განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210017001895056
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001895056

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2143-18 07 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - დ----- ე------ე

 

წარმომადგენელი - მ--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ-------- ჭ----------ე

 

წარმომადგენელი - მ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. დ-------- ჭ----------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე დ----- ე------ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 23 000 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- ე------ეს მოსარჩელე დ-------- ჭ----------ის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 23 000 ლარის, ხოლო, გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 690 ლარის, ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით დ----- ე------ემ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ-------- ჭ----------ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისში, ბ-------–----- N---------ში მდებარე ბინა N29, ფართით 96,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------, ირიცხება (ს.ფ. 13-14).

 

6. დ-------- ჭ----------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხე დ----- ე------ე ფლობს, რაც სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფით და უკანონო მფლობელობით გამოიხატა (ს.ფ. 54-55).

 

7. საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ აუდიტის დასკვნის თანახმად, ქირის ოდენობა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაზე თვეში 400 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა (ს.ფ. 17).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების მისადაგებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, კერძოდ, იგი 23 თვის განმავლობაში, 2015 წლის 07 აპრილიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით, მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა (ს.ფ.1-14). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად ასახელებდა გარემოებას მასზედ, რომ სადავო პერიოდში და ფაქტობრივად დავის განხილვის დროსაც, მოპასუხე უკანონოდ ფლობდა მის საკუთრებას, რის გამოც მესაკუთრე ვერ აქირავებდა თავის ქონებას და, შესაბამისად, ვერ ქონების განკარგვის შედეგად შემოსავალს ღებულობდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს უდავოდ აქვს დადგენილი და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავო პერიოდში ნამდვილად ფლობდა დ-------- ჭ----------ის კუთვნილ უძრავ ქონებას. საქმის მასალებში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით დგინდება, რომ დ-------- ჭ----------ე სადავო ქონებას 2015 წლის 03 აპრილიდან ფლობს, რეესტრის ჩანაწერი კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია გაქარწყლებული არ არის.

 

ამასთანავე, საქმის მასალებში არსებობს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება N-------, რომლის თანახმად, თბილისის მ---------------------–--------------------–----------------–-------- განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი მოპასუხე დ----- ე------ეს აფრთხილებს დ-------- ჭ----------ის უძრავი ქონების უკანონოდ ფლობის, მისი ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია შეფასდეს ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები განხორციელებულია თუ არა.

 

ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ - გამდიდრების გათანაბრების შემთხვევას, რა დროსაც გასათვალისწინებელია, რომ მოხმობილი ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტს განეკუთვნება, აღნიშნული კი მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება საქმეზე Nას-838-796-2013, ასევე, ამავე სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-881-843-2014).

 

9. პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მართალია საკუთრების უფლება ცალსახად აბსოლუტური უფლება არაა, თუმცა იგი ამ რანგის უფლებათა რიგს განეკუთვნება, რადგან კანონით ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის წინაპირობები, როდესაც საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, კერძოდ, მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქმეში სკორიტსი უნგრეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ ფაქტებს: მომჩივანს ჰქონდა პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, მოიპოვა თუ არა მან ფაქტობრივი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე, როგორც ამას შიდა კანონმდებლობა მოითხოვდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან მან ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი წინაპირობების დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასებისას ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რადგან „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით, რომლის თაობაზეც ზემოთ უკვე აღინიშნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-472-448-2013).

 

10. რაც შეეხება, აპელანტისთვის დაკისრებული ფულადი კომპენსაციის ოდენობას, პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში, მოსარჩელის მიერ, წარმოდგენილია 2015 წლის 16 ოქტომბრის საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ აუდიტორული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ სადავო ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად, საიჯარო ქირის ყოველთვიური ღირებულება 400 აშშ დოლარს შეადგენს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შედავებას დაკისრებულ ფულად ოდენობასთან მიმართებით, ვინაიდან საქმის მასალებში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც ქირის ოდენობის სხვაგვარი გაანგარიშება იქნებოდა დადგენილი, სასამართლო კი, როგორც აღინიშნა, შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის ფარგლებში, შებოჭილია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მასზედ, რომ მხოლოდ დასკვნა ქირავნობის თანხის ოდენობის შესახებ ვერ დაედებოდა საფუძვლად მოპასუხეებისათვის საკომპენსაციო თანხის, როგორც მოსარჩელის მიერ დაკარგული (მიუღებელი) შემოსავლის დაკისრებას, ვინაიდან სსკ-ის 411-ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. ზემოთ - 6.8 ქვეპუნქტში) გამოყენების მიზნებისათვის, აუცილებელი იყო მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება, რამაც მოსარჩელის მიერ მითითებული შემოსავლის დაკარგვა განაპირობა და რაც მთავარია, აღნიშნული შემოსავლის მიღების ობიექტური შესაძლებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ას-685-639-2017).

 

გარდა ამისა, პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს ფულადი კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხის (აპელანტის) მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, ვინაიდან აღნიშნული სამოქალაქო წესით ფულადი ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავი საფუძველი არ შეიძლება გახდეს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ჩანაწერი 2015 წლის შემდგომ, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ ყოფილა და აპელანტი არ უარყოფს სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს, რომელიც მოსარჩელის სახელზეა აღრიცხული.

 

11. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ იგი სადავო ქონებით მართლზომიერი საფუძვლით სარგებლობდა რაც მისთვის კონდიქციური წესით ფულადი თანხის დაკისრებას გამორიცხავდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფულად ოდენობასთან მიმართებით მას საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების განსხვავებული ოდენობის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება უნდა წარედგინა რაც არ განხორციელებულა. რაც შეეხება, მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) მას სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და მოპასუხე მხარის მიერ მისთვის კერძო საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა უნდა დაედასტურებინა, რაც თავის მხრივ მისთვის ფულადი კომპენსაციის დაკისრების საფუძველი იქნებოდა. საქმის მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაპყრობს გარემოებას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან ერთად მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩნებებსაც ასაჩივრებდა. აპელანტი არ უთითებს თუ კონკრეტულად რომელ განჩინებაზეა საუბარი და საქმის მასალებშიც მსგავსი განჩინებები არ არსებობს, შესაბამისად პალატა მათზე არსებითად ვერ იმსჯელებს, მით უფრო იმ პირობებში, რომ ზეპირი მოსმენის დროს, აღნიშნული განჩინებების გასაჩივრების ნაწილში აპელანტს სააპელაციო საჩივრისთვის მხარი არ დაუჭერია.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ნ----------------- მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 920,05 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- ე------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

ქეთევან მესხიშვილი