განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002004191
საქმე №2ბ/4779-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ა------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შ------- ა-–--–---–ი
წარმომადგენელი - ლ--–--------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 02 ივნისს ა------------ეს და შ------- ა-–--–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, 2015 წლის 02 ივნისს, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადასცა 6 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის გადახდის ვადა - 24 თვე; ყოველთვიური პროცენტი - 1.1%; პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 0.1%. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის, პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვა შესაძლო ხარჯების დაბრუნების/გადახდის უზრუნველსაყოფად გამსხვისებელი/იპოთეკარის იპოთეკის უფლებით დაიტვირთა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - იპოთეკის საგანი მდებარე მისამართზე თ---–---------–---–---------------------- (4) 4ა (მესაკუთრე გ-------– ნ--------ე, ა------------ე, ლ-------- ნ--------ე). ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკარს შეუძლია მოახდინოს იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია ამ ხელშეკრულების ფორმის დაცვით. ასეთი ცვლილებები/დამატებები უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
2. 2017 წლის 23 ივნისს ნოტარიუს ო----- გ---–---ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------, რომლის თანახმადაც კრედიტორად მითითებულია შ------- ა-–--–---–ი, ხოლო მოვალედ - ა------------ე, გ-------– ნ--------ე და ლ-------- ნ--------ე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება მოვალეების - ა------------ის, გ-------– ნ--------ის და ლ-------- ნ--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, რომელიც დატვირთულია შ------- ა-–--–---–ის იპოთეკის უფლებით. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია სესხის გადასახდელი თანხის - 4 000 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 120 ლარით.
3. 2017 წლის 05 ივლისს მოვალეებს - ა------------ეს, გ-------– ნ--------ეს და ლ-------- ნ--------ეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ე-----------------ის მიერ გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
4. ა------------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ------- ა-–--–---–ის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ო----- გ---–---ის მიერ 2017 წლის 23 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი სანოტარო აქტის რეგისტრაციის №1--------.
5. მოსარჩელის პოზიცია
5.1. 2015 წლის 2 ივნისს მხარეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაიცა სესხი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით 24 თვის ვადით, ყოველთვიური 1.1%-ის ოდენობით. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური პროცენტის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს; სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საცხოვრებელი სახლი მდებარე მისამართზე ქ. თ---–---------–---–---------------------- (4)4ა, საკადასტრო კოდით №0---------------; იხდიდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტს 150 ლარის ოდენობით; 2015 წლის დეკემბერში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ თუ იგი მოპასუხეს წინასწარ გადასცემდა 800 აშშ დოლარს, ყოველთვიური პროცენტი წინსწრებით ექნებოდა გადახდილი. ამასთანავე, დაიფარებოდა ძირითადი თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით; ამის შემდგომ მხარეებს შორის 2017 წლის მარტში შედგა ახალი შეთანხმება, რის საფუძველზეც მან იპოთეკარს ისევ წინსწრებით და იგივე პირობებით გადასცა 1 200 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ 2017 წლის 02 ივნისამდე პროცენტი აღარ ექნებოდა გადასახდელი. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება კი გაგრძელდებოდა კიდევ ერთი წლით, ანუ 2018 წლის ივნისამდე და აგრეთვე წინსწრებად გადახდილი 1 200 აშშ დოლარით ასევე დაიფარებოდა ძირითადი თანხა; აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის შედგა ხელწერილი, სადაც მხარეებმა დაადასტურეს აღნიშნული გარემოებების არსებობა; მიუხედავად მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისა, 2017 წლის ივნისის თვეში მოპასუხის მიერ ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და მიქცეულ იქნა აღსასრულებად. 2017 წლის 05 ივლისს კი მას ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; მოპასუხის ამ ქმედებით დარჩა მოტყუებული, რადგან მას წინასწარ ჰქონდა გადახდილი თანხა, არ ჩქარობდა ბინის გაყიდვას. დარწმუნებული იყო, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გაგრძელებული იყო 2018 წლამდე. ამ დროის განმავლობაში კი შეძლებდა 4 000 აშშ დოლარის მოგროვებას და თანხის დაბრუნებას.
6. მოპასუხეთა პოზიცია
6.1. მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის ამოწერა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დასჭირდა სესხად გადაცემული თანხა; მოსარჩელემ 2015 წლის დეკემბერში გადასცა 800 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარის ოდენობა გამოაკლდა ძირითად თანხას, ხოლო 300 აშშ დოლარის ოდენობა იყო ექვსი თვის წინსწრებით გადახდილი პროცენტი; 2017 წლის მარტში მოსარჩელემ კვლავ გადასცა 1 200 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნულ თანხაში არ შედიოდა პროცენტი, შესაბამისად გამოდის, რომ მოპასუხეს 700 აშშ დოლარის ოდენობით უნდა მიეღო მხოლოდ პროცენტი, ხოლო 500 აშშ დოლარის ოდენობა უნდა გამოკლებოდა ძირითად თანხას; ჯამში 2017 წლის და 2018 წლის მხოლოდ პროცენტს უნდა შეედგინა 3 550 ლარი, რაც კრედიტორს არ მოუთხოვია და მიცემული თანხა 1 200 აშშ დოლარის ოდენობით გამოაკლო მხოლოდ ძირითად თანხას; მოსარჩელის მიერ აღიარებულია, რომ მთლიანი თანხის ოდენობა შეადგენს 6 000 აშშ დოლარს. აღნიშნულ თანხას გამოკლებული 1 200 აშშ დოლარი და 500 აშშ დოლარი შეადგენს 4 300 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მოპასუხემ მოსარჩელეს აპატია 300 აშშ დოლარიც, მას თანხა არ დაუბრუნებია; მოსარჩელე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით 2017 წლის ივნისში გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაგრძელდა ერთი წლის ვადით. გაუგებარია თუ რატომ ჩათვალა მან ხელშეკრულება გაგრძელებულად. ასეთად მიჩნევის შემთხვევაშიც კი გასულია ერთ წლიანი ვადაც და მას მაინც არ აქვს შესრულებული ვალდებულება; არ იკვეთება მოსარჩელის რომელიმე უფლების დარღვევა. მოსარჩელე თავად არ იჩენს კეთილსინდისიერებას, დროულად და ჯეროვნად შეასრულოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებელია, შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით: ა------------ის სარჩელი შ------- ა-–--–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ო----- გ---–---ის მიერ 2017 წლის 23 ივნისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება; (იხ. გადაწყვეტილება)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა------------ემ. აპელანტის განმარტებით:
8.1. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული შეთანხმებისა, იპოთეკარმა ისარგებლა მსესხებლის მძიმე მდგომარეობით და უცოდინრობით, ამოწერა ნოტარიუსის მეშვეობით სააღსრულებო ფურცელი და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო იძულებით სააღსრულებო წარმოება. იპოთეკარის აღნიშნული ქმედებით მსესხებელი დარჩა მოტყუებული, რადგან მას წინსწრებით გადახდილი ჰქონდა საკმაოდ დიდი თანხა, კერძოდ, 1200 აშშ დოლარი და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებული თარიღის - 2018 წლის ივნისის დადგომამდე იგი შეძლებდა ბინის გაყიდვას და დარჩენილი თანხის დაბრუნებას. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული შეთანხმებისა იპოთეკარმა მსესხებელი ჩააგდო გაუსაძლის პირობებში, ყადაღა დაადო ბინას და მოვალის ანგარიშებს, რითაც აპელანტს შეუქმნა ისეთი პირობა, რომ მას ვალდებულება ვერ შეესრულებინა და გარდა ამისა დააკისრა სხვა დამატებითი ხარჯები.
8.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის პოზიციას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ მითითებული იქნა სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციის ფორმას, ხოლო მხარეებს შორის სადაო საკითხს სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა. სასამართლოს მსჯელობაში მითითებული ნორმები ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა აღქმული დავის არსი და მისი ფაქტობრივი გარემოებები, რის შესაბამისადაც მიღებული იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა. აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველად მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის მარტში მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხის მიერ 2017 წლის 23 ივნისს აღებული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
11. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.“ მუხლის აღნიშნული ნაწილი ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას—მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. პრაქტიკაში სწორედ ამ ორი, ორმხრივი გარიგების იურიდიული თავისებურების გამომხატველი პირობის ნაკლს მიჰყავს ხელშეკრულება ბათილობასთან. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის პირობა შეთანხმებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მასზე შედგეს კონსენსუსი, თუმცა თავად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საკმარისია, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან. იმისათვის,რომ ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებამ ხელშეკრულების დადება გამოიწვიოს, შეთანხმება უნდა მოხდეს „საამისოდ გათვალისწინებული ფორმით“. ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა ხელშეკრულება დადებულად. ფორმა შესაძლოა გათვალისწინებული იყოს კანონით, ან მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულებათა უმრავლესობაში ფორმა თვით მხარეების მიერ განისაზღვრება. გარიგების ფორმის დაწესებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი და ფუნქცია ჰქონდეს, მაგ. გაფრთხილების (რაც გარიგების დადებისას მხარეთა ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღების განდაცვაში მდგომარეობს); სიცხადის დამტკიცების (რაც შესაძლებელს ხდის იმისდადგენას, თუ რა სახით და შინაარსით დაიდო გარიგება), იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის (შესაძლებელსხდის ნების გამომვლენის იდენტიფიცირებას, ნების გამოვლენის ნამდვილობის დადგენას), ასევე ინფორმირებისა და რჩევის (უზრუნველყოფს მხარისადმი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას მის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით(მაგ. სამომხმარებლოხელშეკრულებებში), ასევე სანოტარო ფორმისას ნოტარიუსის მიერ მხარეთათვის სამართლებრივი რჩევის მიწოდებას ხელშეკრულებასთან და მის შედეგებთან მიმართებაში)
სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისთვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ იგი. ხელშეკრულება ფორმის თვალსაზრისით თავისუფალია, ანუ ზოგადად, კანონი მასთან მიმართებაში არაწესებს რაიმე მოთხოვნებს და ასეთი მოთხოვნა, მხოლოდ როგორც გამონაკლისი, ისე შეიძლება არსებობდეს კანონში, ან მხარეებმა თვითონ დააწესონ ის. ასეთ დროს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოთხოვნილი ფორმის დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულების ბათილობა.
2015 წლის 02 ივნისს ა------------ეს და შ------- ა-–--–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, მხარეებმა თავად განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია ამ ხელშეკრულების ფორმის დაცვით. ასეთი ცვლილებები/დამატებები უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
სსკ-ის 328-ე მუხლის შესაბამისად, დასახელებული ნორმის დანაწესისა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სანოტარო ფორმით იყო დადებული ხელშეკრულება, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 02 ივნისის შემდეგ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილელია კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კანონით დადგენილი სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება. (ას-712-682-2016)
აპელანტი ა------------ე 2017 წლის 23 ივნისის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას მოითხოვს იმ ფაქტობრივი საფუძვლით, რომ 2017 წლის მარტში მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხის მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს რადგან 2015 წლის 02 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელია კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, რაც მხარეთა მიერ არ იქნა შესრულებული. ამასთან, აპელანტი თავად მიუთითებს, რომ 2017 წლის მარტში მხარეთა შორის შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე დადგენილი წესით არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი