განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6938-17 29 ნოემბერი, 2018 წელ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – სს „თ----------ი“
წარმომადგენლები – თ-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ------------–--ე
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
პელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
დ------------–--ისათვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ:
1.1. 2014 წლის 22 დეკემბერის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1013,33 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 527,8 ლარი და ჯარიმა - 485,53 ლარი;
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 03 დეკემბერიდან) 2014 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 527,8 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,63 ლარს) დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 500,00 ლარის ოდენობით;
1.3. 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 33 553,73 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 24 360,35 ლარი, პროცენტი - 3 193,16 ლარი, ჯარიმა - 2 000,00 ლარი და დაზღვევა - 164,71 ლარი;
1.4. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 03 დეკემბერიდან) 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 24 360,35 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში წლიური 13,95% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 283,18 ლარს;
1.5. 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 029,77 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 2 998,07 ლარი, პროცენტი - 634,09 ლარი და ჯარიმა - 397,61 ლარი;
1.6. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 03 დეკემბერიდან) 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2 998,07 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში დასარიცხი წლიური 36% სარგებლის დაკისრება, რაც ყოველთვიურად შეადგენს 89,94 ლარს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2.1. დაეკისრა მოპასუხე დ------------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 22 დეკემბერის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 576,35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 527,8 ლარი და ჯარიმა - 48,55 ლარი;
2.2. დაეკისრა მოპასუხე დ------------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 03 დეკემბერიდან) 2014 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 527,8 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 50,00 ლარის ოდენობით;
2.3. დაეკისრა მოპასუხე დ------------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 27 918,22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 24 360,35 ლარი, პროცენტი - 3 193,16 ლარი, ჯარიმა - 200,00 ლარი და დაზღვევა - 164,71 ლარი;
2.4. დაეკისრა მოპასუხე დ------------–--ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3671,92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 998,07 ლარი, პროცენტი - 634,09 ლარი და ჯარიმა - 39,76 ლარი;
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „თ----------მა“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა პირგასამტეხლოს შემცირებასა და მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.
სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს რაოდენობა შესაბამისობაშია სესხის ძირ თანხასთან და სასამართლოს მიერ მისი 10-ჯერ შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირაგასმტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობები სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს გადახდევინების ძირითადი მიზნის მიღწევას, რაც კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების ფუნქციაში მდგომარეობს.
4.2. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. სს „თ----------სა“ და დ------------–--ეს შორის 2014 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 631,34 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 370 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 54,38 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.2. სს „თ----------სა“ და დ------------–--ეს შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 25 600,00 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,95%-ით, ვადა - 2019 წლის 25 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
9.3. სს „თ----------სა“ და დ------------–--ეს შორის 2014 წლის 14 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 3 000,00 საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 13 რიცხვი.
9.4. დ------------–--ეს სს „თ----------ის“ მიმართ 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით 2014 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1013,33 ლარის ოდენობით, სადაც ძირი თანხაა 527,8 ლარი და ჯარიმა - 485,53 ლარი.
9.5. დ------------–--ეს სს „თ----------ის“ მიმართ 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 33 553,73 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 24 360,35 ლარი, პროცენტი - 3 193,16 ლარი, ჯარიმა - 5 835,51 ლარი და დაზღვევა - 164,71 ლარი.
9.6 დ------------–--ეს სს „თ----------ის“ მიმართ 2015 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4 029,77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2 998,07 ლარი, პროცენტი - 634,09 ლარი და ჯარიმა - 397,61 ლარი.
10. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
11.1 სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი.
ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (სუსგ #ას-932-882-2015, 15.03.2016წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.). სსკ-ის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385 -1307 -2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.)
სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტი) შემცირება წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასებას დაექვემდებარა ფიზიკურ პირთან, როგორც ხელშეკრულების სუსტ მხარესთან შეთანხმებული სარგებელი და იმავდროულად, მისი შემცირების საპირწონედ მხედვეობაში იქნა მიღებული საკრედიტო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული სარგებელის განაკვეთი. (იხ: სუსგ საქმე #ას-894-834-2017 და სუსგ საქმე#ას-663-629-2015)
11.2 მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და დ------------–--ეს შორის 2014 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,95%-ით.
დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და დ------------–--ეს შორის 2014 წლის 14 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 3 000,00 ლარის საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა მინიმალურ სარგებელს - წლიურ 13.95%-ს. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 16 ოქტომბრის ხელშკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის (24 360.35 ლარის) წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 3 დეკემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე, ყოველთვიურად 283.18 ლარი, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება კრედიტის ძირითადი თანხის (2998.07 ლარის) წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 3 დეკემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე, ყოველთვიურად 34.85 ლარი, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
12. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა არაჯეროვანი შესრულებისათვის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მიიჩნია, რომ დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განსაზღვრა 0,05 %-ით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ კრედიტორის ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 3816.36 ლარის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 267.14 ლარის ოდენობით (3816.36 ლარის 7% ).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
3. 2014 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ------------–--ეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 24 360.35 ლარის წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 03 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 283,18 ლარს;
4. 2014 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ------------–--ეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2998.07 ლარის წლიური 13.95%-ის ოდენობით, 2015 წლის 03 დეკემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 34.85 ლარს;
5. სს „თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. დ------------–--ეს დაეკისროს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 267.14 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე