განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
820310018002349131
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310018002349131

საქმე N3/ბ-430-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელ ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება

 

მოწინააღმდეგე მხარე _ დ------- ა--–---

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 14 მარტს დ------- ა--–---ს წარმომადგენელმა დავით ანანიძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი

- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი დ------- ა--–---ს მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 04 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 05 მაისის N1 ოქმი დ------- ა--–---ს ნაწილში,- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის №0------------ წერილი.

ასევე მოითხოვა დ------- ა--–---ს აღუდგინდეს სოციალური დახმარება 2017 წლის 01 ივლისიდან, გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად და სასამართლო ხარჯები, ადვოკატისათვის გადახდილი 200 ლარი დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ დ------- ა--–---ს 1997 წლის 04 სექტემბერს მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ქედის რაიონული განყოფილების N1----- აქტის საფუძველზე დაენიშნა შეზღუდული შრომისუნარიანობის მეორე ჯგუფის პენსია ერთი წლის ვადით. მას შემდეგ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, დ------- ა--–--- გადიოდა შრომით საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და კომისიაზე ყოველი გავლის შემდეგ თითო წლით უხანგრძლივებდნენ შრომის უუნარობის მეორე ჯგუფის ხარისხს. ეს პროცედურა გრძელდებოდა 1997 წლიდან 2003 წლამდე, ექვსი წლის განმავლობაში. 2003 წლის 26 ნოემბერს დ------- ა--–---მ კვლავ გაიარა საექიმო საექსპერტო კომისია სადაც კვლავ დაუდგინდა შრომისუუნარობის მეორე ხარისხი ერთი წლის ვადით, მაგრამ 28 ნოემბერს იგი კვლავ გაატარეს კომისიაზე და შრომისუუნარობა დაუდგინდა უვადოდ. მას შემდეგ 2017 წლის ივლისამდე დ------- ა--–--- იღებდა პენსიას, ხოლო აღნიშნული დროიდან გაურკვეველი მიზეზის გამო შეუწყვიტეს პენსიის გაცემა. გაირკვა, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი იყო საპენსიო საქმეში არსებული ჩანაწერი რომ 2003 წლის ნოემბერში შედგენილ ერთ აქტში აღნიშნული იყო, რომ შშმ სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ, მეორე აქტში კი ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს ერთი წლის ვადით 2004 წლის 01 დეკემბრამდე. ამ მიზეზით დ------- ა--–---ს 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აპრილამდე სოციალური დახმარების გაცემა ჩაეთვალა უკანონოდ და 2017 წლის 01 ივლისიდან შეუწყდა პენსიის გაცემა.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დ------- ა--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

- საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი დ------- ა--–---ს მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 04 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის N1 ოქმი დ------- ა--–---ს ნაწილში.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის №0------------ წერილი დ------- ა--–---ს მიმართ სოციალური პაკეტის შეწყვეტის და თანხის გადახდის მოთხოვნის თაობაზე.

ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ------- ა--–---ს აღუდგა სოციალური სახელმწიფო გასაცემლის მიღება და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილება დაევალა მოსარჩელე დ------- ა--–---ს სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2017 წლის 01 ივლისიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე დ------- ა--–---ს 1997 წლის 4 სექტემბერს მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ქედის რაიონული განყოფილების N1----- აქტის საფუძველზე დაენიშნა შეზღუდული შრომისუნარიანობის მეორე ჯგუფის პენსია ერთი წლის ვადით. მას შემდეგ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, დ------- ა--–--- გადიოდა შრომით საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და კომისიაზე ყოველი გავლის შემდეგ თითო წლით უხანგრძლივებდნენ შრომის უუნარობის მეორე ჯგუფის ხარისხს. ეს პროცედურა გრძელდებოდა 1997 წლიდან 2003 წლამდე.

 

ქედის სსე ბიუროს N 1----- შემოწმების აქტის თანახმად, დ------- ა--–---ს 2003 წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შრომის უუნარობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ერთი წლის ვადით -2004 წლის 1 დეკემბრამდე.

 

დ------- ა--–---ს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს ,,ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს N0----- აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. 2003 წლიდან საექსპერტო გამოკვლევა აღარ ჩატარებია, 2017 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული სტატუსით აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის N0----- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 5 მაისს მიიღო გადაწყვეტილება დ------- ა--–---ზე სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დ------- ა--–---ს საქმეში არსებული სსე N0----- აქტის ამონაწერი და საქმეში არსებული სხვა მონაცემები არ შეესაბამება სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის მონაცემებს. დ------- ა--–---ს 2017 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა და დაევალა ზედმეტად მიღებული პენსიის თანხის 840 ლარის დაბრუნება, რის თაობაზეც დ------- ა--–---ს ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N0------------ წერილით.

 

დ------- ა--–---ს საპენსიო საქმეში არსებული სსე ბიუროს შემოწმების აქტებით, რომელიც მოიცავს 1997 წლიდან 2003 წლამდე პერიოდს, ირკვევა რომ დ------- ა--–--- ყოველწლიურად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და უდგინდებოდა შრომისუუნარობის სტატუსი, ხოლო 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N 0----- აქტით დ------- ა--–---ს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა უვადოდ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ------- ა--–--- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 1997 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრავს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლის თანახმად, 1. სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ------- ა--–---ს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს ,,ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს N0----- აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და თუ სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 01 დეკემბრიდან უნდა მოეთხოვა ხელახლა გავლა კომისიაზე და გაუვლელობის შემთხვევაში იქნებოდა ზემო დასახელებული მუხლის ,,კ’’ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დ------- ა--–---ს უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N0------------ წერილით უსაფუძვლოდაა მოთხოვნილი 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ დ------- ა--–---ს სარჩელი დააკმაყოფილა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და დ------- ა--–---ს სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით დ------- ა--–---ს პირადი საქმის შემოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, რომ 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N0----- აქტით დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული სტატუსი, უვადოთ. ხოლო სამედიცინო საქმეში განთავსებული, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტით 1----- (გაცემული 2--------- წ.) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა ერთი წლით.

 

აპელანტის განმარტებით, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის საფუძველზე ივსება სსე ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი, რომლითაც უდგინდება მოქალაქეს შეზღდული შესაძლებლობის სტრატუსი. რადგან ორ აქტს შორის იყო შეუსაბამობა, ამიტომ კომისიამ ჩათვალა, რომ დ------- ა--–---ს 2004 წლის 01 დეკემბრიდან სოციალური პაკეტი ერიცხება უსაფუძვლოდ. 2017 წლის 05 მაისის კომისიის სხდომის N1 ოქმის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულმა განყოფილებამ მიიღო ბადაწყვეტილება 2017 წლის 01 ივლისიდან სოციალური გასაცემლის შეწყვეტის შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალუური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-15 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის 01 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შედგინა 840 (რვაასორმოცი) ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას, რაც დ------- ა--–---სათვის ცნობილი გახდა 2017 წლის 04 დეკემბერს N0------------ წერილით.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სოციალური პაკეტის გაცემა შეწყდა, შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ თითქოდა მოპასუხე მხარე ვერ ასაბუთებდა თუ სტატუსი მინიჭებული ქონდა ერთი წლის ვადით, 2004 წლის 01 დეკემბრამდე, რატომ არ შეწყდა პენსიის გაცემა?. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი მხარე განმარტავს, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე–7 მუხლის მეორე პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნა ხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო–სოციალური ექსპეტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის საფუძველზე, და არა დ------- ა--–---ს სამედიცინო საქმეში განთავსებული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტით . დ------- ა--–---ს სამედიცინო საქმე ინახებოდა ქედის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროში და წვდომა განყოფილებას არ ქონდა, არც ვალდებულება, რომ ორ აქტს შორის შედარება მოეხდინა, რეორგანიზაციის შემდეგ როცა ქედის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიურო დაიშალა, ბენეფიციართა სამედიცინო საქმეები, 2007 წელს გადმოეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებას და ორ აქტს შორის შეუსაბამობა აღმოჩენილი იქნა კონტროლის დეპატამენტის მიერ. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს უპირობოდ წარმოეშვა ვალდებულება შეეწყვიტა დ------- ა--–---სათვის პენსიის დარიცხვა.

 

ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი დ------- ა--–---ს მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1 მიღებული გადაწყვეტილებისა და სააგენტოს მიერ მიღებილი გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

 

ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ------- ა--–--- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 1997 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

დადგენილია, რომ დ------- ა--–---ს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს N0----- აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და თუ სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის N1----- შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 01 დეკემბრიდან უნდა მოეთხოვა ხელახლა გავლა კომისიაზე და გაუვლელობის შემთხვევაში იქნებოდა ზემო დასახელებული მუხლის ,,კ’’ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დ------- ა--–---ს უსაფუძვლოს შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N0------------ წერილით უსაფუძვლოდაა მოთხოვნილი 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

ამდენად სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას დ------- ა--–---სათვის სოციალური პაკეტის შეწყვეტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რადგან, დ------- ა--–---სთვის სოციალური პაკეტის შეწყვეტა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. დ------- ა--–---სთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა, და თუ სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის N 1----- შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 1 დეკემბრიდან უნდა მოეთხოვა ხელახლა გავლა კომისიაზე და გაუვლელობის შემთხვევაში იქნებოდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის "კ" პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:

 

,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე უდგინდება: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ’’.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ------- ა--–---ს მიმართ 1997 წლიდან - 2003 წლამდე, ყოველწლიურად გავლილი შემოწმებისას სსუ ბიუროს მიერ გაცემულია ერთნაირი დასკვნა, კერძოდ მას ზედიზედ 06 (ექვსი) წლის განმავლობაში უდგინდებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა მეორე ხარისხის, რის გამოც 2003 წლის 28 ნოემბერს სსუ კომისიის N1----- აქტით დ------- ა--–---სთვის უნდა განსაზღვრულიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი, არა ერთი წლით არამედ უვადოდ, თუმცა კომისიამ იმავე დღეს მეორედ გამოცემული N0----- აქტით სავსებით კანონიერად დაუდგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ, რაც სრულად შეესაბამება ზემოთ აღნიშნული კანონის შესაბამის ნორმებს.

 

ამდენად სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა დ------- ა--–---ს სარჩელი.

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი