განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
330210116001276002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001276002

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/4473-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გ-------შვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს ,,ი------ მ---------ი’’

წარმომადგენელი - გ------- ქ-–------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ---------- თ------------ი’’

წარმომადგენელი - პ---------–--

 

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლის გამო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ი------ მ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 88 522 ლარის გადახდა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ი------ მ---------ს დაეკისრა მოსარჩელე შპს გ---------- თ------------ის სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე შპს ი------ მ---------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6537.22 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. შპს გ---------- თ------------სა და შპს ი------ მ---------ს შორის 2--------- წელს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1-----------, ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მგზავრთა გადაყვანისათვის გათვალისწინებული საქალაქო/საქალაქთაშორისო П------- ტიპის ავტობუსი. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 8---- ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ავტობუსის სპეციფიკაციებს წარმოადგენდა მგზავრების ადგილების რაოდენობა 30+1 (მძღოლი), ძრავის მუშა მოცულობა 4.75, დიზელის, ცხენის ძალა 130, გადაცემათა კოლოფი მექანიკური ხუთსაფეხურიანი, კონდიციონერი 15 კილოვატიანი, ხელშეკრულებით ავტობუსი უნდა ყოფილიყო ახალი და უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხელშეკრულების 2.4 მუხლით ნასყიდობის საგანი მყიდველს უნდა გადაეცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, ნასყიდობის საგნის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ ვადში, ხელშეკრულების 4.1 მუხლით მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას ნასყიდობის საგნის ხარისხთან და შესაბამისობასთან მიმართებით. ხელშეკრულების 6.1 მუხლით მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელს არ გააჩნია ან საგარანტიე პეროდში არ აღმოაჩნდება ნაკლი. ხელშეკრულების 6.1.1 მუხლით საგარანტიე პერიოდში ყოველ გამოვლენის ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. უფასო საგარანტიო მომსახურება ხდება იმ შემთხვევაში თუ საქონელი არაა დაზიანებული შემსყიდველის დაუდევრობით ან ფიზიკური ზემოქმედებით. ამავე ხელშეკრულების 6.1.2 მუხლით ნაკლის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებიდან 2 სამუშაო დღეში მიმწოდებელი ახდენს რეაგირებას, იმ შემთხვევაში თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი არის ადგილზე, მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქონლის დაზიანებული ნაწილი ექვემდებარება შეკეთებას მიმწოდებელი მის შეკეთება/დაბრუნებას ახდენს რეაგირებიდან 30 კალენდარულ ვადაში. ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლით ნაკლული საქონლის მიწოდების შემთხვევაში შემსყიდველისათვის ან მესამე მხარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების 6.4 მუხლით მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულების 6.5 მუხლით საქონლის მიწოდების დაყოვნების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო. ამავე ხელშეკრულების 9.3.2 მუხლით შემსყიდველი უფლებამოსილია შეამოწმოს საქონელი მის მიღებამდე და უხარისხობის შემთხევაში უარი თქვას მის მიღებაზე. ამავე ხელშეკრულების 9.4 მუხლით ყოველი გამოვლენილი აღმოფხვრასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. ამავე ხელშეკრულების 12.2 მუხლით ნებისმიერ მხარეს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარემ მთლიანად ან ნაწილობრივ დაარღვია ამ ხელშეკრულების პირობები და არ/ვერ აღმოფხვრა აღნიშნული დარღვევა იმ ვადაში, რა ვადაც მითითებული იყო მეორე მხარის მიერ დარღვევის აღმოფხვრის შესახებ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაში. ამავე ხელშეკრულების 12.3 მუხლით შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. ხელშეკრულება შეწყვეტს მოქმედებას შემსყიდველის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ ვადის შემდეგ. ხელშეკრულების დანართი #4-ით საგარანტიო პირობები ვრცელდება ქარხნული გარანტიით ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე, ელექტროობაზე და კონდიციონერზე სწორი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხევაში მიღება ჩაბარებიდან 2 წლის ან 100 000 კმ რომელიც ადრე შესრულდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 30-44. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.2. მოპასუხემ ავტობუსის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში გადაცემის ვალდებულება დაარღვია და 3--------- წელს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტობუსი. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1947.48 ლარი, რაც გაიქვითა მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხიდან, რის გამოც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის ფასის გადახდასთან დაკავშირებით სრულად შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

3--------- წლის მიღება-ჩაბარების აქტი ს. ფ. 45. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.3. ნასყიდობის საგნის შემსყიდველისათვის მიწოდება განხორციელდა მწარმოებელი ქარხნიდან ავტობუსის თვითსვლით საქართველოში ჩამოყვანით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.4. ავტობუსს მოსარჩელისათვის გადაცემიდან და ექსპლუატაციის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის ტექნიკური გაუმართაობა, ტექნიკური გაუმართაობა ვლინდებოდა სისტემატიურად, დაახლოებით კვირაში 2-ჯერ, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხეს, რომელიც რიგ დეფექტების აღმოფხვრას ახდენდა იმავე დღეს ან მოკლე ვადაში საგარანტიო პირობების შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება ძრავის შეცვლას და შეცვლის შემდეგ ძრავის შეკეთებას აღნიშნულისათვის საჭირო გახდა ხანგრძლივი ვადა, რა დროსაც მოსარჩელე ვერ სარგებლობდა ნასყიდობის საგნით ავტობუსით. ძრავის შეკეთებისათვის განკუთვნილ პერიოდში მოპასუხე მცირე ტევადობის სხვა ავტობუსით უზრუნველყოფდა მოსარჩელის თანამშრომლების ნაწილის ტრანსპორტირებას, ხოლო დანარჩენი თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის მოსარჩელემ რიგ შემთხევაში გამოიყენა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები, ხოლო ერთხელ იქირავა სსვა სატრანსპორტო საშუალება რაშიც გადაიხდა 4000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

მოსარჩელის მიერ მიწერილი წერილების ასლები ნასყიდობის საგანზე ნივთობრივი ნაკლის აღმოჩენისა და საგარანტიო პირობების შესაბამისად მისი აღმოფხვრის მოთხოვნის შესახებ ს. ფ. 46-49, 51, 56-58.

მოპასუხის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შეტყობინების წერილების ასლები ს. ფ. 50, 55. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 58-60.

მოწმეთა ჩვენება სასამართლო სხდომაზე.

მხარეთ ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.5. 13.01.2016 წელს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და განუსაზღვრა 45 დღიანი ვადა ნივთობრივი ნაკლის მქონე ავტობუსის სხვა ავტობუსით შესაცვლელად, რაც მოპასუხის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე. ანალოგიური ხასიათის მოთხოვნის წერილები ჩაბარდა მოპასუხეს 25.02.2016 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

წერილის ასლი ს. ფ. 52, 57.

მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.6. მოსარჩელემ 29.02.2016 წლის წერილით რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 01.03.2016 წელს მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ და განუსაზღვრა ვადა 06.03.2016 წლის ჩათვლით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ნასყიდობის საგნის ღირებულების 8---- ლარი დასაბრუნებლად და ზიანის 10537.22 ლარის ასანაზღაურებლად, რაც მოპასუხე მხარემ რეაგირების გარეშე დატოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

წერილის ასლი ს. ფ. 62-64. შეტყობინების ბარათის ასლი ს. ფ. 61.

მხარეთ ახსნა-განმარტრბა სასამართლო სხდომაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

2.7. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ მიწოდებული ავტობუსი პ----- მარკის ავტობუსი, მოდელი 4---, ძრავი დიზელის, სარეგისტრაციო ნომრით Q------- გამოწვებული 2--- წელს, რეგისტრირებული 3--------- წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

რეგისტაციის მოწმობის ასლი ს. ფ. 216.

მხარეთ ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.8. ნასყიდობის საგანი მიუხედავად მოპასუხის მიერ საგარანტიო პირობების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა იგი კვლავ ნივთობრივი ნაკლის მქონეა, რაც არ არის გამოწვეული მოსარჩელე მხარის მიერ მისი ექსპლუატაციის წესების დარღვევით.

 

ლ. სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------- ექსპერტიზის დასკვნით ს. ფ. 222-229 ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილია 2--- წელს დამზადებული ავტობუსი P-- 4---, სახელმწიფო ნომრით Q---------- რომლის ვიზუალური დათვალიერებითა და შემოწმებით დადგინდა, რომ:

1. არ მუშაობს სამგზავრო სალონის განათება.

2. მარჯვენა უკანა კუთხეზე აღენიშნება მცირე ზომის გასმითი სახის, მექანიკური ხასიათის დაზიანება.

3. წინა მარცხენა საქარე მინის ფენებს შორის აღნიშნება ურთიერთ აშრევების კვლები ფენებს შორის.

4. მარჯვენა წინა კარის ჩარჩოს უკანა ზედა კუთხეზე აღენიშნება ბზარი, შედუღების მიდამოში.

5. მძღოლის კაბინის უკანა კედლის, გვერდითა დგარზე ჩამაგრების ადგილში აღენიშნება წარსულში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოს კვალი, კერძოდ საშემდუღებლო სამუშაოს სახით.

6. სამგზავრო სალონის გაგრილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სალონის გაგრილებას.

პირველ პოზიციაზე არსებული ხარვეზები შესაძლებელია იყოს როგორც ქარხნული წუნი ასევე ექსპლუატაციის პირობებში წარმოქმნილი და მისი აღმოფხვრა საჭიროებს ელ. სისტემის დიაგნოსტიკასა და დაზიანებული დეტალის/კვანძის შეცვლა/შეკეთებას.

 

მეორე პოზიციაზე მოცემული დაზიანება, წარმოადგენს ექსპლუატაციის პირობებში განვითარებულ, მექანიკური სახის, გასმითი ხასიათის დაზიანებას.

 

მესამე, მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე არსებული დაზიანებები, წარმოადგენს ქარხანა დამამზადებლის მიერ დამზადების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს.

 

მეექვსე პოზიციაზე არსებული გაუმართაობა წარმოადგენს სპეციალური შესწავლის საგანს, გაგრილების სისტემის აგრეგატი შესაძლებელია არ იყოს დამუხტული შესაბამისი ან/და საჭირო რაოდენობის ,,ფრეონით“, ან არ იყოს გათვლილი სამგზავრო სალონის მოცულობაზე, ორივე შემთხვევაში ვერ ხერხდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტობუსი П------- ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით მოხდა ავტომობილის შემოწმება დინამიკაში, მძღოლითა და 22 მგზავრით, გ----------------–--- და თბ--–--------------ის მიმართულებით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც დაგეგმილ მარშრუტზე ავტობუსის დატვირთვა შეადგენდა 46%-ს.

 

გ-----------------–---- მიმართულებით მოძრაობისას სოფ. გ------- მიმდებარე საავტომობილო გზაზე, აღმართის დაძლევის მომენტში, რა დროსაც ავტობუსი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ-ით და სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტი იმყოფებოდა მე-3-ე საფეხურზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა დაახლოებით 100 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო ლ--–--- დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე (კ------- გ-------–--–-) საგზაო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო შეფერხებულ მოძრაობაში, 30-40 კმ/სთ-ით და სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტის მონაცვლეობით იმყოფებოდა 2-ე ან 3-ე საფეხურებზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა დაახლოებით 120 გრადუსი ცელსიუსი, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ ძრავის გაგრილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სითხის სათანადოდ გაგრილებას, დაბალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც აღნიშნულ სისტემას ვერ ეხმარება ჰაერით გაგრილების დაბალი ნაკადი. ექსპერიმენტის დროს განვლილმა მანძილმა შეადგინა 90.3 კმ.

 

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ავტომობილი დაკომპლექტებულია ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით, გარდა ზემოთ აღნიშნული გაუმართაობების, დეფექტებისა და ხარვეზებისა, სხვა რაიმე სახის გაუმართაობას მარშრუტის შესრულების მომენტში ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ავტომობილზე არსებულ გაუმართაობებს მათი წარმოშობა არ უკავშირდება არასათანადო ექსპლუატაციის შედეგებს.

 

ავტომობილის ექსპლოატაცია დანიშნულებისამებრ - თ---–------------------ში და გ--------------------–--ში მგზავრთა ტრანპორტირებისათვის, მასზე არსებული გაუმართაობების გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის, მათი აღმოფხვრის მომენტამდე. გაუმართაობების ხარისხიანად შეკეთება გარანტია იქნება ავტობუსის ექსპლუატაციისა ყოველგვარი დეფექტების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488.1 მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ავტობუსი არ არის ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ანუ მგზავრების გადაყვანისათვის, კერძოდ მისი ექსპლოატაცია მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანი ნივთობრივი ნაკლის მქონეა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნივთობრივი ნაკლოვანებებიდან ნაწილი არაარსებითია მაგალითად: სალონის განათება, გასმითი სახის მექანიკური დაზიანება, საქარე მინაზე აშრევება, წინა მარჯვენა წინა კარის ჩარჩოს უკანა ზედა კუთხეზე ბზარი, რომელიც დიდი ძალისხმევის და დანახარჯების გარეშე შეიძლება აღმოიფხვრას და იგი ხელის შემშლელი ვერ იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისათვის და აღნიშნული ნივთობრივი ნაკლი არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი, რაც შეეხება სალონის კონდიცირების სისტემის გაუმართაობას რაც წელიწადის ცხელ პერიოდში სალონის ტემპერატურის გაგრილებას, ხოლო წელიწადის ცივ პერიოდში სალონის ტემპერატურის გათბობას უნდა უზრუნველყოფდეს, ასევე ძრავის გაგრილების სისტემის გაუმართაობა, კერძოდ, ავტობუსის ნახევარად დატვირთვის პირობებში ძრავის გაგრილების სითხის 100-120 გრადუს ცელსიუსამდე მიღწევას რაც წყლის დუღილის ტემპერატურას აჭარბებს და რა დროსაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია ძრავის გაგრილებამდე იკრძალება იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ საგარანტიო მომსახურების ფარგლებში ერთხელ უკვე უზრუნველყო ძრავის შეცვლა და შემდგომ შეცვლილი ძრავის შეკეთება წარმოადგენს არსებით ნივთობრივ ნაკლს, რომლის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლა დასაშვებია, ვინაიდან შეუძლებელია ნასყიდობის საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენება მგზავრების გადასაყვანად თ---–----------------------- და პირიქით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ შესაძლოა ავტობუსის ტემპერატურის მაჩვენებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო, რის გამოც დაფიქსირდა ექსპერტიზის დროს ძრავის გამაგრილებელი სითხის დასკვნაში მითითებული ტემპერატურული მაჩვენებლები სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით იგი ესწრებოდა ექსპერტიზას და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული არ არის ტემპერატურის მზომი ხელსაწყოს გაუმართაობის შესახებ ამ მოპასუხე მხარის პრეტენზიის შესახებ ხელსაწყოსთან მიმართებით, აღნიშნულის გადა მოწმის სახით დაკითხული ზ------ შ------–---–ის ჩვენებით იგი წარმოადგენდა მძღოლს ექსპერტიზის ჩატარებისას, რა დროსაც ორჯერ მოუწიათ გაჩერება ავტობუსის წყლის ადუღების გამო, რათა არ გადახურებულიყო ავტობუსის ძრავი. რაც შეეხება მოპასუხე მხარის შედავებას ექსპლუატაციის პირობების დარღვევის შესახებ მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა სახის მტკიცებულება ავტობუსის ექსპლუატაციის წესების დარღვევისა, აღნიშნულის გარდა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.1.1 მუხლზე რომლითაც "საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრა საგარანტიო მომსახურების ფარგლებში ხდება იმ შემთხვევაში თუ საქონელი არ არის დაზიანებული შემსრულებლის დაუდევრობით ან ფიზიკური ზემოქმედებით" შესაბამისად თუ მოპასუხე მხარის მიერ ავტობუსის ექსპლუატაცია ხდებოდა ექსპლუატაციის წესების დარღვევით მაშინ მოპასუხე საგარანტიო მომსახურების ფარგლებში არ უნდა მოეხდინა ძრავის შეცვლა და შემდგომში შეცვლილი ძრავის ახლიდან შეკეთება, რომლის მიუხედავად ვერ მოხერხდა არსებითი ნაკლოვანების გამოსწორება.

 

2.9. მოსარჩელეს არ მისდგომია მოპასუხის მიერ ნაკლის მქონე ნივთის შეკეთების პერიოდში 10537.22 ლარიდან 6537.22 ლარის ოდენობით ზიანი, მოპასუხის მიერ განცდილ ზიანმა შეადგინა 4000 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 102.2. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტები და გარემოებები, კერძოდ ვერ შეძლო დაედასტურებინა წერილობითი მტკიცებულების წარდგენის გზით 6537.22 ლარის ოდენობით მოპასუხის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის არსებობის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება 4000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტს იგი დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და იჯარის ხელშეკრულებით, რომლითაც მოპასუხის მიერ ავტობუსის ძრავის შეკეთების პერიოდში მოპასუხის მიერ გამოყოფილი მცირე ტევადობის ავტობუსის არასაკმარისობის გამო მოსარჩელის დარჩენილ თანამშრომელთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავებისათვის გაიღო 4000 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488.1 მუხლის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი გამყიდველის მიერ საგარანტიო მომსახურების ფარგლებში არაერთგზის შეკეთების მიუხედავად არსებითი ნივთობრივი ნაკლის მქონეა და არ არის ვარგისი დანიშნულებისამებრ ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტის და ხელშეკრულების N4 დანართის (საგარანტიო პირობების) თანახმად, საგარანტიო ვადად განისაზღვრა მიღება-ჩაბარებიდან ორი წელი ან 100 000 კმ. ამავე დროს მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ საგარანტიო პერიოდში მის მიერ მიწოდებულ საქონელს არ აღმოჩნდებოდა ნაკლი, ხოლო ყოველი გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ხარჯებს თვითონ აანაზღაურებდა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანი უნდა ყოფილიყო ახალი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთგზის მოსთხოვა მოპასუხეს ნაკლის გამოსწორება და განუსაზღვრა მას ვადა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა არსებითი ნივთობრივი ნაკლი ნასყიდობის საგანზე აღმოფხვრილი არ ყოფილა.

 

ამავე კოდექსის 491.1 მუხლის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

 

სამოქალაქო კოდექსის 352.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

ამავე კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, კი თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღნიშნა ავტობუსის ჩვეულებრივი დანიშნულებით გამოყენება, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მოწმეთა ჩვენებით თანამშრომლების გადასაყვანად შეიძინა სხვა უცხოური წარმოების ავტობუსი, რომელიც სრული დატვირთვით ორი წლის ექსპლუატაციის მიუხედავად არ გამოსულა მწყობრიდან. მოსარჩელის ინტერესი და მოლოდინების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა მისი თანამშრომლების გადაყვანაა სამუშაო ადგილამდე და უკან, რაც თავის თავში ასევე მოიცავს მათ უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და დროულად გადაყვანას. ნასყიდობის საგნის სისტემატიური გაუმართაობების გამო კი რეალურად შეუძლებელი იყო მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება, რის გამოც მან დაკარგა ინტერესი დავის საგნის მიმართ, რადგან შეძენილ იქნა სხვა სატრანსპორტო საშუალება. საბოლოოდ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნასყიდობის საგანი არსებითი ნივთობრივი ნაკლის მქონეა. შესაბამისად სახეზეა მოპასუხის მიერ 2--------- წლის ხელშეკრულების 4.1. და 6.1. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების და სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490.1. მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის საფუძველზე შპს გ---------- თ------------მა მოპასუხეს განუსაზღვრა გონივრული 45 დღიანი ვადა ავტობუსის, როგორც ნივთობრივი ნაკლის მქონე გვაროვნული ნივთის გამოსაცვლელად. მიუხედავად ამისა მოპასუხემ არ გამოცვალა ნაკლის მქონე ნივთი, რის გამოც მოსარჩელემ მართლზომიერად გამოიყენა მისთვის სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ი------ მ---------ი ვალდებულია შპს გ---------- თ------------ს დაუბრუნოს 2--------- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ნასყიდობის საფასური 8---- ლარის ოდენობით.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494.1 მუხლის თანახმად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია დამატებითი ხარჯები მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგანზე ნაკლის გამოსწორების პერიოდში 4000 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა მის მიერ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ქირავნობის ხელშეკრულების დადებაში.

 

ზიანის სახით 6537.22 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი ოდენობა - მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.

 

სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების და გარემოებების დადასტურება, კერძოდ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებით დაედასტურებინა 6537.22 ლარის ოდენობით მოპასუხის მოქმედების შედეგად ზიანის განცდის ფაქტობრივი გარემოება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1.1. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, როგორც ფაქტობრი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტის აზრით სასამართლომ არასრულად გამოიკვლია ექპერტიზის დასკვნა, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორის გადაწყვეტილების გამოატანა.

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის მიწოდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდნენ მოსარჩელე ორგანიზაციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ ავტობუსს აღმოაჩნდა ტექნიკური ხარვეზი. ხელშეკრულების (№1-----------) პირობების საფუძველზე, მოხდა აღნიშნული დეფექტის დროულად აღმოფხვრა, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. აპელანტის განმარტებით გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები კვლავ დაუკავშირდნენ, რა დროსაც მიუთითეს ხელშეკრულების საგნის ძრავის გაუმართაობაზე. მწარმოებელს (რ-------), ქარხნული საგარანტიო პირობების გათვალისწინებით ძრავი გაიგზავნა ქარხანაში, რის შემდეგაც შემოწმდა და დადგინდა, რომ დაზიანების მიზეზი დაუდევრობა იყო. მიუხედავად დაზიანების მიზეზისა ხელშეკრულების 6.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, კერძოდ, 30 დღეში მოხდა პრობლემის მოგვარება. შეკეთებისთვის საჭირო პერიოდის - 30 დღის განმავლობაში კი ნასყიდობის საგანი კეთილი ნების საფუძველზე ჩანაცვლებული იქნა კომპანიის კუთვნილი ავტობუსით რათა არ შეფერხებულიყო შპს “გ---------- თ------------ის” საქმიანობა. აპელანტის განმარტებით მოსარჩელე ორგანიზაციის მხრიდან სისტემატიურად ხდებოდა ნივთის არასწორი ექსპლუატაცია და განზრახ ან არაკვალიფიციურობით ავტობუსის მწყობრიდან გამოყვანა.

 

3.1.3. აპელანტის აზრით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ავტობუსი ნივთობრივად ნაკლის მქონეა და არ არის ვარგისი მგზავრთა გადასაყვანად. აპელანტის მითითებით ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტობუსი არის გამართულ მდგომარეობაში, არსებული დაზიანებები კი გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად. აპელანტის განმარტებით მოწმეთა ჩვენებებით ნათლად დასტურდება, რომ მათ შემხებლობა ჰქონდათ მხოლოდ საბჭოთა ტექნიკასთან და შესაბამისად ამ მიმართულებით ჰქონდათ გამოცდილებაც.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.

 

ერთი მხრივ, შპს ,,გ---------- თ------------ს’’ როგორც შემსყიდველს და მეორე მხრივ შპს ,,ი------ მ---------ს’’, როგორც მიმწოდებელს შორის 2---------წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულების საგანს მყიდველის მიერ შემსყიდველისთვის 8----- ლარის სანაცვლოდ საქალაქთაშორისო ავტობუსის - П------- მიწოდება წარმოადგენდა. ნასყიდობის საგანზე გაიცა გარანტია, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდა ქარხნული გარანტია ძრავზე, ხიდზე, გადაცემათა კოლოფზე, ელექტროობაზე და კონდიციონერზე ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში. გარანტიის მოქმედების ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში ან 100,000 კმ. გარბენზე (რომელიც ადრე შესრულდებოდა) ვრცელდებოდა.

 

3--------- წელს ერთი მხრივ შემსყიდველს - შპს ,,გ---------- თ------------ს’’ და მეორე მხრივ მიმწოდებელს - შპს ,,ი------ მ---------ს’’ შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს 8-----,00 ლარის გადახდის სანაცვლოდ ნასყიდობის საგნის - საქალაქთაშორისო ავტობუსის П------- მიწოდების ფაქტი.

 

მხარეთა შორის უდავოა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების გადაცემიდან მცირე დროში ნასყიდობის საგანს, კერძოდ საქალაქთაშორისო ავტობუსს П------- წარმოეშვა არაერთი გაუმართაობა, რაც შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული სატრანსპორტო საშულების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. უდავოა ასევე, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემის შესახებ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი გაუმართაობის გამო საჭირო გახდა ძრავის გამოცვლა, რასაც დაახლოებით ერთ თვემდე ვადა დასჭირდა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მიმწოდებლის მხრიდან ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი გაუმართაობის აღმოფხვრის პერიოდში შემსყიდველს უწევდა ალტერნატიული გადაადგილების საშულებების მოძიება და აღნიშნულის მიზნით ხარჯების გაწევა.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა, 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან შემსყიდველის - შპს ,,გ---------- თ------------ის’’ გასვლის მართლზომიერების საკითხი.

 

4.1.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,გ---------- თ------------ი’’ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2--------- წლის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გავიდა. შესაბამისად მისი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე დასაბუთებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ი------ მ---------ის’’ მიერ შპს ,,გ---------- თ------------ისთვის’’ მიწოდებული სატრანსპორტო საშუალება ნაკლის მქონეა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0--------- წლის #5--------- დასკვნის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტობუსის П------- სახ. #Q--------, ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით მოხდა ავტომობილის დინამიკაში შემოწმება მძღოლით და 22 მგზავრით გ----------------–--- და თბ--–--------------ის მიმართულებით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც დაგეგმილ მარშრუტზე ავტობუსის დატვირთვა შეადგენდა 46 %-ს.

 

გ----------------–---- მიმართულებით მოძრაობისას სოფ. გ------- მიმდებარე საავტომობილო გზაზე, აღმართის დაძლევის მომენტში, რა დროსაც, ავტობუსი მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ-ით და სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტი იმყოფებოდა მე-3 საფეხურზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა დაახლოებით 1000 ცელსიუსი, ხოლო ლ--–--- დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, (კ------- გ-------–--–-) საგზაო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო შეფერხებულ მოძრაობაში 30-40 კმ/სთ-ით რა დროსაც სიჩქარეთა გადამრთველი კოლოფის ბერკეტის მონაცვლეობით იმყოფებოდა მე-2 ან მე-3 საფეხურებზე, ძრავის გაგრილების სისტემის ტემპერატურის მაჩვენებელმა აჩვენა დაახლოებით დაახლოებით 1200 ცელსიუსი, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ ძრავი გაგრილების სისტემა ვერ უზრუნველყოფს სითხის სათანადოდ გაგრილებას დაბალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რა დროსაც აღნიშნულ სისტემას ვერ ეხმარება ჰაერით გაგრილების დაბალი ნაკადი. ექსპერიმენტის დროს განვლილმა მანძილმა 90,3 კმ. შეადგინა. რაც შეხება ავტომობილზე არსებულ გაუმართაობებს მათი წარმოშობა არ უკავშირდება არასათანადო ექსპლოატაციის შედეგებს.

 

დასკვნის მიხედვით ავტომობილის ექსპლოატაცია დანიშნულებისამებრ - თ---–------------------ში და გ-------------------–--–- მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, მასზე არსებული გაუმართაობების გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის მათი აღმოფხვრის მომენტამდე. გაუმართაობების ხარისხიანად შეკეთება გარანტია იქნება ავტობუსის ექსპლოატაციის ყოველგვარი დეფექტის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ი------ მ---------ს’’ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ნაკლის შესახებ არაერთი წერილით ეცნობა, საქმეში წარმოდგენილი G--------------- წერილით ირკვევა, რომ შპს ,,გ---------- თ------------მა’’ ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი მორიგი გაუმართაობის გათვალისწინებით ნასყიდობის საგნის ახლით ჩანაცვლება მოითხოვა, რისთვისაც მიმწოდებელს 45 დღის ვადა განუსაზღვრა. G--------------- წერილის თანახმად შპს ,,გ---------- თ------------მა’’ შპს ,,ი------ მ---------ს’’ 25.02.2016 წელს შეახსენა, რომ ნასყიდობის საგნის ჩანაცვლების ვადა 27.02.2016 წელს იწურებოდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება ნასყიდობის საგნის ახლით ჩანაცვლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანიზაციის რეაგირების შესახებ. G--------------------------- წლის წერილით შპს ,,გ---------- თ------------მა’’ შპს ,,ი------ მ---------ს’’ აცნობა 2--------- წლის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ამდენად, ნასყიდობის საგანზე გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლამდე დასტურდება გამოვლენილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლისთვის დამატებითი ვადის მიცემის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ ირკვევა, რომ შემსყიდველის ნასყიდობის საგნის ჩანაცვლების მოთხოვნას რაიმე რეაგირება მოჰყვა. უფრო მეტიც, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,გ---------- თ------------ის’’ მიერ ხელშეკრულებაზე უარი, ვადის დაწესების გარეშე, მაინც მართლზომიერი იქნებოდა, ვინაიდან არაერთი გაუმართაობის პირობებში, რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდიდა სატრანსპორტო საშუალების გამოყენების შესაძლებლობას, ქმნიდა დამკვეთის მხრიდან შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვას.

 

განსახილველ შემთხვევაში 2--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან შპს ,,გ---------- თ------------ის’’ გასვლის მართლზომიერად მიჩნევასთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების შინაარსზე, შესრულების მიმართ შემსყიდველის ინტერესზე, ნასყიდობის საგნის სპეციფიკაზე, მის დანიშნულებასა და, რაც მთავარია, ნასყიდობის საგნის ხარისხზე. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტი იყო საქალაქთაშორისო ავტობუსი, რომლითაც შემსყიდველს თანამშრომლების გადაადგილება უნდა მოეხდინა ყოველდღიურად, შესაბამისად, შემსყიდველს ჰქონდა იმგვარი შესრულების მიღების უფლება, რომელიც მგზავრთა გადასაადგილებლად ვარგისი და უსაფრთხო იქნებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ექპერტიზის დასკვნიდან ირკვევა ისეთ ნაკლთან გვქონდა საქმე (ძრავის გაგრილების სისტემის გაუმართაობა), რომელიც მისი ერთხელ შეცვლის გათვალისწინებით შემსყიდველს წარმოუშობდა დასაბუთებულ ეჭვს, ასეთი გაუმართაობის მომავალშიც წარმოშობასთან დაკავშირებით და არც, თუ უსაფუძვლო შიშს მის შემდეგომ ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებით. ფაქტია, რომ ამ ავტობუსს ერთხელ უკვე შეუცვალა მიმწოდებელმა წუნდებული ძრავი ახალი ძრავით, თუმცა უდავოა, რომ ახალი ძრავის დამონტაჟების პირობებშიც ავტობუსის ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა კვლავ ძრავის გაგრილების სისტემის გაუმართაობის გამო. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,გ---------- თ------------ი’’ არ იძენდა ძველ, ამორტიზებულ, შეკეთებულ, გადაკეთებულ, განახლებულ მგზავრთა გადაყვანისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, მისი ინტერესი იყო ახალი, მყარი, უნაკლო, შეუკეთებელი შესრულების მიღება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ყოველდღიურად 30 ადამიანის თ---–------- გ---------- მიმართულებით და პირიქით გადაადგილების საშუალებას ეხებოდა, ასეთ ვითარებაში, წინდახედულობის სტანდარტი ნასყიდობის საგნის ხარისხთან მიმართებით უფრო მაღალია. აღნიშნულ არგუმენტაციას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტი მასზედ, რომ ნასყიდობის საგნის ძრავის დაზიანება მის არასწორ ექსპლოატაციას მოჰყვა, მეტიც, 0--------- წლის დასკვნაში ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავტომობილზე არსებული გაუმართაობების წარმოშობა არასათანადო ექსპლოატაციის შედეგებს არ უკავშირდება. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, რომ ექსპერტი სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული გაუმართაობების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას, შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება შპს ,,ი------ მ---------ის’’ მხრიდან ვალდებულების იმგვარი შესრულების ფაქტი, რომლის მიღების ვალდებულება, შესრულების საგნის ხარისხის (ნაკლიანი) და დანიშნულების (მგზავრთა გადაყვანა) გათვალისწინებით, შპს ,,გ---------- თ------------ს’’ ვერ დაეკისრება. მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ძრავის შეცვლის პირობებში სადავო სატრანსპორტო საშუალება მგზავრთა გადაყვანისთვის კვლავ მიზანშეუწონელია. პალატა მიიჩნევს, რომ ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების შპს ,,გ---------- თ------------ის’’ მიერ წარმოდგენის პირობებში, შესრულების უნაკლოობის ან/და არასწორი ექსპლოატაციის შედეგად გაუმართაობის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება შპს ,,ი------ მ---------ს’’ ეკისრებოდა. სწორედ მას უნდა ემტკიცებინა შესრულების ჯეროვანება და, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან შემკვეთის გასვლის უსაფუძვლობა. ამ მიზნით, საკმარისი არ იყო მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ გაუმართაობა წარმოშობილი იქნა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად ან/და ის არგუმენტი, რომ მიმწოდებელი მზად იყო ნივთის კვლავ შესაკეთებლად, ვინაიდან შპს ,,გ---------- თ------------ის’’ მხრიდან შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვა უკავშირდება სწორედ შესრულების ხარისხთან დაკავშირებულ ნაკლს, რაც შეუძლებელს ხდიდა სატრანსპორტო საშუალებით უწყვეტ და ხარისხიან სარგებლობას. ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გასვლის სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა, აღნიშნული კი სასამართლოს უქმნის სამართლებრივ საფუძველს დაეთანხმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ შპს ,,ი------ მ---------ისთვის’’ 2--------- წლის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის - 8----,00 ლარის დაბრუნების დაკისრების შესახებ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შპს ,,ი------ მ---------ისთვის’’ ზიანის სახით 4 000 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ მიმართებით ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოპასუხე/აპელანტის საზოგადოების მხრიდან თავად ზიანის ოდენობა და ნასყიდობის საგნის შეკეთების პერიოდში ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების მოძიებისთვის ხარჯის გაწევის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა, თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველად აპელანტი ხელშეკრულებიდან გასვლის არამართლზომირებაზე მიუთითებდა, რაც წინამდებარე განჩინებით პალატის მიერ გაზიარებული არ იქნა.

 

4.1.4. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შპს ,,გ---------- თ------------ის’’ სარჩელის ნაწილობრივ დაკამაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ი------ მ---------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გ-------შვილი /