განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002553715
საქმე №1ბ/1370-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის
ადვოკატის: პ-----------–--–--ას
გამართლებულის: გ--------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ გ--------------ს, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: გ----------------–----–----------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–----------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
უკანასკნელი ორი წელია, 198- წელს დაბადებული გ------------------------- სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, თავის პაპას - 193- წელს დაბადებულ გ-------------------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, ესაუბრებოდა უხეშად და უქმნიდა სახლიდან წასვლის პირობებს, ხოლო 2018 წლის 3 ივლისს, დილის საათებში, გ----------------------------–----–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელები მოუჭირა ყელზე და ცდილობდა მის დახრჩობას. 198- წელს დაბადებული გ--------------ს ქმედებებით, 193- წელს დაბადებულმა გ--------------მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
გ-------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ--------------ს მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი გ--------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ--------------ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--------------ს ჩვენებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება გ--------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა დაზარალებულმა გ--------------მ განმარტა, რომ გ----------------------------–----–----ში ცხოვრობდა შვილიშვილთან - გ--------------სთან, რძალთან - ქ------------სთან და მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. 2018 წლის 3 ივლისს მის სამი წლის შვილთაშვილს ძაღლთან თამაშის გამო მისცა სიტყვიერი შენიშვნა, რაზეც რძალმა - ქ------------მ უთხრა, რომ გაენებებინა თავი ბავშვისთვის და ნუ აძლევდა შენიშვნას, ვინაიდან ბავშვი მისი იყო და მოიქცეოდა ისე, როგორც ბავშვს უნდოდა. აღნიშნული ფაქტის გამო რძალთან მოუვიდათ სიტყვიერი კამათი, რა დროსაც ქ------------მ აგინა და დაარტყა ხელი, რაც გამოძიებისთვის არ უთქვამს. აღნიშნული ფაქტის შემსწრე გახდა მისი შვილიშვილი გ--------------. ქ------------მ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით წააქეზა მისი მეუღლე გ--------------ა, რის გამოც გ--------------ა (შვილიშვილი) მივარდა მას (დაზარალებულ გ--------------ს), სწვდა ყელზე, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში და ახრჩობდა. რომ არა ქ------------, რომელმაც ხელი გააშვებინა გ--------------ს, ის (დაზარალებული) გაიგუდებოდა. ამის შემედეგ იგი (დაზარალებული) გაერიდა სიტუაციას და გამოვიდა სახლიდან. შვილიშვილმა - გ--------------მ წამოაძახა, რომ გათრეულიყო სახლიდან და აღარ დაბრუნებულიყო და თუ დაბრუნდებოდა, თავს მოაჭრიდა. სახლიდან გასვლისას პოლიციაში დარეკა, ვინაიდან შვილიშვილის ქცევით ძალიან გამწარებული და გაღიზიანებული იყო. მის მიმართ შვილიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შემსწრე იყო მხოლოდ რძალი - ქ------------. შვილიშვილთან - გ--------------სთან ჰქონდა კონფლიქტი უძრავი ქონების გამო, ვინაიდან არაერთი უძრავი ქონება გაუყიდა და ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლიც იპოთეკით ისე დატვირთა, რომ არც კი იცოდა. მას (დაზარალებულს) ოჯახის წევრები ყველაფერში ზღუდავდნენ, ხმის ამოღების უფლებასაც არ აძლევდნენ და ფაქტიურად სახლიდან არის გამოგდებული.
მოწმე ქ------------ს განმარტებით, მეუღლესთან, გ--------------სთან ერთად ცხოვრობს თითქმის თორმეტი წელია. ქორწინების პირველ პერიოდში ცხოვრობდნენ ქ-------–--–--------------, დაზარალებულ გ--------------ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ბინა გაყიდა დაზარალებულმა გ--------------მ და ამონაგები თანხის წილი მისცა შვილს - ზ------------ს და შვილიშვილს - გ--------------ს. თბილისის ბინის გაყიდვის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ-----------ში, თუმცა შემდეგ ის ბინაც გაყიდეს და ამჟამად ცხოვრობენ გ--------ის რაიონ სოფელ მ--------ში. აღნიშნული სახლი გაფორმებულია და ეკუთვნის გ--------------ს და ქ------------ს შვილს - ლ------------ს. აღნიშნული სახლი ამ ეტაპზე არის დატვირთული ფინანსური ვალდებულებით. მოწმის განმარტებით, წლების განმავლობაში ბაბუა - გ-------------- (დაზარალებული) ცხოვრობს მათთან ერთად. დამოკიდებულება შვილიშვილს, რძალსა და ბაბუას შორის იყო ნორმალური, თუმცა სოფელ მ--------ში გადასვლის შემდეგ დაზარალებული გ-------------- გახდა აგრესიული. მიუხედავად აღნიშნულისა, ქ------------ და მისი მეუღლე გ-------------- ყოველთვის ცდილობდნენ, არ შეპასუხებოდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იყო მოხუცი და უნდა მოეთმინათ მისი ასეთი ქცევები. დაზარალებული გ-------------- მისი შვილიშვილის - გ--------------ს შვილებს ყოველთვის ეჩხუბებოდა, აძლევდა შენიშვნებს და ხშირად უმიზეზოდ საყვედურობდა. 2018 წლის 2 ივლისს, დაზარალებულმა გ--------------მ დაიწყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაშიც ეხმარებოდნენ ბავშვები, თუმცა წყალი მალე შეწყდა, რის გამოც ბაბუამ (გ--------------მ) დაუწყო ყვირილი და საყვედური, რომ წყალი მათ გამო დაწყდა. მოწმის განმარტებით, როდესაც გაიგო, რომ ბაბუა ეჩხუბებოდა შვილთაშვილებს, გამოვიდა სამზარეულოდან და გ--------------ს მიუთითა - ნუ უყვიროდა შვილთაშვილებს, რადგან წყლის დაწყვეტა მათი ბრალი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, დაზარალებულმა გ--------------მ განაგრძო ჩხუბი და ყვირილი. მან (ქ------------მ) ყურადღება აღარ მიაქცია გ--------------ს ქცევას და შებრუნდა სამზარეულოში, თუმცა, მოულოდნელად, გ-------------- (ბაბუა) მასთან მივიდა და დაუწყო ყვირილი და მოთხოვნა - წასულიყო მისი სახლიდან, ამასთან, სახეში გაარტყა ხელი. ქ------------მ თავდაპირველად შვილს - ლ------------ს სთხოვა, მოეყვანა მამამისი - გ--------------, რომელიც მეგობრებთან ერთად მეხუთე ქუჩაზე იყო, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა და ლ------------ აღარ გაგზავნა მამის დასაძახებლად. იმ საღამოს მისი მეუღლე გ-------------- გვიან დაბრუნდა სახლში, თუმცა მას (ქ------------ს) მეუღლისთვის არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ, რადგან ცდილობდა ბაბუასთან - გ--------------სთან თვითონ მოეგვარებინა ურთიერთობა. მეორე დღეს, როდესაც ნახა, რომ ბაბუა - გ-------------- არ ნანობდა ჩადენილ საქციელს, რათა კვლავ არ განმეორებულიყო გ--------------ს მხრიდან ძალადობა, მეუღლეს - გ--------------ს მოუყვა მომხდარის შესახებ. გ--------------მ (შვილიშვილმა) ამ ფაქტის მოსმენის შემდეგ, ბაბუას - გ--------------ს მოსთხოვა, წასულიყო მათი სახლიდან მის შვილთან - ზ------------სთან, ვინაიდან, მას არ ჰქონდა უფლება ქ------------სთვის ხელი დაერტყა. ამ საუბრის დროს გ-------------- მშვიდად ელაპარაკებოდა ბაბუას - გ--------------ს და კონფლიქტს მათ შორის ადგილი არ ჰქონია. საუბრის შემდეგ ბაბუა - გ-------------- წავიდა სახლიდან და დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით, როდესაც მან ბოლოს ნახა დაზარალებული გ--------------, ამ უკანასკნელს კისრის არეში არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისთვის (მოწმისთვის) უცნობია, საიდან მიიღო გ--------------მ დაზიანებები. მანვე აღნიშნა, რომ გ-------------- (მოწმის მეუღლე) არის ბუნებით მშვიდი. არ იცის (მოწმემ), რაში დასჭირდა ბაბუას შვილიშვილის დაჭერა. ბაბუა მოითხოვს სახლის დაბრუნებას და აქვს სახლის ინტერესი.
მოწმე ზ------------ს განმარტებით, 2018 წლის 3 ივლისს, დილის საათებში მიდიოდა პირად საქმეზე, რა დროსაც შეხვდა მამამისი - გ--------------, რომელმაც უთხრა, რომ შვილიშვილთან - გ--------------სთან იჩხუბა. მან (ზ------------მ) უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და საღამოს სახლში რომ დაბრუნდებოდა, შეეცდებოდა მათ შერიგებას. როგორც შემდეგ მისთვის (მოწმისთვის) გახდა ცნობილი, დაზარალებულ გ--------------ს მასთან საუბრის შემდეგ დაურეკავს 112-ში, რაზეც გ--------------ს ჰკითხა, რატომ დარეკა 112-ში და რატომ არ დაელოდა მას, რაზეც გ--------------მ უპასუხა, რომ შვილიშვილი ახრჩობდა და ამიტომ დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით, გ-------------- მასთან საუბრისას იყო აღელვებული. როგორც მისთვის (მოწმისთვის) ცნობილია, ბაბუას და შვილიშვილს ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი, თუმცა სერიოზული კონფლიქტი მათ შორის არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 3 ივლისს მამისთვის - გ--------------სთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს, თუმცა გ--------------მ უთხრა, რომ შვილიშვილმა ყელზე მოუჭირა, რაზეც მან (ზ------------მ) კიდევ ერთხელ მოუწოდა, დამშვიდებულიყო და საღამოს შეარიგებდა შვილიშვილთან. მამამისი - გ-------------- ამჟამად ცხოვრობს მის (ზ------------ს) სახლში.
მოწმე თ------------ის განმარტებით, 2018 წლის 2 ივლის, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მეზობლის, გ--------------ს სახლიდან შემოესმათ ჩხუბის ხმა, კერძოდ, მეზობელი, ქ------------ ცდილობდა ბაბუის - გ--------------ს დამშვიდებას, რომელიც ჩხუბობდა და იმუქრებოდა, რომ ცეცხლს წაგიკიდებთ სუყველასო. ამავე დროს, მან (მოწმემ) დაინახა, როგორ გაარტყა ბაბუამ - გ--------------მ ხელი ქ------------ს სახეში და ქ------------ს სახიდან ჩამოუვარდა სათვალე. მეორე დღეს, 3 ივლისს, როდესაც იგი (თ------------ე) და დედამისი მიდიოდნენ საავადმყოფოში ანალიზების ასაღებად, დაინახეს, რომ დაზარალებული გ-------------- იყო ეზოში, ხოლო ბრალდებული გ-------------- აივანზე იდგა და ეწეოდა სიგარეტს, შვილიშვილი მშვიდად ეუბნებოდა ბაბუას - გ--------------ს, რომ მას არ ქონდა უფლება, დაერტყა მისი ცოლისთვის და ამიტომ უნდა წასულიყო მათი სახლიდან. თავის მხრივ დაზარალებული გ-------------- სახლიდან გამოვიდა და იმუქრებოდა, რომ მათ აჩვენებდა სეირს. მოწმის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლიდან ვახანიების სახლი კარგად ჩანს, მაგრამ არ დაუნახავს, რომ ბრალდებული გ-------------- ფიზიკურად შეხებოდა დაზარალებულ გ--------------ს. მისივე განმარტებით, დაზარალებული გ-------------- 2018 წლის 3 ივლისს, სახლიდან გამოსვლისას ყელზე ხელს არ იკიდებდა, ხელები ჰქონდა ზურგს უკან და მიდიოდა ჩხუბით. მოწმის განმარტებით, გ-------------- ხშირად ჩხუბობდა სახლში, უფრო მეტად შვილთაშვილებს უყვიროდა და ეჩხუბებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლ--–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 3 ივლისს შსს გ--------ის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. მის მიერ მოხდა შეტყობინების ავტორის გ--------------ს გამოკითხვა, რომელიც განმარტავდა, რომ მისმა შვილიშვილმა გ--------------მ მასზე იძალადა ფიზიკურად. გ-------------- იყო აღელვებული, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. როგორც ახსოვს (მოწმეს), დაზარალებულს გარეგნული დათვალიერებით ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლე, თუმცა ეს სიწითლე სისხლნაჟღენთები არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N1-- სამედიცინო ბარათის თანახმად, მომსახურება განხორციელდა პაციენტ გ--------------ს მიმართ, რომლის ასაკია 80 წელი, სამედიცინო დახმარების გამოძახების ადგილია გ--------ის რაიონის სოფ. ქ----------–---ის პოლიციის განყოფილება, პაციენტის დაზიანების მიზეზად მითითებულია ძალადობა, ანამნეზის გრაფაში პაციენტის მდგომარეობა არჩეულია პრაკტიკულად ჯანმრთელი, პაციენტის ნევროლოგიური შეფასების გრაფაში მითითებულია, ორიენტაცია დროში -კი, სივრცეში - კი, გარემოში - კი. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მუცელი - რბილი, უმტკივნეულო; სასუნთქი სისტემის გრაფაში მითითებულია გამავალობა - ნორმა. აღნიშნული ბარათის გრაფაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის ტკივილს კისრის (ყელის) მიდამოში, ყლაპვის გაძნელებას, რასაც უკავშირებს ფიზიკურ ძალადობას შვილიშვილის მხრიდან ყელში ხელის წაჭერით. გარეგნული დათვალიერებით სისხლნაჟღენთები არ აღენიშნება. გარეგნული დათვალიერებით დაზიანების ნიშნები არ ჩანს, საჭიროებს უფრო დაწვრილებით კვლევას. ბარათს ხელს აწერს ექიმი, ექთანი და გამომძიებელი ლ--–-----------ე.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, დადგენილია, რომ გ--------------ს 03.07.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ--------------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ გ--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ბრალის ფორმის მიხედვით კი სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც გ--------------ს ამხელს მოცემული დანაშაულის ჩადენაში, არის დაზარალებულ გ---------------ს ჩვენება. სასამართლო აფასებს და აანალიზებს რა დაზარალებულის ჩვენებას, მიიჩნევს, რომ იგი დამაჯერებლობას და უტყუარობას მოკლებულია. თავდაპირველად პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების იმ მნივნელოვან ნაწილზე, სადაც ის განმარტავს, რომ მას რძალმა - ქ------------მ აგინა დაა ხელი დაარტყა, დაზარალებულის აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის თავად ქ------------ს ჩვენებასთან, რომელმაც, პირიქით, დაზარალებული გ-------------- ამხილა მის მიმართ განოხრციელებულ ძალადობრივ ქმედებაში და განმარტა, რომ დაზარალებულმა გ--------------მ შეპასუხების გამო ჯერ სახლიდან წასვლა მოსთხოვა, ხოლო შემდეგ სახეში ხელი დაარტყა. მოწმე ქ------------ს ჩვენების აღნიშნული ნაწილი დაადასტურა დაზარალებულის მეზობლად მცხოვრებმა თ------------ემ და განმარტა, რომ მეზობლის გ--------------ას სახლიდან შემოესმათ ჩხუბის ხმა, კერძოდ, მეზობელი - ქ------------ ცდილობდა ბაბუის - გ--------------ს დამშვიდებას, რომელიც ჩხუბობდა და იმუქრებოდა, რომ ცეცხლს წაგიკიდებთ ყველასო. ამავე დროს, მან პირადად დაინახა, როგორ გაარტყა ბაბუამ - გ--------------მ ხელი ქ------------ს სახეში და ქ------------ს სახიდან ჩამოუვარდა სათვალე. დაზარალებული გ-------------- ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ შვილიშვილი გ-------------- სწვდა ყელზე, ახრჩობდა და თავად ძლივს გააშვებინა ხელი, ხოლო მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე კი განმარტა, რომ შვილშვილმა გ--------------მ ერთხელ მოუჭირა ხელი ყელის არეში, რომელსაც ქ------------მ გააშვებინა ხელი. დაზარალებულის განმარტება, რომელიც უკავშირდება მისთვის ყელში ხელის წაჭერას და შემდგომ ტკივილს ყელის არეში, წინაარმდეგობაში მოდის გ--------------ს სამედიცინო ბარათთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. სამედიცინო ბარათის თანახმად, გ--------------ს გარეგნული დათვალიერებით სისხლნაჟღენთები არ აღენიშნება, დაზიანების ნიშნები არ ჩანს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ გ--------------ს (დაზარალებულს) ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების ანალიზის შემდგომ მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით, მხარის მიერ მოპოვებული მასალის (ინფორმაციის) სასამართლოსათვის წარდგენა, ამ მასალას (ინფორმაციას) ავტომატურად არ აქცევს გასაზიარებელ მტკიცებულებად, რადგან, წარდგენის შემდეგ მტკიცებულებამ (მხარეთა მიერ მოპოვებულმა და სასამართლოსათვის წარდგენილმა მასალამ (ინფორმაციამ)) უნდა გადალახოს რამდენიმე ,,ბარიერი“, ანუ მტკიცებულება უნდა შეფასდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაძლოა, კონკრეტული მტკიცებულება აკმაყოფილებდეს ორ „ბარიერს“, მაგრამ მესამე „ბარიერის“ გადაულახაობის გამო, იგი არ იქნას გაზიარებული. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ გ--------------ს ჩვენება განსახილევლ საქმესთან მიმართებით ნამდვილად არის რელევანტური და დასაშვები, თუმცა ზემოთმითითებული ალოგიკურობის, ნაკლებად დამაჯერებლობისა და სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობის გამო, ვერ ლახავს უტყუარობის ბარიერს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ--------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი გ--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი გ--------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-------------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ გ--------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს გ--------------ს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე