განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002040048
საქმე №2ბ/6392-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ქ------- ბ---------–ი
წარმომადგენელი - ს--------------–--
მოწინააღმდეგე მხარე - თ---------- ჩ----ე, ს----------–----------------------------------------------------, ა--------–---------------–----------
წარმომადგენელი - ე-----–-------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ქ------- ბ---------–ის სარჩელი თ---------- ჩ----ის, ა--------–---------------–----------სა და ს----------–-----------------------------------------------------ს მიმართ მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2017 წლის 27 მარტის განაჩენის, 2----–-–------------–ს გაცემული ს----------–-----------–ლისა და ა--------–---------------–----------ს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განაჩენით თ---------- ჩ----ეს სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23, 43-61, 63).
2.2. 2017 წლის 11 ივლისს, სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ შედგენილ იქნა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N------, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. თ---–--–-, ზ-------- ქ. N---–ი მდებარე ნ--- N---ში განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებს (ს.ფ. 17-18).
2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ზ-------- ქუჩა N--- ს--------–---, ბინა N--, საკადასტრო კოდი N------------------------, საკუთრების უფლებით 2----–-–------------დან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ქ------- ბ---------–ის სახელზე (ს.ფ. 15-16).
2.4. ქ------- ბ---------–ისა და თ---------- ჩ----ის ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და თ---------- ჩ----ე არიან მეუღლეები, ჰყავთ 6 და 10 წლის შვილები, 11 წელიწადია ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან საერთო მეურნეობას.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისგან განთავისუფლებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ნივთები განთავსებულია მის საკუთრებად აღრიცხულ ბინაში და ისინი მოსარჩელის მიერ არის შეძენილი. ამასთან, მოსარჩელისა და თ---------- ჩ----ის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მხარეები არიან მეუღლეები, მათ ჰყავთ საერთო შვილები და 11 წელიწადია ერთ ოჯახად ცხოვრობენ. საქმეზე ასევე დადგენილ იქნა, რომ ქ------- ბ---------–ი სადავო მისამართზე მდებარე ბინის მესაკუთრე 2016 წელს, ე.ი. მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში გახდა.
ზემომითითებული გარემოებების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წელს ნაყიდი სახლი, ისევე, როგორც ამ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო მოძრავი ნივთების ნახევარი მოსარჩელე ქ------- ბ---------–ის საკუთრებაა, ხოლო ნახევარი - მოპასუხე თ---------- ჩ----ის. ამასთან, თავად დაყადაღებული ქონების არსიდან გამომდინარე, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მოძრავი ნივთების ½ წილზე ყადაღის მოხსნა და, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო იქვე განმარტა, რომ მოსარჩელეს რჩება მისი კუთვნილი წილის შესაბამისი კომპენსაციის (ქონების ღირებულების) თ---------- ჩ----ისგან მიღების უფლება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ ქ------- ბ---------–ი და თ---------- ჩ----ე მეუღლეები არიან და მათ შორის არსებობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობები. აპელანტი მიუთითებს, რომ მართალია მხარეებს ყავთ სამი საერთო შვილი, თუმცა ისინი არ იმყოფებიან და არც არასდროს იმყოფებდონენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს კი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, აპელანტმა განმარტა ისიც, რომ თ---------- ჩხეიძე მის ბინაში წლებია აღარ ცხოვრობს, მათ არ გააჩნიათ საერთო საკუთრება და დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ქ------- ბ---------–ი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2017 წლის 27 მარტის განაჩენის, 2----–-–------------–ს გაცემული ს----------–-----------–ლისა და ა--------–---------------–----------ს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განაჩენით თ---------- ჩ----ეს სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15000 ლარის ოდენობით.
- 2017 წლის 11 ივლისს, სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ შედგენილ იქნა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N------, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. თ---–--–-, ზ-------- ქ. N---–ი მდებარე ნ--- N---ში განთავსებულ სადავო მოძრავ ნივთებს.
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, ზ-------- ქუჩა N--- ს--------–---, ბინა N--, საკადასტრო კოდი N------------------------, საკუთრების უფლებით 2----–-–------------დან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ქ------- ბ---------–ის სახელზე.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი ქ------- ბ---------–ი და მოწინააღმდეგე მხარე - თ---------- ჩ----ე არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. პალატა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მათი რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მეტიც - თავად მოწინააღმდეგე მხარემ, თ---------- ჩ----ემ სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მხარესთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, ამასთან, ისინი თითქმის ხუთი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ საერთო შვილები (იხ. 22.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:03 წ.თ.). სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ - თ---------- ჩ----ემ მიუთითა ისიც, რომ ქ------- ბ---------–ს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელ მისამართზეც არის დაყადაღებული მოძრავი ქონება, შეუძინა მამამ და ხსენებული ბინა მეუღლეებს ერთობლივი სახსრებით არ უყიდიათ, აქვე მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ მისამართზე - ქალაქი თბილისი, ზ-------- ქ----, ბინა 7ა, იგი რეგისტრირებული არ არის. ამასვე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განაჩენი, სადაც მითითებულია, რომ თ---------- ჩ----ე რეგისტრირებულია მისამართზე: ლ---------- სოფელი ა-----.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ რომ განსახილველი კატეგორიის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმეებზე: Nას-305-293-2012; Nას-1522-1529-2011 და Nას-1777-1755-2011). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წელს ნაყიდი სახლი, ისევე, როგორც ამ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო მოძრავი ნივთების ნახევარი მოსარჩელე ქ------- ბ---------–ის საკუთრებაა, ხოლო ნახევარი - მოპასუხე თ---------- ჩ----ის.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის დანაწესით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ ქორწინების სამართლებრივი მხარე, მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როდესაც სახეზეა ქორწინების სახელმწიფოებრივი რეგისტრაცია და მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს გააჩნიათ ამავე კოდექსის 1152-ე მუხლით გათვალისწინებული თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები და ამასვე გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თანასაკუთრებას.
განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ქ------- ბ---------–ისა და თ---------- ჩ----ის ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული, მეტიც - ისინი ერთადაც არ ცხოვრობენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო მოძრავი ნივთების მხარეთა თანასაკუთრებად განხილვა, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. ზემოხსენებული გარემოებების შეფასების შედეგად კი, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა დაასაბუთა დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე თავისი საკუთრების უფლება, რამდენადაც არ დგინდება აპელანტისა და თ---------- ჩ----ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი იმ ბინაში, რომელიც ეკუთვნის აპელანტს და წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთების ადგილსამყოფელს.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა ქ------- ბ---------–მა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის სისწორე, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტ ქ------- ბ---------–ის მოთხოვნა დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ------- ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ------- ბ---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ------- ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ასევე დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იქნა ბაჟი 150 ლარი ოდენობით, რომელიც ქ------- ბ---------–ის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ მოწინააღმდეგე მხარეებს.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე ქ------- ბ---------–ის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს - 100 ლარის ოდენობით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ქ------- ბ---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ---------- ჩ----ეს, ა--------–---------------–----------ა და ს----------–----------------------------ს სახაზინო სამსახურს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ------- ბ---------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ქ------- ბ---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2017 წლის 11 ივლისის ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) „VESTEL“-ის მაცივარი, 2) „SAMSUNG“-ის სარეცხი მანქანა, 3) „SAMSUNG“-ის ტელევიზორი, 4) სამზარეულოს მაგიდა 4 სკამით, 5) ნაჭრის დივანი, 6) პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი, 7) საოფისე სავარძელი და 8) ტანსაცმლის კარადა.
5. მოპასუხეებს - თ---------- ჩ----ეს, ა--------–---------------–----------, ს----------–----------------------------ს სახაზინო სამსახურს მოსარჩელე ქ------- ბ---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხეებს - თ---------- ჩ----ეს, ა--------–---------------–----------, ს----------–----------------------------ს სახაზინო სამსახურს მოსარჩელე ქ------- ბ---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი