განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
330310018002513786
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/70-19

N330310018002513786

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ავ--------–------ე, მა--------ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლა–-----------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტების ავ--------–------ის და მა--------ის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ავ--------–------ისა და მა--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მა--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მა--------ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელეების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა სოციალურ შემწეობას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა.

 

2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მა--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება ხელახლა მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მა--------ემ 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება ითხოვა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის წერილით მას ეცნობა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ მიემართა.

 

2015 წლის 21 იანვარს მოსარჩელე მა--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახისათვის 2014 წლის დეკემბერში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მა--------ემ მოითხოვა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილით, მოსარჩელე მა--------ეს ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რადგან ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა (ს.ფ. 66; 117-122).

 

1.2.2. მოსარჩელეებმა მა--------ემ და ავ--------–------ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები გაასაჩივრეს სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მა--------ის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა, როგორც თავად გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მიეცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობისათვის.

 

სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების (განჩინების) საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, 2018 წლის 24 მაისს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა--------ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ იმსჯელა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობის თაობაზე (ს.ფ. 12-15; 66).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეების მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მიუღებელი სოციალური შემწეობის სახით ზიანის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.

 

1.3.2. სასამართლომ პირველ ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა კომუნალური სუბსიდიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან და იღებდა სოციალურ შემწეობას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა. ამასთან, 2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მა--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება ხელახლა მოითხოვა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მა--------ემ 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება ითხოვა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის წერილით მას ეცნობა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ მიემართა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 21 იანვარს მოსარჩელე მა--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახისათვის 2014 წლის დეკემბერში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მა--------ემ მოითხოვა, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილით, მოსარჩელე მა--------ეს ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რადგან ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეებმა მა--------ემ და ავ--------–------ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები გაასაჩივრეს სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მა--------ის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე მითითება, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა, როგორც თავად გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მიეცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობისათვის, ხოლო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების (განჩინების) საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, 2018 წლის 24 მაისს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა--------ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა შეეხება მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლოს დავალებით არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ გადმოუცია გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერების საკითხი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა მას დავალებული.

 

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების ნამდვილ ფუნქციასთან, რაც, როგორც აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი, არამედ, გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა დაუდგენლობის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა საკითხის განხილვა და კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ავ--------–------ის და მა--------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „მა--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

1.3.5. სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად მიიჩნია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების - მოსარჩელეთა ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და სოციალური შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე მსჯელობის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სწორედ მითითებული საკითხის გამოკვლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის 2014 წლის 3 დეკემბრიდან აღდგენა და მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურება.

 

2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. ავ--------–------ის და მა--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, ასკ-ის 33.2 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. 2010 წლის პირველ დეკემბერს ოჯახს მიენიჭა 28 720 მოქმედი სარეიტინგო ქულა, ხოლო შემდეგ, ძალადობრივად წაართვეს სტატუსი, საყოფაცხოვრებო ნივთებით გაზრდილი ქულით, კერძოდ, 03.01.2015წ. მიენიჭათ 74 130 სარეიტინგო ქულა, 2015 წლის პირველი იანვრიდან კი, ეს კომპონენტი (საყოფაცხოვრებო ნივთები) ხმარებიდან ამოღებული იყო, შესაბამისად, 2015 წლის 3 იანვრის ქულა ბათილია.

 

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით (სააგენტოში რეგისტრირებულია 2018 წლის 23 თებერვალს, N1---- კორესპონდენციით) მა--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი–სამგორის სერვის ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის N--------- და 2015 წლის 21 იანვრის N--------- წერილები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის N------- და 2015 წლის 30 იანვრის N-------- წერილები და სააგენტოს დაევალა მა--------ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის მოთხოვნათა დაცვით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება განმცხადებლის 2014 წლის 18 დეკემბრის საჩივართან დაკავშირებით. საჩივრის ზეპირი მოსმენა შედგა 2018 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე და საჩივრის ავტორი სხდომას არ ესწრებოდა. საჩივრის ზეპირი მოსმენის გამართვამდე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ასევე კანონით ვალდებულია, ხოლო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეხუთე აბზაცის ნორმატიული შინაარსი არ არის ფორმალური, მოგონილი ჩანაწერი სააგენტოს მხრიდან, ვინაიდან არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ტერიტორიული ერთეულიდან წარმოების მასალები, ასევე არაერთხელ იქნა მოსმენილი მხარის პოზიცია დავის საგანთან დაკავშირებით (სასამართლო გადაწყვეტილებათა პრეიუდიცია), შესაბამისად, სასამართლოს ბრალდება სააგენტოს მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ თუ ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ზაკ–ის 99-ე, მე-100, ასევე სხვა მუხლებით, სააგენტომ ზედმიწევნით შეასრულა და არ არსებობს საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლით ხელმეორედ შესასწავლად დაბრუნების საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის 7.4 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ოჯახი 2006 წლიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ შემწეობას. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმებულ იქნა 2014 წლის დეკემბერში და მიღებული ქულის საფუძველზე ოჯახს შეუწყდა სოციალური შემწეობა. 2014 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელე მა--------ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება ხელახლა მოითხოვა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2015 წლის 12 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოსარჩელე მა--------ემ 2014 წლის 18 დეკემბრის განცხადებაზე რეაგირება ითხოვა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14 იანვრის წერილით მას ეცნობა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით შეეძლო სააგენტოსათვის ერთი წლის შემდეგ მიემართა.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვარს მოსარჩელე მა--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მისი ოჯახისათვის 2014 წლის დეკემბერში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად ქულის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელე მა--------ემ მოითხოვა სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის წერილით, მოსარჩელე მა--------ეს ეცნობა, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული განსახილველად, რადგან ქულის მინიჭება და სოციალური შემწეობის შეწყვეტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ განხორციელებულა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მა--------ემ და ავ--------–------ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები გაასაჩივრეს სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 14, 21 და 30 იანვრის წერილები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე მა--------ის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეების მა--------ის და ავ--------–------ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩნებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ამასთანავე, შეფასება უნდა მიეცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობისათვის. დადგენილია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ 2018 წლის 24 მაისს გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მა--------ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა შეეხება მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმ ორგანომ სასამართლოს დავალებით არ გამოიკვლია, არ შეაფასა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ გადმოსცა გაზრდილი ქულის მინიჭების კანონიერების საკითხი, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების ნამდვილ ფუნქციასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არამხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი, არამედ, გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა დაუდგენლობის გამო, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა საკითხის განხილვა და კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3.2.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ავ--------–------ის და მა--------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „მა--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

ამასთანავე, მართებულია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ არსებობს სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სწორედ მითითებული საკითხის გამოკვლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის 2014 წლის 3 დეკემბრიდან აღდგენა და მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ავ--------–------ის და მა--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე