განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
190100118002635113
ინსტანცია
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002635113

საქმე №1ბ/497-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავდებულ ელ-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თა---------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ელ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განაჩენით ელ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 06 მაისს, დაახლოებთ 21:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე, ქ. წალკის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა ელ-----------------ი. გზაზე ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას ვერ მოასწრო დროული დამუხრუჭება, გადავიდა გზის საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა გვერდულაზე არსებულ ბეტონის ჯებირს და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ელ-----------------ის მგზავრები: ნი--------ე და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მა---------–ი, ხოლო დანარჩენმა მგზავრებმა - თა----------------მა, მა-----------–---–მა, მა------------------მა, მა-----------–--ემ, ქრ----------------ემ, თა----------------–-ამ, ნა---------–--–-----–---–მა, თი---------–-----ემ, თა--------------ემ, გი----------------–---–მა, ნა----–----------ემ და ეკ----–-ამ, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ე------------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავდებულ ელ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა---------–--–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად და არასრულად დაადგინა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც უნდა შეეფასებინა საქართველოს სსკ-ის 53.3 მუხლში მითითებული თითოეული გარემოებების მიხედვით. დაცვის მხარის მითითებით სიტყვა „კერძოდ“ სამართლის ნორმაში განსაზღვრავს კონკრეტული გარემოებების ზუსტ ჩამონათვალს, სადაც ბრალის აღიარება და მონანიება ნახსენები საეროდაც არ არის. რაც შეეხება კანონისმიერ გარემოებებს, აპელანტის აზრით, გაუფრთხილებელი დანაშაულის შემთხვევაში მოტივი და მიზანი არ მოქმედებს, ამასთან არ გამოვლენილა მართლსაწინააღმდეგო ნება ან მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, მსჯავრდებული არის კეთილი და პატიოსანი. ასევე ადვოკატის განმარტებით კონკრეტული ავტოავარიის შემთხვევაში ქმედების განხორციელების სახე და ხერხი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მძღოლმა რაც მთავარია საჭირო დროს მიადგა ფეხი მუხრუჭის სატერფულს, ელ-----------------მა არ მიატოვა შემთხვევის ადგილი, არც შემდგომ დაემალა გამოძიებას და ითანამშრომლა მათთან. ხოლო დაზარალებულებს არ აქვთ მორალური ან მატერიალური ხასიათის პრეტენზიები უშუალოდ მძღოლთან, უფრო მეტიც ელ-----------------მა მრავალჯერ გამოხატა ზიანის ანაზღაურების სურვილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარე ითხოვს მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ გ-----------------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელით მხარემ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქციის მინიმუმის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა რა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ მას არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი, ასევე ის ფაქტი, რომ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, 12 ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ელ-----------------ს დაუნიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ელ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა---------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ელ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა---------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ელ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება;

 

ელ-----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 აგვისტოს 19:20 საათიდან;

 

ელ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ,,მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით T-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე