განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002490807
საქმე №1/ბ-478-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (----------------------- არასრული საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ა--------------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 აპრილს, ა----------------------------–-------ში, თ--------------ემ თავის დას, - ს------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად დაარტყა ხელი კისრის არეში, შემდგომ კვლავ დაარტყა ხელი მხარის არეში, რის შედეგადაც ს------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
თ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და თ--------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან თ--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი გამართლებულ თ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ს------------ემ და მოწმე ჟ--–-------------ემ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------ემ განმარტა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არც არაფერი დაუნახავს. მისი მეუღლის გადმოცემით იცის, რომ თ--------------ემ თავის დას დაარტყა, დარტყმის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ, რაღაც დაუბრალებია ს------------ისთვის ცოლის მოყვანის ფაქტებთან დაკავშირებით. როდესაც ს------------ე სახლში დაბრუნდა იგი (ს------------ე) ტიროდა და მას (თ-------------ს) უთხრა, რომ ძმამ დაარტყა, ყელში წაუჭირა და ქვებითაც გამოეკიდა. გარეგნულად არაფერი არ ემჩნეოდა და მერე დაეწყო თავის ტკივილები, რის გამოც წაიყვანა თბილისში ექიმთან.
მოწმე ს-----–-----------–---–ის განმარტებით, მუშაობს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, სადაც 2018 წლის 20 აპრილს შევიდა შეტყობინება, ს------------ისგან, რომელიც აღნიშნავდა რომ მისმა ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება. გამოძიების მსვლელობის პროცესშივე გამოკითხა მოწმეები: ჟ--–--------------------------------ე, ს------------ე და თ-------------ე.
2018 წლის 20 აპრილის N3--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, ს------------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
თ--------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დედასთან ერთად ს------–-------ში. ჰყავს და ს------------ე, რომელიც ცხოვრობს ა-----ში თავის ოჯახთან ერთად. ს------------ე მას უშლიდა ცოლის მოყვანას, არ აძლევდა ამის საშუალებას, ვინაიდან თვლიდა, რომ ის (თ--------------ე) არ იყო ნორმალური. იყო გაუნათლებელი. ეს ყველაფერი იყო მისი შეურაცყოფა, მაგრამ მიუხედავად ამისა ს------------ისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თ--------------ისათვის უცნობია, როგორ წაიქცა მისი და, შესაძლებელია მას მაღალი წნევა ჰქონდა და მისი ბრალიც იყო წაქცევა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ს------------ის და მოწმე ჟ--–------------ის მიერ გამოძიებაში მიცემულ განმარტებებზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ ხსენებულმა პირებმა გამოკითხვის დროს თ--------------ე ამხილეს ძალადობის ჩადენაში. სააპელაციო პალატა აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თ--------------ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღოს დაზარალებულ ს------------ის და მოწმე ჟ--–------------ის მიერ გამოძიებაში, გამოიკითხვის დროს მიცემული განმარტებები.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოწმე თ-------------ის ირიბი ჩვენებით, სასამართლოს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა თ--------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის შესახებ. სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: ,,გამამატყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში კი არ არსებობს თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც თ--------------ის ბრალეულობას დაადასტურებდა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ თ--------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ--------------ემ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა თ--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი გამართლებულ თ--------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი თ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
თ---------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო, გაუქმებულია
თ--------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი