განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100118002737614
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002737614

საქმე # 1ბ /533-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

მაია თეთრაული

 

მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ყ---–---ას მიმართ (დაბადებული - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------ში), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ყ---–---ამ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის) ნასამართლევ დ----- ყ---–---აზე სასჯელის მიზნებმა (რესოციალიზაცია, დანაშაულის კერძო პრევენცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ: დ----- ყ---–---ამ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 1,1543 გრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ოვალური ფორმის 146 (ას ორმოცდაექვსი) ცალი აბი. 2018 წლის 10 ოქტომბერს, დ----- ყ---–---ა აღნიშნულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, უკანონოდ ინახავდა პირადად (თავისი შარვლის მარჯვენა და მარცხენა ჯიბეებში), როდესაც იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ----- ა----–-----–--------------------–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

 

დ----- ყ---–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ყ---–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დ----- ყ---–---ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

დ----- ყ---–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- ჩ-------ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

აპელანტის პოზიციით მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ამ სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე გასათვალისწინებელია მისი პიროვნული მახასიათებლები, შესაბამისად აპელანტს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების (მოწმე ს----–-- კ-----–----ს გამოკითხივს ოქმს, დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის ოქმს, ქიმიური ექსპერტიზის N27-------------- დასკვნას, დ----- ყ---–---ას ნარკოტიკული ექსპერტიზის შემოწმების N7------ დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განაჩენს, დ----- ყ---–---ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების N0------ ცნობას, დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, 146 ცალ აბს, საერთო წონით - 1,1543 გრამი, თავად ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას), შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლს მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი შემსუბუქების ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებები არ არის სახეზე.

 

სასჯელთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური და თანაზომიერი მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ასთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდაოდ ცნო მტკიცებულებები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, სწორედაც, რომ გათვალისწინებული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

სააპელაციო პალატას მიზანშეუწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება. პალატას მიაჩნია, მოცემულ საქმეზე, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდაოდ ცნო მტკიცებულებები, მაგრამ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ასეთ ვითარებაში (ჩადენილი დანაშაულის არაერთგზისობის და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე) მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა (მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელის ზომა) მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა დ----- ყ---–---ამ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (რომელთა საფუძველზეც აპელანტი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას) მისი აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას აქვს გათვალისწინებული, სააპელაციო საჩივარში კი არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ----- ყ---–---ას ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დ----- ყ---–---ას მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

დ----- ყ---–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ყ---–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დ----- ყ---–---ას 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

დ----- ყ---–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

დ----- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1,1543 გრამი ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ფერის ოვალური ფორმის 146 (ას ორმოცდაექვსი) ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნ-----–---- ყ---–---ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,1195 გრამი მეთადონის (მარილი) შემცველი, თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის სამი ცალი აბი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ა/მანქანა ,,ნ---------------“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნ-----–---- ყ---–---ას და დ----- ყ---–---ას მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება შ-----------–---------–-–--------------------------------------------------–-------------------–---–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ა/მანქანა ,,ნ-------------ი“, რომელიც ინახება შ-------------–----------–-–------------------------------------------------------–-----------–--------ში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნ-----–---- და დ----- ყ---–---ებისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

მაია თეთრაული