განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
120100118002412852
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002412852

საქმე №1ბ/462-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

უჩ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, რეგისტრირებულის ქ. ახალციხე, თ-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ახალციხე, რ---------–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით უჩ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უჩ--------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

უჩ--------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 მარტს, ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უჩ--------ე მივიდა მისი მეუღლის შუ–--------–---ის საცხოვრებელ სახლში მისამართზე, ქ. ახალციხე ი-------–----------ში, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც ოჯახში მყოფმა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თა--------------ემ მისცა შენიშვნა და მოუწოდა სახლის დატოვებისაკენ. აღნიშნულზე განაწყენებულმა უჩ--------ემ ხელის დარტყმით მარცხენა ხელის არეში მისივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით შვილს თა--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის უჩ--------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავდნენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებდნენ პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებდა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უჩ--------ის მიმართ, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა თა--------------ემ, მოწმეებმა - შუ–--------–---მა, ასევე უჩ--------ის არასრულწლოვანმა შვილებმა მა------------ემ და გი-------------ემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ უჩ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის წარმოადგინა სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, მოწმის სახით დაიკითხნენ საქმის მწარმოებელი გამომძიებლები, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, რომელთა თუნდაც არაპირდაპირი ჩვენებებით მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა უჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მართალია, სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულმა და მოწმეთა ნაწილმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება, რომელიც მათ ახლო ნათესავს ამხელდა დანაშაულში, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავდა იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გამოძიებაში მიცემული ჩვენებების თანახმად, უდავოდ დასტურდება უჩ--------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ უჩ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------–--ემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას უჩ--------ის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ჩადენაში, მისივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ:

 

უჩ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულ თა--------------ის და მოწმეების - შუ–--------–---ის, მა------------ისა და გი-------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც უჩ--------ეს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მამისა და მეუღლის − უჩ--------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავების მხრიდან მათთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, მოსამართლემ უნდა შეაფასოს მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ვინაიდან გამოკითხვის ოქმებში მათ ერთხმად დაადასტურეს უჩ--------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ხასიათს ატარებს, რაც თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დასახელებული პირების მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა, რომ უჩ--------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ:

 

მოწმე ლა–---------–---–მა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე მა-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა პოლიციაში არასრულწლოვნების გამოკითხვას, ასევე თა--------------ის დაზარალებულად ცნობას. საგამოძიებო ორგანოში სათანადო პირობები იყო შექმნილი მისი გამოკითხვისთვის. უფლებები არ დარღვეულია, კერძოდ, სანამ ბავშვი მოაწერდა თავის ჩვენებებს მანამდე თვითონ და გამომძიებელმაც წაუკითხეს, გააცნეს და ისე მოაწერინეს ხელი. ვინაიდან ბავშვს კარგად არ ესმოდა ქართული მოწვეული იყო თარჯიმანიც. გამოკითხვის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს გამომძიებელმა შესთავაზა, რომ თუკი სურდათ რაიმეს დამატება რისი საშუალებაც არ ჰქონდათ შეეძლოთ დაემატებინათ, მაგრამ ბავშვმა ყველაფერი სრულად უთხრა გამომძიებელს. ბავშვების თავშესაფარში გადაყვანის საჭიროება კი არ იყო, რადგან მათი მშობლები გაშორებულები იყვნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

მოწმე გი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას როგორც ექსპერტს მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის 26 მარტს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, მისი სისწორე დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ უჩ--------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გამომძიებლებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ჩვენებები საკმარისია უჩ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან, როგორც თავადაც მართებულად აღნიშნავს აპელანტი, აღნიშნულ პირთა ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რაც არ შეიძლება გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას მოსამართლის შინაგანი რწმენის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებულ მუხლში ალტერნატივის სახით არ არის წარმოდგენილი მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია უჩ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა უჩ--------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება უჩ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი უჩ--------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

უჩ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

უჩ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

ყადაღა მოეხსნას 6000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ მის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ახალციხე, შ-----------------–-----------------------------------------------------------------------------------------.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე