განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002405440
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/6701-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ქ------- გ--------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ს---------------’’, ნოტარიუსი ნ---- ხ-----–----
წარმომადგენელი - გ------- ძ-----
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ------- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე ქ------- გ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 19 აპრილს სარჩელით მიმართა ქ------- გ--------მ მოპასუხე შ-- ს---------------ს" და ნ---- ხ-----–----ს მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.
2.1. სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
შ-- ,,ს--------------სა" და ქ------- გ--------ს შორის 2013 წლის 10 ივლისს გაფორმდა #1------ სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მ------ ო------–----ს უძრავი ქონება, კერძოდ, 1778.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #0---------------------- მდებარე ქ--–---------–---------------------------------------------. იპოთეკის საგნის ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა 45000 აშშ დოლარს. ამასთან, შ-- ,,ს--------------მა" გამოიყენა რა საბაზრო ძალაუფლება სესხის ხელშეკრულებით ერთპიროვნულად განსაზღვრა შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმა და საურავი.
სესხის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მხარეებს შორის 2013 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 1.8 პუნქტში განსაზღვრული იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სესხის ხელშეკრულება სრულად უნდა დაფარულიყო 2021 წლის 04 ნოემბერს. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 30%, შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 აშშ დოლარი ყოველი ახალი ვადაგადაცილების წარმოშობისა და სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანებული თანხის 0.5%, აგრეთვე საურავი სესხის ძირითადი თანხის 12%.
მსესხებელს დავალიანება წარმოეშვა 2017 წლის 21 იანვრიდან, შესაბამისად სესხის ხელშეკრულების 6.3.1. პუნქტის მიხედვით, გამსესხებელს ჰქონდა უფლება სესხის ხელშეკრულება შეეწყვიტა ცალმხრივად.
2013 წლის 10 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების 7.1.3 პუნქტი ითვალისწინებდა დათქმას, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კრედიტორს უფლება ჰქონდა მიემართა ხელშეკრულების დამმოწმებელ ნოტარიუსთან სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
ქ------- გ-------ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე გადახდილია 45 476.88 აშშ დოლარი.
შ-- ,,ს--------------მა“ 2018 წლის 16 თებერვალს მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და 2018 წლის 16 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ქ------- გ--------ს სესხის #0----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 30700.52 აშშ დოლარის გადახდა. აქედან სესხის ძირითადი თანხაა 16145.54 აშშ დოლარი, სარგებელი 5347.08 აშშ დოლარი, ჯარიმა 7495.89 აშშ დოლარი, საურავი 1712.01 აშშ დოლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. სამოქალაქო საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 0- ივნისს 1---- საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2018 წლის 0- ივნისს ნ---- გ--------მ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ არის ქ------- გ-------ის შვილი. მისივე განმარტებით მოსარჩელე ქ------- გ-------- იყო შეუძლოდ, ითხოვდა სასამართლო სხდომის გადადებას და წარმოადგინა პაციენტის სამედიცინო ბარათი. 2018 წლის 0- ივნისის განჩინებით საქმის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 2- ივნისს 1---- საათზე N2- სხდომის დარბაზში, რის შესახებაც პროცესზე გამოუცხადებელ მხარეს ქ------- გ--------ს ეცნობა 2018 წლის 0- ივნისის სატელეფონო აქტით. 2018 წლის 26 ივნისს ნ---- გ--------მ ისევ მომართა სასამართლოს განცხადებით სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ და წარმოადგინა ცნობა, საიდანაც იკვეთებოდა, რომ ქ------- გ-------- კლინიკა ,,მ------–---ში" იმყოფებოდა 2018 წლის 26 ივნისს, უჩიოდა დიარეას და დაენიშნა მკურნალობა. მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და განმარტა, რომ მოსარჩელე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, აღნიშნული ცნობა მასში მითიღებული დიაგნოზით არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასამართლო სხდომის გადადებისათვის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, განცხდებას ერთვის გაურკვეველი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელსაც გაუგებარია ვინ აწერს ხელს (სავარაუდოდ მკურნალი ექიმი). ცნობაში მითითებულია, რომ ქ------- გ-------- კლინიკა ,,მ-----–---ში" იმყოფებოდა 2018 წლის 26 ივნისს, უჩიოდა დიარეას და დაენიშნა მკურნალობა. ბეჭედზე, რომელიც დარტყმულია ცნობაზე მითითებულია არა „მ-----–---“, არამედ ა---–-----, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გაუგებარია, ვისი გაცემულია მითითებული ცნობა და იგი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე მასში მითითებული დიაგნოზიც არ მიუთითებს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივარზე დართულ 14.0-.2018 წელს გაცემულ ცნობაზე, სადაც დიაგნოზად მითითებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათით. სასამართლომ მიიჩია, რომ აღნიშნული ცნობა ასევე არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, დიაგნოზი არ ქმნის იმ ვარაუდის საფუძველს, რომ 2018 წლის 2- ივნისს მოსარჩელე ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ცნობის საფუძველზე მოსარჩელე არ იმყოფებოდა სტაციონარში, ასევე არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი და/ან ამბულატორული მკურნალობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2018 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის წინა დღეს მოსარჩელის შვილმა ასევე წარადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც სასამართლომ გაითვალისწინა და საქმის განხილვა გადადო 2018 წლის 2- ივნისისთვის.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მას წაერთვა სასამართლო წესით უფლების დაცვის შესაძლებლობა. აპელანტის განმარტებით სასამართლომ დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა საქმეში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე - ქ------- გ--------, მოპასუხე - შ-- ,,ს---------------’’, ნ---- ხ-----–----, დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 0- ივნისს დაინიშნა (ტ.I, ს.ფ. 91-92)
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 0- ივნისის საოქმო განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 2- ივნისს 1---- საათზე გადაიდო (ტ.I, ს.ფ. 99-100). სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ (ტ.I, ს.ფ. 102-103);
- 2018 წლის 2- ივნისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე მხარე. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იშუამდგომლა.
მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 2- ივნისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ------- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.1.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 2- ივნისს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ქ------- გ-------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 2- ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის კუთხით პალატა ყურადღებას მიაქცევს 26.06.2018წ. და 14.0-.2018წ. ცნობებზე. 26.06.2018 წელს გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ ცნობის გაცემის დღეს ქ------- გ--------მ კლინიკა მ-----–---ს მიმართა საერთო სისუსტის და დიარეას ჩივილებით. 14.0-.2018 წლის ცნობაში მითითებულია, რომ 26.06.2018 წელს ქ------- გ--------მ კლინიკა მ-----–---ს მიმართა, რა დროსაც მას დაესვა დიაგნოზი - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათით. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არც ერთი ზემოთ დასახელებული დოკუმენტით 2-.06.2018 წელს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ქ------- გ-------ის გამოუცხადებლობის საპატიოობა არ დასტურდება, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებში არც პირდაპირ და არც ირიბად მითითებული არ არის სასამართლო სხდომაზე ქ------- გ-------ის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, გარდა ამისა, წარმოდგენილი ცნობები ხელმოწერილია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის, არამედ ოჯახის ექიმის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა, თუმცა მან ვერ შეძლო აღნიშნულის დამტკიცება სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით, აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი წინაპირობაა.
4.1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
როგორც მოცემულ შემთხვევაში იქნა დადგენილი, 2018 წლის 2- ივნისის სხდომაზე მოსარჩელე ქ------- გ-------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1.1.). ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება 2018 წლის 2- ივნისის სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ------- გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2- ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვები შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ვანო წიკლაური/