განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001508569
საქმე №1ბ/371-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ----------–-ძის,ადვოკატ - დ------–----–----ას,მსჯავრდებულ - გი-----------–--------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი-----------–--------ას და მისი ადვოკატის დ------–----–----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-----------–--------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ----------------------------–------–-----------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
გი-----------–--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გი-----------–--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან.
გი-----------–--------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 24 ივნისს ქ. თბილისში ლისი-ვერანდას დასახლებიდან, გი-----------–--------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გი-------------ის კუთვნილ „G-----“-ის ფირმის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1300 (ათასსამასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გი-----------–--------ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ------–----–----ამ, რომლებმაც ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გი-----------–--------ას მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე. მართალია დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ თვითონ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები ადასტურებენ მხოლოდ ველოსიპედის დაკარგვისა და შემდეგ რამდენიმე პირის მფლობელობაში მისი აღმოჩენის ფაქტს; ხოლო გი-----------–--------ას მიერ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად ისინი არ არიან რელევანტური მტკიცებულებები. მოწმეთა ჩვენებებიდან არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ გი-----------–--------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გი-------------ის კუთვნილ ველოსიპედს. აპელანტი ასევე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცებული აღიარებითი ჩვენება, ვინაიდან იგი არ იყო გამყარებული მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით. რეალურად გი-----------–--------ამ ლისი ვერანდას ტერიტორიაზე 200 ლარად შეიძინა ხსენებული ველოსიპედი მისთვის უცნობი პირისაგან; სურდა მისი გაყიდვა ისეთ ფასად, რომ ცოტა სარგებელიც დარჩენოდა, თუმცა ვინაიდან ეს ვერ მოახერხა, ირ---–-----–-–---–ს გაუცვალა იგი ტელეფონში. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდებს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და გი-----------–--------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გი-----------–--------ამ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გი-----------–--------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: გი-------------ის, და--------------ის, ირ---–-----–-–---–ის და ალ-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ინტერნეტსაიტის დათვალიერების ოქმით; ველოსიპედის დათვალიერების ოქმით; გი-----------–--------ას აღიარებითი ჩვენებით; საგამოძიებო ექსპერიმენტით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ და რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარემ, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს.
დაზარალებულ გი-------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობს ქ-------–--–----–--------------------–---------------ში. 2016 წლის 23 ივნისს, საღამოს კუთვნილი ველოსიპედი გააჩერა ზემოაღნიშნულ მისამართზე, სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ველოსიპედების სპეციალურ სადგომზე. 2016 წლის 27 ივნისს დილის საათებში, როდესაც დააპირა ველოსიპედით სარგებლობა, აღმოაჩინა, რომ ველოსიპედი აღარ იყო თავის ადგილზე. თავდაპირველად იფიქრა, რომ რომელიმე მეზობელი წაიყვანდა შეცდომით და ელოდებოდა დაბრუნებას, თუმცა რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ ველოსიპედი მოპარული იყო. დაზარალებულის განმარტებით, მისი ველოსიპედი არის „G----“-ის ფირმის; ე.წ. „რამა“ აქვს შავი ფერის; წინა „ამორტიზატორები“ და დასაჯდომი სკამი - თეთრი ფერის, მაგრამ მასზე გადაკრულია ნაჭრის შალითაში ჩასმული შავი ფერის დამცავი ღრუბელი; ასევე აქვს შავი ფერის ნაცვეთი და გატეხილი პედლები; ე.წ. „რამას“ ქვედა ღერძზე ორივე მხარეს აქვს თეთრი ფერის წარწერა - „G----“; მარცხენა მხარეს არსებულ ზემოაღნიშნულ წარწერას აქვს დაზიანება, კერძოდ ასოები „A“ და „N“ არის ნაწილობრივ გადაშლილი. ასევე, ველოსიპედის ე.წ. „რამას“ ქვედა ღერძზე დამაგრებულია ბოთლის ჩასადები, რომელიც შიგნით არის ჩაღუნული. ველოსიპედს საჭის ორივე მხარეს უყენია „SHIMANO“-ს ფირმის სიჩქარეების გადამრთველი და „BONTRAGER“-ის ფირმის გაცვეთილი საბურავები. დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2 ივლისს ინტერნეტ საიტი „m---------e“-ს დათვალიერებისას ნახა თავისი ველოსიპედი, რომელიც იყო ცოტა შეცვლილ მდგომარეობაში, მაგრამ ამოიცნო ზემოაღნიშნული ზოგიერთი ნიშნით. განცხადება ველოსიპედის შესახებ განთავსებული ჰქონდა პიროვნებას სახელად „ნ---“ და მითითებული იყო მობილური ტელეფონის ნომერი - 5-----------. დაზარალებულის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ საიტზე განთავსებულია სწორედ მისი კუთვნილი ველოსიპედი, რომელიც მოპარეს სადარბაზოდან; დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა 1300 ლარის ზიანი.
მოწმე და--------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაკავებულია კერძო საქმიანობით, ყიდულობს დაზიანებულ ველოსიპედებს, არემონტებს და შემდგომში ყიდის. 2016 წლის 27 ივნისს ინტერნეტ საიტი „m---------e“-ზე შეარჩია ერთ-ერთი ველოსიპედი, რომელიც იყო მუშა მდგომარეობაში და ვინაიდან იყიდებოდა შედარებით დაბალ ფასად, საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 5----------- დაუკავშირდა მფლობელს - ირ---–-----–-–---–ს. მოლაპარაკების შემდეგ 550 ლარად შეიძინა ზემოაღნიშნული „G----“-ის ფირმის ველოსიპედი, რომელიც წამოიყვანა ვა–-–-------–------------------–---–-------------დან. მის მიერ შეძენილი ველოსიპედი არის შავი ფერის, „რამაზე“ წარწერით „G----“, რომელსაც აქვს თეთრი ფერის დასაჯდომი სკამი ასევე წარწერით „G----“. მან შეძენის შემდეგ ველოსიპედს გამოუცვალა BONTRAGER“-ის ფირმის გაცვეთილი საბურავები და დაუყენა ახალი „KENDA“-ს ფირმის საბურავები. ასევე გამოუცვალა შავი ფერის დაზიანებული პედლები და დაამონტაჟა თეთრი ფერის „სოლდიერის“ ფირმის პედლები. ველოსიპედს რამაზე განთავსებული წარწერას აქვს დაზიანება, კერძოდ ასოები „A“ და „N“ არის ნაწილობრივ გადაშლილი. ხოლო წყლის ჩასადები მოწყობილობა არის ოდენვ დაღუნული. აღნიშნული ველოსიპედი შეკეთების შემდეგ განათავსა ინტერნეტ საიტი „m---------e“-ზე გასაყიდად, სადაც მითითებული აქვს შვილის სახელი - ნ--- და საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი - 5-----------. მოწმე მზადაა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ველოსიპედი, მის შეცვლილ, ძველ ნაწილებთან ერთად.
მოწმე ირ---–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ. თ---–--–---------–---–----------ში აქვს კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია. ასევე, საქმიანობის განხორციელების მიზნით სარგებლობს ინტერნეტ საიტით „m---------e“. აღნიშნულ საიტზე მას განთავსებული ჰქონდა მობილური ტელეფონი „აიფონ 5“, მითითებული იყო მისი ტელეფონის ნომერი 5----------- და ფასი - 350 ლარი. 2016 წლის 27 ივნისს დაუკავშირდა უცხო პიროვნება ნომრიდან - 5----------- და უთხრა, რომ დაინტერესებული იყო მის მიერ საიტზე განთავსებული მობილური ტელეფონით „აიფონ 5“. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას სურდა მობილური ტელეფონი შეეძინა არა თანხის სანაცვლოდ, არამედ გაეცვალა ველოსიპედში. დაფიქრების შემდეგ განუცხადა, რომ მისთვის წარედგინა პირადობის მოწობა და ამის შემდეგ განიხილავდა მის შეთავაზებას. შეხვედრის მიზნით იგი (ირ---–-----–-–---–ი) გამოცხადდა ქ.თ---–--–-------–----------ზე მდებარე თონესთან, სადაც დახვდა ორი პიროვნება. მათგან ერთ-ერთი იყო ის, ვინც ესაუბრა ტელეფონზე - სახელად გ------ი. მეორე პიროვნება კი მუშაობდა იქვე არსებულ თონეში. გ------იმ უთხრა, რომ ველოსიპედი ქონდა იქვე და აჩვენა შავი ფერის თეთრად გაწყობილი „გიანტის“ ფირმის ველოსიპედი, რომელსაც სავარძელზე გადაკრული ჰქონდა შავი ფერის სპეციალური ღრუბელი, წინა საბურავი იყო შედარებით გაცვეთილი, ვიდრე უკანა, ხოლო სატერფულები ჰქონდა შავი ფერის. აღნიშნულ პიროვნებას ველოსიპედის სანაცვლოდ იქვე გადასცა მუყაოს ყუთში მოთავსებული მობილური ტელეფონი „აიფონ 5“, „უსბ“ კაბელთან და დასამუხტ მოწყობილობასთან ერთად. გ------იმ მას მისცა პასპორტის ქსეროასლი, თუმცა მოწმეს არ გადაუმოწმებია და პირის იდენტიფიცირება არ მოუხდენია. ამ პირის გვარი არ იცის, ხოლო სახელი - გ------ი, გაიგო პროგრამა „ვაიბერის“ საშუალებით მას შემდეგ, რაც მობილურში ჩაიწერა მისი ნომერი. ამის შემდეგ ველოსიპედის გაყიდვის შესახებ განცხადება განათავსა ინტერნეტ საიტ „m---------e-ზე. იმავე დღეს, 2016 წლის 27 ივნისს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა მისთვის უცხო პიროვნება, შეთანხმდნენ პირობებზე და დაახლოებით ერთ საათში გ-----–---–--------ზე მდებარე მისი კუთვნილი მაღაზიიდან 550 ლარად მიყიდა აღნიშნული ველოსიპედი. ველოსიპედიდან მოხსნილი ჰქონდა შავი ფერის დასაჯდომი ღრუბელი, რომელიც ჰქონდა მაღაზიაში და იმ მომენტში არ გაახსენდა, რომ გაეტანებინა მყიდველისათვის. მოწმემ წარმოადგინა აღნიშნული ღრუბელი და ვინმე გ------ის მიერ მისთვის გადაცემული პასპორტის ქსეროასლი.
მოწმე ალ-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს ქ.თ---–--–-------–---------- N-- კორპუსის მიმდებარედ არსებულ თონეში. მანამდე კი მუშაობდა ქა-–-------------–-----------------–---------ს კუთვნილ თონეში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა მისი ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილთან - გი-----------–--------ასთან. 2016 წლის 27 ივნისს, დილის საათებში მასთან თონეში მივიდა გი-----------–--------ა, მიიტანა ველოსიპედი და უთხრა, რომ აპირებდა მის გაყიდვას. ამასთან, სთხოვა პასპორტის ასლი, განუმარტა, რომ თავისი დარჩა სახლში, ხოლო პასპორტის გარეშე ველოსიპედს ვერ გაყიდდა. პასპორტის ასლის გადაცემაზე უარი არ უთქვამს, ვინაიდან მის ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. დაახლოებით 13 საათზე თონესთან მივიდა ერთი მამაკაცი, რომელიც გაეცნოთ როგორც ირ---–-----–-–---–ი. გ------ი და აღნიშნული პიროვნება შეთანხმდნენ ნივთების გაცვლაზე, კერძოდ, გი-----------–--------ამ მას მისცა ხსენებული ველოსიპედი და მისი (ალ-------–--–---–ის) პასპორტის ასლი, ხოლო ირ---–-----–-–---–მა გ------ის გადასცა მუყაოს ყუთში მოთავსებული შავი ფერის მობილური ტელეფონი - „აიფონ 5“, „უსბ“ კაბელი და დამტენი. ირ---–-----–-–---–ის წასვლის შემდეგ, გ------იმ იქვე არსებულ ლომბარდში დატოვა მობილური ტელეფონი, დაემშვიდობა მას და ისიც წავიდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გი-----------–--------ას მობილური ტელეფონის ნომერი არის 5-----------. ირ---–-----–-–---–ის მისვლამდე მან კარგად დაათვალიერა გულორდავას მიერ მიყვანილი ველოსიპედი, რომელზეც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ იყო მისი საკუთრება. ველოსიპედს ქონდა შავი ფერის „რამა“, წარწერით „G----“, თეთრი ფერის წინა „ამორტიზატორები“, სკამზე გადაკრული იყო შავი ფერის სპეციალური რბილი დასაჯდომი; იყო მრავალსიჩქარიანი და პედლები ქონდა შავი ფერის.
მოწმე გი-----------–--------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის 24 ივნისს იმყოფებოდა ლ---------ზე, საიდანაც წამოვიდა გვიან ღამით და გაისეირნა ლისი-ვერანდას დასახლებაში. ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში სპეციალურ სადგომზე შენიშნა ველოსიპედები, გადაწყვიტა მოეპარა ერთი მათგანი, გაეყიდა და რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა გამოეყენებინა პირადი საჭიროებისათვის. შეარჩია ერთ-ერთი ველოსიპედი, გამოიყვანა სადგომიდან და წავიდა თავის საცხოვრებელ მისამართზე. ველოსიპედი დამალა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან არ სურდა მასთან ერთად მცხოვრებ დას და სიძეს რაიმე შეეტყოთ მის მიერ ჩადენილი ქურდობის შესახებ. ამის შემდეგ ინტერნეტში ნახა ირ---–-----–-–---–ის მიერ განთავსებული განცხადება „აიფონ 5“-ის გაყიდვის შესახებ. მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- დაუკავშირდა განცხადების ავტორს ტელეფონის ნომერზე 5----------- და შეთანხმდნენ მის მიერ მოპარული ველოსიპედისა და მობილური ტელეფონის გაცვლაზე. ირ---–-----–-–---–ს შეხვდა ქ.------–---–--------–---------- N-- კორპუსის მიმდებარედ არსებულ თონესთან, მის ნაცნობ ალ-------–--–---–თან ერთად. ველოსიპედი შენახული ქონდა ალ-------–--–---–თან თონეში, ასევე მას გამოართვა პასპორტის ასლი, ვინაიდან მის გარეშე ვერ გაცვლიდა ველოსიპედს. ირ---–-----–-–---–მა ველოსიპედის სანაცვლოდ გადასცა მობილური ტელეფონი „აიფონ 5“, „უსბ“ კაბელი და დამტენი. აღნიშნული ტელეფონი 200 ლარად ჩააბარა იქვე არსებულ ლომბარდში და აღებული თანხა გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მის მიერ მოპარული ველოსიპედი იყო მრავალსიჩქარიანი, „G----“-ის ფირმის, რომელსაც ქონდა შავი ფერის „რამა“, თეთრი ფერის წინა „ამორტიზატორები“; სკამზე გადაკრული იყო შავი ფერის სპეციალური, ნაჭრის შალითაში ჩასმული ღრუბელი და ქონდა შავი ფერის დაზიანებული პედლები. გი-----------–--------ა ასევე გამოკითხული იქნა 2016 წლის 26 ივლისს, ბრალდებულად ცნობის შემდეგ, რა დროსაც წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაეთანხმა მის მიერ 2016 წლის 3 ივლისს მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას.
2016 წლის 2 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, გი-------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ინტერნეტ საიტი „m---------e“. საიტის მთავარი გვერდის მარცხენა მხარეს მდებარე მენიუში არჩეული იქნა გრაფა წარწერით „სპორტი, ტურიზმი, დასვენება“, შემდეგ კი - კატეგორია „ველოსიპედები“. მისი გახსნის შემდეგ მე-2 გვერდზე ზემოდან მე-4 რიგში განთავსებულ ველოსიპედის გაყიდვის შესახებ განცხადებაზე, გი-------------ემ განმარტა, რომ სწორედ ამ ველოსიპედში ამოიცნო მისი კუთვნილი ველოსიპედი. განცხადების ავტორს მითითებული აქვს სახელი „ნ---“ და მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------. ასევე, დათვალიერებული იქნა განცხადებაზე თანდართული ველოსიპედის 5 ცალი ფოტოსურათი, სხვადასხვა ხედებით. კერძოდ, ფოტოებზე გამოსახული ველოსიპედი არის „G----“-ის ფირმის, ე.წ. „რამა“ აქვს შავი ფერის, წინ „ამორტიზატორები“ თეთრი ფერის, დასაჯდომი სკამი და პედლები აქვს თეთრი ფერის; დაყენებული აქვს „SHIMANO“-ს ფირმის სიჩქარეების გადამრთველი და „KENDA“-ს ფირმის საბურავები. ე.წ. „რამას“ ქვედა ღერძზე ორივე მხარეს აქვს თეთრი ფერის წარწერა - „G----“; მარცხენა მხარეს არსებულ ზემოაღნიშნულ წარწერას აქვს დაზიანება, კერძოდ ასოები „A“ და „N“ არის ნაწილობრივ გადაშლილი.
2016 წლის 2 ივლისის ველოსიპედის და ნაწილების დათვალიერების ოქმის თანახმად, და--------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი ველოსიპედი, რომელიც არის „G----“-ის ფირმის 24 სიჩქარიანი და სიჩქარეების გადამრთველი აქვს საჭეზე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს. შუა რამაზე აღენიშნება წარწერა G----“, რომელსაც აქვს დაზიანება, კერძოდ ასოები „A“ და „N“ არის გაცვეთილი. ველოსიპედს დამონტაჟებული აქვს: „კენდას“-ს ფირმის საბურავები, „შიმანოს“-ს ფირმის სიჩქარეების გადამრთველი, თეთრი ფერის „G----“-ის დასაჯდომი სკამი, „ნოველას“ ფირმის სამუხრუჭე სისტემა“, შავი ფერის დისკები წარწერით „G----“ და თეთრი ფერის „სოლდიერის“ ფირმის პედლები. დათვალიერებული იქნა ასევე და--------------ის მიერ წარმოდგენილი ველოსიპედის შეცვლილი დეტალები, კერძოდ ორი ცალი შავი ფერის დაზიანებული პედალი, რომელსაც აღენიშნება ნაცვეთი და გატეხილი ადგილები და „ბონტრაგერის“ ფირმის ნაცვეთი საბურავები. წარმოდგენილი ნივთები იქნა ამოღებული და დაილუქა სათანადო წესით.
2016 წლის 2 ივლისის საგნისა და დოკუმენტის დათვალიერების ოქმის თანახმად, ირ---–-----–-–---–ის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა მის მიერ წარმოდგენილი სტანდარტულ ფურცელზე გადაღებული პასპორტის ქსეროასლი და ერთი ცალი ველოსიპედის დასაჯდომისათვის განკუთვნილი შავი ფერის ღრუბელი. პასპორტის ქსეოასლზე იკითხება სახელი და გვარი - ალ-------–--–---–ი, დაბადების თარიღი: 2-----–----------–--–-, პირადი ნომერი: 4----------. ამავე ფურცელზე დატანილია მამაკაცის ფოტოსურათი და დოკუმენტალური მახასიათებლები. შავი ფერის ღრუბელი არის ველოსიპედის დასაჯდომი სკამის ფორმის, მასზე გადასაკვრელი, ერთ მხარეს აღენიშნება აბრივიატურა „b“.
2016 წლის 3 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გი-----------–--------ამ მიუთითა ლ---------სთან არსებულ დასახლებაზე ლისი-ვერანდა. ცენტრალური ჩასასვლელიდან ჯერ მარჯვნივ, ხოლო შემდეგ ხელმარცხნივ მდებარე „ბ“ ბლოკითან მისვლისას გი-----------–--------ამ მიუთითა კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან, რომელსაც მარჯვენა ზედა მხარეს აქვს წარწერა „B2“, ხოლო შიგნით მოსჩანს სპეციალურ სადგომზე გაჩერებული ველოსიპედები. გი-----------–--------ამ განმარტა, რომ 2016 წლის 24 ივნისს ამ სადგომიდან მოიპარა ველოსიპედი; ასევე მიუთითა შესასვლელიდან პირველივე ველოსიპედის სადგომზე და აღნიშნა, რომ სწორედ აქ ეყენა მის მიერ მოპარული „G----“-ის ფირმის ველოსიპედი, რომელიც 27 ივნისს ირ---–-----–-–---–ს გაუცვალა „აიფონ 5“-ის მობილურ ტელეფონში, მობილური კი დოლიძის ქუჩაზე მდებარე ლომბრადში დატოვა 200 ლარად.
2016 წლის 13 სექტემბრის დალუქული ნივთის გასხნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, დაზარალებულ გი-------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა და--------------ისაგან ამოღებული ველოსიპედი, 2 ცალი პედალი და 2 ცალი საბურავი, ასევე ირ---–-----–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ველოსიპედის დასაჯდომის სპეციალური ღრუბელი. გი-------------ემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ველოსიპედი არის მისი კუთვნილება, რომელიც მოპარეს 2016 წლის 23-27 ივნისის შუალედში თავისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან. ასევე მიუთითა, რომ ველოსიპედს გარკვეული დეტალები აქვს შეცვლილი, ხოლო მის წინაშე წარდგენილი 2 ცალი პედალი, 2 ცალი საბურავი და სკამის დამცავი ღრუბელი მოხსნილია სწორედ მისი კუთვნილი ველოსიპედიდან.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენება, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გი-----------–--------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებს, გი-----------–--------ას უდანაშაულობასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის ვერსია აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მსჯავრდებულის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. გი-----------–--------ას განმარტებები წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული.
პალატის შეფასებით, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ გი-----------–--------ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებით ჩვენება განპირობებული იყო შიშით, რომ არ დაქვემდებარებოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ძალადობას. აღნიშნულის საფუძვლად დაცვს მხარე უთითებს იმ გარემოებას, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობდა გი-----------–--------ას გამოკითხვა, სამართალდამცავებმა სცემეს ადვოკატი. თუმცა იმ პირობებეში, როდესაც მათ არ შეუძლიათ განმარტონ, თუ როდის მოხდა აღნიშნული ფაქტი და რა კავშირი აქვს გი-----------–--------ას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან, შეუძლებელია საფუძვლიანად მივიჩნიოთ მსჯავრდებულის განმარტება, რომ პოლიციის თანაშრომლების მხრიდან მოსალოდნელი იყო მის მიმართ ძალადობის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ გი-----------–--------ამ დაზარალებულ გი-------------ის კუთვნილი ველოსიპედის ქურდობის ჩადენა აღიარა არა მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხვისას - 2016 წლის 3 ივლისს, არამედ თითქმის ერთი თვის შემდეგ - 2016 წლის 26 ივლისსაც, როდესაც გამოკითხული იქნა ბრალდებულის სტატუსით. იგი სრულად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას და ბრალდების შესახებ დადგენილებაზე რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, 2016 წლის 15 სექტემბერს გი-----------–--------ა წარდგენილი იქნა სასამართლოში - მის მიმართ აღკვეთის ღინისძიების გამოყენების მიზნით, რა დროსაც იგი დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე და ითხოვა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის შემცირება. 2016 წლის 23 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე კი გი-----------–--------ამ კვლავ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები.
გარდა ამისა, მსჯავრდებულ გი-----------–--------ას არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის და არ გაუკეთებია განმარტება, თუ რამ განაპირობა მისი, როგორც „უდანაშალო პირის“ მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა. აღნიშნული მსჯავრდებულმა განაცხადა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად არ მომხდარა არგუმენტირებული მსჯელობის წარმოდგენა. იმ პირობებშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ გამოკითხვის დროს გი-----------–--------ას დაეუფლა შიშის გრძნობა - პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ფიზიკური ძალადობის განხორციელების თაობაზე, მას აღნიშნულის შესახებ შეეძლო განეცხადებინა აღკვეთის ღონისძების შერჩევის შესახებ შუამდგომლობის, ან წინასასამართლო სხდომის განმხილველი მოსამართლის წინაშე. თითოეულ შემთხვევაში იგი წარედგინა მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს, სხდომები მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულს სრულყოფილად განემარტა უფლებები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ და მტკიცებულებებს არ ხდიდა სადავოდ.
გარდა ამისა, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, თითქოსდა საქმეზე არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა გი-----------–--------ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. დაზარალებულმა გი-------------ემ დეტალურად მოახსენა სასამართლოს, თუ რა ვითარებაში, დროის რა მონაკვეთში დაიკარგა მისი კუთვნილი 1300 ლარად ღირებული ველოსიპედი და რამდენიმე დღის შემდეგ როგორ ამოიცნო იგი ინტერნეტ საიტ „m---------e“-ზე განთავსებულ ველოსიპედებს შორის. მანვე დეტალურად აღწერა როგორც მისი ველოსიპედის ყველა მახასიათებელი, ასევე მიუთითა, თუ რა დეტალები ქონდა შეცვლილი ინტერნეტ საიტზე განთავსებულ მის კუთვნილ ნივთს. დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ინტერნეტსაიტის დათვალიერების, და--------------ის მიერ წარმოდგენილი ველოსიპედის და ველოსიპედის შეცვლილი ნაწილების დათავლიერების ოქმებთან, ასევე მოწმე და--------------ის გამოკითხვის ოქმთან. ამ უკანასკნელმა, გი-------------ის ჩვენების იდენტურად აღწერა ის დეტალები, რომლებიც განახლების მიზნით შეცვალა შეძენილ ველოსიპედზე. აღნიშნული მტკიცებულებები გამყარებულია აგრეთვე მოწმეების - ირ---–-----–-–---–ის და ალ-------–--–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც ურთიერთშესაბამისად მოახსენეს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს გი-----------–--------ას მიერ ველოსიპედის მობილურ ტელეფონში გაცვლის შესახებ; მიუთითეს გი-----------–--------ას სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომლის საშულებითაც დაუკავშირდა იგი ირ---–-----–-–---–ს; ასევე აღწერეს ველოსიპედის მასასიათებლები, რომლებიც სრულად ემთხვევა როგორც დაზარალებულისა და მოწმე და--------------ის მიერ აღწერილ, ასევე შესაბამი წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებულ მონაცემებს. დაზარალებულმა გი-------------ემ და--------------ის მიერ წარმოდგენილი ველოსიპედი ამოიცნო, როგორც მისი კუთვნილი ნივთი, ასევე და--------------ის და ირ---–-----–-–---–ის მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დეტალებზე განაცხადა, რომ ისინი მოხსნილია სწორედ მისი ველოსიპედიდან.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წამოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზეც, რომლის თანახმადაც გი-----------–--------ამ ქ.თ---–--–----–-------------ს დასახლებაში, სამართალდამცავებს მიუთითა ის კონკრეტული ადგილი საიდანაც 2016 წლის 24 ივნისს მოიპარა ველოსიპედი. აღნიშულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N561აპ-15 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.“ ხსენებულის და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ რათქმაუნდა, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენება რაიმე ფორმით გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე და იგი გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება თანახმა. თუმცა, მოცემული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო ექსპერიმენტი გი-----------–--------ას მონაწილეობით, არა ჩვენების ნაწილში, არამედ შემთხვევის ვითარების აღდგენის ნაწილში, წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელსაც პალატა იზიარებს და აფასებს საქმეზე წარმოდეგნილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და სხვა სახის წერილობით მტკიცებულებებს შორის არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმეგობები და შეუსაბამო გარემოებები. მათი საერთო ანალიზი პალატას აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ 2016 წლის 24 ივნისს ქ. თ---–--–----–-------------ს დასახლებიდან, გი-----------–--------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გი-------------ის კუთვნილ „G-----“-ის ფირმის ველოსიპედს. ასევე დადასტურებულია, რომ გი-----------–--------ამ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. როგორც თავად გი-------------ემ აღნიშნა, ველოსიპედში გადახდილი აქვს 1000 ლარი, ხოლო აქსესუარებში - 300 ლარი. ამასთან, გამოკველული მტკციებულებებით დადგინდა, რომ და--------------ემ აღნიშნული ველოსიპედი ირ---–-----–-–---–ისაგან შეიძინა 550 ლარად, ხოლო შეკეთების შემდეგ განცხადებაში მიუთითა, რომ ველოსიპედს ყიდდა 650 ლარად. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მნიშვნელოვან ზიანს წარმაოდგენს ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; აღნიშნულ პროცესში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ქონდათ სრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ბრალდებულის დასწრების გარეშე სრულ შესაბამისობაშია როგორც საპროცესო კანონმდებლობასთან, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გადაკვეთა სახელმწიფოს საზღვარი და შეგნებულად აარიდა თავი სასამართლო სხოდმაზე გამოცხადებას. ამის საფუძველზე მას სასამართლოს მიერ დაენიშნა ადვოკატი სავალდებულო წესით და დაცვის მხარე სრულად იყო უზრუნველყოფილი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული - საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ გი-----------–--------ას ბრალში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი-----------–--------ას ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ გი-----------–--------ას მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი და ამ კუთხით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი გი-----------–--------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გი-----------–--------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი;
გი-----------–--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გი-----------–--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გი-----------–--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან
ნივთიერი მტკიცებულებები:
- და--------------ისგან ამოღებული „G----“-ის ფირმის ველოსიპედი, 02 ცალი საბურავი და 02 ცალი პედალი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- ირ---–-----–-–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ველოსიპედის სკამზე გადასაკვრელი ღრუბელი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე