განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2019
საქმის ნომერი
841310518002704978
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №841310518002704978 (3/ბ-33-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

აპელანტები - ქ----- ქ-------ე (მოსარჩელე), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება (მოპასუხეები)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

1.1. აპელანტ ქ----- ქ-------ის მოთხოვნა: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მოთხოვნა: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ქ----- ქ-------ის სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 16 ოქტომბერს ქ----- ქ-------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8------------ის N0---------- მიმართვა;

- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ქ----- ქ-------ეს 2018 წლის 18 მაისს დაუანგარიშდა სარეიტინგო ქულა;

ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულება _ მოახდინოს მისი ოჯახის (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი N0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა და აუნაზღაუროს მოსარჩელეს 2017 წლის 01 აპრილის თვიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

25.10.2018 წელს ქ----- ქ-------ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება და მ ო ი თ ხ ო ვ ა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის N0---------- მომართვა და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ქ----- ქ-------ეს 2018 წლის 18 მაისს დაუანგარიშდა სარეიტინგო ქულა. ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალოს მოახდინოს მისი ოჯახის (ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი N0-----------) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა და აუნაზღაუროს მოსარჩელეს 2017 წლის 01 აპრილის თვიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქ----- ქ-------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ქ----- ქ-------ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი. 2018 წლის 18 მაისს შევსებული იქნა ახალი დეკლარაცია და მოსარჩელე ქ----- ქ-------ის ოჯახისათვის მინიჭებულმა სარეიტინგო ქულათა რაოდენობამ შეადგინა 149 530 ქულა. 2018 წლის 18 მაისს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ქ----- ქ-------ის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასება. კერძოდ, შედგა ოჯახის დეკლარაცია არასწორი მონაცემებით, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის ოჯახისადმი მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭებას, აღნიშნულმა კი გამოიწვია საარსებო შემწეობის უკანონოდ შეწყვეტა. რეალურად ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მოსარჩელე არის მარტოხელა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც აქვს მძიმე.

 

მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამსახურის მხრიდან დაცული იყო კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ----- ქ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის N0---------- მიმართვა;

- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ქ----- ქ-------ეს 2018 წლის 18 მაისს დაუდგინდა 149 530 სარეიტინგო ქულა.

 

ამავე გადაწყვეტილებით დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას მოახდინოს მოსარჩელე ქ----- ქ-------ის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასება/ შესწავლა;

 

ქ----- ქ-------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქ----- ქ-------ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2017 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 0-----------. იგი 2016-2017 წლებში იღებდა საარსებო შემწეობას;

 

2018 წლის 18 მაისს განხორციელდა ტყიბულის სოციალური მომსახურეობის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ქ----- ქ-------ის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით. ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ქ----- ქ-------ე ფლობს: ავტოფარეხს (A7 ბლოკის 1 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 220 კვ.მ. (A8 ბლოკი), შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 9 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაგებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის 1 გრაფა); სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფართობით 0,4ჰა (D1 და D2 ბლოკის გრაფა); ოჯახი ფლობს 1 ზრდასულ შინაურ პირუტყვს (D3 ბლოკი), ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებისათვის გადახდილი აქვს 35,60 ლარი (E1 ბლოკი);

 

ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები: 1. ქ-------ე ქ-----, დაბადების თარიღი: 19.07.1936, ასაკი- 81; პ/ნ 4---------- (B1 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება (B3 ბლოკი 6 გრაფა). განათლების მიღწეული დონე - საშუალო პროფესიული (C2 ბლოკი, გრაფა 4); პირადი ფულადი შემოსავალი - სახელმწიფო პენსია - 180 (C3 ბლოკი, გრაფა 3);

 

მოსარჩელე ქ----- ქ-------ე არის 82 წლის, მის შვილს, რომელსაც თავად უვლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. კერძოდ, ის დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით F20,0, აღენიშნება პოლიმორფული ფსიქოზური სიმპტომები, ესმის მაკომენტირებელი და იმპერატიული შინაარსის ხმები, გამოთქვამს ზემოქმედების აზრებს, აქვს შიშები, მოუსვენრობა, უძილობა. ინტერესთა სფერო შეზღუდულია, სხვისი დახმარების გარეშე ვერ უვლის საკუთარ თავს, კრიტიკა მდგომარეობის მიმართ დაქვეითებულია.

 

სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართვით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს ქ----- ქ-------ის მოთხოვნით, ქ----- ქ-------ის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა, ვიზიტის დროს ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესწავლისას, კერძოდ შინამეურნეობის/ოჯახის დათვალიერებისა და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არსებული მდგომარეობა შეესაბამება დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს, შესაბამისად შეივსო წერილობითი აქტი;

 

იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვით ქ----- ქ-------ეს უარი ეთქვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლაზე და განემარტა, რომ მის ოჯახს შეუძლია მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 2019 წლის 17 ივნისიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ასევე იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას შეადგინოს ქ----- ქ-------ის ოჯახის ახალი დეკლარაცია, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებული და რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლომ ასევე, მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.

 

სასამართლომ ასევე, მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ქ----- ქ-------ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ქ----- ქ-------ის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ქ----- ქ-------ე სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები დაფიქსირებული შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი არ არის 220 კვ.მ., ფართის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მას გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა შემოსავალი არ აქვს, არის უკიდურესად ღატაკი.

 

სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ქ----- ქ-------ეს სხვა შემოსავალი გარდა სახელმწიფო გასაცემელის და მისი ოჯახის წევრის სოციალური პაკეტისა არ გააჩნია, ჰყავს ერთი მსხვილფეხა პირუტყვი რომელიც არ იწველება, საცხოვრებლის ფართის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ქ----- ქ-------ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

 

სასამართლომ მიუთითა ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები, მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილები, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, ბათილად სცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის 18 მაისს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ საფუძველზე 2018 წლის 17 ივნისს (მომზადების თარიღი 17.06.2018) ქ----- ქ-------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (107 370 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე 2018 წლის 8------------ის იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა და დაავალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრულ მავალდებულებელ სარჩელს, ვინაიდან ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბათილად სცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება ქ----- ქ-------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (149530) მინიჭების შესახებ და მოპასუხე ტყიბულის რაიონულ განყოფილებას დაავალა ოჯახის ახალი დეკლარაციის შედგენა, - სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ქ----- ქ-------ემ, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ.

 

ქ----- ქ-------ე მიუთითებს, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას არ აკმაყოფილებს და ითხოვს მის გაუქმებას.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულის განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების ფარგლებში: უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა - შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის" მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე, განსხვავებით წინა შეფასების მეთოდოლოგიისგან აღარ არის განსაზღვრული ინტერვიუერის გამოკითხვის ინდექსის გამომთვლელი ფორმულა. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც გამორიცხავს ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი გარემოებების ასახვას.

 

2018 წლის 18 მაისს ქ----- ქ-------ის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა, ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია'', დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, დეკლარაცია დამუშავდა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2018 წლის 17 ივნისს, რამაც შეადგინა 107 370 ერთეული.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ზეპირ გადაწყვეტილებას, არამედ ოჯახის სოციალურ–ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე.

 

მოსარჩელის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნილი 2018 წლის 14 აგვისტოს N7---- განცხადების საფუძველზე 2018 წლის 31 აგვისტოს ქ----- ქ-------ის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების უფროსმა სოციალურმა აგენტმა, ოჯახის წევრებთან გასაუბრების და ვიზუალური დათვალიერების შედეგად ოჯახს განემარტა რომ 2018 წლის 18 მაისს შევსებულ "ოჯახის დეკლარაციაში" დაფიქსირებული მონაცემები უცვლელია ოჯახის იმჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობასთან, რის გამოც ოჯახში შეივსო კანონმდებლობით გათვალისწინებული წერილობითი აქტი, რომელიც დადასტურებულია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. შესაბამისად, ქ----- ქ-------ის ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, არსებითად არ არის დარღვეული დოკუმენტის მომზადების კანონით დადგენილი ნორმები. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების თანახმად ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამდენად განმეორებითი შეფასების მოთხოვნით, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვის ოჯახს შეუძლია მიმართვა 2019 წლის 17 ივნისიდან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულის განყოფილების სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ შესაგებელში ქ----- ქ-------ე მიუთითებს, რომ აპელანტის მითითება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებზე არასწორია, რადგან ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ფარგლებში. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ და რატომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

აპელანტების მიერ არ არის წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც გახდა საქმის მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა-გადაწყვეტის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 0-------------ის N0---------- მიმართვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 18.05.2018 წლის გადაწყვეტილების, _ ქ----- ქ-------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულება, - შეადგინოს ახალი დეკლარაცია რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მოსარჩელეს აუნაზღაუროს 2017 წლის 01 აპრილის თვიდან შეწყვეტილი სოციალური შემწეობა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით - ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ----- ქ-------ის ოჯახის დეკლარაცია შეივსო 18.05.2018 წ (ს.ფ. 14-19).

 

საქმეში წარმოდგენილია 16/10/2018 წ. მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ოჯახს, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელია ქ----- ქ-------ე (ოჯახის წევრები - თვით ქ----- ქ-------ე (დაბ: 1---------წ. პ/ნ4----------), ფ-------ი ქ-------ე (დაბ.: 3--------წ. პ/ნ 4----------) და ე-–---ა ქ-------ე (დაბ: 2---------წ. პ/ნ 4----------)) სხვადასხვა წლებში მინიჭებული ჰქონდა სხვადასხვა ოდენობის სარეიტინგო ქულა, კერძოდ, 09/08/2006 წ. – 37470; 12/11/2008 წ. - 43920; 25/09/2009წ. - 55500; 08/10/2011წ. - 61040; 24/11/2011წ. - 66640; 09/01/2012წ. - 41730; 13/03/2012 წ. - 54600; 20/08/2014წ. - 36780; 19/04/2017 წ. - 88490; 10/01/2018წ. - 107370; 25.05.2018წ - 149530 (ს.ფ. 23).

 

როგორც ამონაწერიდან ირკვევა, ბოლოს ოჯახს სარეიტინგო ქულა (149 530) მიენიჭა 25/05/2018 წელს _ 25/04/2018 წელს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წერილობით შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ქ----- ქ-------ის ოჯახში ვიზიტის შედეგად, ოჯახის წევრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დეკლარაცია შეივსო 2018 წლის 18 მაისს. საქმეში წარმოდგენილი ოჯახის დეკლარაციის ასლის ბოლო გვერდზე, რომელსაც ხელს აწერს ქ----- ქ-------ე, თარიღი მითითებულია -18.05.2018 წ. (ს.ფ. 19). 16/10/2018წ. მომზადებული ამონაწერის მიხედვით, ქ----- ქ-------ის ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა 2018 წლის 17 ივნისიდან შეადგენს 107370-ს, - 2018 წლის 18 მაისს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე (მაშინ, როცა ამავე ამონაწერის მიხედვით 107370 ქულა ოჯახს მინიჭებული აქვს 11/12/2017წ. დეკლარაციის საფუძველზე 10/01/2018წ.-დან). ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ქ----- ქ-------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებს შეიცავს რაც შეუძლებელს ხდის იმის დადგენას თუ რამდენს შეადგენს ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა, რომელი დეკლარაციის საფუძველზე და რამდენად სწორად განისაზღვრა აღნიშნული.

 

0---------წ N0---------- წერილით, ქ----- ქ-------ეს 1---------წ N9---- წერილის პასუხად უარი ეთქვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლაზე და განემარტა, რომ მის ოჯახს შეუძლია მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 2019 წლის 17 ივნისიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების/საჩივრის ზუსტი სწორი სამართლებრივი შეფასება უშუალო კავშირშია დაინტერესებული პირის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში დასაქმებულ მოხელეთა როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დახმარების მიმღებთა კონფლიქტი შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

 

სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრონციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა ქ----- ქ-------ის ოჯახის დეკლარაცია, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას. დეკლარაცია შედგა ოჯახის წევრის - ქ----- ქ-------ის მიერ მიწოდებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით დეკლარანტი (ქ.ქ-------ე) სარჩელით სადავოდ ხდის. კერძოდ, მოსარჩელე სარჩელში განმარტავდა, რომ ჰქონდა მძიმე საცხოვრებელი პირობები, დეკლარაციაში დაფიქსირებული შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი არ არის 220 კვმ, ფართის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, მას გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

 

სადავო დეკლარაციით ირკვევა, რომ ქ----- ქ-------ეს სხვა შემოსავალი გარდა სახელმწიფო გასაცემლის და მისი ოჯახის წევრის სოციალური პაკეტისა, - არ გააჩნია. ჰყავს ერთი მსხვილფეხა პირუტყვი რომელიც არ იწველება, სახლის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესი, საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ 3.1 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. „წესის“ 5.1 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (ღატაკი ოჯახი).

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-4 მუხლით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. 6.2 მუხლით, ოჯახს უფლება აქვს: ა) გაეცნოს მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების) შეტანა; გ) მოითხოვოს ამონაწერი მონაცემთა ბაზიდან; დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 8.6 მუხლის შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები. მე-9 მუხლის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების 12..1 მუხლით ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. 12.2 მუხლით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების 1.1 მუხლით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. 1.2 მუხლით, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. 1.3 მუხლით, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების 15.1 მუხლით, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. 15.2 მუხლით, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. „წესის“ 3.2 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელოვანია უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი თითოეული მონაცემი, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების, ასევე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებული მონაცემების ერთობლივი შეფასებიდან.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მაგისტრატმა სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, რაზეც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისათვის ქ----- ქ-------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება/შესწავლის დავალების საფუძველი, რის გარეშეც შეუძლებელია ბენეფიციარისათვის ფულადი გასაცემლის (საარსებო შემწეობის) სახით თანხის ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მაგისტრატმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც აპელანტთა პრეტენზიები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ----- ქ-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინიისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე