განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001897678
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3108-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ლ-–------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-------------ი“
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1 . მოპასუხე ლ-–------------ისათვის, მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, სესხის ძირი თანხის - 23 347.10 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებელის 553.73 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ლ-–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N--, ფართი 51.51 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
1.3. იპოთეკის ხელშეკრულების 13.3. პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული იპოთეკარის მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე (სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა და დაზუსტდა მოსამზადებელ სხდომაზე - 2018 წლის 20 მარტს).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. სს „ლ-------------ის“ სარჩელი, მოპასუხე ლ-–------------ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდა სრულად.
2.1. მოპასუხე ლ-–------------ეს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა 23 347.10 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი 553.73 აშშ დოლარის ოდენობით.
2.2. დადგინდა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე ლ-–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N--, ფართი 51.51 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
2.3. დადგინდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 13.3. პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული იპოთეკარის მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 286-ე, 301-ე მუხლების საფუძველზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე ლ-–------------ემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, კერძოდ, 1303 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის განმარტებით, სს „ლ-------------მა“ თანხები არასწორად ჩათვლა პირგასამტეხლოს ანგარიშში. ასევე, არასწორად იქნა მოთხოვნილი სარგებელი 553.73 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები სესხის ძირითადი თანხის ოდენობის შესახებ. ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განსაზღვრული იყო წლიური 6%-დან 36%-მდე, ხოლო პირგასამტეხლო 0,5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წლიურად 182,5%-ს შეადგენს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების თითქმის ნახევარი ბანკმა პირგასამტეხლოს ანგარიშში მიმართა, რამაც დაამძიმა მოვალის მდგომარეობა. აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ ბოლო პერიოდში გადახდილი თანხები უნდა ჩათვლილიყო არა პირგასამტეხლოს, არამედ, ძირითადი დავალიანების ანგარიშში და დარჩენილი ვალდებულება შემდეგ უნდა დაანგარიშებულიყო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.
9. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. 2011 წლის 19 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და ლ-–------------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის საერთო პირობები: ერთიანი საკრედიტო ლიმიტი - 50 000 აშშ დოლარი, ამოქმედების თარიღი 19/12/2011 წელი, ხაზის ამოქმედების ვადა - 240 თვე, მაქსიმალური წლიური საპროცენტო სარგებელი - საკრედიტო პროდუქტებზე 6%-დან 36%-მდე, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი: 1--------- წელი.
10.2 . 2013 წლის 12 მარტს, სს „ლ-------------ს“ და ლ-–------------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ბანკმა ლ-–------------ეზე გასცა სესხი 29 100 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის 14.5%-ს დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5%. ხელშეკრულება დაიდო 12/03/2013 წლიდან 15/03/2023 წლამდე ვადით.
ხელშეკრულების 2.2.10.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო, დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად თანაბარწილებად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად. ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
10.3. 2011 წლის 19 დეკემბერს სს „ლ-------------სა“ და ლ-–------------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ლ-–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, მთაწმინდა, ძმები კაკაბაძეების (ყოფ. ლეონიძის) ქუჩა N--, ბინა N5, ფართი 51.51 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------. იპოთეკის საგნის სალიკვიდაციო საიპოთეკო ღირებულება შეადგენდა 38 500 აშშ დოლარს.
იპოთეკის ხელშეკრულების 13.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ დაკმაყოფილდებოდა სრულად იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარს უფლება ეძლეოდა აღსრულება მიექცია მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებების მიმართ.
11. მოპასუხე ლ-–------------ემ ჯეროვნად არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. 2017 წლის 28 მარტს მოსარჩელემ შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და ვალდებულების შესრულება მოსთხოვა.
12. 2017 წლის 25 აპრილს სს „ლ-------------მა“ სარჩელით მიმართ სასამართლოს და მოპასუხის მიმართ დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
13. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად დაადგინა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ოდენობები.
14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას სასამართლოს მიერ თანხების არასწორად დაანგარიშების შესახებ და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის სახით 23 347.10 აშშ დოლარის და სარგებლის სახით, 553.73 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას ემყარება.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას.
16. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთმითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები. განსახილველ შეთხვევაში, აპელანტი სადავოდ არ ხდის მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არ მიუთითებს გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მის ნამდვილ ნებასთან, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
18. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ-–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე