განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002587640
საქმე #1ბ/379-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი-–------------–-–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–--------------------–-----------–ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–------------–-–იმ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მ--------–--------------------–-----------–ში, ლ----------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–------------–-–იმ უმიზეზოდ ჯერ დაარტყა ზერგში ხელი 9 წლის ე-–--------------–-–ის, ხოლო შემდეგ ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხზე მუხლს ქვემოთ 13 წლის ა-–-------------–-–ის. ძალადობის შედეგად ე-–--------------–-–იმ და ა-–-------------–-–იმ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით:
ი-–------------–-–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2300 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-–------------–-–ის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით) შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ი-–------------–-–ის დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას ი-–------------–-–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულ ი-–------------–-–ისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი-–------------–-–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–------------–-–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - ე-–--------------–-–ისა და ა-–-------------–-–ის, მოწმე ლ-------------ს ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #0-------- დასკვნების, შემთხვევის ადგილის დათვალლიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-–------------–-–იმ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი-–------------–-–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და შეუსაბამო მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათთან. სახელმწიფო ბრალმდებელი მიუთითებს მსჯავრდებულის ნასამართლობაზე, კერძოდ, ი-–------------–-–ი გასამართლებული იქნა დაზარალებულების დედის, ლ-------------ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც, აპელანტის აზრით, გახდა მსჯავრდებულის მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზი. აღნიშნული ნათლად ასახავს ი-–------------–-–ის წარსულ ცხოვრებას, ასევე, მის აგრესიულ ხასიათს, რაც იწვევს უმოტივო ძალადობრივი დანაშაულის ჩადენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-–------------–-–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე ემყარება მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის ფაქტს. საქმეში არსებული, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განაჩენით ი-–------------–-–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ვადით. საქმის მასალებში წარმოდგენილია ი-–------------–-–ის ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომლის თანახმად, 2018 წლის 12 მაისის მდგომარეობით, ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ არ მოიპოვება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ი-–------------–-–ის ნასამართლობა გაქარწყლებულია. შესაბამისად, ი-–------------–-–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება) გაქარწყლებულ ნასამართლობას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ი-–------------–-–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ი-–------------–-–ის მიმართ ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ი-–------------–-–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი არის მცირეწლოვანი შვილის მამა, ამასთან, ი-–------------–-–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-–------------–-–ისთვის დანიშნულ ძირითად და დამატებით სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-–------------–-–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-–------------–-–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ-----–----------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-–------------–-–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-–------------–-–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2300 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-–------------–-–ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით), შეუმსუბუქდეს სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, ი-–------------–-–ის დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-–------------–-–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე