განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100118002607241
ინსტანცია
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002607241

საქმე № 1ბ/1491-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა.

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - შა--------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ-------–-----------------------.

 

ადვოკატი - ნ-------------ე.

 

თარჯიმანი - ას--------–---------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (შეძენა-შენახვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (გასაღების ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შა--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------ემ, რომლებმაც მოთხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და შა--------------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. შა--------------მა თავიდანვე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა მოითხოვეს მსჯავრდებულ შა--------------ის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა შა--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

შა--------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა და ,,დ“ ქვეპუნქტებით (01.06.2006 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა შა--------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1,549 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2018 წლის 02 ივლისს, თბილისი, ფ-------–--------------------------------ში, ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 1,184 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 700 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა თ----------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. 2018 წლის 03 ივლისს, თბილისი, ფ-------–--------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შა--------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,365 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა თ----------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შა--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: თ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, ვ--–---------–--------ის გამოკითხვის ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის სასამართლო ქიმიური №---------------- ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ შა--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შეძენა-შენახვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

შა--------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი.

 

შა--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას და გასაღებას წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ნარკოტიკული საშუალებების სახეობა, ოდენობა (1,549 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა) და გასაღების ინტენსივობა (მცირე დროში - 02 და 03 ივლისს) არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ შა--------------ისთვის საბოლოო სასჯელის სახით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა არის მისი რესოციალიზაციის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების წინაპირობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შა--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

შა--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შეძენა-შენახვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შეძენა-შენახვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შა--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

შა--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.

 

შა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

შა--------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით -საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩვრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი