განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210017002030802
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002030802

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6701-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ზ---- ლ--------------ე

წარმომადგენელი - გ------- გ----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა----- დ--------ა’’

წარმომადგენელი - თ------- ბ-–--ე

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ---- ლ--------------ის სარჩელი მოპასუხეების სს ,,ა----- დ--------ის", ა---------– კ------ის და ნოტარიუსი ნ---- უ----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით ზ---- ლ--------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2017 წლის 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ---- ლ--------------ემ მოპასუხეების: სს ,,ა----- დ--------ის", ა---------– კ------ის და ნოტარიუსი ნ---- უ----ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

 

2.2. 2018 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა ე-–---- ბ-----ემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ანალიზი ცხადყობს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ორ ძირითად წინაპირობას ეფუძნება, კერძოდ, პირველი პროცესის მხარის ინფორმირებულობა 70-78-ე მუხლების შესაბამისად და იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არ არსებობა, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ მხარეს მისი საპროცესო უფლებების სრულფასოვან განხორციელებაში. უპირველესყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელისათვის მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის სათანადო წესით შეტყობინებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უწყება მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2018 წლის 15 მარტს ჩაბარდა პირადად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 12 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ როდის არის დაუშვებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოსარჩელს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის არანაირი ინფორმაცია მისი გამოუცხადებლობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იყო თუ არა მის გამოუცხადებლობა გამოწყვეული კანონით დადგენილი საპატიო მიზეზით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ზ---- ლ--------------ის სარჩელი მოპასუხეების: სს ,,ა----- დ--------ის", ა---------– კ------ის და ნოტარიუს ნ---- უ----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებაზე, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს უთითებს. ნორმაში მითითებული საპატიო მიზეზი თავისთავად არ წარმოადგენს აბსტრაქტული შიანაარისის დათქმას, არამედ მისი სამართლებრივი წინაპირობები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომლიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რომლიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელ;ს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუნემტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლოს მითითებით აღნიშნული ნორმა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, თითქოს საპატიო მიზეზის ასეთი რეგლამენტირება ვრცელდება მხოლოდ შუამდგომლობების ან განცხადებების წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, არამედ აქ ცალსახად არის მითითებული, რომ საპატიო მიზეზის ასეთი განმარტება ემსახურება ამ კანონის მიზნებს და ბუნებრივია ვრცელდება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა ამგვარ შემთხვევაზე. ამდენად, ავადმოყოფობა, როგორც საპატიო მოვლენა ორ მნიშნელოვან კუმულაციურ პირობაზეა დაფუძნებული, კერძოდ, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მდგომარეობას და ავადმოყოფის ხარისხი, რომელიც აფერხებს მხარის გამოცხადებას სასამართლოში. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის სავალდებულო წესით ითვალისწინებს დოკუმენტის დადასტურებას დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

 

სასამართლოს განმარტებით ზ---- ლ--------------ე საპატიო მიზეზად უთითებს მის ავადმყოფობას და ამის დასადასტურებლად წარმოადგენილი აქვს სამედიცინო ბარათი #2--. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს იმ სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელიც ზემოთ მოყვანილი მუხლით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა, ცნობა არ შეიცავს დიაგნოზზე მითითებას, რომელიც ხელს შეუშლიდა მოსარჩელის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე. მისი შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზოგად სიმპტომებზე მითითებით (ტკივილი თავის და გულმკერდის არეში). ასევე, ცნობას ხელს აწერს მხოლოდ მკურნალი ექიმი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის თაობაზე და თუ იგი ავადმყოფობის მოტივით ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას, მას, მეტი დამაჯერებლობისათვის, უნდა გამოეჩინა გონივული წინდახედულობა და დოკუმენტის შედგენისას გაეთვალისწინებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყველა სავალდებულო მოთხოვნა. ამის სანცვლოდ, მისი მითითება შემოიფარგლა მხოლოდ ცნობის გაცემით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველ რიგში, წარმოდგენილი მტკიცებულება შედგენილია ფორმალური წინაპირობების დაუცველად, რადგან არ არსებობს სავალდებულო რეკვიზიტი, ამავდროულად მისი შინაარსი არ ადასტურებს მოსარჩელის იმგვარ მდგომარეობას, რომელიც დააბრკოლებდა მის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადაგენილად, რომ მის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აპელანტის მითითებით სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ იგი იმყოფებოდა ქ. ვ--–ი, სასამართლო სხდომა კი უნდა გამართულიყო ქ. თბილისში, მგავრობის გათვალისწინებით კი არსებობდა გულის შეტევის განმეორებს შესაძლებლობა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ზ---- ლ--------------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

 

აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 12 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით.

 

ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ბარათი #2--, რომელიც თავის მხრიც ხელმოწერილია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა #0---ის ექიმის მიერ არ ასახავს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის გამართვის დროს ზ---- ლ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მას საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. კერძოდ, დასახელებული დოკუმენტით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ზ---- ლ--------------ესთან 17:30 საათზე გამოცხადდა და 17:32 საათზე გავიდა, მართალია სამედიცინო დოკუმენტში მითითებულია, რომ პაციენტი უჩიოდა ტკივილს თავის და გულმკერდის არეში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტით არ ირკვევა, რომ პაციენტს აღნიშნული ჩივილები დღის პირველ ნახევარშიც ჰქონდა, ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 12.04.2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ---- ლ--------------ის სარჩელის განხილვის მიზნით სასამართლო სხდომა 11:00 საათზე იყო დანიშნული. უფრო მეტიც, აღნიშნული დოკუმენტი ზ---- ლ--------------ის მიერ დასახელებული ჩივილების (ტკვილი თავის და გულმკერდის არეში) გათვალისწინებით არ შეიცავს არანაირ რეკომენდაციას პაციენტის მიერ გადაადგილებისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტით 12.04.2018 წელს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ზ---- ლ--------------ის გამოუცხადებლობის საპატიოობა არ დასტურდება, რადგან ამ უკანასკნელის მიერ საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში არც პირდაპირ და არც ირიბად მითითებული არ არის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა, თუმცა მან ვერ შეძლო აღნიშნულის დამტკიცება სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი წინაპირობაა.

 

4.1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში იქნა დადგენილი, 2018 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოსარჩელე ზ---- ლ--------------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1.). ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება 2018 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებები.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- ლ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვები შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ვანო წიკლაური/