განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002730916
საქმე #1ბ/257-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ--------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ--------------–------–-----–---–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–------------–-------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მ----------------–---–ს, კერძოდ, სახის მიდამოში დაარტყა ხელი, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–-----------ე და დ------------ე. აღნიშნული ქმედების შედეგად მ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–-------------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ--------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ----------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი სახის მიდამოში, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–-----------ე და დ------------ე. აღნიშნული ქმედების შედეგად მ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–-----------მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას გ--------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ მ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, პაციენტის სამედიცინო ბარათის, სასამართლოში გ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, შემაკავებელი ორდერის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გ--------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის სიმძიმე და მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ ოჯახში ძალადობისთვის დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩასადენად. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ--------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ--------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის ძალადობრივ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ გ--------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ გ--------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. გ--------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, გ--------------ე არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა. აგრეთვე, გ--------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და გ--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
მსჯავრდებულ გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
პირობით მსჯავრდებულ გ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ გ--------------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე