განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
140310117002143033
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/241-18

N140310117002143033

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მ-----–------–---–-, ნ---------–---–-, ნ-----–--------------, ქ--------------------, შპს ,,დ----"

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მ-----–------–---–-ს, ნ---------–---–-ს, ნ-----–--------------ს, ქ--------------------სა და შპს ,,დ----ს" მიმართ, მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.1. ქ-------------------- არის მ-----–------–---–- ყოფილი მეუღლე და ნ-----–--------------ს შვილი, ხოლო ნ---------–---–- - მ-----–------–---–-ს და.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, განქორწინების მოწმობა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.2. მ-----–------–---–- ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2----–-–-- 13 მარტს (ძველი საიდენტ. კოდი 1--------); მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მ------------ა; მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ს-------------–--------–-, მ-------–------–---–---------–---ს რეალიზაცია და მ--------–------------------------------------–--ს დისტრიბუცია).

 

1.2.3. შპს ,,დ----” დარეგისტრირდა 2----–-–-ს 13 ნოემბერს, რომლის პარტნიორი 100 %-იანი წილით ნ-----–--------------, დირექტორი კი მ-----–------–---–- იყო, ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრიდან დირექტორი ქ--------------------ა; მისი იურიდიული მისამართი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მ------------ა.

 

1.2.4. შპს ,,დ----მ" საკონტროლო სალარო აპარატი შეიძინა შპს ,,ჯ-----------------------------საგან" 2----–-–-ს 7 დეკემბერს.

 

1.2.5. მ-----–------–---–სა და ქ-------------------- შორის რეგისტრირებული ქორწინება 2----–-–-ს 19 ნოემბერს შეწყდა.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე)” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ)” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ ინდ. მეწარმე მ-----–------–---–ს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის შპს ,,დ----სთან” ან სხვა მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში;

 

სასამართლომ აღინიშნა, რომ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას ან ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. საქმის მასალებით კი, მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე მ-----–------–---–- და შპს ,,დ----” ერთი და იგივე სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ, რომ მ-----–------–---–- იყო შპს ,,დ----ს” დირექტორი, არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მსჯელობისა და ამგვარი დასკვნის უმთავრესი საფუძვლია ის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება. მოსარჩელის მხრიდან კი არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხეებისაგან.

 

მოსარჩელის მითითებით, მ-----–------–---–მა შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, რეგისტრაციიდან მოხსნა კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატი, რაც დაარეგისტრირა შპს ,,დ----ს” სახელზე; იგივე სამეწარმეო საქმიანობა (უ--–-------–---------–---- და სხვა პროდუქტების დისტრიბუცია) გაგრძელდა შპს ,,დ----ს” სახელით, რაც ამ ორი სუბიექტის ერთმანეთის გაუმიჯნაობაზე მიუთითებს. საქმის მასალების მიხედვით კი, შპს ,,დ----ს” დამფუძნებელი, 100%-იანი პარტნიორი და დირექტორი ნ-----–--------------ა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის ეს მითითება ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება და მოსარჩელის განმარტებად მიჩნეული იქნება მ-----–------–---–-ს მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით შპს ,,დ----ს” სიდედრის მეშვეობით დაფუძნება, ვერც ეს გარემოება დაადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას, რადგან ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა და არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები იყვნენ ერთმანეთის ნათესავები, თუმცა ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომ ნ---------–---–ზე წილის გაჩუქებით დასტურდება მ-----–------–---–თან და მით უფრო სხვა მოპასუხეებთან მისი გაუმიჯნაობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდ. მეწარმე მ-----–------–---–-ს საგადასახადო შემოწმებისას შპს ,,დ----ს” დაფუძნება, მის დირექტორად მ-----–------–---–-ს არსებობა და ერთი და იგივე საქმიანობის განხორციელება მართლაც ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ არის არცერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და ამ გაუმიჯნაობის პირობებში განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ,,თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება; ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თუნდაც დადასტურდეს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ნათესავებს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და შპს ,დ----ს” მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება, მხოლოდ ეს ფაქტები ვერ გახდება ცრუმაგიერ პირებად მოპასუხეთა აღიარების ერთადერთი და საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან 1-ლი - პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან.

 

თვით მოსარჩელის მითითებით, გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა გულისხმობს ორი ან რამდენიმე სამართალსუბიექტის მიერ ერთი საქმიანობის განხორციელებასა და საერთო დოკუმენტაციის წარმოებას, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების გზით შემოსავლის მიღების საერთო მიზანს, ერთის მიერ მეორის სამართლებრივი სიკეთის გამოყენებას, როგორც საკუთარის, და ა. შ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე მ-----–------–---–-ს განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი მოპასუხეებისაგან და მითითებული გარემოებების არსებობა არ დგინდება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ. ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ მ-----–------–---–მა ნ-----–--------------ს სახელზე დაარეგისტრირა შპს ,,დ----” და რეგისტრაციიდან მოხსნა კუთვნილი საკონტროლო სალარო აპარატი, რაც დაარეგისტრირა შპს ,,დ----ს” სახელზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,დ----ს" დამფუძნებელი თვით ნ-----–--------------ა, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი შპს ,,დ----მ" შეიძინა სრულიად სხვა, კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,შემოსავლების სამსახურის მიერ კი, საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ შპს ,,დ----ს” მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება, დირექტორად მ-----–------–---–-ს რეგისტრაცია მოხდა ფორმალურად, შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე, შესაძლო საგადასახადო მოთხოვნების მოლოდინის პროცესში, მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე, იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის განმარტებით, ი/მ „მ-----–------–---–ს" გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის საფუძველზეც, მის მიმართ გატარებულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მ-----–------–---–-ს დავალიანება წარმოშობილია 2----–-–-ს 11 ნოემბრის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად. შემოწმების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მისი მხრიდან განხორციელდა ქმედებები, რომლებიც ნათლად მიუთითებდნენ შემდგომში გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან აცილების მიზანს, რასაც ადასტურებს უძრავი ქონებიდან (ს/კ 6-----------) კუთვნილი წილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დისთვის - ნ---------–---–-სათვის გადაფორმება, ასევე 2----–-–-ს 13 ნოემბერს შპს „დ----ს“ (ს/ნ 4--------) დაარსება, რომლის დირექტორიც იყო თვითონ, თუმცა მომდევნო პერიოდში, ეს პოზიცია დაიკავა მისმა მეუღლემ ქ-------------------მა. სასამართლო პროცესზე საქმის განხილვისას მიცემული მოწინააღმდეგე მხარის განმარტების მიხედვით, მ-----–------–---–მა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დააარსა იმის გამო, რომ მას ხელი შეეშალა საქმიანობის განხორციელებაში საგადასახადო დავალიანების გამო, ასევე დადასტურდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის პროცესის დროს საქონლის დისტრიბუცია დღესაც ხორციელდება ი/მ „მ-----–------–---–-ს“ კუთვნილი მ----------- მარკის ავტომობილით (სახ. ნომერი P-----). აღნიშნული მოცემულობა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ უარყო მოპასუხეთა შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება, რასაც არ ეთანხმება, დადგინდა, რომ ქ-------------------- და მ-----–------–---–- აღარ წარმოადგენენ მეუღლეებს, რაც სასამართლომ მიიჩნია ურთიერთდამოკიდებულების გამორიცხვის ერთ-ერთ საფუძვლად. აპელანტის მოსაზრებით, ნათესავური კავშირი და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება განხილულ უნდა იქნეს უშუალოდ ცრუმაგიერი მფლობელობის შემადგენლობის მქონე ქმედებათა განხორციელების დროისათვის, ქორწინების შემდგომი შეწყვეტა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება ვერ იქნება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლში მითითებული ურთიერთობები ავტომატურად არ გულისხმობს ურთიერთდამოკიდებულებას. აპელანტის განმარტებით, ხსენებული მუხლი ადგენს პირთა წრეს, რომელთა შორის განხორციელებული ქმედებები შესაძლოა განაპირობებდეს მათი ეკონომიკური საქმიანობის სხვაგვარ პირობებსა და შედეგებს, ვიდრე ეს დადგენილია ბაზარზე, ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც დასტურდება, რომ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება გადასახადების კეთილსინდისიერად გადახდას, ამ პირებს ავტომატურად ენიჭებათ ურთიერთდამოკიდებულების კვალიფიკაცია, შესაბამისად, მთავარია ის, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს კოდექსი გადასახადებით დაბეგვრისათვის პოტენციური რისკების შემცველად განიხილავს. საქმეში დადგენილი ნათესავური კავშირისა და საწარმოში მონაწილეობის ფაქტის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ ურთიერთდამოკიდებულება სახეზეა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ერთიდაიგივე სალარო აპარატის რეგისტრაცია ი/მ მ-----–------–---–-სა და შპს "დ----ს" სახელზე, ასევე ხსენებული საზოგადოების მიერ იმ პირთა დასაქმება, რომლებსაც ასაქმებდა ი/მ მ-----–------–---–-. ამ გარემოებებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ სახეზეა ერთი და იგივე ბიზნესი, თუმცა განხორციელებული სხვადასხვა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით, აღნიშნულით ნათლად ვლინდება უზრუნველყოფის ღონისძიების არიდების მიზანი იმ პირთა საშუალებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ზემოთ მითითებულ ფაქტებში.

 

აპელანტის მოსაზრებით, საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენისას დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გორის რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 25 დეკემბერს, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შესაბამისად მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა, ჯერ კიდევ ძირითადი სხდომის გამართვამდე ედავა წარდგენილი შუამდგომლობის მართლზომიერებასა და მიზანშეწონილებაზე.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და გარემოებები საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული მოცემულობის დასადგენად, ამასთანავე, სარჩელის უზრუნველსაყოფად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა აბსოლუტურად ემსახურებოდა კრედიტორის ლეგიტიმურ მიზანსა და ინტერესებს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–-- 13 მარტს სამეწარმეო რეესტრში ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა მ-----–------–---–- (იურიდიული მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელი მ------------, საქმიანობის სახე - ს-------------–--------–-, მ-------–------–---–------------–---ს რეალიზაცია და მ--------–------------------------------------–--ს დისტრიბუცია).

 

3.1.2. 2----–-–-ს 11 ნოემბრის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, ი/მ „მ-----–------–---–ს" წარმოეშვა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის საფუძველზეც, მის მიმართ გატარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ი/მ „მ-----–------–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 92 289 ლარს.

 

3.1.3. უდავოა, რომ მ-----–------–---–- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი (ს/კ 6-----------) 2----–-–-ს 12 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მის დას - ნ---------–---–ს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.

 

3.1.4. 2----–-–-ს 13 ნოემბერს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,დ----”, რომლის 100 %-იანი წილის მქონე პარტნიორად დაფიქსირდა ნ-----–--------------, ხოლო დირექტორად - მ-----–------–---–- (საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. გორი, სოფელი მ------------, მ----------------).

 

3.1.5. 2----–-–-ს 19 ნოემბერს მ-----–------–---–სა და ქ-------------------- შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება.

 

3.1.6. 2017 წლის 19 სექტემბრიდან შპს ,,დ----ს“ 100 %-იანი წილის მქონე პარტნიორად ფიქსირდება ნ-----–--------------, ხოლო საწარმოს დირექტორად - ქ-------------------- (საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. გორი, სოფელი მ------------, მ----------------).

 

3.1.7. ქ-------------------- არის მ-----–------–---–- ყოფილი მეუღლე და ნ-----–--------------ს შვილი. ნ---------–---–- არის მ-----–------–---–-ს და.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

3.2.1. განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი (აღიარებითი სარჩელი), რომელიც გულისხმობს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ ყოველი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობას და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნას თუ გამოყენებას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 3 ოქტომბრის №ბს-103-96(კ-13) გადაწყვეტილებით განმარტა, რომ „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ პალატა ასევე მიუთითებს სუს 06.07.2010წ. №ბს-1546-1476 (კ-09) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ შესაბამისად, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (სუს 20.04.2017წ. №ბს-167-165(კ-17) განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე - ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის ქონების გადაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლთან მიმართებაში განხილვისას, უნდა დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, მიზანი, სამართლებრივი საფუძვლები, ქონების გადაცემის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობისთვის განმსაზღვრელია საწარმოს ქმედებები იმ პერიოდიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ „მ-----–------–---–-ს“ საგადასახადო შემოწმება განხორციელდა 2----–-–-ს 11 ნოემბრის N----- ბრძანების საფუძველზე, რის შედეგადაც, მას წარმოეშვა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ასევე უდავოა, რომ სწორედ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ - 2----–-–-ს 12 ნოემბერს, მ-----–------–---–- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი (ს/კ 6-----------), ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მის დას - ნ---------–---–ს; 2----–-–-ს 13 ნოემბერს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,დ----”, რომლის 100 %-იანი წილის მქონე პარტნიორად დაფიქსირდა ნ-----–-------------- (მ-----–------–---–-ს სიდედრი), ხოლო დირექტორად - მ-----–------–---–-; 2----–-–-ს 19 ნოემბერს მ-----–------–---–სა და ქ-------------------- შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება; 2017 წლის 19 სექტემბრიდან, შპს ,,დ----ს“ 100 %-იანი წილის მქონე პარტნიორად ფიქსირდება ნ-----–--------------, ხოლო საწარმოს დირექტორად - ქ-------------------- (მ-----–------–---–-ს ყოფილი მეუღლე). ამდენად, უდავოა, რომ ი/მ „მ-----–------–---–-ს“ მხრიდან არ შესრულებულა საგადასახადო ვალდებულება, არ მომხდარა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაბამისი მოვალეობების შესრულება, ამის სანაცვლოდ, მისი მხრიდან განხორციელდა ისეთი ქმედებები, რაც დღეის მდგომარეობით საწარმოს მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დავალიანების დაფარვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შემადგენლობა, კერძოდ, დასტუდება, რომ მოპასუხეთა მიერ განხორციელებულ ქმედებათა ჯაჭვი მიზანმიმართული იყო გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისკენ.

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 07.12.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, მოპასუხეთა ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 25.12.2017წ., შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შესაბამისად, მოსარჩელეს წაერთვა შესაძლებლობა, ძირითადი სხდომის გამართვამდე ედავა წარდგენილი შუამდგომლობის მართლზომიერებაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული შუამდგომლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის შესაძლებლობას, შესაბამისი დასაბუთებით. ამავე კოდექსის 197.1 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან. პალატა ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მითითებული ვადის დაცვით საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, თავდაპირველად, გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოა უფლებამოსილი, იმსჯელოს საჩივრის დასაშვებობასა და დასაბუთებულობაზე, საჩივარი მხოლოდ მაშინ ეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, თუ განჩინების გამომტანი სასამართლო მას დაუშვებლად მიიჩნევს (სსკ-ის 1971 მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ რაიონული სასამართლოს 07.12.2017წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 13.12.2017წ. მოსარჩელეს არ უსარგებლია განჩინების გასაჩივრების უფლებით, კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული წესის გათვალისწინებით. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ შეაფასებს რაიონული სასამართლოს 07.12.2017წ. განჩინების კანონიერებას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მ-----–------–---–-, ნ---------–---–-, ნ-----–--------------, ქ-------------------- და შპს ,,დ----" აღიარებულ უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 289-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. მ-----–------–---–-, ნ---------–---–-, ნ-----–--------------, ქ-------------------- და შპს ,,დ----" აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე

 

თეა ძიმისტარაშვილი