განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002684958
საქმე №1ბ/260-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
და----------–----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ხაშური, გ---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ხაშური, გ--–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და ,,გ'' ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით და----------–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
და----------–----–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ოთხი პირის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, და----------–----–--ემ ხაშურში, გ--–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჩაიდინა ძალადობა არასრულწლოვანი შვილების: გრ-----–-------------------–----–---ების მიმართ, ასევე, მათი თანდასწრებით მეუღლის თა--------–-–---–ის და სრულწლოვანი შვილის ნი---------–----–--ის მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნებულს მეუღლემ, თა--------–-–---–მა სთხოვა, შეეწყვიტა მათი (ოჯახის წევრების) სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამშვიდებულიყო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელები რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლის ცემის შემდეგ, მან ძალადობა განახორციელა შვილების მიმართ - ჯერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და ტანის არეში დაარტყა ხელი სრულწლოვან შვილს ნი---------–----–--ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო შემდეგ არასრულწლოვან შვილს გრ-----–------–----–--ეს ტანის არეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო ამ------------–----–--ეს, რომელიც ასევე არასრულწლოვანია, ტანის არეში დაარტყა ფეხი, რამაც ასევე გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და და----------–----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის ზედმეტად ლმობიერი, რადგან და----------–----–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს - თა--------–-–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა სრულწლოვან შვილს - 19 წლის ნი---------–----–--ეს, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად არასრულწლოვან შვილებს. მან ოჯახში ძალადობა განახორციელა ოჯახის ოთხივე წევრის მიმართ, მათგან ორი არასრულწლოვანი შვილის მიმართ. დაზარალებულების განმარტებით, და----------–----–--ის მხრიდან მათ მიმართ შეურაცხყოფას და აგრესიულ დამოკიდებულებას წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ის გარემოება, რომ ძალადობრივ ქმედებას ესწრებოდნენ არასრულწლოვანი შვილები, ზრდის ქმედების საშიშროებას, რადგან გასათვალისწინებელია ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მათი შემდგომი განვითარების საკითხი. აპელანტის აზრით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული; სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ და----------–----–--ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.
მსჯავრდებულმა და----------–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვა-–----------------ემ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: თა--------–-–---–ის, ნი---------–----–--ის, ამ------------–----–--ის, გრ-----–------–----–--ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ და----------–----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულებს: თა--------–-–---–სა და ნი---------–----–--ეს მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია და არ არიან დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
და----------–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი (2 წლით თავისუფლების აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
და----------–----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;
ი-----–-------–----–-ძის (პ--------------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს---------------), რომელიც მდებარეობს ქალაქ ხაშურში და რაც და----------–----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია 5000 ლარის ნაწილში, მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე