განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210017001829652
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001829652

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3168-18 27 თებერვალი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ლ---- მ-------ი

 

წარმომადგენელი - გ--–------–--–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ---- მ----–---–-

 

წარმომადგენელი - თ----------------

 

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - თ--------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. დ---- მ----–---–-- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ი-----–ი მ-------ისა და დ---- მ----–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, გ-----–---–-------- N-, ნაკვეთი 14/58, საკადასტრო კოდი N0---------------, აუქციონის წესით რეალიზაცია და ამონაგები თანხის მხარეთა შორის მათი წილების პროპორციულად გაყოფა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით დ---- მ----–---–-ს სარჩელი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ---- მ-------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ-----–---–-------- N-, (ნაკვეთი N14/58), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 457.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, თანასაკუთრების უფლებით მოსარჩელე დ---- მ----–---–-- (1/4 ნაწილი) და მოპასუხე ლ---- მ-------ს (3/4 ნაწილი) ეკუთვნით (ს.ფ. 12-13, 14).

 

6. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის N---------- დასკვნის თანახმად, შეკითხვაზე შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, გ-----–---–-------- N-, საკადასტრო კოდი N0--------------- მესაკუთრეები აღნიშნული ქონების გამიჯვნას, მათი კუთვნილი წილების შესაბამისად, ისე რომ გამიჯნულმა ნაწილებმა მათი ფუნქციური ღირებულება შეინარჩუნონ, ექსპერტის პასუხის მიხედვით, აღნიშნული ქონების გამიჯვნა სრული იზოლირებით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მესაკუთრეთა წილების ¾ და ¼ შესაბამისად, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია, რადგან შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, მდებარეობა, მასზე არსებული ღიობები აღნიშნული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ერთად) გამიჯვნის შესაძლებლობას არ იძლევა. ასევე დამოუკიდებელი შესასვლელების მოწყობაც შეუძლებელია (ს.ფ. 16-18).

 

7. მესამე პირის სტატუსით სასამართლო პროცესში ჩაბმულ თ--------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი ი-----–ი მ-------ისა და ლ---- მ-------ის წინააღმდეგ და უძრავი ქონების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს, რის საფუძველზეც ლ---- მ-------მა სადავო ქონების ¾ წილი საკუთრების უფლებით აღირიცხა (ს.ფ. 74-76, 77-86).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, გ-----–---–-------- N-, საკადასტრო კოდი N0---------------, საზიარო უფლება აუქციონზე იძულებით რეალიზაციისა და ამონაგები თანხის მოდავე მხარეთა შორის არსებული წილების შესაბამისად განაწილების გზით, მართებულად გაუქმდა.

 

საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა, საზიარო უფლების მქონე პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეელახოს. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე დაიყოს. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად/კუმულატიურად იმისათვის, რათა დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას არ დაკარგავს. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, კანონმდებელი საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას ქონების რეალიზაციის გზით იძლევა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები.

 

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის N---------- დასკვნის თანახმად, შეკითხვაზე, შეძლებენ თუ არა უძრავი ქონების, მდებარე, თბილისი, გ-----–---–-------- N-, საკადასტრო კოდი N0--------------- მესაკუთრეები აღნიშნული ქონების გამიჯვნას, მათი კუთვნილი წილების შესაბამისად, ისე რომ გამიჯნულმა ნაწილებმა მათი ფუნქციური ღირებულება შეინარჩუნონ, ექსპერტის პასუხის მიხედვით, აღნიშნული ქონების გამიჯვნა სრული იზოლირებით, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მესაკუთრეთა წილების ¾ და ¼ შესაბამისად, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია, რადგან შენობა-ნაგებობის კონფიგურაცია, მდებარეობა, მასზე არსებული ღიობები აღნიშნული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ერთად) გამიჯვნის შესაძლებლობას არ იძლევა. ასევე დამოუკიდებელი შესასვლელების მოწყობაც შეუძლებელია (ს.ფ. 16-18).

 

როგორც უკვე განიმარტა, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული ბერკეტის გამოყენების შეუძლებლობა თანამესაკუთრეს უფლებას აძლევს ამავე კოდექსის 964-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული საზიარო ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გაყოფა მოითხოვოს, რაც განხორციელდა კიდეც. მოცემული დავის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დ---- მ----–---–- სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებას მის აუქციონზე რეალიზაციის გზით ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის არასრულ ხასიათზე და აღნიშნულის სამტკიცებლად არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას რელევანტური მტკიცებულება არ წარუდგენია.

 

სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებსა და მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. იმისათვის, რათა სასამართლომ დამფუძნებელ ნორმად გამოიყენოს რომელიმე ნორმა ან უარი თქვას მის გამოყენებაზე, აუცილებელია არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ესადაგება. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ---- მ----–---–-- წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა ცალსახად და არაორაზროვნად დასტურდება. დ---- მ----–---–- საზიარო საგანზე თანასაკუთრების უფლების გასაუქმებლად ერთადერთი შესაძლებლობა სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენება დარჩა, შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში სასამართლო შებოჭილია ხსენებული მუხლის სამართლებრივი წინაპირობებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების კვლევით. ერთადერთი წინაპირობა, რომელიც ქონების რეალიზაციის გზით თანასაკუთრების უფლების გაუქმებისთვისაა დადგენილი, მისი ნატურით გაყოფის შეუძლებლობაა, შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, სასამართლო შებოჭილია მხედველობაში მიიღოს სხვა გარემოებები და სარჩელის დაკმაყოფილება ამ გარემოებებს დააფუძნოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გასცდება კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, დაარღვევს კანონის ნორმას, ამგვარი გადაწყვეტილება კი მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ-----–---–-------- N-, (ნაკვეთი N14/58), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 457.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0---------------, თანასაკუთრების უფლებით მოსარჩელე დ---- მ----–---–-- (1/4 ნაწილი) და მოპასუხე ლ---- მ-------ს (3/4 ნაწილი) ეკუთვნით და კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ გამხდარა, სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე თანასაკუთრების უფლების არსებობას უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს (ს.ფ. 12-13, 14), ასევე, წარმოდგენილია 2016 წლის 28 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ცალსახად და არაორაზროვნადაა დადგენილი, რომ სადავო ქონების ნატურის გზით გაყოფა, ისე რომ თითოეულმა მათგანმა არც დანიშნულება და არც ღირებულება არ დაკარგოს და ამავდროულად სრული იზოლირება იქნეს მიღწეული, შეუძლებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის სამართლებრივი წინამძღვრები სახეზეა. თანამესაკუთრემ საზიარო უფლების ნატურის გზით გაყოფის შეუძლებლობა წარმატებით დაადასტურა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ქონების აუქციონზე რეალიზაციით საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ წინაპირობებს ქმნის.

 

12. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია აპელანტმა საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თაობაზე ზეპირი შედავება განახორციელა და აღნიშნა, რომ იგი არასწორ დასკვნებს შეიცავს, ვინაიდან, როგორც წინა მესაკუთრეების, ასევე დღევანდელი თანამესაკუთრეების მფლობელობის დროსაც სადავო ქონება ფაქტობრივად გამიჯნულია და დ---- მ----–---–- თავისი ქონებით იზოლირებულად სარგებლობაში ხელს არავინ უშლის, თუმცა, ამგვარ ზეპირ შედავებას სასამართლო, მით უფრო საქმის შედეგით დაინტერესებული პირისგან ვერ მიიღებს. ნიშანდობლივია, რომ აპელანტ მხარეს წერილობითი მტკიცებულება, ან სხვაგვარი მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ არგუმენტს გაამყარებდა და სასამართლოს მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას შეუქმნიდა, საქმის მასალებში არ არსებობს.

 

რაც შეეხება დ---- მ----–---–-, მან წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და სადავო ქონების ნატურის გზით გაუქმების შეუძლებლობა დაადასტურა, რაც სასამართლოს 964-ე მუხლის გამოყენების წინაპირობას უქმნიდა.

 

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 80 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი მოსამართლეები თამარ ალანია თამარ ზამბახიძე