განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
150210018002468619
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 150210018002468619

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე№2ბ/6382-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ი---------------ი

წარმომადგენელი - დ------ ა-----–--ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ------- ა---------

წარმომადგენელი - ნ------- გ--------ე

 

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, ქონების გამიჯვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ------- ა---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება ვ------- ა---------სა და ი---------------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–---–--–----------–---–----------ში (საკადასტრო კოდი 6-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 396 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე და დადგინდა ამ ქონების გამიჯვნა ნატურით გაყოფის გზით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნის N3, N4 და N5 დანართების მიხედვით. მოსარჩელე ვ------- ა--------ს მიეკუთვნა საზიარო საგნიდან: განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი ფართით 81,37 კვ.მ, შენობა ნაგებობების დამხმარე სათავსები ფართით 30,34 კვ.მ, ხოლო ორ სართულიანი საცხოვრებელი შენობიდან - 133,28 კვ.მ ფართი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უძრავი ქონება მდებარე ქ------–---–--–----------–---–----------ში (საკადასტრო კოდი 6-----------), როგორც საზიარო საგანი, ეკუთვნით მოსარჩელე ვ------- ა--------ს და მოპასუხე ი---------------ს. აღნიშნულ უძრავ ქონების 1/2 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ------- ა---------ს, ხოლო 1/2 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ი---------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 14).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.2 მხარეები ეთანხმებიან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დანართებს N1 და N2, დღევანდელი მდგომარეობით ფაქტობრივად არსებული სიტუაციაა (სარგებლობის საზღვრები), აღნიშნული მდგომარეობა 15 წელზე მეტი ხანია რაც არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.37-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნით, ქ------–---–--–----------–---–----------ში (საკადასტრო კოდი 6-----------) 1/2 წილის მესაკუთრეს ვ------- ა--------ს მთლიანი შიდა ფართობიდან 263,76 (267,45) კვ.მ-დან უკავია 144,32 კვ.მ, რაც 12,44 კვ.მ-ით მეტია მისი კუთვნილ 263,76 კვ.მ : 2 =131,88 კვ.მ წილზე. ი----- ვ-------იანს მთლიანი შიდა ფართობიდან 263,76 კვ.მ-დან უკავია 119,44 კვ.მ, რაც 12,44 კვ.მ - ით ნაკლებია მის კუთვნილ 263,76 კვ.მ : 2 =131,88 კვ.მ წილზე. ქ------–---–--–----------–---–----------ში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N6----------- (მომზადების თარიღი: 0--------- წ.) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, მცირედი გადაკვეთებით, მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, შესაძლებელია იმგვარად, რა გვარადაც ეს დატანილია დასკვნის დანართ 3-ზე (ს.ფ. 46), დანართ N4-ზე (ს.ფ. 47) და დანართ N5-ზე (ს.ფ. 48). ამასთან: 1/2 წილის მესაკუთრეს ვ------- ა--------ს შენობა-ნაგებობების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 263,76 (267,45) კვ.მ-დან შეიძლება გამოეყოს 133,28 კვ.მ, რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე - 263,76 კვ.მ*1/2 =131,88 კვ.მ-ზე 1,4 კვ.მ-ით მეტია. 1/2 წილის მესაკუთრეს ვ------- ა--------ს შენობა-ნაგებობების დამხმარე სათავსოების საერთო ფართობიდან 63,31 კვ.მ-იდან (30,34 კვ.მ + 20,18 კვ.მ + 12,79 კვ.მ = 63.31 კვ.მ.) შესაძლოა გამოეყოს 30,34 კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ წილზე 31,66 კვ.მ-ზე (63,31 კვ.მ : 2 = 31,66 კვ.მ.) 1,3 კვ.მ-ით ნაკლებია.

 

1/2 წილის მესაკუთრეს ვ------- ა--------ს განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობიდან 160,47 კვ.მ - იდან (81,37 კვ.მ. + 79,10 კვ.მ = 160,47 კვ.მ.) შესაძლოა გამოეყოს 81,37 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც 1,135 კვ.მ-ით მეტია მის კუთვნილ წილზე 80,235 კვ.მ-ზე (160,47 კვ.მ : 2 = 80,235 კვ.მ.).

 

1/2 წილის მესაკუთრეს ი---------------ს შენობა-ნაგებობების მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 263,76 (267,45) კვ.მ-დან შეიძლება გამოეყოს 130,48 კვ.მ, რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე - 263,76 კვ.მ*1/2 =131,88 კვ.მ-ზე 1,4 კვ.მ-ით ნაკლებია.

 

1/2 წილის მესაკუთრეს ი----- ა--------ს შენობა-ნაგებობების დამხმარე სათავსოების საერთო ფართობიდან 63,31 კვ.მ-იდან (30,34 კვ.მ + 20,18 კვ.მ + 12,79 კვ.მ = 63.31 კვ.მ.) შესაძლოა გამოეყოს 32,97 კვ.მ ფართობი, რაც მის კუთვნილ წილზე 31,66 კვ.მ-ზე (63,31 კვ.მ : 2 = 31,66 კვ.მ.) 1,3 კვ.მ-ით მეტია.

 

1/2 წილის მესაკუთრეს ი---------------ს განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობიდან 160,47 კვ.მ - იდან (81,37 კვ.მ. + 79,10 კვ.მ = 160,47 კვ.მ.) შესაძლოა გამოეყოს 79,10 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც 1,135 კვ.მ-ით ნაკლები მის კუთვნილ წილზე 80,235 კვ.მ-ზე (160,47 კვ.მ : 2 = 80,235 კვ.მ.).

 

შეშნიშვნა:

 

• ფრჩხილებში წითელი ფერით მითითებულია შენობა-ნაგებობების შიგა საერთო

 

ფართობი, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნით გათვალისწინებული დამყვანი კოეფიციენტის (კ-0,3) გარეშე;

 

• აღნიშნული ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში, იმისათვის რომ არ დაირღვეს მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნები, საჭიროა ამოშენდეს დანართი N3-ზე და დანართი N4-ზე წითელი ფერით აღნიშნული კარის ღიობები, ამასთან მოწყობილ იქნეს დანართი N3-ზე ნარინჯის ფრით აღნიშნული კარის ღიობი;

 

• აღნიშნული ვარიანტით მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შემთხვევაში, სამეზობლო საზღვარი დანართი N5-ზე აღნიშნულია წითელი ხაზით;

 

• აღნიშნული ვარიანტით მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენებულია შენობა-ნაგებობა, რჩება საერთო საკუთრებაში.

 

მოსარჩელე მხარე ეთანხმება ექპერტიზის დასკვნას, ხოლო მოპასუხე არ ეთანხმება აღნიშნულ დასკვნას, კერძოდ განმარტა, რომ პირველ სართულზე 11 კვ.მ ფართი, დანართში მითითებული ადგილის ნაცვლად უნდა გამოეყოს მისაღები ოთახიდან (ზალიდან), რათა ფასადის მხრიდან შესასვლელი ჰქონდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მისაღები ოთახი ფაქტობრივად იყო მის მფლობელობაში და აღნიშნულ ოთახში რემონტი აქვს გაკეთებული, მის მიერ გაწეულია დიდი ხარჯი, კარები და ფანჯრები შეუცვლია, ამასთან მისაღები ოთახის კედელი საყრდენი კედელია.

 

ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ალტერნატიული დასკვნა (არც ექსპერტიზის არც სპეციალისტის), მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა მოსამზადებელ ეტაპზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებისათვის, თავის დროზე (კანონით გათვალისწინებული ვადაში) არც ექსპერტის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შენობა ნაგებობის გამოყოფისას აუცილებელია საინჟინრო-ტექნიკური დასაბუთება, შესაბამისად განაწილების (გაყოფის) მთავარი დამადასტურებელი მტკიცებულება შეიძლება იყოს ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნა.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ალტერნატიული დასკვნა (არც ექსპერტიზის არც სპეციალისტის), შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.37-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი ერთობლივად ეკუთვნით მოდავე მხარეებს. ისინი არიან უძრავი ქონების, მდებარე: ქ------–---–--–----------–---–----------ში (საკადასტრო კოდი 6-----------) თანამესაკუთრეები თანაბარწილად. უძრავი ქონება წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან იმყოფებიან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).

 

შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა გაუქმდეს მხარეებს შორის საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით.

 

2.6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ „საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა.

 

საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

 

2.7. მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ------–---–--–----------–---–----------ში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N6----------- (მომზადების თარიღი: 0--------- წ.) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე - საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება, ნატურით გაყოფის გზით საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად, მცირედი გადაკვეთებით, მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, შესაძლებელია იმგვარად, რა გვარადაც ეს დატანილია დასკვნის დანართ N3-ზე (ს.ფ. 46), დანართ N4-ზე (ს.ფ. 47) და დანართ N5-ზე (ს.ფ. 48).

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ხდება იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც ასახულია უფლების დამდგენ დოკუმენტში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). დადგენილია, რომ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების (მნიშვნელოვანი ცვლილების) გარეშე, რის გამოც, შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. აღნიშნულს ადასტურებს ზემოთდასახელებული მტკიცებულებაც (ექსპერტიზის დასკვნა). ამასთან, გათვალისწინებულია მხარეების მიერ წლების განმავლობაში თავისი წილით ფაქტობრივად სარგებლობის და გაწეული ხარჯების ფაქტი (იხ. 3.1.2.). ამ პირობებში კი, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, რაც წარმოადგენს კიდევაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე საზიარო უფლების გაუქმების და ქონების განაწილების წინააღმდეგი არ არის, მხოლოდ არ ეთანხმება წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას (იხ. 3.2.1.), თუმცა, თავისი მოსაზრების დამადასტურებლად, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ალტერნატიული დასკვნა (არც ექპერტიზის არც სპეციალისტის), მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა მოსამზადებელ ეტაპზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებისათვის (კანონით გათვალისწინებული ვადაში), არც ექსპერტის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა.

 

შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მხედველობაში მიიღო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის

2--------- N0-------- ექსპერტიზის დასკვნა.

 

2.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს საზიარო უფლება ვ------- ა---------სა და ი---------------ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–---–--–----------–---–----------ში (საკადასტრო კოდი 6-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 396 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე და მოხდეს ამ ქონების გამიჯვნა ნატურით გაყოფის გზით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის N3, N4 და N5 დანართების მიხედვით. მოსარჩელე ვ------- ა--------ს უნდა მიეკუთვნოს საზიარო საგნიდან: განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი ფართით 81,37 კვ.მ, შენობა ნაგებობების დამხმარე სათავსები ფართით 30,34 კვ.მ, ხოლო ორ სართულიანი საცხოვრებელი შენობიდან - 133,28 კვ.მ ფართი;

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად, რომ მისაღები ოთახი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია, ამასთან, მას აღნიშნულ ოთახში გაკეთებული აქვს რემონტი.

 

3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლოს არ გამოუკვლევია და საქმის გადაწყვეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, შეიძლებოდა თუ არა სადავო ნივთის ნატურით გაყოფა ისე, გაყოფის შედეგად მიღებული ყოფილიყო ერთგვაროვანი ნაწილები ღირებულების შემცირების გარეშე. აღნიშნული გარემოების დადგენის აუცილებლობა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც ექსპერტი განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურის გზით საჯარო რეესრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად მცირედი გადაკეთებით, მნიშვბნელოვანი ცვლილების გარეშე შესაძლებელია იმგვარად, როგორც ეს დატანილაი დასკვნის დანართი #3, #4 და #5 დანართებზე. აპელანტის განმარტებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ექსპერტის შესაფასებას ,,მცირედი გადაკეთებით, მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე’’ მისცა იმგვარი შეფასება, რომ ნივთის დაყოფა შესაძლებლია ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არსი საკმარისად დასაბუთებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მხარეთა პოზიციები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია დასაბუთებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში, ვ------- ა---------ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს წილის ნატურით გაყოფის გზით ქ------–---–--–----------–---–---------ში (საკადასტრო კოდი 6-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 396 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საზიარო უფლების გაუქმება და თანამესაკუთრეთა რეალური წილის განსაზღვრა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი და 963-ე მუხლი. სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. მითითებული ნორმა აქცენტს აკეთებს ორი აუცილებელი გარემოების არსებობაზე: საზიარო საგანი (საგნები) უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; დაყოფის შედეგად არ უნდა შემცირდეს თითოეული ნაწილის ღირებულება. განსახილველ დავასთან მიმართებით, როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც გაყოფამდე ასრულებდა, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის.

 

4.1.3. წინამდებარე დავის საგნის გათვალისწინებით მისი სწორად გადაწყვეტისათვის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს: მხარეთა თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე; იდეალური წილის შესაბამისად საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობა; გაყოფის შედეგად წარმოშობილი ინდივიდუალური საგნის ფუნქციური (ღირებულებითი) თვისების შენარჩუნება.

 

4.1.4. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2018 წლის 2--------- დასკვნით (ტ. მე-1, ს.ფ. 37-49) და მიიჩნია, რომ დასკვნაში მითითებული წესით მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გაყოფა სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქ------–---–--–----------–---–---------ში მდებარე შენობა-ნაგებობა უნდა გაიყოს ისე, როგორც ეს მითითებულია დასახელებულ ექსპერტიზის დასკვნაში.

 

4.1.5. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა როგორც სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი, ასევე აღნიშნულ სამართლებრივ ნორმასთან მიმართებაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფრაზა ,,მცირედი გადაკეთებით, მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე’’ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, არასწორად გაიგო და განმარტა, რომ აღნიშნული მითითება სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციაში ექცევა. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ 2--------- წლის დასკვნის მიხედვით უძრავი ნივთის გამიჯვნისას ნივთის დაყოფა მოხდება არაერთგვაროვან - საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ნაწილებად, გარდა ამისა, უძრავი ნივთის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული წესით გამიჯვნის შემთხვევაში მოპასუხე/აპელანტ მხარეს პირველ სართულზე საცხოვრებელი ფართი საერთოდ არ ექნება, ამასთან, მისთვის მიკუთვნებული იქნება მოსარჩელისთვის მიკუთვნებულ ფართზე ნაკლები ოდენობის ფართი.

 

4.1.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მცდარი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმასა (სსკ-ის 963-ე მუხლი) და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი საკითხი ეხება საზიარო საკუთრების ნატურით გაუქმებას, შესაბამისად კვლევის საგანს წარმოადგენს, თუ რამდენადაა შესაძლებელი უძრავ ნივთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში: 1) თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2) მათი დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი მივიღოთ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტი საზიარო უფლების გაუქმებას (ტექნიკური თვალსაზრისით) დასაშვებად მიიჩნევს დასკვნის დანართი #3, #4 და #5 - ის შესაბამისად. ექსპერტიზის დასკვნის მითითებული #3, #4 და #5 დანართებიდან ირკვევა, რომ ექსპერტის მიერ ყვითელი ფერით მონიშნულია ვ------- ა---------ს წილის შებამისი შენობა-ნაგებობის ფართი, ხოლო ლურჯი ფერით - ი---------------ის წილის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ფართი. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის დანართი #3-დან ირკვევა და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ არსებული მდგომარეობით პირველ სართულზე ლურჯი ფერით მონიშნული 32,64 მ2 ფართი, რომელიც დანართზე აღნიშნულია როგორც ი---------------ის წილის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ფართი ავტოფარეხს წარმოადგენს (მართალია მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის პირველ სართულზე ი---------------ის ½წილის შესაბამისი შენობა-ნაგებობიდან 32,64 მ2 ფართობში ავტოფარეხის არსებობის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ ავტოფარეხი თავად აპელანტმა მხარემ მოაწყო.). შესაბამისად, ასეთი გამიჯვნის შემთხვევაში განსხვავებით მოსარჩელისაგან, პირველ სართულზე მოპასუხეს, ფაქტობრივად საცხოვრებელი ფართი არ რჩება (ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის 25 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ლურჯი ფერით მონიშნული ფართის მოსარჩელისათვის მიკუთვნებას.). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დასკვნის დანართი #3-ის მიხედვით შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული ფართიდან ი---------------ისთვის მისი წილის შესაბამისად მიკუთვნებული ფართი შედგება შენობის ერთიან სივრცეში არსებული 11.04მ2 ფართის და შენობის ერთიანი სივრცის გარეთ არსებული 4,51 მ2 და 2,34 მ2 ფართებისგან, მაშინ როდესაც შენობის პირველ სართულზე მოსარჩელე მხარისთვის მისი წილის შესაბამისად მიკუთვნებული ფართი ერთ შემთხვევაში 48.95მ2-ს, ხოლო მეორე შემთხვევაში 10.73მ2-ს შეადგენს. ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით დამატებით კვლევას საჭიროებს ის გარემოება ექპერტიზის დასკვნაში მითითებული წესით მხარეთა საზიარო უფლების ნატურით გაუქმებისას იქნება თუ არა დაცული კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი კუმულატიურიდ ორი სავალდებულო პირობის არსებობის შესახებ, რაც საზიარო საგნის (საგნები) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფას მათი ღირებულების შემცირების გარეშე გულისხმობს. ანუ, შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მოსარჩელისთვის მიკუთვნებული ფართი (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი #3, ყვითელი ფარით მონიშნული ფართი), თავისი ფუნქციური დანიშნულებით რამდენად იქნება ერთგვაროვანი იმ ფართისა, რომელიც ექპსერტიზის დასკვნის მიხედვით, გამოყოფილია ი---------------ისთვის, მათი დანიშნულების და თითოეული მიკუთვნებული ნაწილის ფართობის გათვალისწინებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, დამატებით კვლევას საჭიროებს ასევე დასკვნაში მითითებული წესით საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევაში რამდენად ექნება მოპასუხე მხარეს შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე ჯეროვანი გადაადგილების შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნატურით გამიჯვნის გზით საზიარო უფლების გაუქმების უფლებამოსილება, ცხადია გააჩნია თითოეულ თანამესაკუთრეს, თუმცა ნატურით გამიჯვნის შემთხვევაში არ უნდა შეილახოს სხვა თანამესაკუთრის უფლებები. დაუშვებელია საკუთრების უფლების ისეთი შეზღუდვა, რომლითაც ისპობა საკუთრების სუბსტანცია. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა უძრავი ნივთის გაყოფა და საზიარო უფლების გაუქმება და ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელი, ამასთან სკ-ის 963-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებები სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შესაძლებელია მხარეთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილობრივი მონაცემების შესაბამისად უძრავ ნივთზე თანასაკუთრების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით. პალატა შენიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი არ ჰქონია საპირისპირო ექსპერტიზის დასკნვა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, ყოველგვარი შეფასების გარეშე საკმარისად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რაც არასწორია და არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მომზადებული მხარეთა საერთო ქოენების ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით გამიჯვნის შესაძლებლობას, ხოლო საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ამ გამიჯვნის შედეგად წარმოშობილი თითოეული ერთეული, კანონით გათვალისწინებული ერთგვაროვანი ნაწილი, ან/და ინარჩუნებს თუ არა თითოეული მათგანი თავდაპირველ ფუნქციურ დანიშნულებას, აღნიშნული საკითხები სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებების გათალისწინებით (რაზეც ზემო აბზაცში მივუთითეთ კიდეც) და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს საბოლოოდ სარჩელის საფუძვლიანობა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სრულად ასახული არ არის, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის და საბოლოო შედეგების მიხედვით უნდა მოახდინოს მხარეთა მიერ გაწეული ხარჯების ( მათ შორის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის) განაწილება სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური