- 13:57 საათზე განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა სხდომას და მოითხოვა მისი გადადება. განცხადებას არ ერთვოდა მოპასუხის ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (ტ.1, ს.ფ. 40). შესაბამისი მტკიცებულების არარასებობის პირობებში სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია მხარის გამოუცხადებლობა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 49-53). მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის ეტაპზე. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემობაზე მითითებით, რომ იყო ავად, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულთან მიმართებაში რაიმე მსჯელობას არ შეიცავს არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჟ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 12.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა