განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002395850
საქმე №1ბ/1340-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ-------------ის, მ-----–-------ს
ადვოკატის: ო-----------–--ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ვ-–------------------–--ის
(მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ-–------------------–--ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------–-------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–------------------–--ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ-–------------------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ, რეგისტრაციისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, შეიძინა და 2017 წლის 7 იანვრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „კოლტის“ .45(11,43მმ) კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, რევოლვერ „ნაგანის“ 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, სამ ერთეულ 1911 წლის ნიმუშის „კოლტის“.45(11,43მმ) კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას და ორ ერთეულ 1895 წლის ნიმუშის რევოლვერ „ნაგანის“ 7,62 მმ კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–------------------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ-–------------------–--ემ, უკანონო მფლობელობაში არსებული ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობები მიაყენა დ------–---- მარცხენა ბარძაყისა და ორივე წვივის არეში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ-–------------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ვ-–------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-–------------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო-----------–--ემ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ვ-–------------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-–----------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების – ზ---------------–---–ის, ა-–-----------ის, ექსპერტ გ-------------------ის, დეტექტივ-გამომძიებელ დ-----------------–---–ის ჩვენებების, ასევე, საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ა---------–---------–ის, გ----------------–--ის, ნ-----–--------–---ს, ქ--------------ის, ჟ-----------ს, გ--------–-–---–ის, ბ---------------ის, ნ--------–---ის, მ-----------------ის, ვ-–--------ის, ქ-------------–----ს გამოკითხვის ოქმების, დაზარალებულ დ------–---ის გამოკითხვის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ტანსაცმელის ამოღების ოქმის, სამედიცინო ისტორიის ამოღების ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–------------------–--ემ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ-–------------------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ-–------------------–--ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის არგუმენტაციად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამხილები ნამდვილად არ იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს კანონით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობას. კანონმდებლობით ცნობილია, რომ ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებაც კი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, რაც წინამდებარე საქმის განხილვისას არ არსებობდა, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარის მიერ მითითებულ ზემოხსენებულ მოსაზრებებს. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვნებს ვ-–------------------–--ის ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დამნაშავეობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების - ზ---------------–---–ისა და ა-–-----------ის ჩვენებებით დადგენილ და დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოწმე ზ---------------–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2018 წლის 6 იანვარს, მასთან სახლში მივიდა ვ-–------------------–--ე და უთხრა, რომ დ------–---თან, რომელთანაც ახალი წლის პერიოდში უთანხმოება მოუვიდა, სურდა შეხვედრა. მან (ზ---------------–---–მა) დაურეკა ა-–-----------ეს და მასთან მოსვლა სთხოვა. ა-–----ის შემდეგ მის (მოწმის) სახლში დ------–---იც მივიდა, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ყველას მიმართ, აყენებდა მათ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით ვ-–------------------–--ის მიმართ იყო აგრესიული და იწევდა მისკენ. ამ დროს ვ-–------------------–--ემ საქამრიდან ამოიღო იარაღი და ორჯერ გაისროლა დ-----ისკენ, ფეხების მიმართულებით. ვინაიდან დ-----მა კვლავ ყვირილითა და გინებით გაიწია ვ-–------------------–--ისკენ, ამ უკანასკნელმა ქამრიდან ამოიღო მეორე იარაღიც და გასროლა განახორციელა ფეხებისკენ. დ-----ი კოჭლობით შევარდა სააბაზანოში. სროლის შემდეგ ვ-–--------ი გავიდა ბინიდან, რომელსაც ისიც (ზ---------------–---–ი) უკან გაჰყვა, ხოლო ა-–-----------ეს მიაძახა, რომ 112-ში დაერეკა.
მოწმე ა-–-----------ემ სასამართლოში აჩვენა, რომ 2018 წლის 6 იანვარს, საღამოს თორმეტი საათისთვის დაურეკა ზ---------------–---–მა და სთხოვა მასთან სახლში მისვლა, სადაც დახვდა ვ-–------------------–--ე. მათ მშვიდად დაილაპარაკეს და შემდეგ მან დაურეკა დ------–---- და ისიც მათთან მივიდა. დ-----ი ძალიან აგრესიული იყო ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ვ-–------------------–--ის მიმართ. დ-----ი იწევდა ვ-–--------ისკენ, რის გამოც იგი (ა-–----ი) მათ შორის ჩადგა. ამ დროს ვ-–------------------–--ემ იარაღი ამოიღო ქამრიდან, წელის მხრიდან და დ-----ისკენ, ფეხების მიმართულებით ისროლა, შემდეგ მეორე იარაღი ამოიღო და ისროლა. სროლის შემდეგ დ----- აბაზანისკენ კოჭლობით გაიქცა, რის შემდეგ ვ-–--------ი გაიქცა, მას ზ------ი გამოედევნა, თან მას (მოწმეს) უთხრა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა. დ-----ი ძირს ეგდო სისხლში, გონება ჰქონდა დაკარგული და ჭრილობები ფეხებზე აღენიშნებოდა, მან (ა-–-----------ემ) დაჭრილი დ------–---ი გონზე მოიყვანა, ფეხებზე ქამრები გადაუჭირა, წამოაყენა და ლიფტის საშუალებით ჩაიყვანა პირველ სართულზე. გარეთ მათ ხალხი შემოეხვიათ, შემდეგ მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ყველა ზემოხსენებული მტკიცებულების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–------------------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ, რეგისტრაციისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიძინა და 2017 წლის 7 იანვრამდე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „კოლტის“ .45(11,43მმ) კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, რევოლვერ „ნაგანის“ 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე, სამ ერთეულ 1911 წლის ნიმუშის „კოლტის“.45(11,43მმ) კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას და ორ ერთეულ 1895 წლის ნიმუშის რევოლვერ „ნაგანის“ 7.62 მმ კალიბრისათვის განკუთვნილ ვაზნას.
სააპელაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ---–--–-----------–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვ-–------------------–--ემ, უკანონო მფლობელობაში არსებული ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, გამჭოლი ჭრილობები მიაყენა დ------–---- მარცხენა ბარძაყისა და ორივე წვივის არეში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სურდა ეს შედეგი. ვ-–------------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ხერხი და მიყენებული დაზიანებები ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, ამასთან, სურდა ამ შედეგის (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დადგომა.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი მძიმე შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის მიერ ჩადენილი, ჯანმრთელობის და საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შინაარსს, ხასიათს, მათ მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–------------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო-----------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–------------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ-–------------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ-–------------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
ვ-–------------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
მაკრატელი, ანაწმენდები, ორი ცალი ნამწვი, ქსოვილის ნაჭერი, მოწითალო ფერის ნაჭერი ლაქებით, ორი ცალი დანის მაგვარი საგანი, ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, ფარდა მოწითალო ლაქებით, ანაწმენდები დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, ოთხი ცალი სიგარეტის კოლოფი, ხელის კვლები, ექვს ცალ დაქტილოფირზე, ნერწყვის ნიმუში, ორი ცალი დეფორმირებული ლითონის ფრაგმენტი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - განადგურდეს;
სამი ცალი ტყვია, ერთი ცალი დეფორმირებული ტყვია (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - განადგურდეს;
სამი ცალი მასრა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად;
საათი, სათვალე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს;
ვ-–------------------–--ის პირადი ნივთები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
დ------–---ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე