განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.03.2019
საქმის ნომერი
330310016001415176
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1092-18

საქმე №33031001-001415176

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-–- ნ--------ე

წარმომადგენელი - დ-------ი ნ------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) – სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი

 

მესამე პირი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ------ა ჯ----–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა

 

1.1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ-–- ნ--------ის სასარჩელო მოთხოვნა და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ.

 

1.2. ვ-–- ნ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვ-–- ნ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. დადგენილია, რომ ვ-–- ნ--------ე 2010 წლის ივლისიდან იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. თავდაპირველად იგი მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში, შემდეგ კი სასჯელის მოხდის მიზნით გადაყვანილი იქნა №1- დაწესებულებაში.

 

2.2.2. 2013 წლის 21 იანვარს ვ-–- ნ--------ე დაკითხულ იქნა მოწმის სახით №0----------1 სისხლის სამართლის საქმეზე.

 

მოწმის დაკითხვის ოქმის მიხედვით, იგი 2010 წლის ივლისში გასამართლდა მცხეთა-მთიანეთის რაიონული სასამართლოს მიერ და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წელი და 6 თვე. თავდაპირველად იგი მოთავსებულ იქნა თბილისის №8 საპყრობილეში. საპყრობილეში მიყვანისას იგი გაჩხრიკეს, თუმცა არ უცემიათ, სხვა პატიმრები კი სცემეს. აღნიშნულის შემდეგ 4 დღე-ღამე გაატარა კარანტინში, რომელიც გათვლილია 6 კაცზე, თუმცაღა იქ იმყოფებოდა 30 კაცი და იყო გაუსაძლისი პირობები. ვ-–- ნ--------ე განმარტავს, რომ კარანტინში ყოფნისას გახდა ცუდად და ითხოვა ექიმი, იგი გაიყვანეს დერეფანში და ოთხმა ადამიანმა უმოწყალოდ სცემა. კარანტინიდან გამოსვლისას იგი კვლავ სცემეს განსაკუთრებული სისასტიკით. ციხის ადმინისტრაციიდან სცემა თ----- მ--–--ემ და თითქმის ყველა თანამშრომელმა, ვინც იქ იმყოფებოდა. აღნიშნულია, რომ ციხეში იყო გაუსაძლისი პირობები, პატიმრებს სცემდნენ ყველგან, საკანში, აბანოსა თუ კარცერში. ოქმის მიხედვით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ციხის უფროსი თ----- მ--–--ე, ხოლო შემდგომ ალ---------- მ-----ე და სხვადასხვა ოფიცერი. დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხდებოდა საკნის შემოწმება და პატიმრების უმიზეზოდ ცემა. 8 თვის შემდეგ ვ-–- ნ--------ე გადაყვანილ იქნა №1- დაწესებულებაში, რომლის უფროსი იყო გ---- კ-------–--ე, ხოლო მოადგილე - დ----- მუ--–--ე, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიითა და სისასტიკით. №1- დაწესებულებაში გადაყვანისას პატიმრები ცემეს ციხეში მიღებისას. კერძოდ, მანქანებიდან ჩაიყვანეს ეზოში, სადაც, დაახლოებით, 20 კაცს გაკეთებული ჰქონდა დერეფანი და პატიმრებს იქ გავლა უბრძანეს. დერეფანში გავლისას ყველა უმოწყალოდ სცემეს. 2011 წელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვ-–- ნ--------ე ჩაიყვანეს კარცერში, სადაც გაატარა ერთი დღე. მოწმე მიუთითებს დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმის დაკითხვის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 136-139).

 

2.2.3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2013 წლის 8 მაისის №0--------- დადგენილებით ვ-–- ნ--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად №0----------1 სისხლის სამართლის საქმეზე.

 

დაზარალებულად ცნობის საფუძველი გახდა №1- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვ-–- ნ--------ის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 7 მაისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 28).

 

2.2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1---------) დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა 2013 წლის 18 დეკემბრის საპროცესო შეთანხმება ვ-–- ც-------ნთან, დ----- მუ--–--ესთან, ი---- ლ-------სთან, გ------- ჯ---------სა და თ------ ყ----–--სთან. ამასთან, აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გამოიკვლია და შეამოწმა მტკიცებულებები: დაზარალებულების რ----- გ-----ს, ვ--–------ ქ------ის, ვ------- ქვ------ას, დ----- კ--------ს, ბ--- ბ--–----ის, ე------ მ------–-–---–ის, პ------ კ-----–---–--ს, ი-----–ი ე-–-–---–ის, გ------- ქ---------ის, გ------- დ--------–--ის, ვ-–-------- ვ---–---ის, გ--- კ----–-–---–ის, ნ-----–---- ჯ-----–---–ის, მ------- ქ-------ის ს------ ს--------ვის, გ--–- ჩ--------ის, თ---------- თ---–--ის, გ------ უ----–--ას, მ-----ნ ლ---–---–ის, ვ----– ლე-–-–---–ის, დ----- ზ--------ნის, მ------ დ--–---–--ლის, მ----- ა----–---–ის, ჯ---- გ---–-----ის, რ----- დ----–---–ის, ი----ბ ო------ის, გ--- გ---------ას, დ-------ი ზ---–--------ნის, თ---------- ბ----–--რის, ალ---------- ძ------ს, რ----- მ-------ის, ჯ---- შ-----ს, ლ-–- ვ-----ს, ვ-–- ქ---------ის, შ--–-- ბ----–---–ის, გ------- კ--–---------ის, ვ------ მ-----------–ის, მი---ლ გ--–-ძის, პ--------------–-–---–ის, ზ--------------–---–ის, ა-------–----ს, არ---------------ის, ლ---------------ის, გ-----ი ფი-–-–---–ის, დ----- ბ----–--რის, შ----- ბ-----ის, ზ---– გოგე-–-–---–ის, გ------- ქ---------ის, ვ-–- ნ--------ის, ნ------- ცა-------ს, ი-----–ი ს----–---–ის, გ------- თ--------ს, მი---ლ ნ----------–ის, კ-----------ის, კ----------------ძის, კ-------------ის, თ---------- ე---–----–---–ის, ბე--------ის, გ------ აფ–------ის, თ---------- თ---–--ის, მალხაზ გ--------–---–ის, გ------- ღ-----–---–ის, ლ---------–---–ის, შ--–-- ქ-------ის, გ------- სა---------ის და სხვათა ჩვენებები. მოწმეების: თ----- მუ--–--ის, გ------- ე-–------–---–ის, ი--ა შ------ას, ი--ა გ--–----ას, ე---–--- ვ-–----ის, გ------- გ---–-–---–ის, პ---------------–---–ის, კ------–-----ის, ზ----------–---–ის, ნუგზარ ფ-------ის, მ--–--------–----ის, ლევან ქ--------ას, პ----------------ს და სხვათა ჩვენებები და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები და სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხრიდან სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც განხორციელებული იქნა შემდეგ ვითარებაში და გარემოებაში: ვ-–- ც-------ნი, დ----- მუ--–--ე, ი---- ლ-------, გ------- ჯ---------, და თ------ ყ----–-- იყვნენ მოხელეები სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით, ჯგუფურად, თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული ორი და მეტი პირის მიმართ, ჩაიდინეს დამცირება, იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

 

განაჩენში აღნიშნულია, რომ ვ-–- ც-------ნი სასჯელაღსრულების №1- დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს და ამავე პერიოდში ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, დ----- მუ--–--ე ამავე დაწესებულებაში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა 2010 წლის 11 ივნისს, ი---- ლ------- 2011 წლის 22 ივნისს დაინიშნა სად-ის №1- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლის 13 ოქტომბერს - ამავე განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. გ------- ჯ--------- 2011 წლის 11 ივლისს დაინიშნა სად-ის №1- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე, თ------ ყ----–-- 2011 წლის 11 მაისს დაინიშნა სად-ის №1- დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე. ყველა აღნიშნული პირი იყო მოხელე.

 

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულები და სად-ის №1- დაწესებულების სხვა თანამშრომლები თავიანთი მუშაობის პერიოდში პატიმრების მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, ყველა ხსენებული პირი სისტემატიურად ამცირებდა, აიძულებდა, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდა მათ. სასჯელაღსრულების N1- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების რ----- გ-----ს, ვ--–------ ქ------ის, ვ------- ქვ------ას, დ----- კ--------ს, ბ--- ბ--–----ის, ე------ მ------–-–---–ის, პ------ კ-----–---–--ს, ი-----–ი ე-–-–---–ის, გ------- ქ---------ის, გ------- დ--------–--ის, ვ-–-------- ვ---–---ის, გ--- კ----–-–---–ის, ნ-----–---- ჯ-----–---–ის, მ------- ქ-------ის ს------ ს--------ვის, გ--–- ჩ--------ის, თ---------- თ---–--ის, გ------ უ----–--ას, მ-----ნ ლ---–---–ის, ვ----– ლე-–-–---–ის, დ----- ზ--------ნის, მ------ დ--–---–--ლის, მ----- ა----–---–ის, ჯ---- გ---–-----ის და სხვა მსჯავრდებულების მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ფიზიკური მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლები, რაც გამოიხატებოდა ვ-–- ც-------ნის, დ----- მუ--–--ის, ი---- ლ------ის, გ------- ჯ---------ს, თ------ ყ----–--ს უკანონო მოქმედებებში, კერძოდ ხელწერილის იძულებით დაწერაში, მაღალ სიცხეში საკნის სარკმლების დაკეტვაში და სხვა დამამცირებელ მოპყრობაში, რაც თავისუფლებაღკვეთილ პირებს ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებდა.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალეულობის ხარისხის, აგრეთვე საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებული უნდა იქნას საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან წარდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები ვ-–- ც-------ნისათვის, ი---- ლ------ისათვის, დ----- მუ--–--ისათვის, გ------- ჯ---------სათვის, თ------ ყ----–--სათვის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი სამართლიანი იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენი (ტ. I, ს.ფ. 18-27).

 

2.2.5. ჯო-ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის 2011 წლის 20 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) მიხედვით, ვ-–- ნ--------ე დაწესებულებაში მოთავსდა 2011 წლის 10 იანვარს. დიაგნოზია - არტერიული ჰიპერტენზია I, მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია (მცირე საშუალო +2/+4 ბარლოუს სინდრომი), წინაგულთა შორის ძგიდის დეფექტი, ostium secondum (დახურული ამპლაცერით 2008 წ.)

 

კონსულტაციაში მითითებულია, რომ პაციენტს 2008 წელს კლინ---ში გაკეთებული აქვს წინაგულთა შორის ძგიდის დახურვა ქოლგის მეშვეობით. ამჟამად უჩივის გულის აჩქარების შეგრძნებას, ადვილად დაღლას, ანამნეზში აქვს წინაგულოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 20 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ტ. I, ს.ფ. 29-30).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, ასევე, განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის სიცოცხლის, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. სიცოცხლის უფლება ხელშეუვალი უფლებაა, იგი ადამიანისათვის თანდაყოლილია და არა კანონით ბოძებული და არც მისი ჩამორთმევა შეუძლია ვინმეს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას - არ ხელყოს ადამიანის სიცოცხლე, პოზიტიური ვალდებულება კი - იზრუნოს სიცოცხლისათვის საფრთხის ასაცილებლად და დაიცვას იგი სხვათა მხრიდან ხელყოფისგან. სიცოცხლის საფრთხის აცილების სფეროში სახელმწიფოს ვალდებულება გულისხმობს, აღკვეთოს სიცოცხლის საფრთხე. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე, რომელიც კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა, რადგან მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა - სიცოცხლის უფლება (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 11327/14 და 11-13/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მიზანია, დაიცვას ადამიანები როგორც სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფისგან, ისე სიცოცხლისთვის საშიში სხვა საფრთხეებისგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვლად აცხადებს, შესაბამისად, სახელმწიფოს მრავალ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას აკისრებს. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია. ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს. ადამიანს რომ ღირსება აქვს, სწორედ ამიტომ გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, ღირსეული ცხოვრების უფლება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ დეკლარაცია ეყრდნობა ,,ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას”. ადამიანის ღირსება თანაარსია ადამიანისთვის, როგორც გონიერი, თავისუფალი ნებისა და პასუხისმგებლობის მქონე არსებისთვის. შესაბამისად, ყველას უნდა გააჩნდეს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, უსაფრთხოებისა და სხვა უფლებები და ისინი არ ექვემდებარება პოზიტიური სამართლით გაუქმებას. ადამიანის ღირსების ასეთი ფართო გაგება უდევს საფუძვლად სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს ბოჭვას. ადამიანის ღირსების დაცვის უზრუნველყოფის საშუალებაა სამართლიანი დაცვა. სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. მოქალაქეები, ცხოვრობენ რა დემოკრატიულ სახელმწიფოში, გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლნი. სახელმწიფო მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს განცდას, რომელიც მათში უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მისი უფლებების დაცვის გარანტორი - კანონი ეფექტურად უნდა იქნეს აღსრულებული პრაქტიკაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №1/4/592 აღნიშნულია, რომ ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. „ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “ საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” , II-30). ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების – ადამიანის თავისუფლების საფუძველი , ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში , მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე “ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ”). „ღირსება ... არ შეიძლება იქნეს განხილული , როგორც მხოლოდ ერთ - ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები ... ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „ საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “ , II-31). „ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრეს იმპერატივს, ადამიანის ღირსების დაცვას , რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში.“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

 

მოსარჩელე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელდა პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, იზრუნოს თავისუფლებააღკვეთილ პირზე, შეუქმნას მას სათანადო პირობები, დაიცვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე („ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც განმარტებულია, რომ კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი ან ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ ტანჯვას (იხ. სხვებს შორის, Ostrovar c. Moldova, no 35207/03, §79, 13 septembre 2005 ; Kafkaris c. Chypre [GC], n o 21906/04, §96, CEDH 2008-...). პატიმრის ჯანმრთელობის გარდა, ასევე ადეკვატურად და პატიმრობის გონივრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მისი კეთილდღეობა (Sakkopoulos c. Grèce, no 61828/00, §38, 15 janvier 2004 ; Kudła, ხსენებული ზემოთ, §94). ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია, ისე მოაწყოს თავისი პენიტენციური სისტემა, რომ უზრუნველყოს პატიმრების ადამიანური ღირსების პატივისცემა (Soukhovoy c. Russie, no 63955/00, § 31, 27 mars 2008 ; Benediktov c. Russie, no 106/02, §37, 10 mai 2007).

 

2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე „დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ“) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონვენციის მე-3 მუხლით დაცული უფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. (საქმე „Chahal v. United Kingdom“ 1996 წ. 15 ნოემბერი, ადეკვატურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი (საქმე“Kalashnikov v. Russia“, გადაწყვეტილებათა და გადაწყვეტილებათა კრებული 1996-V, §96). აღნიშნული კი ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს ყველა პატიმრისათვის ადამიანური ღირსების პატივისცემის შესაფერი პირობების უზრუნველყოფას, რათა შეფარდებული სასჯელის ზომამ არ ჩააგდოს იგი იმაზე მეტ განსაცდელში და არ დათრგუნოს იმ ინტენსივობით, რომელიც აღემატება პატიმრობისათვის დამახასიათებელი შინაგანი ტანჯვის ჩვეულ დონეს და, რომ პრაქტიკაში არსებულ პატიმრობის პირობებისათვის აუცილებელ მოთხოვნათა შესაბამისად, დაცული იქნეს დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა №47095/99, §95, 2002-VI).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების უფლებები განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს. აღნიშნული ძირითადი უფლებები პირს გააჩნია მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენიც კი ვერ წარმოშობს პირისთვის ძირითადი უფლებების ჩამორთმევის საფუძველს. უფრო მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ თავად არ შეზღუდოს გაუმართლებლად პირის ძირითადი უფლებები, არამედ დაიცვას ისინი მესამე პირის ჩარევისაგანაც კი. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების დაკავება თუ დაპატიმრება ითვალისწინებს მისთვის გარკვეული ძირითადი უფლებების გამოყენების შეზღუდვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი ვალდებულია, ითმინოს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას მას შესაბამისი პირობები, რომელთა ფარგლებშიც სათანადოდ დაცული იქნება პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პიროვნება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ყოველგვარი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსებისა და პატივის შელახვას, არის კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელი და იგი ვერ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2013 წლის 8 მაისის №0--------- დადგენილება, რომლითაც ვ-–- ნ--------ე ცნობილი იყო დაზარალებულად №0----------1 სისხლის სამართლის საქმეზე. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1---------) დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა 2013 წლის 18 დეკემბრის საპროცესო შეთანხმება ვ-–- ც-------ნთან, დ----- მუ--–--ესთან, ი---- ლ-------სთან, გ------- ჯ---------სა და თ------ ყ----–--სთან. აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადასტურებულია კონკრეტულ პირთა მიერ მსჯავრდებულების მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, აღნიშნულ საქმეზე კი ვ-–- ნ--------ე წარმოადგენდა დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ზემომითითებული კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორს გამოაქვს დადგენილება. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს ეს დადგენილება. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ვ-–- ნ--------ე დაზარალებულად იყო ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც დადასტურდა მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სასამართლო განაჩენში მოსარჩელე მოხსენიებულია დაზარალებულად, მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება არ გაუქმებულა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მასალიდან იკვეთება, რომ ვ-–- ნ--------ე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის დროსაც მიუთითებდა, რომ მას სცემდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმყოფებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ გარემოში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შეილახა მოსარჩელის ღირსება, მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ცნობებს, რომელიც ადასტურებს, რომ ვ-–- ნ--------ეს 2008 წელს გაკეთებული აქვს წინაგულთა შორის ძგიდის დახურვა ქოლგის მეშვეობით. შესაბამისად, იგი საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას, მის მიმართ განხორციელებული ძალადობით კი საფრთხე ემუქრებოდა მოსარჩელის სიცოცხლეს, უარესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

ამრიგად, საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ცალსახად დგინდებოდა ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვ-–- ნ--------ის მიმართ განხორციელდა ცემა, გაუსაძლის პირობებში მოთავსება, რასაც შედეგად მოჰყვა პატივისა და ღირსების შელახვა. ამდენად, საქმეში წარდგენილი მასალებით „გონივრულ ეჭვს მიღმა“ დადასტურებული იქნა, რომ მოსარჩელე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, რითაც ხელყოფილი იქნა მისი პატივისა და ღირსების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ მოსახვედრად, მოპყრობამ უნდა მიაღწიოს „ტანჯვის მინიმალურ ზღვარს.“ ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, (Labita c. Italie, arrêt du 6 avril 2000, Recueil 2000-IV, §120). კერძოდ, მოპყრობის კონტექსტსა და ხასიათზე, ასევე მის ხანგრძლივობაზე, მის მიერ გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებზე და ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. (Price c. Royaume-Uni, no 33394/96, § 24, CEDH 2001- VII ; Mikadzé c. Russie, no 52697/99, §108, 7 juin 2007). აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების მიზნით, სასამართლო იღებს ისეთ კრიტერიუმს, რომელიც „ყოველგვარ გონივრულ ფარგლებში არსებულ ეჭვს სცილდება.“ (იხ. სხვებს შორის, შამაევი, §338). (2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალიევი საქართველოს წინააღმდეგ“).

 

საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, დაცული ყოფილიყო მისი ღირსება და პატივი. საქმეში წარდგენილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და შესაბამისად, დადგენილი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მოსარჩელის ცემის ფაქტი და არსებობდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძვლები. კერძოდ, ხელყოფილი იქნა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა ღირსება და პატივი. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის სპეციფიკიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელი მათი ხელყოფისას პირს ანიჭებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამასთან, მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყვეტილიყო. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ, ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგენილიყო მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი და სხვა გარემოებები. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდებოდა ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანი იყო მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

დელიქტით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 5 000 ლარის ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფდა ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნდა, თუმცა კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო უზრუნველეყო მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარებოდა მას სულიერი გაწონასწორების მიღწევაში.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. საქმის მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის თანახმად, გაურკვეველია თუ რატომ უნდა დაეკისროს სამინისტროს 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანი. მორალური ზიანის კომპენსაციას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ სიმბოლური სახე, რადგან განუსაზღვრელია თანხობრივად გამოიხატოს მორალური ზიანის ოდენობა. ამდენად, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ მხარემ გაიგოს, თუ რატომ მოხდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტულ საქმეში ზოგადად მორალური ზიანისა და შემდგომ კონკრეტულად ამ ოდენობით თანხის დაკისრება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - სპეციალური პენიტენციური სამსახური მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ-–- ნ--------ის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ-–- ნ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.2. აპელანტ ვ-–- ნ--------ის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული აქვს ფიზიკური და მორალური უმძიმესი ტრავმა, რაც გამოიხატა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ ცემაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. მას აქვს მძიმე დაავადებები, რაც სასჯელის მოხდის პერიოდში უფრო დაუმძიმდა. სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და შეფასებული თუ რა სიმძიმის იყო კონკრეტულად მის მიმართ მიყენებული ზიანის ხარისხი. აღნიშნული გარემოება საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას. გასათვალისწინებელი იყო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვ-–- ნ--------ეს ესაჭიროებოდა მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, ხოლო მისი ჯანმრთელობის გაუარესება პირდაპირ კავშირში იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან მიყენებულ ზიანთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - ვ-–- ნ--------ე მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ.

 

4.1. პალატა განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას და აღნიშნავს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფოს, ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და ყურადღებას მიაქვევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე (საქმე №1---------), რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა 2013 წლის 18 დეკემბრის საპროცესო შეთანხმება ვ-–- ც-------ნთან, დ----- მუ--–--ესთან, ი---- ლ-------სთან, გ------- ჯ---------სა და თ------ ყ----–--სთან. ამასთან, აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამავე განაჩენით მოსარჩელე ვ-–- ნ--------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამასთან, გასათვალისწინებელია ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და თვლის, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გზით უდავოდ დგინდება მოსარჩელე ვ-–- ნ--------ის არადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მისთვის მორალური ტანჯვის მიყენების ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი პოზიტიური ვალდებულების შესრულება, შეექმნა პატიმრისთვის სათანადო პირობები, დაცული ყოფილიყო მისი ღირსება და პატივი. საქმეში წარდმოგენილი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მოსარჩელის ცემის ფაქტი, რაც თავის მხრივ, წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაზიარებული არ იქნა და გასაჩივრებულია ორივე მხარის მიერ მორალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის ნაწილში.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა მიღებული დაზიანების ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ვ-–- ნ--------ის პოზიციას ამავე საკითხთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ მას განუმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება თავისი არსით განსხვავდება მატერიალური ზიანის ანაზღაურებისგან და ასეთ დროს მხედველობაში ვერ იქნება მიღებული იმგვარი გარემოებები, როგორიც არის მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები და სხვ. პალატა აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის კომპენსაციას აქვს სიმბოლური სახე, რადგან შეუძლებელია ფინანსურად კონკრეტულ თანხაში გამოისახოს მორალური ზიანის მოცულობა. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით რომ მორალურ ზიანს არ აქვს მატერიალური ექვივალენტი, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ თანხის განსაზღვრა ადექვატური იყო, რის გამოც არ არსებობს მისი გაზრდის წინაპირობები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,უ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ-–- ნ--------ისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე