განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
190100118002638010
ინსტანცია
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100118002639010 -1ბ/64-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ---- ჯ--–-------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ------- ვ--–---ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: მარნეულის რაიონი, ს------–--------------–--ში.

 

ადვოკატი: გ--------- ხ-------–---–ი

 

თარჯომანი: ზ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორმა გ--- გ--–-–---–მა და ითხოვა სასჯელის დამძიმება თ------- ვ--–---ის მიმართ. აღნიშნული განაჩენი ასევე, გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------- ვ--–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------- ხ-------–---–მა, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, თ------- ვ--–---ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში გამართლება და დამნაშავედ ცნობა ნ----- ვ--–---ის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2018 წლის 05 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის ს------–--------------–--ში, დაუსახლებელ პუნქტში თ------- ვ--–---მა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ----- ვ--–---ი და შემდგომ გადააგდო ხრამში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობა

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა თ------- ვ--–---მა განმარტა, რომ ნ----- ვ--–---ი იყო მისი ბიძაშვილი, რომელიც ექცეოდა ცუდად. კერძოდ, აშინებდა იარაღით და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ასევე, ემუქრებოდა მშობლების მოკვლით. მუქარა იმდენად რეალურად აღიქვა, რომ თქმისაც შეეშინდა და ამიტომაც აღნიშნულის შესახებ არავისთვის უთქვამს. ნ----- ვ--–---ი ფულს და ტანსაცმელს ართმევდა. 2018 წლის 5 მაისს მივიდა ბიძასთან და წამოიღო სანადირო თოფი, ნახა, რომ შიგნით ტყვია იდო, თუმცა ხელში პირველად ეჭირა თოფი. სანადირო თოფი ჩადო ავტომანქანის საბარგულში და წამოვიდა. ნ----- ვ--–---ი ნახა „ბირჟაზე“, ჩაისვა ავტომანქანაში და სოფლიდან მოშორებით წაიყვანა. ნ----- ვ--–---ს თან ჰქონდა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი არ იცის, არ უნახავს. უნდოდა ნ----- ვ--–---ის შეშინება, იკამათეს, ავტომანქანა გააჩერა, საბარგულიდან გამოიტანა სანადირო თოფი შესაშინებლად და ხელი სასხლეტზე შემთხვევით გამოედო, რა დროსაც მოხდა გასროლა. შეშინებული იყო და არავისთვის არაფერი უთქვამს. მსჯავრდებულს მხოლოდ ნ----- ვ--–---ის შეშინება სურდა, ხოლო მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ------- ვ--–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ---- მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

დაცვის მხარის მიერ სადაოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ თ------- ვ--–---ის მიერ გასროლილი სანადირო თოფიდან გარდაიცვალა ნ----- ვ--–---ი, არამედ დაცვის მხარე უარყოფს განზრახვის არსებობას და ამტკიცევბს, რომ თ------- ვ--–---მა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

 

სასამართლო პირველ რიგში განიხილავს იმ გარემოებას, რამდენად ისახავდა თ------- ვ--–---ის განზრახვა მისი ბიძაშვილის მკველელობას, თუ მხოლოდ მის შესაშინებლად გამოიღო სანადირო თოფი?

 

განზრახ მკვლელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა.

 

განზრახ მკვლელობის ჩადენისას აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

 

ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლ საწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.

 

ხოლო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში ის ჩადენილი უნდა იქნეს დაუდევრობით ან თვითიმედოვნებით.

 

ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

 

ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე, ვინაიდან ის ადასტურებს ნ----- ვ--–---ის მოკვლის ფაქტს, მაგრამ უარყოფს განზრახვას, თუმცა როგორც უდაოდ ცნობილი ფაქტები ასევე, მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, დასტურდება, რომ ნ----- ვ--–---ი აშინებდა იარაღით, თუმცა მიზეზი არ იცის. ასევე, ეუბნებოდა, რომ დედ-მამასაც მოუკლავდა, და მსჯავრდებულს იმდენად სჯეროდა მუქარის განხორციელების, რომ შიშით ვერავის უთხრა აღნიშნულის შესახებ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ თავად მსჯავრდებულის ჩვენებიდან ნათლად იკვეთება განზრახვა ნ----- ვ--–---ის მოკვლისა, თუმცა კი თ------- ვ--–---ი აცხადებს, რომ მას მხოლოდ მისი შეშინება სურდა. ამიტომაც მივიდა აიღო სანადირო თოფი, რომელიც მისი თქმით პირველად აიღო ხელში, თუმცა კი იცოდა, რომ თოფში ტყვია იდო. ამის შემდეგ ის მიზანმიმართულად მიდის ნ----- ვ--–---ისკენ, რომელიც იმყოფებოდა ქუჩაში და მიყავს სოფლიდან მოშორებით. სოფლიდან მოშორებით მან გააჩერა ავტომანქანა, საბარგულიდან გამოიტანა სანადირო თოფი და ახლო მანძილიდან ესროლა მას, რაც დასტურდება ასევე საქმეში არსებული, უდაოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნებით. თ------- ვ--–---ის მხრიდან სასხლეტზე შემთხვევით ხელის გამოკვრის ვერსია არ თუ არ შეესაბამება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ დადგენილი გარემოებები გამორიცხავს მას ვინაიდან მსჯავრდებულის ჩვენებიდანაც ჩანს, როგორ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მოქმედებდა ის, ხოლო, დაცვის მხარის პოზიცია გამომდინარეობს მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის არიდებისა თუ შემსუბუქების მიზნიდან. პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე გვაქს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასთან, აღნიშნული დანაშაული გამომდინარეობს დაუდევრობით ან თვითიმედოვნებით ჩადენილი ქმედებიდან, ხოლო როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები, ასევე მსჯავრდებულის ჩვენებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ თ------- ვ--–---ს ამოძრავებდა ნ----- ვ--–---ის მოკვლის განზრახვა, რაც სისრლეში მოიყვანა კიდეც.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------- ვ--–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------- ვ--–---ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რასაც ასაბუთებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის „უარყოფით პოზიაციას“ მსჯავრდებულ თ------ ვ--–---ის დანიშნული სასჯელის მიმართ, რასაც არ იზიარებს პალატა და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი დაედო თ------- ვ--–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ხოლო, მსჯავრდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნულია თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმადაც, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ზემოთ მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მათი განხორციელების სახესა და ხერხს და დამდგარ უმძიმეს შედეგს, რომ თ------- ვ--–---მა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოკლა მის ბიძაშვილი- ნ----- ვ--–---ი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დამნაშავისთვის იმაზე უფრო მკაცრი სასჯელის მოთხოვნა, ვიდრე ეს სასამართლომ შეუფარდა, დაზარალებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილია. ვინაიდან, სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალსწინებაზე.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ნ--- ჯ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი თოფი, 11 ცალი კუსტარულად დამზადებული ვაზნა და 10 ცალი ცარიელი მასრა, 1 შეკვრაში მოთავსებული 24 ცალი ვაზნა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

ზ----- ნ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, ორი შეკვრა სანადირო თოფის ვაზნები თითოეულ შეკვრაში 25 ცალი ვაზნით, 19 ცალი ცარიელი მასრა, მ.შ 11 ცალი წითელი ფერის, 8 ცალი თეთრი ფერის, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელთან - საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 16 კალიბრიანი მასრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, აღსარიცხად გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

ნ----- ვ--–---ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

თ------- ვ--–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის ბოტასი, შავი ფერის შარვალი და მუქი ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, თ------- ვ--–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მუქი ლურჯი ფერის პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, შავი ნაჭრის სპორტული ფეხსაცმელი წარწერით “N” დაუბრუნდეს თ------- ვ--–---ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს;

 

ნ----- ვ--–---ის გვამიდან ამოღებული 9 ცალი საფანტის ფრაგმენტი ერთ პაკეტად, ნ----- ვ--–---ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები, სახის და ხელის ანამწნედები, ფრჩხილის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი ქვა მუქი ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ჩხირები მუქი ფერის ლაქებით და ბიოლოგიური მასალები დოლბანდში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მუქი ფერის ლაქა ნიადაგთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მცირე ზომის ქვები მუქი ფერის ლაქებით, თ------- ვ--–---ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მომწვანო ფერის ხელთათმანი, დალუქული ერთ პაკეტად და მიკრინაწილაკები ოთხ ცალ წებოვან ფირზე, თ------- ვ--–---ის ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელი კვლის ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორის გ--- გ--–-–---–ის და თ------- ვ--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--------- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ------- ვ--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ------- ვ--–---ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 აგვისტოდან.

 

თ------- ვ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ნ--- ჯ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი თოფი, 11 ცალი კუსტარულად დამზადებული ვაზნა და 10 ცალი ცარიელი მასრა, 1 შეკვრაში მოთავსებული 24 ცალი ვაზნა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

ზ----- ნ-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, ორი შეკვრა სანადირო თოფის ვაზნები თითოეულ შეკვრაში 25 ცალი ვაზნით, 19 ცალი ცარიელი მასრა, მ.შ 11 ცალი წითელი ფერის, 8 ცალი თეთრი ფერის, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელთან - საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 16 კალიბრიანი მასრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, აღსარიცხად გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის

 

სამსახურს;

 

ნ----- ვ--–---ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;

 

თ------- ვ--–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის ბოტასი, შავი ფერის შარვალი და მუქი ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, თ------- ვ--–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მუქი ლურჯი ფერის პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, შავი ნაჭრის სპორტული ფეხსაცმელი წარწერით “N” დაუბრუნდეს თ------- ვ--–---ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს;

 

ნ----- ვ--–---ის გვამიდან ამოღებული 9 ცალი საფანტის ფრაგმენტი ერთ პაკეტად, ნ----- ვ--–---ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები, სახის და ხელის ანამწნედები, ფრჩხილის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი ქვა მუქი ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ჩხირები მუქი ფერის ლაქებით და ბიოლოგიური მასალები დოლბანდში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მუქი ფერის ლაქა ნიადაგთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მცირე ზომის ქვები მუქი ფერის ლაქებით, თ------- ვ--–---ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მომწვანო ფერის ხელთათმანი, დალუქული ერთ პაკეტად და მიკრინაწილაკები ოთხ ცალ წებოვან ფირზე, თ------- ვ--–---ის ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელი კვლის ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი