განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
080210118001600316
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118001600316

საქმე №2/ბ-945-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტები (მოპასუხეები,მოწინააღმდეგე მხარეები) - ი/მ მ-----– ჭ--–--ე, დ------–--- ლ-----ე

წარმომადგენელი - მ---- დ---------ე

აპელანტი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ბ----------------“

წარმომადგენელი - გ---–---- კ-–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

1.1.აპელანტების -ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ის მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1.2. აპელანტ შპს ,,ბ----------------ს“ მოთხოვნა-გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ - პირგასამტეხლოს, ვალუტის კურსთა შორის სხვაობით მიღებული თანხისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე უარის თქმის ნაწილში

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2016 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ბ----------------მ“ სარჩელი აღძრა მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ის მიმართ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

1.1.სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 ივნისს მოსარჩელე შპს ,,ბ----------------ს“ა და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას უფლება მიეცა შეეძინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული პროდუქცია, მისი ღირებულების შემდგომი გადახდის პირობით.

 

1.1.2. 2014 წლის 17 ივნისს ერთის მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ მოპასუხე დ------–--- ლ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დ------–--- ლ-----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის მიერ დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22000 (ოცდაორი ათასი) ლარით.

 

1.1.3.ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს პერიოდულად აწვდიდა საქონელს ქ. ქუთაისში. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალე ვალდებული იყო ნასყიდობის ფასი გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან 25 კალენდარულ დღეში, რაც არ განუხორციელებია.

 

1.1.4. 2----–-–------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ი/მ მ-----– ჭ--–--ეს 08.11.2016 წლის მდგომარეობით ერიცხება პირგასამტეხლო 3165.07 (სამი ათას ასსამოცდახუთი ლარი და 07 თეთრი) ლარის ოდენობით.

 

1.1.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 6.3.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების ნაწილობრივ ან სრულად დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი 2 მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭებოდა უფლება მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისთვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა. პროდუქციის თოთოეული პარტიის შეძენის დღესა და მისი ღირებულის გადახდის დღეს დაანგარიშებულმა საკურსო სხვაობით მიღებულმა თანხამ შეადგინა 6640.42 (ექვსი ათას ექვსასორმოცი ლარი და 42 თეთრი) ლარი.

 

1.1.6. 2018 წლის 28 მარტს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ-----– ჭ--–--ესა და შპს ,,ბ----------------ს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2----–-–------------ს გენერალური ხელშეკრულების დადებამდე და რომ დავალიანება 2013 წლის 11 მაისის მხარეთა შორის არსებული შედარების აქტის შედგენის პერიოდიდან მომდინარეობდა, შესაბამისად, დაყენებულ იქნა შუამდგომლობა აღნიშნული შედარების აქტის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.(იხ. ტომი 1-ლი, 2018 წლის 28 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი 16:23:15; 16: 43:23; ს.ფ.127-130; 137;138.)

 

1.2. მოპასუხეთა პოზიცია

 

1.2.1. მოპასუხეებმა - მ-----– ჭ--–--ემ და დ------–--- ლ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

1.2.2. მოპასუხეთა განმარტებით, მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდა ხდებოდა სისტემატურად, 2014-2015 წლებში მოხდა 20937.86 (ოცი ათას ცხრაასოცდაჩვიდმეტი ლარი და 86 თეთრი) ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება, ხოლო 2014-2016 წლებში მოპასუხის მიერ გადახდილმა თანხებმა შეადგინა 31559.35 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასორმოცდაცხრამეტი ლარი და 35 თეთრი) ლარი, რაც საგრძნობლად აღემატება 2014 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ფასს. შესაბამისად, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად დაფარულია.

 

1.2.3. 2018 წლის 28 მარტს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ მ-----– ჭ--–--ესა და შპს ,,ბ----------------ს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2----–-–------------ს გენერალური ხელშეკრულების დადებამდე და რომ დავალიანება 2013 წლის 11 მაისის მხარეთა შორის არსებული შედარების აქტის შედგენის პერიოდიდან მომდინარეობდა,მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ შედარების აქტი და გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება ერთმანეთთან კავშირიში არმყოფისამართლებრივი დოკუმენტებია, შედარების აქტში მითითებული დავალიანება გასტუმრებულია, რადგან ასეთი რომ არსებულიყო, მას ასახვა უნდა ეპოვა 2----–-–------------ს ხელშეკრულებაში, რაც არ მომხდარა. ამდენად, არ შეიძლება ნასყიდობის გენერალურ ხელშეკრულებაზე გადახდილი თანხა მიჩნეულ იქნას შედარების აქტით შეუსრულებელი ვალდებულების(ასეთის არსებობის დაშვების შემთხვევაში) შესასრულებლად გადახდილ თანხად, ამასთან თუკი მოსარჩელეს 2013 წლის აქტით რაიმე დავალიანება ჰქონდა აუნაზღაურებელი სახით, ასეთი უნდა მოეთხოვა სამი წლის ვადაში, 2016 წლამდე, რაც არ განუხორციელებია. (იხ. 2018 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს ,,ბ----------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. მ-----– ჭ--–--ესა და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 577.40 (ათი ათას ხუთასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა,საიდანაც ძირი თანხაა - 10277.40 (ათი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარი, პირგასამტეხლო - 300 (სამასი) ლარი;

3. მ-----– ჭ--–--ესა და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 08 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის - 10 277.40(ათი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის 0.01%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.02 ლარს;

4. მ-----– ჭ--–--ესა და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 317.33 (სამასჩვიდმეტი ლარი და 33 თეთრი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა;

5. მ-----– ჭ--–--ესა და დ------–--- ლ-----ეს შპს „ბ----------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

6. მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს მოთხოვნა 6640.42 (ექვსი ათას ექვსასორმოცი ლარი და 42 თეთრი)ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

7. მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 318.67(სამასთვრამეტი ლარი და 67 თეთრი)ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

8. მოსარჩელე შპს ,,ბ----------------“-ს დაუბრუნდა მის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 636(ექვსასოცდათექვსმეტი ლარი დაოცდათქერვსმეტი) ლარიდან ნაწილი - 33.50 (ოცდაცამეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი, რომელიც ამოირიცხა შემდეგი ანგარიშებიდან: ბანკის კოდი TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TBCBGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.

9. უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წლის 11 მაისს ერთის მხრივ შპს „ბ----------------“სა და მეორე მხრივ ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით ი/მ „მ-----– ჭ--–--ის“ დავალიანება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენდა 20914 (ოცი ათას ცხრაასთოთხმეტი)ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 138).

 

2.2. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ----------------“-სა და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს მიეცა უფლება შეეძინა გამყიდველის პროდუქცია 22000(ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში. მოპასუხეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 19-22).

 

2.3. 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანებას გამყიდველის სასარგებლოდ დაერიცხებოდა საურავი ფაქტობრივად არსებული დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მოსარჩელის მხრიდან მისი დაანგარიშება მოხდა 0,01 % -ით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ. ს.ფ. 1-18)

- 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.19-22).

 

2.4. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ----------------“სა და დ------–--- ლ-----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა პირმა სოლიდარულად იკისრა ძირითადი მოვალის - ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ კრედიტორთან 2014 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 22000(ოცდაორი ათასი) ლარით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 7 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 23-24).

 

2.5. 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 6.3.3 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი 2 მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭა უფლება მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისთვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 19-22).

 

2.6. 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 31759.35 (ოცდათერთმეტი ათას შვიდასორმოცდაცხრამეტი ლარი და 35 თეთრი) ლარის გადახდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 192).

- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 74-111).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. შპს ,,ბ----------------ს“ მიმართ, 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ი/მ მ-----– ჭ--–--ეს ერიცხება დავალიანება - 13442.63(ცამეტი ათას ოთხასორმოცდაორი ლარი და 63 თეთრი)ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირია - 10 277.56 ლარი, პირგასამტეხლო - 3165.07 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 138).

2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 19-22).

- 2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 192).

- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 317-344).

- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 202-316).

 

2.8. 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის გაფორმებიდან 2014 წლის17 ივნისის ხელშეკრულების დადებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ემ მოახდინა 34135(ოცდათოთხმეტი ათას ასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა და ამავე პერიოდში გაიტანა 34 322.29(ოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაორი ლარი და 29 თეთრი) ლარის ღირებულების პროდუქცია, აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენდა (34 322.29 – 34 135=187.29; 187.29 + 20 914=21 101.29) 21 101.29 (ოცდაერთი ათას ასერთი ლარი და 29 თეთრი)ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 138).

- 2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 192).

- სალარო შემოსავლის ორდერები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 317-344).

- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 253-316).

 

2.9. 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 20935.46 ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მისი დავალიანება შპს „ბ----------------ს“ მიმართ საბოლოო ჯამში შეადგენდა (21101.29+20 935.46)=42036.75(ორმოცდაორი ათას ორასოცდათექვსმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 192).

- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 202-252).

 

2.10. ი/მ მ-----– ჭ--–--ემ 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მოახდინა 31759.35 (ოცდათერთმეტი ათას შვიდასორმოცდაცხრამეტი ლარი და 35 თეთრი) ლარის გადახდა, რაც გამოაკლდა იმ დროისათვის შპს „ბ----------------ში“ მის მიმართ არსებულ დავალიანებას - 42 036.75 (ორმოცდაორი ათას ოცდათექვსმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარს და საბოლოოდ ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენს 10277.40 (ათი ათას ორასსამოცადაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 31 მაისის განცხადება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 192).

- 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტი. (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ.138).

- სალარო შემოსავლის ორდერები (იხ.ტომი 1-ლი, ს.ფ. 317-344).

- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ტომი -ლი,ს.ფ. 253-316).

- სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 74 -111).

 

2.11.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3165.07 (სამი ათას სამოცდახუთი ლარი და 07 თეთრი) ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც იგი შეამცირა და განსაზღვრა 300(სამასი) ლარით.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 891- ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 361-ე, 417-418-ე , 389-ე, 393-ე მუხლებზე და განმარტა:

 

2.12. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მათ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

2.13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს ქონება, მაგრამ მყიდველის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული პროდუქციის ღირებულება სრულად, რის გამოც ი/მ მ-----– ჭ--–--ის ძირითადი დავალიანება შპს ,,ბ----------------ს“ მიმართ შეადგენს 10 277.40 (ათი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარს.

 

2.14. განსახილველ შემთხვევაში, ი/მ მ-----– ჭ--–--ესთან ერთად დ------–--- ლ-----ის სოლიდარული ვალდებულება შპს ,,ბი-ემ-სი-გ-------ს“ მიმართ წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე. თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 22000 (ოცდაორი ათასი) ლარით.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნია სხვადასხვა საფუძვლიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მითითებული ნორმა შესრულების არჩევანის პრიორიტეტს ანიჭებს მოვალეს. ასეთი მიდგომა ემყარება იმ გარემოებას, რომ მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება დაზღვეული დამატებითი ხარჯებისაგან. ამ პრიორიტეტის საიდუმლო იმ დებულებაშია, რომელიც იუწყება, რომ საეჭვო გარემოებებისას უპირატესობა ენიჭება სამართლებრივი ტვირთის მატარებელ მხარეს. ამიტომაცაა, რომ მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი ტვირთი მოიხსნას. შეიძლება ეს არ შედიოდეს კრედიტორის ინტერესებში, მაგრამ მისი მოთხოვნის უფლება შეუძლებელია წინ დავაყენოთ მოვალის არჩევანის უფლებაზე სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გამო.

 

2.16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 11 მაისს ერთის მხრივ შპს „ბ----------------ს“ და მეორე მხრივ ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით ი/მ მ-----– ჭ--–--ის დავალიანება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენდა 20 914 (ოცი ათას ცხრაათოთხმეტი) ლარს. 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის გაფორმებიდან 2----–-–------------ს ხელშეკრულების დადებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ემ მოახდინა 34 135 (ოცდათოთხმეტი ათას ასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა და ამავე პერიოდში გაიტანა 34 322.29(ოცდათოთხმეტი ათას სამასოცდაორი ლარი და 29 თეთრი) ლარის ღირებულების პროდუქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენდა 21 101.29 (ოცდაერთი ათას ასერთი ლარი და 29 თეთრი) ლარს. 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ მოხდა 20 935.46 (ოცი ათას ცხრაასოცდათხუთმეტი ლარი და 46 თეთრი) ლარის ღირებულების პროდუქციის გატანა. აღნიშნულიდან გამომდინარე მისი დავალიანება შპს „ბ----------------ს“ მიმართ საბოლოო ჯანში შეადგენდა 42 036.75 (ორმოცდაორი ათას ოცდათქევსმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარს. ი/მ მ-----– ჭ--–--ემ 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მოახდინა 31759.35(ოცდათერთმეტი ათას შვიდასორმოცდაცხრამეტი ლარი და 35 თეთრი) ლარის გადახდა, რაც გამოაკლდა იმ დროისათვის შპს „ბ----------------ში“ მის მიმართ არსებულ დავალიანებას - 42036.75(ორმოცდაორი ათას ოცდათქევსმეტი ლარი და 75 თეთრი) ლარს და საბოლოოდ ი/მ მ-----– ჭ--–--ის ვალდებულება შპს „ბი ემ სი გ-------ს“ მიმართ შეადგენს 10277.40(ათი ათას ორასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარს.

 

2.17. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის, სასაქონლო ზედნადებებისა და სალაროს შემოსავლის ორდერებით დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შპს „ბ----------------ს“ მიმართ უფიქსირდებოდა დავალიანება 21 101.29 (ოცდაერთი ათას ასერთი ლარი და 29 თეთრი) ლარის ოდენობით. მართალია. ი/მ მ-----– ჭ--–--ე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ახორციელებდა გადახდებს და 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე მის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 31759.35 (ოცდათერთმეტი ათას შვიდასორმოცდაცხრამეტი ლარი და 35 თეთრი) ლარი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე არ უთითებდა შპს „ბ----------------ს“ წინაშე არსებული რომელი ვალდებულების დაფარვას ახდენდა გადახდილი თანხებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაიფარა ვადამოსული დავალიანება.

 

2.18. მოსარჩელე ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ისაგან ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების გარდა ითხოვდა 6640.42 (ექვსი ათას ექვსასორმოცი ლარი და 42 თეთრი) ლარის გადახდას. აღნიშნული თანხა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით წარმოადგენს ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების შედეგად კურსთა შორის სხვაობის გაანგარიშებას.

 

2.19. ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელე მხარეს სამართლებრივი საფუძველი არ მიუთითებია. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი.

 

2.19.1. სასამართლომ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. დენომინაცია განიცადა საბჭოთა მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთით; ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა, როცა, რუბლი შეიცვალა კუპონით, კუპონი-ლარით. ჰიპერინფლაცია კი ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომლიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.

 

2.19.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ქართულ ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება.

 

2.19.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს ,,ბ----------------ს“ მოთხოვნა კურსის ცვლილების გაანგარიშების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული იყოს მისი რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს – ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში იზრდება.

 

3.1 მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1მიხელ ჭ--–--ის განმარტებით,მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც 2013 წელს გენერალურ ხელშეკრულებამდე გაფორმდა შპს ,,ბ----------------ს“ და მას შორის და ამ აქტის შესრულებად სასამართლომ ჩათვალა 2014-2015 წლებში მის მიერ გადახდილი თანხები, რაც არასწორია.

 

3.1.2.მცდარია სასამართლოს მსჯელობა და გაანგარიშება, რაც მითითებულია გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტში. დასაბუთებული არ არის რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ, რომ მ-----– ჭ--–--ემ 2013 წლის 11 მაისის შედარების აქტის გაფორმებიდან 2----–-–------------ს ხელშეკრულების დადებამდე გაიტანა 34 322 ლარის პროდუქცია.

 

3.1.4. 2013 წელს შედგა მხარეთა შორის შედარების აქტი და დადგინდა დავალიანება, ხოლო 2013 წლის 11 მაისიდან 2014 წლის 17 ივნისამდე შუალედში რომელ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ივარაუდა სასამართლომ დავალიანების არსებობა დაუსაბუთებელია. სინამდვილეში სასაქონლო ზედნადებებით დადგენილია, რომ მ-----– ჭ--–--ეს 2014-2015 წლის იანვარში მიეწოდა 20937 ლარის პროდუქცია, რისი საფასურიც 20554 ლარი გადახდილი აქვს. ეს არის გენერალური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოწოდებული და გადახდილი თანხა, უფრო მეტიც, მას გაცილებით მეტი აქვს გადახდილი, ვიდრე დავალიანება იყო.

 

3.1.5. შედარების აქტი და გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება სხვადასხვა ხელშეკრულებებია და არ შეიძლება ნასყიდობის გენერალურ ხელშეკრულებაზე გადახდილი თანხა ჩათვლილ იქნას შედარების აქტით შეუსრულებელი ვალდებულების(ასეთის არსებობის დაშვების შემთხვევაში) შესასრულებლად გადახდილ თანხად, პირველად შესასრულებელ ვალდებულებად, რადგან აღნიშნული სულ სხვა სამართლებრივი ურთიერთობაა და არა პირველად დასაფარი ვალდებულება.

 

3.1.6.ზემოაღნიშნულთან ერთად მოსარჩელეს 2013 წლის აქტით თუ რაიმე დავალიანება ჰქონდა,ასეთი უნდა მოეთხოვა სამი წლის ვადაში, 2016 წლამდე.

 

3.1.7.გარდა აღნიშნულისა, თავდებს შედარების აქტში მითითებულ ვალდებულებასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა და შესაბამისად სასამართლოს შედარების აქტით შეუსრულებელი ვალდებულების(ასეთის არსებობის დაშვების შემთხვევაში)შესრულების მიზნით, თუნდაც ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე შეეტანა სარჩელი, ასეთი სოლიდარულად გადასახდელად არ უნდა დაეკისრებინა თავდებისათვის. საქმის ფაქტობრივი გარემოებით კი დადგენილია, რომ მ-----– ჭ--–--ეს-ძირითად მოვალეს,სრულად აქვს დაფარული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.ამდენად, არ არსებობდა დ------–--- ლ-----ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1.8. აპელანტების განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით რეგულირდება ის ურთიერთობა, როდესაც სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შესრულების ვადა ერთდროულად დადგა. ნასყიდობის გენერალურ ხელშეკრულებაში შესრულების ვადა არის ყოველი თვის 25 რიცხვი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტზე ასეთი მითითებული არ არის, მეტიც ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების გაფორმების დროს მას რაიმე ვალდებულება დანარჩენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა 895-ე მუხლი, რადგანაც თავდებს რომელ ხელშეკრულებაზეც ხელი აქვს მოწერილი იმ პერიოდში უკვე ვალდებულება შესრულებულია.

 

3.2.შპს ,,ბ----------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.2.1. სასამართლომ შეუსაბამოდ დიდი ოდენობით შეამცირა მათ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო. შპს ,,ბ----------------“-მ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურა და მიმართა სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით, რაც თანხის ძირითადი მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა. 2----–-–------------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრული იყო არსებული დავალიანების 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს ,,ბ----------------მ“ მოითხოვა 0.01%, რაც სარჩელის შეტანის დღისათვის შეადგენდა 3165.07 ლარს. სასამართლომ მათ მიერ მათი კეთილი ნებით შემცირებული პირგასამტეხლო კიდევ 11-ჯერ შეამცირა, რაც პირგასამტეხლოს უკარგავს მის სამართლევრივ სახეს და ფუნქციას.

 

3.2.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა 389-ე მუხლი და უკანონოდ უთხრა უარი შპს ,,ბ----------------“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 6640.42 ლარის ნაწილში.

 

3.2.2.1. შპს ,,ბ----------------“-სა და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის 2014 წლის 17 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი საქონლის ღირებულებას დაფარავდა საქონლის წაღებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 6.3.3 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების ნაწილობრივ ან სრულად დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი 2 მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭოდა უფლება მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება მოეხდინა გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისათვის დაემატებინა კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა, რომლის დაანგარიშების ცხრილი წარმოდგენილია საქმეში.

 

3.2.2.2 სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, ვინაიდან ეს უკანასკნელი ეხება ისეთ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფოში ვალუტის შეცვლით ან ჰიპერინფლაციით. შპს ,,ბ----------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა კი ეფუძნება კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების შედეგად მიღწეულ შეთანხებას. გამყიდველმა მყიდველს საქონლის ფასის გადასახდელად მისცა საშეღავათო პერიოდი 25 კალენდარული, ხოლო მყიდველი დაეთანხმა პირობას, აშშ დოლარის კურისის 2 მეასედით გაზრდის შემთხვევაში ის გადაიხდიდა საქონლის ღირებულებას გაზრდილი კურსის შესაბამისად.

 

3.2.3.სასამართლოს მიერ ასევე შეუსაბამოდ შემცირებულია მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი იურიდიული მომსახურების თანხა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება

 

სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1-2.11 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:

 

4.1.1. უპირველესად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არა სასამართლო მთავარ სხდომაზე, როგორც ამას აპელანტი მ-----– ჭ--–--ე მიუთითებს, არამედ 2018 წლის 28 მარტს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ-----– ჭ--–--ესა და შპს ,,ბ----------------ს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2----–-–------------ს გენერალური ხელშეკრულების დადებამდე და რომ მოპასუხე ი.მ მ-----– ჭ--–--ის დავალიანება 2013 წლის 11 მაისის მხარეთა შორის არსებული შედარების აქტის შედგენის პერიოდიდან მომდინარეობდა, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი, მტკიცებულება, რაც სასამართლოს საოქმო განჩინებით დაერთო მოცემულ საქმეს.(იხ. ტომი 1-ლი, 2018 წლის 28 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი 16:23:15; 16: 43:23; ს.ფ.127-130; 137;138.)

 

4.1.2. საქმეში არსებული 18.06.2014-31.10.2016 წლების სალაროს შემოსავლების ორდერებით ირკვევა, რომ ი/მ მ-----– ჭ--–--ე შპს ,,ბ----------------ს“ უხდიდა თანხებს, რომელტა უმრავლესობაში გადახდის დანიშნულება მითითებული არ არის, ზოგ შემთხვევაში კი სალაროს შემოსავლის ორდერებზე თანხის გადახდის საფუძვლად მითითებულია ,,ვალის დაფარვა“. ამდენად, აღნიშნული ორდერებიდან არ იკვეთება გადახდილი თანხებით თუ რომელი ვალის დაფარვას ახდენდა მ-----– ჭ--–--ე.

(იხ. სალაროს შემოსავლის ორდერები, ტომი 1-ლი, ს.ფ. 74-111).

 

4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018წლის 15 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის №0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია შემდეგი:

,,3.1. საქმეში არსებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები) თანახმად, კონსიგნაციის წესით მოსარჩელე შპს ,,ბ----------------საგან“ მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს 2013 წლის 11 მაისიდან (2016 წლის 17 ოქტომბრამდე) შეძენილი აქვს სულ 55257.96 ლარის ღირებულების პროდუქცია და მის მიერ სულ გადახდილია 65694.35 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ პერიოდში შეძენილი პროდუქციის საერთო ღირებულებასა და საერთო გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 10 436.4 ლარით მეტს, ე.ი. მოცემულ პერიოდში დავალიანება არ არის;

3.2. საქმეში არსებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები) თანახმად, კონსიგნაციის წესით მოსარჩელე შპს ,,ბ----------------საგან“ მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 17 ივნისამდე შეძენილი აქვს სულ 15047.09 ლარის ღირებულების პროდუქცია და მითითებულ პერიოდში გადახდილია სულ 11269 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ პერიოდში შეძენილი პროდუქციის საერთო ღირებულებასა და საერთო გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 3778.09 ლარით ნაკლებს, ანუ მოცემულ პერიოდში დავალიანების ნაშთია 3778.09 ლარი;

3.3. საქმეში არსებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები) თანახმად, კონსიგნაციის წესით მოსარჩელე შპს ,,ბ----------------საგან“ მოპასუხე ი/მ მ-----– ჭ--–--ეს 2----–-–------------დან 2016 წლის 10 ნოემბრამდე (სარჩელის წარდგენის დღეს - 25 დღე) შეძენილი აქვს სულ 20935.46 ლარის ღირებულების პროდუქცია და მითითებულ პერიოდში გადახდილია სულ 31559.35 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ პერიოდში შეძენილ პროდუქციის საერთო ღირებულებასა და საერთო გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს (31559.35-20935.46) 10623.89 ლარით მეტს (ე.ი. მოცემულ პერიოდში მეტია გადახდილი 10623.89 ლარი, 2014 წლის 17 ივნისს არსებული ნაშთის -21 101.45 ლარის გათვალისწინების გარეშე, ხოლო 2014 წლის 17 ივნისასათვის არსებული დავალიანების ნაშთის - 21101.45 ლარის გათვალსიწინების შემთხვევაში საბოლოო დავალიანების ძირი თანხის ნაშთი 2016 წლის 10 ნოემბრისათვის არის 10623.89-21101.45= -10 477.56 ლარი);

4. ექსპერტიზით შედგენილი იქნა ცხრილი, მხარეთა შორის 2----–-–------------ს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 16 ოქტომბრამდე (სარჩელის წარდგენის დღეს - 25 დღე) ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ შპს ,,ბ----------------საგან“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კონსიგნაციის წესით შეძენილი პროდუქციის ღირებულების, ასეთის შეძენისა და გადახდის თარიღის მითითებით იხილეთ დანართი №4. ვადაგადაცილებულ დღეებზე (25 დღიანი პერიოდის გათვალისწინებით) 0,1% დარიცხული საურავი შეადგენს 0.57 ლარს, ხოლო 0,01% - 0.06 ლარს;

4.1. 2----–-–------------დან 2014 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდის ოპერაციები ჩართულია დანართ №4-ში და ამ პერიოდზე დანართში ცალკეა გამოყოფილი ჯამური მონაცემები 2014 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით. კერძოდ, მოცემულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციაა 10856.38 ლარის და გადახდილი თანხაა 10395.30 ლარი. დავალიანება 2014 წლის 16 ოქტომბრისათვის არის - 461.11 ლარი. მოცემულ პერიოდში ვადაგადაცილებულ დღეებზე (25 დღიანი პერიოდის გათვალისწინებით) 0,01% დარიცხული საურავი შეადგენს 0.06 ლარს.

(ი. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი მე-2, ს.ფ. 156-171).

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.2.1 განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან, რომლის ფარგლებშიც შესაფასებელია შპს ,,ბ----------------ს“ აქვს თუ რა 2----–-–------------ს გენერალური ნასყიდობისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის მოთხოვნის უფლება.

 

4.2.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

4.2.3. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მათ შორის დაიდო გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მყიდველი სადავოდ არ ხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღების გარემოებას.

 

4.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

4.2.5.ამდენად, გამყიდველმა შეასრულა რა მისი ვალდებულება, წარმოეშვა თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება. საპასუხო შესრულებაზე მოპასუხე მ-----– ჭ--–--ე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ მას გამყიდველისათვის 2----–-–------------ს გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე თანხები სრულად აქვს გადახდილი.

 

4.2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.

 

4.2.7. საქმეში არსებული შედარების აქტის საფუძევლზე, რომელიც თავისი შინაარსით სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით ი/მ „მ-----– ჭ--–--ის“ დავალიანება შპს „ბ----------------ს“ მიმართ შეადგენდა 20 914 (ოცი ათას ცხრაასთოთხმეტი) ლარს.

 

4.2.8. 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ----------------“-სა და ი/მ მ-----– ჭ--–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს მიეცა უფლება შეეძინა გამყიდველის პროდუქცია 22000 (ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში. მოპასუხეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სოლიდარული თავდებობით.

 

4.2.9. საქმეში არსებული 18.06.2014წ.-31.10.2016წ. სალაროს შემოსავლების ორდერებით ირკვევა, რომ ი/მ მ-----– ჭ--–--ე შპს ,,ბ----------------ს“ უხდიდა თანხებს. ზოგ შემთხვევაში, სალაროს შემოსავლის ორდერებზე თანხის გადახდის საფუძვლად მითითებულია ,,ვალის დაფარვა“, თუმცა აღნიშნული ორდერებიდან არ იკვეთება გადახდილი თანხებით თუ რომელი ვალის დაფარვას ახდენდა ი/მ მ-----– ჭ--–--ე.

 

4.2.10. ზემოხსენებული გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ ჩარიცხული თანხებიდან პირველ რიგში დაიფარა 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით შპს „ბ----------------ს“ მიმართ არსებული დავალიანება 20914 ლარის ოდენობით, ხოლო მის ზემოთ ჩარიცხული თანხებით უკვე დაიფარა 2----–-–------------ს გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება.

 

4.2.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები) საფუძველზე, საბოლოო დავალიანების ძირი თანხის ნაშთი 2016 წლის 10 ნოემბრისათვის არის 10477.56 ლარი, რაც წარმოადგენს კიდეც სასარჩელო მოთხოვნას. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალიანება გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული გენერალური ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, რაც ცხადია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ექვემდებარება შესრულებას.

 

4.2.12. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ივნისს შპს ,,ბ----------------ს“ და დ------–--- ლ-----ეს შორის წერილობით დაიდო თავდებობის ხელშეკრულება და აღნიშნულმა პირმა სოლიდარულად იკისრა ძირითადი მოვალის - ი/მ მ-----– ჭ--–--ის მიერ კრედიტორთან 2014 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 22000 ლარით.

 

4.2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

4.2.14. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია რა, რომ მ-----– ჭ--–--ემ ჯეროვნად არ შეასრულა 2----–-–------------ს გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის შედეგადაც შპს ,,ბ----------------სათვის“ გადასახდელი დარჩა 10 477.56 (ათი ათას ოთხასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და 56 თეთრი) ლარი. ამასთან, დადგენილია, რომ დ------–--- ლ-----ემ აღნიშნულ ვალდებულებაზე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიიჩნევს, რომ 3165.07(სამი ათასას სამოცდახუთი ლარი და 07 თეთრი) ლარის ოდენობით მოთხოვნილი პირგასატეხლო არაგონივრული და არასამართლიანია, რის გამოც ასეთი სწორად იქნა შემცირებული სასამართლოს მიერ.

 

4.2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულადი ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ამ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ამდენად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს). სასამართლო პრაქტიკამ აღნიშნული შედეგების მოწესრიგება იმ სამართლებრივ შედეგს დაუკავშირა, რაც ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან მომდინარეობს, კერძოდ, ანგარიშსწორების განხორციელება ფულის მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით ანუ იმ კურსით, რომელსაც ვალდებულების წარმოშობის დროს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე განხილული უნდა იქნეს სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს არც სახელმწიფო ფულის ნომინალის ცვლას და არც ჰიპერინფლაციას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

4.2.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

პალატას მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურებისათვის დაკისრებული ხარჯი 400(ოთხასი) ლარის ოდენობით გონივრულია და არ არსებობს ამ ნაწილშიც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

4.2.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2.19. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ბ----------------ს“ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ბ----------------ს“, მ-----– ჭ--–--ის და დ------–--- ლ-----ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, შპს ,,ბ----------------ს“, მ-----– ჭ--–--ის და დ------–--- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, არ არსებობს საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის მხარეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მათ შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა:

 

1. ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,ბ----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

4. აპელანტ შპს ,,ბ----------------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5.აპელანტების - ი/მ მ-----– ჭ--–--ისა და დ------–--- ლ-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა