განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002268573
საქმე №2ბ/4606-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – სს ,,თ--–--ი’’ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – თ----- ხ-------ია
მოწინააღმდეგე მხარე _ გ---–----------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი – თ----- გ--–-–---–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ--–--მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ---–----------–---–ი მიმართ და მოპასუხისთვის 7 543.66 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. სს ,,თ--–--ი’’ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
სს „თ--–--ი“ ელექტროენერგიით ამარაგებს აბონენტ გ---–----------–---–ს (აბონენტის 0------). შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 7 543.66 ლარის ოდენობით. დავალიანება დაგროვილია მრიცხველზე ყოველთვიური მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციული თანხების პერიოდული დარიცხვით და არასრულყოფილი გადახდებით. მოპასუხის ბარათზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის 22 დეკემბერს. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სს „თ--–--ი“ სისტემატურად აწვდიდა ელექტროენერგიას მოპასუხე მხარეს, იგი არ იხდის მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას.
3. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით გ---–----------–---–მა სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოთხოვნილი დავალიანება არის ხანდაზმული. ამავდროულად, 2018 წლის 24 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი 679.17 ლარის ფარგლებში და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილი ნაწილის - 6864.49 ლარის ხანდაზმულობაზე. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016 წლის 02 სექტემბრამდე დარიცხული დავალიანების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ---–----------–---–ს სს ,,თ--–--ის” სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდა 783.58 ლარის ოდენობით. სს ,,თ--–--ის” სარჩელი გ---–----------–---–ის მიმართ 6760.08 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---–----------–---–ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 6760.08 ლარის ნაწილში იყო ხანდაზმული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდებოდა, რომ დავალიანების დარიცხვა ხორციელდებოდა 2007 წლიდან გამრიცხველიანების საფუძველზე, ამასთან, აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას გ---–-----------–---–ი ეტაპობრივად იხდიდა და იხდის, ხოლო სს ,,თ--–--ის“ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგენილი იყო 2018 წლის 23 იანვარს, რის გამოც 2015 წლის თებერვლის თვემდე დარიცხული დავალიანების ნაწილში (6 760.08 ლარი) მოთხოვნა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, რაც საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, მოპასუხე გ---–----------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა - მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება სს „თ--–--ის“ მიმართ ცნო 679.17 ლარის ფარგლებში, რაც წარმოადგენდა ამ ნაწილში სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.
ამასთან, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ არახანდაზმულ დავალიანებად 783.58 ლარი დაადგინა, ხოლო 6760.08 ლარის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,თ--–--მა’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. სს ,,თ--–--ის’’ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს ,,თ--–--ის’’ სარჩელი, მოპასუხე გ---–----------–---–ის მიმართ 6760.08 ლარის დაკისრების ნაწილში, იყო ხანდაზმული. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დააკისრა მხოლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი ვალი 783,58 ლარი, თუმცა, არ უმსჯელია სარჩელის შეტანიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში სააბონენტო ბარათზე არსებული გადანაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პორციის გადაუხდელ ნაწილზე. აღნიშნული კი, პირდაპირ კავშირშია აბონენტის მიერ დაგროვებულ დავალიანებასთან, რამეთუ ყოველთვიურ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან ერთად აბონენტი არ იხდიდა გადანაწილებულ ვალს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ აღნიშნული გარემოება მსჯელობის გარეშე დატოვა, რადგან სს ,,თ--–--ის’’ მიერ სარჩელის შეტანის პერიოდისათვის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო, შესაბამისად, სააბონენტო ბარათზე დაფიქსირებული იყო ერთიანად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებასთან ერთად. აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებს სასამართლოს, იმსჯელოს ბარათზე არსებულ ვალზე, მათ შორის ხელშეკრულებით გადანაწილებული პორციის გადაუხდელ ნაწილზე სარჩელის შეტანიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში.
აპელანტის მითითებით, დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა 2----–-–------------ს 60 თვის ვადით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2017 წლის 01 მარტს. სასამართლო გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულებაზე და ყოველთვიურად დარიცხულ პორციებზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. გ---–----------–---–ი წარმოადგენს სს ,,თ--–--ის“ აბონენტს (N 0------).
9. გ---–----------–---–ის დავალიანება სს ,,თ--–--ის’’ მიმართ 7 543.66 ლარის ოდენობით წარმოშობილია ჯერ კიდევ 2007 წლიდან.
10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ სს ,,თ--–--ის’’ მიმართ არსებული გ---–----------–---–ის დავალიანებიდან 6760.08 ლარი ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანებაა.
11. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს რა იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–------------ს, სს ,,თ--–--სა’’ და გ---–----------–---–ს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს არსებული დავალიანება 5061.57 ლარის ოდენობით გადაუნაწილდა 60 თვეზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 მარტამდე, ამ ფაქტის სარჩელში მითითებისა და მისი დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება მასვე ეკისრებოდა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია.
12. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სს ,,თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ---–----------–---–ს სს ,,თ--–--ის” სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდა 783.58 ლარის ოდენობით. სს ,,თ--–--ის” სარჩელი, გ---–----------–---–ის მიმართ 6760.08 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
13. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე (ტ. 1, ს. ფ. 29-37).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა. ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ აბონენტს ელექტროენერგიის გადასახადი ყოველთვიურად ერიცხებოდა და მისი გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად (ყოველთვიურად) შესასრულებელ ვალდებულებას, ყოველი (თითოეული) თვის გადასახადის გადაუხდელობა, ცალ-ცალკე აღებული, დამოუკიდებლად წარმოშობდა მოსარჩელისათვის, როგორც მოთხოვნის, ისე გადაუხდელობის გამო გარკვეული სახის სანქციის განხორციელების უფლებას.
ვინაიდან, უდავოა, რომ კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 23 იანვრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), 2015 წლის თებერვლის თვემდე მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების - 6760.08 ლარის ნაწილში სს ,,თ--–--ის” მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად. რაც შეეხება 2015 წლის მარტიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდს (არახანდაზმული პერიოოდი), დადგენილია, რომ ამ ნაწილში სს ,,თ--–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილებულია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თვითკმარი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, რის გამოც პალატას მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობა.
14. ხანდაზმულობის კუთხით, პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის 41-ე ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიატმა, ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. 42-ს პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, განაწილების ლიცენზიატისთვის გადახდილი თანხა მიმართული იქნეს იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.
ლიცენზიატის ამ ვალდებულების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს ხანდაზმული დავალიანების შესახებ და შეეძლოს მისთვის მინიჭებული ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმა, რითაც თავიდან იქნება აცილებული ლიცენზიატის მიერ უფლების გამოყენების ფარგლების გადაცილება, რაც უფლების გამოყენებას არამართლზომიერად აქცევდა. აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს ლიცენზიატის მიერ უფლების განხორციელებისას კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების დაცვას, მომხმარებლის ინტერესებისადმი გულისხმიერების გამოჩენით.
15. პალატა ყურადღებას გაამახვილებს სს ,,თ--–--ის’' სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიაზე, სადაც აპელანტი ხანდაზმულობის საწინააღმდეგოდ უთითებს 2----–-–------------ს სს ,,თ--–--სა’’ და გ---–----------–---–ს შორის დადებულ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.
ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებული მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველთვის უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ--–--ს’’ არც სარჩელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე (მათ შორის მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წეარდგენის შემდეგ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე სარჩელისგან თავს იცავდა ხანდაზმულობით) იმ ფაქტზე, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა 2----–-–------------ის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, არ მიუთითებია. ამასთან, აპელანტი ვერ უთითებს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ რაიმე საპატიო მიზეზზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეს შეეძლო სარჩელში მიეთითებინა აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რის გამოც დაკარგა უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითოს ახალ გარემოებაზე.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სს ,,თ--–--ის’’ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
17. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 301.74 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი