განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002190862
საქმე N3/ბ-477-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ-------- თ--------
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 დეკემბრის განჩინება
საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2017 წლის 29 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მსჯავრდებულმა ნ-------- თაბაგარმა, რომელმაც მოითხოვა: ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ’’ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №------------------ განკარგულებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხე მხარის დავალდებულება, ნ-------- თ--------სთვის სატელეფონო საუბრისა და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელე მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე და 445-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, შესაბამისად ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მოსარჩელეს განესაზღვრა 10 დღის ვადა.
ნ-------- თაბაგარს განჩინება საპროცესო ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა 2017 წლის 13 დეკემბერს, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ შეუსრულებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ნ-------- თ--------ს სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების მიმართ, არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში და დაუბრუნდა მოსარჩელე მხარეს, დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის მოტივით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ-------- თაბაგარმა, რომლითაც დაუსაბუთებლობის მოტივით მისი გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
საქმეში დაცული N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №------------------ განკარგულებებით მსჯავრდებულ ნ-------- თაბაგარს ერთი თვის ვადით აეკრძალა სატელეფონო საუბრისა და მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლებები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის (საპროცესო უფლებები) პირველი პუნქტის თანახმად (ცვლილებებამდე 42-ე მუხლი), ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგეს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №-/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი ანუ ჩამონათვალი იმ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანამდევი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - პატიმრობის კოდექსით.
პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი, გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
ამადენად ცალსახაა, რომ პატიმრობის კოდექსის 86.1 მუხლი ცალსახად ადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინურ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში მხოლოდ ერთჯერადად სასაჩივრე (და არა სასარჩელო) წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში კი საჩივრის ავტორის მიერ სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალიწინებს (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-391-388(კს-17)).
ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ნ-------- თ--------ს პრეტენზიის განხილვისას არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით (არ უნდა დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხთან დაკავშირებით პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია მსჯავრდებულის პრეტენზიის განხილვის საპროცესო წესი (პრეტენზიის საჩივრად მიჩნევის შემთხვევაში ბაჟის გადახდას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს), პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულს ათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-------- თ--------ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 დეკემბრის განჩინება ნ-------- თ--------ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
3. ნ-------- თ--------ს საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე