განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210018002566996
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002566996

საქმე №2ბ/6252-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ე-- ფ------–---–ი

წარმომადგენელი - დ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------ ბ–--–---

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, თ------ ბ–--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე-- ფ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე თ------ ბ–--–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ს---------------- ს--------–----, ბ------ (ს/კ 0----------------------) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე თ------ ბ–--–---ს;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 05 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მომართა თ------ ბ–--–---მ, მოპასუხე ე-- ფ------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

 

2.2. სარჩელში მითითებულია, რომ 2018 წლის 17 იანვარს, მოსარჩელე თ------ ბ–--–---ს მიერ საჯარო აუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე - ქ.თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ბ------ (ფართი 46.91 კვ/მ, ს/კ 0----------------------). საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მესაკუთრემ დაარეგისტრირა 2----–-–-------------ს. მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე დღემდე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ს---------------- ს--------–----, ბ------ (ფართი 46.91 კვ.მ, ს.კ 0----------------------) ე-- ფ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

2.3. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, 2018 წლის 08 მაისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.4. 2018 წლის 28 მაისს, მოპასუხის წარმომადგენელმა, პავლე მეხატიშვილმა, საჩივრით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 08 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და ე-- ფ------–---–ს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა.

 

2.6. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც 2018 წლის 03 სექტემბერს, მოსარჩელე თ------ ბ–--–---მ წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ ბ–--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. გასაჩივრებულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. სარჩელი თანდართული მასალით მოპასუხის წარმომადგენელს დ--------------ს ჩაბარდა 2018 წლის 26 ივლისს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა (იხ. ხელწერილი, ს.ფ 91). მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა შესაგებელი და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლი დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს არ აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 17 იანვარს, მოსარჩელე თ------ ბ–--–---ს მიერ საჯარო აუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ბ------ (ფართი 46.91 კვ/მ, ს/კ 0----------------------). საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მესაკუთრემ დაარეგისტრირა 2----–-–-------------ს. მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე დღემდე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლომ უზრუნველყო დავის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირებულობა. საქმეში წარმოდგენილია უშუალოდ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილი, რომლითაც ის ადასტურებს გზავნილის მიღების ფაქტს. თუმცა, მოპასუხეს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ წარმოუდგენია, არ გამოუხატავს დავისადმი ინტერესი, ვინაიდან საქმისადმი დაინტერესება სარჩელზე შესაგებლის წარდგენასა და სასამართლო სხდომაზე (მისი დანიშვნის შემთხვევაში) გამოცხადებაში გამოიხატება. მოპასუხეს არც შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო გარემოებების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სასამართლო გზავნილის ჩაბარებით მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარდგენის სავალდებულოობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, შესაბამისად, მის წარუდგენლობას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.). ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლისა, სარჩელი დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

2.9. 2018 წლის 04 ოქტომბერს ე-- ფ------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მთავარი უსწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ბინა მოსარჩელემ შეიძინა აუქციონზე, თუმცა მისი მფლობელი არის არა ე-- ფ------–---–ი, არამედ რ--------- ტ---------–---–- და ბინაშიც სწორედ ხსენებული პიროვნება ცხოვრობს, ე-- ფ------–---–ი კი დავაში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს და იგი იმთავითვე უნდა შეცვლილიყო რ--------- ტ---------–---–-თ. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ იმის გამო იქნა გაუქმებული, რომ სასამართლო დარწმუნდა იმაში, რომ ე-- ფ------–---–ი ბინაში არ ცხოვრობდა და მოსარჩელეს დაევალა დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენა, რაც მან არ განახორციელა, რამდენადაც მის მიზანს წარმოადგენდა ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და ასეთ დროს ერთი მოპასუხის მითითებაც საკმარისია. ე-- ფ------–---–ის განმარტებით, მან შესაგებელი იმის გამო არ წარმოადგინა, რომ ინტერესი არ აქვს მოცემული დავის მიმართ, არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, მით უფრო მაშინ, როდესაც რ--------- ტ---------–----–მა წარადგინა შესაგებელი და სარჩლი არ ცნო, ე-- ფ------–---–ის წინააღმდეგ კი უსაფუძვლოდ გამოვიდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც მას აყენებს ზიანს, რამდენადაც დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 იანვარს, მოსარჩელე თ------ ბ–--–---ს მიერ საჯარო აუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ბ------ (ფართი 46.91 კვ/მ, ს/კ 0----------------------). საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში მესაკუთრემ დაარეგისტრირა 2----–-–-------------ს. მოსარჩელის მითითებით, მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხე დღემდე უკანონოდ ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------, შ----------------- №---, ს---------------- ს--------–----, ბ------ (ფართი 46.91 კვ.მ, ს.კ 0----------------------) ე-- ფ------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 04 აპრილს, საჯარო შეტყობინების მეშვეობით, ხოლო მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, 2018 წლის 08 მაისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 2018 წლის 28 მაისს, მოპასუხის წარმომადგენელმა, პავლე მეხატიშვილმა, საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 08 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და ე-- ფ------–---–ს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც 2018 წლის 03 სექტემბერს, მოსარჩელე თ------ ბ–--–---მ წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------ ბ–--–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გაუქმდა 2018 წლის 08 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და ე-- ფ------–---–ს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა. (ამ შემთხვევაში სადავო ვერ გახდება უწყების ჩაბარების კანონიერების საკითხი).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხე უთითებს, რომ მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ვერ შესძლო შესაგებლის წარდგენა. ასევე, იგი მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა, რადგან ის არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შემდგომ ეტაპზე კი უნდა მომხდარიყო სარჩელის არსებითი განხილვა, რა დროსაც შესაძლებელი გახდებოდა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საკითხის, მათ შორის მისი სათანადოობის საკითხის განხილვა. ამისათვის კი მხარეს მიეცა კვლავ ვადა შესაგებლის წარსადგენად. ანუ გაუქმდა რა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსდგა ის მდგომარეობა, რაც არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებამდე. შესაბამისად, შესაგებლის წარდგენის შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოხდებოდა აღნიშნული პოზიციის გადამოწმება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ე-- ფ------–---–ზე კანონით დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ჩაბარება და მასვე განემარტა, რომ მას შესაგებლით უნდა ემტკიცებინა გარემოება მის არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ე-- ფ------–---–მა გაუშვა სასამართლოს მიერ შესაგებლის წარსადგენად დანიშნული ვადა არასაპატიო მიზეზით, რის გამოც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა დადასტურებულად და საჩივრის ავტორს მოესპო შესაძლებლობა ემტკიცებინა მის მიერ მითითებული გარემოება სათანადო მოპასუხედ რ--------- ტ---------–---–-ს ჩართვის თაობაზე. შესაგებლის წარუდგენლობის გამო კი დამტკიცებულად ჩაითვალა ის გარემოება, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საცხოვრებელ ბინას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ სამოქალაქო 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დააკმაყოფილა სარჩელი. აღნიშნული ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

შესაბამისად, სასამართლოს მოქმედება მომდნარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხევაში სახეზეა მითითებულ ნორმით გათვალისწინებული გარემოება, რაც შეუძლებელს ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ე-- ფ------–---–ის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარებულად ჩაითვალა ე-- ფ------–---–ზე, აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ იგი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და არ ევალებოდა შესაგებლის წარმოდგენა, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-- ფ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი