განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002027870
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2159-18 5 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – შპ------------------------------
წარმომადგენელი – ს--–----------–-----
მოწინააღმდეგე მხარე – შ------------
წარმომადგენელი – ს-------------–---–-
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვალი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ-------------------------------------“, შპ-----------“ სასარგებლოდ, ზიანის სახით, 41 220 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.2 . შ-------------------------------------“, შპ-----------“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით, 29 370 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. შპ-----------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ------------------------------“ , შპ-----------“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით 41 220 აშშ დოლარის გადახდა; შ-------------- უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის სახით 29 270 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 668-ე, 669-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 394-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე შ-------------------------------“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა როგორც ექსპედიციის, ისე - ტვირთის გადაზიდვის სამართლებრივი ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გადამზიდავი მოქმედებდა ექსპედიტორის დავალებით და დამკვეთის სახელით.
6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპ-----------“ სარეალიზაციო პროდუქციას მოტყუების გზით დაეუფლნენ უცნობი პირები, მეორე მხრივ კი მიიჩნია, რომ შპ-----------ათვის“ ტვირთის გადაზიდვისას დაკარგვით გამოწვეულ მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს შპ------------------------------ წარმოადგენს; აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ის არ წარმოადგენს ბრალეულ პირს შპ-----------“ კუთვნილი ტვირთის დაკარგვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (უკრაინის ეროვნული პოლიციის 2017 წლის 12 მაისის დადგენილებით) ტვირთი დაიკარგა უკრაინის ტერიტორიაზე შ--------------------------- მიერ განხორციელებული გადაზიდვის დროს. შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უკანასკნელს და არა შპს------------------------------
გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
9. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. 2----–-–---------------- შპ-----------“ (მყიდველი) და შპს „ა------------------------ (გამყიდველი) შორის დაიდო N------ერ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველმა შეიძინა 9620 აშშ დოლარის ღირებულების სარეალიზაციო პროდუქცია.
10.2. მყიდველმა გამყიდველს აუნაზღაურა პროდუქციის ღირებულება 9620 აშშ დოლარი.
10.3. 2----–-–-----------ს, შპ-----------“ და შ----------------------- შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ------------- შეიძინა 31 600 აშშ დოლარის ღირებულების სარეალიზაციო პროდუქცია. მყიდველმა პროდუქციის ღირებულება 31 600 აშშ დოლარი აუნაზღაურა გამყიდველს.
10.4. 2----–-–--------------რის შპ-----------“ (დამკვეთი) და შ------------------------------“ (ექსპედიტორ-გადამზიდავი) შორის გაფორმდა ტვირთების გადაზიდვის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „ქ--------------------------“ მიერ „დამკვეთის“ სახელითა და დავალებით ტვირთების სავტომობილო გადაზიდვები.
10.5. ნასყიდობის ხელშეკრულებებით დადგენილი პროდუქცია 22 ტონა „ს-------------------------“ მიერ დაიტვირთა 2017 წლის 6 მარტს, უკრაინაში ქ.გ-------–-.
10.6. უკრაინის ეროვნული პოლიციის 2017 წლის 12 მაისის დადგენილებით, უცნობი პირები მოტყუების გზით დაეუფლნენ გადაზიდვის მიზნით შპ-----------“ სარეალიზაციო პროდუქციას, რითაც ამ უკანასკნელს 41 220 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს. ამავე დადგენილებით, შ------------ ცნობილი იქნა დაზარალებულად.
10.7. დადგენილია, რომ შ------------------------------“ სადაზღვევო კომპანია „უ--------“ მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დაზღვევა ვერ გავრცელდებოდა დამზღვევის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებზე.
11. 2017 წლის 27 ივლისს შ------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს და შ-------------------------------------“, ზიანის ანაზღაურების სახით, 41 220 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა;
12. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნულით შპ-----------“ 41 220 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. სააპელაციო პრეტენზია არსებითად უკავშირდება მატერიალურ ზიანზე პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენის საკითხს და ემყარება იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება შპს „ს--------------------------“ ბრალეულობა ზიანის დადგომაში, რაც აპელანტის მოსაზრებით, მოპასუხის მიმართ პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.
13. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგი დასაბუთებით:
13.1. დადგენილია, რომ შპ-----------ა“ და შ------------------------------“ შორის 2----–-–--------------ერს გაფორმებული ხელშეკრულების 2.2.7 პუნქტის თანახმად, შ-------------------------------“, როგორც ექსპედიტორ-გადამზიდავმა სრული პასუხისმგებლობა აიღო ტვირთზე და იკისრა ტვირთის უსაფრთხოდ ტრანსპორტირების ვალდებულება მისი დატვირთვიდან გადმოტვირთვამდე.
13.2. ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში თუ ექსპედიტორ-გადამზიდავი წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რაც გულისხმობდა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების განუხორციელებლობას და დამკვეთისათვის ტვირთის მიუწოდებლობას, რაც შეიძლებოდა გამოწვეულიყო ტვირთის დაზიანებით, დაკარგვით, განადგურებით ან სხვა მიზეზით, გარდა ფორს-მაჟორისა, ექსპედიტორ-გადამზიდავი ვალდებული იყო დამკვეთისათვის აენაზღაურებინა ტვირთის მიუღებლობით მიყენებული ზიანი სრულად.
13.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
13.4. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავა გადაზიდვის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის არსებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების 2.2.7 და 4.2.5 პუნქტებით განსაზღვრულ არსებით პირობებს ემყარება. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, ტვირთის დაზიანებით, დაკარგვით, განადგურებით ან სხვა მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ექ-------------------------- ბრალეულობას არ უკავშირდება, რის გამოც აპელანტის მითითება მის ქმედებაში ბრალის არარსებობაზე, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავს გარემოებაზე, საფუძველს მოკლებულია.
თბილისის საპელაციო სასამართლო აღნიშნული სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების და დამფუძნებელი ნორმის გამოყენების მიზნებისთვის მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს ( საქმე:საქმე №ას-667-667-2018 , 28 ივნისი, 2018 წელი): ”საკასაციო სასამართლო უპირველესად იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცების ტვირთის განაწილებისას იხელმძღვანელეს იმ სტანდარტისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეთათვის კანონითაა დადგენილი. კერძოდ, სსკ-ის 687-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სამართალწარმოების საპროცესო ელემენტს შეიცავს, ამგვარი სამართალურთიერთობის მონაწილეებისთვის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ სტანდარტს ადგენს: „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გამგზავნის ბრალეულობამ, ეკისრება გადამზიდველს“. გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთ-ერთ სასამართლო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „გადაზიდვის ურთიერთობის რეგულირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რა გადამზიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობის ძირითად პირობას წარმოადგენს რა მისი ბრალი, თავად გადამზიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედებით არ გამოწვეულა...აღსანიშნავია, რომ გარდა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებისა, ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმება ერთმანეთის იდენტურია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებასთან მიმართებაშიც: ბრალეულობით“. სსკ-ის 687-ე მუხლის თანახმად, „იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს. გადამზიდველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი ნორმების ობიექტური შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატების განმაპირობებელ გარემოებათა კვლევა გულისხმობს მოსარჩელის მოთხოვნის (ასევე მოთხოვნის გამომრიცხველ) მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის შემოწმებას, სარჩელში მითითებული (და დადგენილად მიჩნეული) გარემოებები რამდენად უზრუნველყოფენ მოთხოვნის დაკმაყოფილების მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის ობიექტურ შემადგენლობას“.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ტვირთის გამგზავნის (მოსარჩელის) ბრალეულობას აპელანტი (მოპასუხე) ვერ ადასტურებს, საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ, სკ 686.2. მუხლითა და 687.3. 687.5. მუხლებით გათვალისწინებულ წინაპირობებს იგი ვერ ადასტურებს (სკ686.2.“ გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა“. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის მე-3-5 ნაწილები ითვალისწინებს პირობებს, რომელთა არსებობისას გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა: ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული; ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის; გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ; დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე; ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი; ვ) გადასაყვანია ცხოველები).
ამ გარემოებებეს, რაც მოპასუხის პასუხისმგებლობიდან გათვისუფლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ადგილი არ ჰქონი; შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
15. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს--------------------------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი