განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001316569
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2088-18 25 თებერვალი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – შ------------
წარმომადგენელი – ნ-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე – შ------------–----
წარმომადგენელი – გ--–---------
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. შ---------------------–------------–----- სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით 45 516 ლარის გადახდის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შ------------–----- სარჩელი შ------------- მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ------------- შ------------–----- სასარგებლოდ დაეკისრა 38 573 ლარის გადახდა;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ზიანის დადგომის ფაქტი. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ არ უნახავთ მკვდარი თევზი, ნახეს მხოლოდ ამოტრიალებული რამდენიმე ეგზემპლარი, თუმცა არ იციან, რა რაოდენობის თევზი იყო ამოტრიალებული. მოწმე ო-–--------–---მ, რომელსაც ე.წ. „მიღება-ჩაბარების“ აქტზე აქვს ხელი მოწერილი, არ იცის რუსული ენა, რაც განაცხადა კიდეც სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, მან არ იცოდა რას აწერდა ხელს. როგორც მას აუხსნეს, ხელმოწერით იგი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ თევზის რამდენიმე ეგზემპლარი იყო ამობრუნებულ მდგომარეობაში (იხ: მოწმე ო-–--------–---- ჩვენება).
5.2. საქმეზე დაკითხულმა ორივე მოწმემ უარყო სარჩელში მითითებული ის გარემოება, რომ ჟანგბადის მიწოდება შეფერხებით განხორციელდა. მოწმეებმა განმარტეს, რომ აპელანტის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჟანგბადის ნიშნული დასაშვების ქვეშ არ ჩამოსულა. ასევე, ორივე მოწმემ დადასტურა, რომ დამკვეთის/მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს რაიმე ტიპის პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
5.3. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რითაც ზიანის მიყენების (თევზის განადგურების და ჩამოწერის) ფაქტი დადასტურდებოდა. თევზის განადგურების ფაქტთან დაკავშირებით მოწმის ჩვენება სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. თუ თევზი ნამდვილად განადგურდა, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა შეედგინა შესაბამისი მტკიცებულება, ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უნდა განეხორციელებინა უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა საქართველოს ფ-------- მინისტრის #--- ბრძანების შესაბამისად, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. ყველა შემთხვევაში, საქმეში სათანადო მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით.
5.4. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ დაუდგენელია ზიანის ოდენობა. სსკ-ის 693-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით. ხოლო ის, თუ რამდენით შემცირდა ტვირთის ღირებულება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც საერთოდ არ დასტურდება ტვირთის ღირებულების შემცირების ფაქტი. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უმნიშვნელო ზიანი, რომლის რისკის მატარებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
5.5. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს რეკლამაციის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სსკ-ის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა რეკლამაციის წერილი მოპასუხეს 0--------- წელს წარუდგინა, მაშინ როცა გადაზიდვა 13-------- წელს დასრულდა და შესაძლო ზიანიც, თუ ასეთი არსებობდა, უნდა დამდგარიყო 13-------- წელს, რაზედაც მოსარჩელეს არ მიუთითებია.
5.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ გადასაზიდ ტვირთს დამკვეთის წარმომადგენელი ახლდა, რომელიც ტვირთის (ცოცხალი თევზის) სიცოცხლისა და უვნებლობისათვის საჭირო პირობების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი (ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტი). ხსნებული პირი შერჩეული იქნა მოსარჩელის მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ბრალეულობის განსაზღვრისა და მტკიცებისათვის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ არის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დასტურად, რომ ტვირთი დაზიანდა დამკვეთის/მოსარჩელისათვისათვის ჩაბარებამდე (გადაზიდვის) პროცესში. ორივე მოწმემ დაადასტურა რომ ტვირთი დაუზიანებელი გადაეცა დამკვეთს - შ------------–----, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
5.7. აპელანტის განმარტებით, სადავო პროდუქცია გადაზიდვის დაწყებისთანავე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, რომლის როგორც მატერიალური ფასეულობის განადგურების შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით მოეხდინა მისი ჩამოწერა და განადგურება. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ისეთი სპეციფიური სახის პროდუქტს, როგორიც თევზია. მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია სად წაიღო 4------- პროდუქცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემობას, რომ მის მიერ სადავო პროდუქცია რეალიზებული იქნა და მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ მისდგომია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. შ-------------- და შ------------–---- შორის გაფორმებული გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ცოცხალი თევზის ტრანსპორტირების ვალდებულება. გადაზიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეძენილი თევზის გადატანას ს--------- რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით შ-------------- და ი/მ რ-------------------- მიერ. გადამზიდავმა ტვირთი (თევზის პარტია) ს--------- რესპუბლიკაში 2----–-–------------ მიიღო.
10.2. ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნა ორი მანქანა: შპ------------ კუთვნილი M---------------------------------------, რომელსაც მართავდა რო----------------- და ავტომანქანა ს---------------------, რომელსაც მართავდა ო-–--------–---. ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია აირაციის სპეციალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას მანქანის ავზებში, სადაც განთავსებულია თევზი. სადახლოს ტერიტორიაზე შ------------- კუთვნილი ავტომანქანის მძღოლმა დამატებით დაამონტაჟა ჟანგბადის ბალონები.
10.3. მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაზიდვის განხორციელებამდე შემოწმებული იყო გზისთვის ვარგისიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.4. მოსარჩელემ ტვირთი 2----–-–------------ მიიღო. 20---–-–--------–--- კი რეკლამაციით მიმართა მოპასუხეს და ზიანის თაობაზე აცნობა. მოპასუხე მხარემ ზიანის დადგომის ფაქტი უარყო.
11. 2016 წლის 13 აპრილს შ------------–----- სარჩელით მიმართა სასამართლოს და სასარჩელო წესით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, შ------------- ავტომანქანა გზაში ტექნიკური გაუმართაობის, კერძოდ, აერაციის სისტემაში ჟანგბადის ბალონების უკმარისობის გამო გაჩერდა. მეორე გადამზიდავმა, საკუთარი მანქანიდან მოხსნა ჟანგბადის ბალონები და დაამონტაჟა შ------------- კუთვნილ მანქანაზე. დამკვეთის აუზებში თევზის გადმოტვირთვისას დაფიქსირებული იქნა ტრამვირებული და დახოცილი თევზი. ჩატარებული იქნა აერაციის სისტემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, რის შედეგად დადგინდა, რომ ჟანგბადის მიწოდება ხორციელდებოდა არანორმალური წნევის პირობებში.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში.
13. თბილისის საპელაციო სასამართლო აღნიშნული სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების და დამფუძნებელი ნორმის გამოყენების მიზნებისთვის მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს ( საქმე:საქმე №ას-667-667-2018, 28 ივნისი, 2018 წელი): „საკასაციო სასამართლო უპირველესად იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცების ტვირთის განაწილებისას იხელმძღვანელეს იმ სტანდარტისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეთათვის კანონითაა დადგენილი. კერძოდ, სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ სტანდარტს ადგენს: „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გამგზავნის ბრალეულობამ, ეკისრება გადამზიდველს“. გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთ-ერთ სასამართლო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა...აღსანიშნავია, რომ გარდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებისა, ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმება ერთმანეთის იდენტურია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებასთან მიმართებაშიც: სსკ-ის 687-ე მუხლის თანახმად, „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს. გადამზიდველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი ნორმების ობიექტური შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელ გარემოებათა კვლევა გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნის (ასევე მოთხოვნის გამომრიცხველი) მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის შემოწმებას, სარჩელში მითითებული (და დადგენილად მიჩნეული) გარემოებები რამდენად უზრუნველყოფენ მოთხოვნის დაკმაყოფილების მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის ობიექტურ შემადგენლობას“.
ამდენად, გადამზიდველისთვის ტვირთის გადაცემით, მასზე გადადის ტვირთთან დაკავშირებული რისკები და მისი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია გადამზიდავის ბრალეულობასთან მიმართებით. მოსარჩელე (გამგზავნი) იტოვებს საპროცესო უფლებას იყოს პასიური ფაქტების მითითების და მტკიცებულებათა წარმოდგენის კუთხით, იმ მოვლენებთან ან მიზეზებთან მიმართებით, რამაც გამოიწვია გადაზიდვის პერიოდში ტვირთის დაზიანება ან დაკარგვა. თუმცა მოსარჩელე (გამგზავნი) ვალდებულია მიუთითოს და ადასტუროს ტვირთის გადამზიდველისათვის გადაცემისა და ზიანის არსებობის ფაქტობრივი შემადგენლობა. ამდენად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
14.1. ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია რუსულ ენაზე შედგენილი (შემდგომში ნათარგმნი) სამუშაოს შესრულების აქტი #1-------- სადაც აღნიშნულია, რომ 4 000 კგ. თევზისაგან შემდგარი პარტია მიჩნეულია წუნდებულად. შესრულების აქტი ხელმოწერილია შ-----------–----- (მოსარჩელის) წარმომადგენლების და მძღოლის - ო-–--------–---- - მიერ. შესრულების აქტი მოპასუხის მიერ ხელმოწერით დადასტურებული არ არის.
14.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული ო-–--------–---- განმარტებით, ტვირთის დაცლის შემდეგ მან ნახა, რომ 15-20 ცალი თევზი იყო მკვდარი. მან რუსული არ იცის და აუხსნეს, რომ აქტზე ხელის მოწერით ამ თევზების დახოცვის ფაქტს ადასტურებდა. მან არ იცოდა, რომ სინამდვილეში 4------- თევზის დახოცვის ფაქტზე მოაწერინეს ხელი. თევზის ავზს ჟანგბადი არ მოკლებია. ჟანგბადის წნევა ნორმალური იყო, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მეორე მანქანიდან ერთი ცალი ჟანგბადის ბალონი მაინც დაამატეს.
14.3. მოწმე რ-------------------- (შპ------------ მძღოლის) განმარტებით, ტვირთის გადმოცლისას თევზი დახოცილი არ იყო, ასე რომ ყოფილიყო, მას იქედან არავინ გამოუშვებდა. დაახლოებით ერთ საათში წამოვიდნენ. წამოსვლიდან საათნახევარში დაურეკეს და უთხრეს, რომ თევზი დაიხოცა და აქტის გასაფორმებულად დაბრუნება მოსთხოვეს. იგი არ დაბრუნდა, იმიტომ რომ პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა. თევზის დაცლის შემდეგ მან მხოლოდ 3-4 ცალი მკვდარი თევზი ნახა ს------- ხელში. (იხ: სხდომის ოქმი 13:12:48). საერთოდ, 1,5-2 ტონა თევზის გადმოტანისას მოსალოდნელია და ნორმალურია, რომ 20-30 კგ (3-5 %) თევზი დაიხოცოს.
14.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზიანის ფაქტის არსებობისა და მისი მოცულობის დადასტურება, თუმცა მოსარჩელემ მხარემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.
14.5. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების თავისუფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
14.6. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დაკითხულმა ორივე მოწმემ უარყო 4------- თევზის დახოცვის ფაქტი. მათი განმარტებით, მათ მხოლოდ რამოდენიმე (4-5, 10-15 ცალი) მკვდარი თევზი ნახეს. მათ ასევე უარყვეს ის ფაქტი, რომ ჟანგბადის მიწოდება შეფერხებით განხორციელდა და განაცხადეს, რომ აპელანტის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჟანგბადის ნიშნული დასაშვებზე ქვემოთ არ ჩამოსულა, ხოლო დამატებითი ჟანგბადის ბალონის დამაგრება მხოლოდ წინდახედულობის გამოვლენა იყო და თავის დაზღვევის მიზნით განხორციელდა. საგულისხმოა გარემოება, რომ მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელიც მათ ტვირთის გადაზიდვისას ახლდათ თან, რაიმე ტიპის პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
14.7. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი - #1------- აქტი არ შეიძლება შეფასდეს ზიანის არსებობის დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც მოწმე ო-–--------–---- განცხადებით, მან რუსული ენა არ იცის, რუსულ ენოვანი აქტი კი მის მიერ ხელმოწერილი იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის თარგმანზე დაყრდნობით, შინაარსის გაცნობის გარეშე, რაც პალატის მოსაზრებით, 4------- თევზის განადგურების ფაქტის უტყუარად დადგენილად მიჩნევის მიზნებისათვის, წარმოდგენილ მტკიცებულებას არასაკმარისად აქცევს.
14.8. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადმოტვირთვიდან მოკლე დროში თევზმა დაიწყო თუ არა განადგურება, საქმეზე წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტია, რაც ზიანის მიყენების ფაქტს და ოდენობას დაადასტურებდა, მაგ: ექსპერტის დასკვნა; სპეციალისტის მოსაზრება; ფაქტების კონსტატაციის სამსახურის დასკვნა; მკვდარი თევზის, როგორც უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი და ა.შ.
14.9. მტკიცებულებათა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევა და შემდგომ მათი სწორი შეფასება მართლმსაჯულების განხორციელებისას სამოსამართლო საქმიანობის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის აღნიშნული პრინციპი გულისხმობს ცალკეულ მტკიცებულებათა ყოველმხრივ შემოწმებას, მათ შეპირისპირებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და გადაწყვეტილების მიღებას ყველა მტკიცებულების ერთობლივი შეფასების შედეგად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს; სახელდობრ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გარემოებები, რომლებიც შეიძლება დადასტურდეს ერთი სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისგან დადასტურებულია.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ვერ დაადასტურა ზიანის არსებობის ფაქტი, რაც ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
16. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შ------------–---- აპელანტის შპ------------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1542 ლარისა და 92 თეთრის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპ------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შ------------–----- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარეს - შ------------–---- - შპ------------ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1542 ლარისა და 92 თეთრის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი