განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
030310117002150007
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310117002150007

საქმე N3/ბ-354-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

აპელანტი – სსიპ შ--------–----------------

წარმომადგენელი – მა---------–--ე

აპელანტები:

1. შპს ,,მ–------–-’’

2. შპს ,,ვ----------’’

3. შპს ,,ლ-------’’

4. თ----–------------

5. გ--------------

წარმომადგენელი – დ---------–----

 

მოპასუხე – შპს ,,ლ------------’’

წარმომადგენელი – დ---------–----

 

დავის საგანი – ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის, სსიპ შ--------–----------------ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

1.2. აპელანტების: შპს ,,მ–------–-ს’’, შპს ,,ვ----------ს’’, შპს ,,ლ-------ს’’, თ----–------------ს და გ--------------ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შ--------–----------------ს სარჩელის სრულად უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2017 წლის 30 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“, შპს ,,ლ------------ს“, თ----–------------ს და გ--------------ს მიმართ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შ--------–----------------ს მიერ ,,მ–------–-ს“ ქონებაზე გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,მ–------–ს“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 114 986 ლარი საწარმოს დამფუძნებლებზე თ----–------------სა და გ--------------ზე.

 

წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო მოთხოვნას. თუმცა შპს ,,ვ----------ს“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 20 000 ლარი საწარმოს დამფუძნებელზე გ--------------ზე და ხელფასის სახით 4000 ლარი თ----–------------ზე. შპს ,,ვ----------“ წყვეტს საქმიანობას.

 

ასევე, შპს ,,ლ-------“ წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდგომ წყვეტს საქმიანობას, ხოლო ბალანსზე რიცხული სამშენებლო სამეურნეო ქონება ელ.სასაქონლო ზედნადებებით გადააწერა ტრანსპორტირების გარეშე შპს ,,ლ------------ს“. შპს ,,ლ-------ს“ დამფუძნებელი და დირექტორია გ--------------. ასევე ის არის შპს ,,ლ------------ში“ 30 % წილის მფლობელი და დირექტორი.

 

მოპასუხეებს აქვთ საქმიანობის სფერო ,,მედიკამენტებით ვაჭრობა“, აქვთ ერთი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ყავთ ერთი და იგივე დამფუძნებლები და დირექტორები თ----–------------ და გ--------------. შპს ,,ლ------მა“ სამშენებლო სამეურნეო ქონება გადასცა შპს ,,ლ------------ს“, ასევე გ--------------მ შეიძინა უძრავი ქონება და იჯარით გადასცა იმავე შპს ,,ლ------------ს“.

 

შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“, თ----–------------ს, გ--------------ს და შპს ,,ლ------------ს“ განსხვავება ერთმანეთისგან პრაქტიკულად შეუძლებელია, საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორებს თ----–------------ს და გ--------------ს გააჩნდა ერთი საერთო მიზანი - გაერიდებინათ თანხები საწარმოდან, რათა არ მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მათზე, კერძოდ საწარმო შპს ,,ლ------------“ თ----–------------ს და გ--------------ს მიერ გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ შპს ,,მ–------–ს“, შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,ლ------ს“ თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის, შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდა შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“ საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე პირები: შპს ,,მ–------–-“, შპს ,,ვ----------“, შპს ,,ლ-------“, თ----–------------, გ-------------- და შპს ,,ლ------------“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. მათ შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა გავლენა მოახდინა მათი საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე. კერძოდ, პირებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების მეშვეობით მათ განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

 

მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და დაუსაბუთებლობის მოტივით მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებულ იქნა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად შპს ,,მ–------–-“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------“ (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------“ (ს/ნ 4-------1), თ----–------------ (პ/ნ 4---------5) და გ-------------- (ს/ნ 4---------8). სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში (შპს ,,ლ------------ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში) არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2010 წლის 01 ნოემბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ დირექტორი და 50% წილის მფლობელი არის თ----–------------ (პ/ნ 4---------5), ხოლო 50% წილის მფლობელი - გ-------------- (პ/ნ 4---------8).

 

2.1.2. 2011 წლის 28 ოქტომბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ-------------- (პ/ნ 4---------8).

 

2.1.3. 2016 წლის 09 სექტემბერს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის გ-------------- (პ/ნ 4---------8).

 

2.1.4. 2017 წლის 30 აგვისტოს მომზადებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,ლ------------ს“ დირექტორი და 30% წილის მფლობელი არის გ-------------- (პ/ნ 4---------8), 20% წილის მფლობელი - მ-----------შვილი, 20% წილის მფლობელი - ფ-----------------–იძე, 30% წილის მფლობელი - ზ---------------ია. შპს ,,ლ------------ს“ იურიდიული მისამართი არის ქ.ფოთი, ჭ----------ს ქ.N-6.

 

2.1.5. 2017 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ.ფოთში, ჭ----------ს ქ.N-6-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ზ---------------ია (1/2 წილი) და გ-------------- (1/2 წილი).

 

2.1.6. 2014 წლის 19 მაისის N------ ბრძანების შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------, იურიდიული მისამართი: ქ.ფოთი, ჩ-----ის ქ.N21) ქონებას.

 

2.1.7. შპს ,,მ–------–-ს“ 2014 წლის 29 მაისის განცხადების საფუძველზე სსიპ შ--------–----------------ს ადმინისტრირების დეპარტამენტს ეცნობა, რომ საზოგადოებას (შპს ,,მ–------–-“) საკუთრებაში ან ბალანსზე რიცხული ქონება არ გააჩნია.

 

2.1.8. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 55987.25 ლარს.

 

2.1.9. 2014 წლის 19 მაისის N------ ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 41-------) ქონებას.

 

2.1.10. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–ს“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით გ--------------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი.

 

2.1.11. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–------–ს“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით თ----–------------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი.

 

2.1.12. 2015 წლის 15 ოქტომბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N------/1 აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე, კერძოდ: კონდენციონერზე, კომპიუტერის მონიტორზე (2 ცალი), კომპიუტერის კლავიატურაზე, თაგვზე (მაუსი), კომპიუტერის პროცესორზე (2 ცალი).

 

2.1.13. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 8536.49 ლარს.

 

2.1.14. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ საწარმოს დამფუძნებელზე გ--------------ზე დივიდენდის სახით 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული აქვს 20000 ლარი.

 

2.1.15. დასაქმებული პირის საძიებოდან (მიღებული შემოსავალი) ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ----------ს“ ხელფასის სახით გაცემული აქვს 4000 ლარი 2012-2013 წლებში თ----–------------ზე.

 

2.1.16. 2017 წლის 04 ივლისის N------- ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4-------1, იურიდიული მისამართი: ქ.ფოთი, ჩ-----ის ქ.N21) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

2.1.17. 2017 წლის 11 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N- აქტის შესაბამისად, განხორციელდა ყადაღის დადება შპს ,,ლ-------ს“ ქონებაზე, კერძოდ საკონტროლო სალარო აპარატზე.

 

2.1.18. 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 39865.96 ლარს.

 

2.1.19. 2017 წლის 08 მაისის Nელ-0--------8, 2017 წლის 10 მაისის Nელ-03-------2, 2017 წლის 23 მაისის Nელ-03-------4, 2017 წლის 13 აპრილის Nელ-02-------3, 2017 წლის 20 ივნისის Nელ-03-------3, 2017 წლის 17 მაისის Nელ-03-------1, 2017 წლის 11 მაისის Nელ-0--------6, 2017 წლის 31 მაისის Nელ-03-------9, 2017 წლის 17 მაისის Nელ-0--------6, 2017 წლის 17 მაისის Nელ-03-------1, 2017 წლის 12 ივნისის Nელ-03-------7, 2017 წლის 06 ივნისის Nელ-03-------3, 2017 წლის 22 იანვრის Nელ-0--------8, 2017 წლის 13 მარტის Nელ-02-------4, 2017 წლის 24 იანვრის Nელ-02-------1, 2016 წლის 12 ნოემბრის Nელ-0--------8, 2017 წლის 13 თებერვლის Nელ-0--------0, 2017 წლის 29 აპრილის Nელ-03-------9 სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, შპს ,,ლ------მა“ შპს ,,ლ------------ს“ გადასცა საქონელი.

 

2.1.20. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ვ----------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 8881.20 ლარს.

 

2.1.21. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,მ–------–-ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 57547.19 ლარს.

 

2.1.22. 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 მარტამდე მდგომარეობით არსებული შედარების აქტის შესაბამისად, შპს ,,ლ-------ს“ მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება შეადგენს 43006.92 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

შ--------–----------------ს მიერ აღძრული სარჩელი, შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4-------1), თ----–------------ს (პ/ნ 4---------5), გ--------------ს (პ/ნ 4---------8) და შპს ,,ლ------------ს“ (ს/ნ 4-------3) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, სწორედ აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რომლის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ამ ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი კომპეტენციიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

2.2.2. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

 

გადასახადის გადახდის კონსტიტუციური ვალდებულება აისახა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

გადასახადის გადამხდელის მხრიდან კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულებაზე მიუთითებს ასევე საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპის ჯეროვნად აღსრულების მიზნით, საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ორგანოს ბოჭავს კონკრეტული სამართლებრივი ნორმებით, რათა ბიუჯეტის წინაშე ანგარიშგება განხორციელდეს პირის ძირითადი უფლებების დარღვევის გარეშე. საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის ,,ა“, ,,ბ“, ,,რ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები; გადასახადის გადამხდელს წარუდგინონ საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

2.2.3. მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების პროცესში გადასახადის გადამხდელები, ისევე როგორც საგადასახადო ორგანოები იმყოფებიან სამართლებრივი ბოჭვის პირობებში. აღნიშნული მიზნით მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესაბამის კანონმდებლობასთან. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს ნათელი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, ვინაიდან მოცემულ ურთიერთობაში მონაწილე ყოველი პირისათვის ნათელი იყოს განხორციელებული ოპერაციის სამართლებრივი შედეგები.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 35-ე თავში. მოცემული ნორმატიული აქტის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ვალდებულების უზრუნველყოფა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ქონებით, ამა თუ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მეშვეობით.

 

2.2.4. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსით ზემოაღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება გათვალისწინებულია როგორც გადასახადის გადამხდელთა ქონების მიმართ, ასევე, მესამე პირთა მიმართ, რომელთაც გააჩნიათ გადასახადის გადამხდელთა ვადამოსული დავალიანება (240-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა საგადასახადო კოდექსი წინასწარ დადგენილ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები სხვა მესამე პირთა მიმართაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამდენად, მოცემული ნორმა პირთა ცრუმაგიერად ცნობის კომპეტენციას მიაკუთვნებს სასამართლოს. სასამართლოს მიერ პირთა ცრუმაგიერად ცნობის შემთხვევაში, კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უზრუნველყოფის ღონისძიება ამ პირთა მიმართ.

 

მოსარჩელე მხარის, სსიპ შ--------–----------------ს მიერ შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4-------1), თ----–------------ს (პ/ნ 4---------5), გ--------------ს (პ/ნ 4---------8) და შპს ,,ლ------------ს“ (ს/ნ 4-------3) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის (აღიარების) საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით შ--------–----------------ს მიერ ,,მ–------–-ს“ ქონებაზე გავრცელებული იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,მ–------–ს“ დივიდენდის სახით გაცემული აქვს 114986 ლარი საწარმოს დამფუძნებლებზე თ----–------------სა და გ--------------ზე. წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,ვ----------ს“ ქონებაზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და 2014 წლის 19 მაისს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების ღირებულება ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო მოთხოვნას, თუმცა შპს ,,ვ----------ს“ დივიდენტის სახით გაცემული აქვს 20 000 ლარი საწარმოს დამფუძნებელზე გ--------------ზე და ხელფასის სახით 4 000 ლარი თ----–------------ზე. შპს ,,ვ----------“ წყვეტს საქმიანობას. ასევე, შპს ,,ლ-------“ წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდგომ წყვეტს საქმიანობას, ხოლო ბალანსზე რიცხული სამშენებლო სამეურნეო ქონება ელ. სასაქონლო ზედნადებებით გადააწერა ტრანსპორტირების გარეშე შპს ,,ლ------------ს“. შპს ,,ლ-------ს“ დამფუძნებელი და დირექტორია გ--------------, ასევე ის არის შპს ,,ლ------------ში“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი. მოპასუხეებს აქვთ საქმიანობის სფერო ,,მედიკამენტებით ვაჭრობა“, აქვთ ერთი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ყავთ ერთი და იგივე დამფუძნებლები და დირექტორები თ----–------------ და გ--------------. შპს ,,ლ------მა“ სამშენებლო სამეურნეო ქონება გადასცა შპს ,,ლ------------ს“, ასევე, გ--------------მ შეიძინა უძრავი ქონება და იჯარით გადასცა იმავე შპს ,,ლ-----------ს“.

 

სასამართლოს მსჯელობით, საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორებს თ----–------------ს და გ--------------ს გააჩნდა ერთი საერთო მიზანი - გაერიდებინათ თანხები საწარმოდან, რათა არ მომხდარიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მათზე, კერძოდ საწარმო შპს ,,ლ------------“ თ----–------------ს და გ--------------ს მიერ გამოყენებულ იქნა იმ მიზნით, რომ შპს ,,მ–------–ს“, შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,ლ------ს“ თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის, შედეგად შეუძლებელი აღმოჩნდა შპს ,,მ–------–-ს“, შპს ,,ვ----------ს“, შპს ,,ლ-------ს“ საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება და დღეის მდგომარეობით შეუსრულებელი რჩება ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება.

 

2.2.5. სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განმარტა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იქნება განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოკვლეულ იქნეს და უტყუარად დადგინდეს მოპასუხეთა ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კანონით დაწესებულ რეგულაციებთან, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს პირის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი: პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

ამდენად, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება: ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე ნორმის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება; კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდებოდა, რომ გ-------------- და თ----–------------ იყვნენ მეუღლეები, მითითებული საზოგადოების დამფუძნებლები, რომლებსაც გარკვეული ოდენობის დივიდენდი და ხელფასი ჰქონდათ მიღებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისაგან.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასმართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შპს ,,მ–------–-ს“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს“ (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------ს“ (ს/ნ 4-------1), თ----–------------სა (პ/ნ 4---------5) და გ--------------ს (ს/ნ 4---------8) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

 

2.2.6. რაც შეეხება შპს ,,ლ------------ს“ სხვა მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად აღიარებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, შპს ,,ლ------მა“ შპს ,,ლ------------ს“ გადასცა სამშენებლო და სამეურნეო საქონელი სატრანსპორტო ზედნადების გარეშე. შპს ,,ლ------------ს" მიერ თანხა გადახდილია. შპს ,,მ–------–-ს" და შპს ,,ვ----------ს" სახელმწიფოს წინაშე დავალიანების წარმოშობიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ დაფუძნდა შპს ,,ლ-----ა". განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რაოდენობის საქონელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით გადაეცა შპს ,,ლ-----------ს“, ვერ დასტურდებოდა ამ უკანასკნელის სხვა მოპასუხეებისაგან განსხვავების შეუძლებლობა. შპს ,,ლ------------ს“ 70% წილის მფლობელები იყვნენ პირები, რომლებსაც საერთო არ ჰქონდათ შპს ,,მ–------–თან“ (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------სთან“ (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ------თან“ (ს/ნ 4-------1) და მათ სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებებთან. კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებები და ის გარემოება, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით, არ დასტურდებოდა, შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ისე შპს ,,მ–------–-ს’’, შპს ,,ვ----------ს’’, შპს ,,ლ-------ს’’ დირექტორებმა და ფიზიკურმა პირებმა თ----–------------მ და გ--------------მ.

 

3.1.1. აპელანტი სსიპ შ--------–----------------ს განმარტებით, გამჭოლი პასუხისმგებლობა არის სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული სამართლებრივი ინსტიტუტი (სამართლებრივი ტერმინი), რომელიც ასევე მიღებულია საგადასახადო სამართალში ცრუმაგიერი მფლობელობის სახით, რომლის საფუძველზეც კომპანიის ვალდებულებები გადადის ასევე სხვა პირზე.

 

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

საგადასახადო კოდექსის მოცემული ნორმა ითვალისწინებს ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობას, კერძოდ 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2. სხვა პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1) საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება; ერთიანად დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2) ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3) კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4) კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5) შვილობილის (კომპანიის) ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6) „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია;

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით სხვა პირი გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით ფორმებია: 1) კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია - კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად; 2) კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით;

 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის ამომწურავი და ისინი არ გამოიყენება კუმულაციურად, მთავარია სასამართლო, რომელიმე ერთ-ერთი გარემოების (ან საერთოდ სხვა გარემოების, რომელიც აქ არ არის მოცემული) არსებობისას დარწმუნდეს, რომ სახეზე არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს: 1. გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების შეუძლებლობას; 2. ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით;

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მტიცებულებებით დასტურდება, რომ გ--------------ს და თ----–------------ს ქმედება მიზნობრივად მიმართული იყო მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებისაკენ. მან საგადასახადო დავალიანების მქონე შპს-ს დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო საგადასახადო ვალდებულების შესახებ, დაარეგისტრირეს ახალი საწარმო და გაარიდეს ქონება, რომლითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულება;

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობა კომპანიის წინაშე კერძოდ მისი მოვალეობაა ,,საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსი საწარმოს უარს დირექტორისაგან რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილად მიიჩნევს. თუ ასეთი ანაზღაურება საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, ამიტომ ასეთი აუცილებლობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც კრედიტორს უფლება უნდა მიენიჭოს უშუალოდ მოითხოვოს ანაზღაურება დირექტორისგან.

 

ამასთან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს;

 

3.1.5. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვი ქმნის იმის საფუძველს, რომ მივიჩნიოთ შპს ,,მ–------–-", შპს ,,ვ----------", შპს ,,ლ-------", შპს ,,ლ------------" თ----–------------ს და გ--------------ს მიერ (ს/ნ 4-------3) გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, თ----–------------ს (პ/ნ 4---------5), გ--------------ს (ს/ნ 4---------8) გააჩნდათ საერთო მიზანი – გაერიდებინათ ქონება საწარმოებიდან, რადგან არ მომხდარიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შპს ,,მ–------–-" (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------" (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------ს" (ს/ნ 4-------1) ქონებაზე.

 

ამდენად აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შ--------–----------------ს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და შპს ,,მ–------–-ს" (ს/ნ 2--------), შპს ,,ვ----------ს" (ს/ნ 41-------), შპს ,,ლ-------ს" (ს/ნ 4-------1) თ----–------------ს (პ/ნ 4---------5), გ--------------ს (ს/ნ 4---------8) და შპს ,,ლ------------ს" (ს/ნ 4-------3)" ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

3.2.1. აპელანტების: შპს ,,მ–------–-ს’’, შპს ,,ვ----------ს’’, შპს ,,ლ-------ს’’ დირექტორების და ფიზიკური პირების თ----–------------ს და გ--------------ს განმარტებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ განსაზღვრავენ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოყენებული ნორმის სამართლებრივ შედეგს, რამდენადაც ეს გარემოებები არ ქმნიან აპელანტთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცრუმაგიერად ცნობის კონკრეტული წინაპირობები. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, პირები ცრუმაგიერად მიიჩნევიან თუკი: პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან, ამასთან, ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

3.2.2. აპელანტების განმარტებით, არსებული რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ, ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა, ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლომ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გ-------------- და თ----–------------ არიან მეუღლეები, რომლებიც იყვნენ შპს ,,მ–------–-ს“ დამფუძნებლები, შპს ,,მ–------–ს“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით გ--------------ზე და თ----–------------ზე გაცემული აქვს თითოეულზე 57 493 ლარი. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ვ----------ს“ საწარმოს დამფუძნებელზე გ--------------ზე დივიდენდის სახით 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული აქვს 20 000 ლარი და ასევე შპს ,,ვ----------ს“ თ----–------------ზე ხელფასის სახით გაცემული აქვს 4 000 ლარი 2012-2013 წლებში თ----–------------ზე, მიიჩნია, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავდა გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები, არ ქმნიდა მოპასუხეთა (აპელანტთა) ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც შპს "მ–------–-’’-დან თ----–------------ს და გ--------------ს დივიდენდი მიღებული აქვთ 2012 წელს, როდესაც საწარმოს ბიუჯეტის წინაშე რაიმე დავალიანება არ ერიცხებოდა და იგი დაერიცხა მოგვიანებით განხორციელებული შემოწმების საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება ხელფასის მიღებას, იგი ფიზიკურ პირებს მიღებული აქვთ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ და ეს გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის ცრუმაგიერად აღიარებას.

 

3.2.3. ამდენად აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ქმნიდა მათ (მოპასუხეთა) საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან საერთოდ დაუსაბუთებელია და გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული შპს ,,მ–------–-“, შპს ,,ვ----------“, შპს ,,ლ-------“ რატომ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, თ----–------------ რატომ წარმოადგენს შპს ,,ლ-------ს’’ და შპს ,,ვ----------ს" ცრუმაგიერ პირს, როდესაც მას არავითარი შეხება ამ ორ კომპანიასთან არ გააჩნია და მისი დამფუძნებელი და დირექტორი არის გ--------------.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები თვლიან, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ნაწილობრივ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოპასუხეთა) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სააპელაციო სასამართლოს ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენასთან დაკავშირებით მიუთუთებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად: „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).

 

საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1195-1189(კ-17)) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,სასამართლომ ამა თუ იმ პირების ცრუმაგიერობის შესამოწმებლად მხედველობაში უნდა მიიღოს არა ის გარემოება, თუ რამდენად შესაძლებელია გვაროვნულად, სამართლებრივი ფორმით ან საიდენტიფიკაციო ნომრით სუბიექტების ერთმანეთისაგან განსხვავება, არამედ ამოსავალი და უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ის ბიზნესაქტივობა, რომელიც განაპირობებს შემოსავლის მიღებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ცრუმაგიერობის დასადგენად შეფასდეს, თუ რამდენად არის შესაძლებელი დაირღვეს მიჯნა სხვადასხვა იურიდიული/ფიზიკური პირების ბიზნესსაქმიანობას შორის’’.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ----–------------ და გ-------------- არიან მეუღლეები. გარდა აღნიშნულისა, თ----–------------ არის შპს ,,მ–------–-ს“ დირექტორი და 50% წილის მფლობელი, გ-------------- კი ამავე საზოგადოების 50% წილის მფლობელი. ეს უკანასკნელი ასევე არის შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,ლ-------ს“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, ასევე შპს ,,ლ------------ს“ დირექტორი და 30% წილის მფლობელი.

 

საქმეში არსებული მასალებითა და სააპელაციო სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებით ისიც უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,მ–------–ს“ 2012 წლის 14 დეკემბერს დივიდენდის სახით გ--------------ზე გაცემული აქვს 57493 ლარი, ხოლო თ----–------------ზე - 57493 ლარი, ხოლო შპს ,,ვ----------ს“ საწარმოს დამფუძნებელზე გ--------------ზე დივიდენდის სახით 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული აქვს 20000 ლარი. დადგენილია, რომ როგორც შპს ,,მ–------–-ს“, ისე შპს ,,ვ----------ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია ამავე პერიოდში (იხ. 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომის ოქმი), ანუ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში სახელმწიფოს სასარგებლოდ დავალიანების დაფარვის ნაცვლად შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,მ–------–-ს“ დამფუძნებლებმა ურთიერთდამოკიდებულება და საწარმოს მართვაზე აბსოლუტური კონტროლი გამოიყენეს გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით და დივიდენდის სახით საწარმოდან გაიტანეს საკმაოდ სოლიდური თანხები, მაშინ როდესაც ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.12 მუხლის თანახმად, დივიდენდი არის მოგების განაწილების შედეგად მიღებული შემოსავალი, მოგება კი ყველა ხარჯის, მათ შორის დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხაა, რაც პრინციპიც კონკრეტულ შემთხვევაში დამფუძნებლებს არ განუხორციელებიათ, შესაბამისად სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელის - შპს ,,ვ----------ს“ და შპს ,,მ–------–-ს“ გამოყენება მათი დირექტორებისა და დამფუძნებლების მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ხოლო ფულადი ვალდებულების არსებობის პირობებში შპს ,,ვ----------საგან“ და შპს ,,მ–------–-საგან“ დივიდენდის სახით თანხების გატანა ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და მათი დამფუძნებლების ცრუმაგიერობაზე მიუთითებს, შესაბამისად შპს ,,მ–------–-ს’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობილი უნდა იქნეს გ-------------- და თ----–------------, ხოლო შპს ,,ვ----------ს’’ ცრუმაგიერ პირად - გ--------------.

 

პალატა ვერ გაიზაირებს სსიპ შ--------–----------------ს წარმომადგენლის მოსაზრებას შპს ,,ვ----------ს“ ცრუმაგიერ პირად თ----–------------ს ცნობის შესახებ, რადგანაც როგორც საქმის მასალებით დადგენილია, შპს ,,ვ----------ს“ თ----–------------ზე 2012-2013 წლებში 4000 ლარი გაცემული აქვს როგორც დასაქმებულზე (ფარმაცევტზე) ხელფასის სახით, აღნიშნული გარემოება კი გაცემული თანხის ოდენობის გონივრულობის გათვალისწინებით არ წარმომადგენს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საკმარის საფუძველს.

 

რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას შპს ,,ლ------------ს“-თან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით შპს ,,ლ------------’’ შპს ,,მ–------–-ს" და შპს ,,ვ----------ს" სახელმწიფოს წინაშე დავალიანების წარმოშობიდან დაფუძნებულია დაახლოებით ორი წლის შემდეგ, მას გააჩნია საქმიანობის სულ სხვა ბიზნესსაქმიანობა (სამედიცინო მომსახურება), მის ერთ-ერთ დამფუძნებელს გ--------------ს საზოგადოებაში არ გააჩნია საკონტროლო წილი და ამასთან საქმის მასალებით დასტურდება შპს ,,ლ-------ს“ მიერ მიწოდებულ სამშენებლო და სამეურნეო საქონელში თანხის გადახდის ფაქტი, რაც მხარეთა ახსნა-განმარტებით გამოყენებული იქნა სამედიცინო დაწესებულების შენობის მშენებლობის პროცესში, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება შპს ,,ლ------------ს’’ სხვა მოპასუხეებთან ცრუმაგიერი მფლობელობა.

 

რაც შეეხება სხვა მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობას, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით შპს ,,მ–------–ს“ სახელმწიფოს წინაშე დავალიანება წარმოეშვა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 2006-2012 წლებს, შპს ,,ვ----------ს“ დავალიანება წარმოეშვა 2013 წლის დეკლარაციის საფუძველზე 2012 წლის ეკონომიკური საქმიანობისთვის, ხოლო შპს ,,ლ------ს“ – 2017 წელს (იხ. საგადასახადო დოკუმენტები, ასევე 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე მიცემული მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) პირების რეესტრიდან ამონაწერით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს ,,მ–------–-“ დაფუძნდა 1998 წლის 02 ივლისს, შპს ,,ლ-------“ 2012 წლის 29 ნოემბერს, ხოლო შპს ,,ვ----------“ დაფუძნდა 2010 წლის 03 დეკემბერს. რაიმე სახის სასაქონლო ოპერაცია მითითებულ საწარმოებს ერთმანეთში არ განუხორციელებიათ, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე სახეზე არ არის საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელის მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით სხვა მეწარმე სუბიექტებთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, მხოლოდ მეწარმე სუბიექტების დამფუძნებელთა ურთიერთდამოკიდებულება კი სხვა ფორმალური ურთიერთობების (ერთი და იგივე ბიზნესაქმიანობა, განხორციელებული ფიქტიური სასაქონლო ოპერაცია და სხვა) არსებობის გარეშე საკმარისი არ არის მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შ--------–----------------ს და შპს ,,მ–------–-ს’’ შპს ,,ვ----------ს’’ შპს ,,ლ-------ს’’, თ----–------------ს და გ--------------ს სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს ,,მ–------–-ს’’ ცრუმაგიერ პირებად უნდა იქნეს ცნობილი გ-------------- და თ----–------------, ხოლო შპს ,,ვ----------ს’’ ცრუმაგიერ პირად - გ--------------. დანარჩენ ნაწილში სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სსიპ შ--------–---------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო შპს ,,მ–------–-ს’’, შპს ,,ვ----------ს’’, შპს ,,ლ-------ს’’, თ----–------------ს და გ--------------ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, თ----–------------ს და გ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბრად უნდა დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდა, რადგანაც სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შ--------–----------------ს და შპს ,,მ–------–-ს’’ შპს ,,ვ----------ს’’ შპს ,,ლ-------ს’’ თ----–------------ს და გ--------------ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

– სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

– შპს ,,მ–------–-ს’’ ( ს/ნ2--------) ცრუმაგიერ პირებად ცნობილი იქნეს გ-------------- (პ/ნ 4---------8) და თ----–------------ (პ/ნ 4---------8) ;

 

– შპს ,,ვ----------ს’’ (ს/ნ 41-------) ცრუმაგიერ პირად ცნობილი იქნეს გ-------------- (პ/ნ 4---------8);

 

3. დანარჩენ ნაწილში სსიპ შ--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. თ----–------------ს და სხვათა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. სსიპ შ--------–---------------- განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. თ----–------------ს და გ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბრად დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი