განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210117002166261
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002166261

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6936-18 27 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - შპს „ა-----“

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–----------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 09 ნოემბერს სარჩელით ა-–----------------------ს წარმომადგენელმა მიმართა და მოპასუხის შპს „ა-----სთვის“ 2016 წლის გადაუხდელი საიჯარო ქირის 12 595 ლარის, პირგასამტეხლოს - 8 111.8 ლარის, ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს 09.11.2017 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12.595 ლარის 0.1%-ის ოდენობით გადახდა და გადაუხდელი საიჯარო ქირის 65.000 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.

 

2. 2017 წლის 30 ნოემბერს მოპასუხე შპს „ა-----ს“ წარმომადგენელმა შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

 

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით შპს „ა-----ს“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2018 წლის 13 ივლისის მოსამზადებელი სხდომის თარიღი მოპასუხე შპს „ა-----ს“ წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, 2018 წლის 08 ივნისს გამართულ სხდომაზე წარმომადგენელმა გ--–---------- უწყებაზე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც მომდევნო სხდომის თარიღი, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები. თუმცა, მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს (ს.ფ. 82-85).

 

6. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა (ს.ფ. 92-95).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო (ს.ფ. 96-100).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისს მოპასუხის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი წარადგინა. მისი განცხადებით, მოპასუხე კომპანიის მეორე იურისტი გ--–---------, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა, კერძოდ, მას 2018 წლის 7 ივლისს ძმის შვილი გარდაეცვალა, რის გამოც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა შეექმნა და პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო (ს.ფ. 105).

 

9. 2018 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის განხილვის მიზნით სხდომა გაიმართა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ს.ფ. 117-124).

 

10. შპს „ა-----ს“ წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. მისი განცხადებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ძმის შვილის გარდაცვალების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რამაც არა მხოლოდ სადავო სხდომაზე, არამედ ამ პერიოდში სხვა სასამართლო სხდომებზე მისი გამოუცხადებლობა გამოიწვია (ს.ფ. 146-155).

 

11. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე შპს „ა-----ს“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ყოველთვის არ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი, მართალია, იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. როდესაც მხარე სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენა და მისი გაშვების საპატიოდ ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ახლო ნათესავის გარდაცვალება და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იმ ობიექტურ მიზეზთაგანია, რომლებსაც საპროცესო კოდექსი საპატიო მიზეზთა წრეს მიაკუთვნებს, შესაბამისად, მათი დადასტურების შემთხვევაში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა, საქმეში არსებობს წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, ზ--------------ს გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი 2018 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. ნიშანდობლივია, რომ აპელანტის მითითებით ზ-------------- მისი ძმისშვილია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს გარდაცვლილ პირსა და აპელანტის წარმომადგენელს შორის ახლო ნათესაური კავშირი სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტურ სტანდარტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს ზ--------------ს გარდაცვალების მოწმობა და მოსარჩელე მხარეს აღნიშნული პირის მოპასუხის წარმომადგენელთან ახლო ნათესაური კავშირი სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო პალატა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2018 წლის 13 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი იმ საპატიო მიზეზით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლითაა რეგლამენტირებული.

 

მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებისას პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის პროცესზე გამოუცხადებლობა ნამდვილად საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და იგი პროცესის გაჭიანურებას არ ისახავდა მიზნად.

 

12. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების მიმართ მრავალი საპროცესო მოქმედება აქვს განხორციელებული, რომელიც, ობიექტურად, სასარჩელო მოთხოვნისგან დაცვისადმი მისი ნამდვილი ინტერესის არსებობას ადასტურებს. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

14. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოგვიანებით გამოვლინდა, რომ არ არსებობდა საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული (მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მხარეს ბაჟის გადახდის ვალდებულება გადაუვადდა) სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ა-----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

 

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე