განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
180100118002499459
ინსტანცია
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002499459

საქმე №1ბ/560-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნე-–---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რო-–----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების მ–------------------------–-----ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით რო-–----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის და 2018 წლის 01 მაისის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რო-–----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 26 აპრილის და 2018 წლის 01 მაისის ეპიზოდები).

 

რო-–----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე მ–------------------------–-----ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რო-–----------–---–მა დაამტვრია გამათმობლის შუშები და მეუღლეს ას---------–---–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის ნი--------–---–ის თანდასწრებით სახის არეში ძლიერად დაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად ას---------–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე ას---------–---–-–---–ი დაბრუნდა სახლში - მ–------------------------–-----ში, სადაც ნახა, რომ საძინებელი ოთახის ფანჯრის მინა იყო გატეხილი, რის თაობაზეც ჰკითხა არასრულწლოვან შვილს ნი--------–---–ს. როდესაც აღნიშნული გაიგო ას---------–---–-–---–ის მეუღლემ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რო-–----------–---–მა, იგი გახდა აგრესიული, მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა და 11 წლის ნი--------–---–ის თანდასწრებით ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავის და ზურგის არეში. ძალადობის შედეგად ას---------–---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის რო-–----------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილისა და 2018 წლის 01 მაისის ეპიზოდები).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში აშკარად ვერ აკმაყოფილებდნენ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნე-–---------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რო-–----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის და 2018 წლის 01 მაისის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ მოცემულ საქმეზე წარდგენილ იქნა საკმარისი, აშკარა და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, გამოძიების დაწყების ბარათით, ას---------–---–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ექსპერტ-კრიმინალისტების - მა----------–---–---–ისა და ნი----–--------------–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გამომძიებელ გო----------–--ის ჩვენებით. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და ეჭვქვეშ დააყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. გამომძიებელი გო----------–--ე და ექსპერტ-კრიმინალისტები მა----------–---–---–ისა და ნი----–--------------–-–---–ი სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებში ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და იმ გარემოებებს, რომ ას---------–---–-–---–მა ისაუბრა მისი მეუღლის მხრიდან 2018 წლის 26 აპრილს და 2018 წლის 01 მაისს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ გუ-–--------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომ ას---------–---–-–---–მა მას გამოკითხვისას უამბო, რომ მისმა მეუღლემ ორჯერ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და სხეულის არეში. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკაზე, კერძოდ, ოჯახური დანაშაული მიეკუთვნება ფარული ხასიათის დანაშაულთა კატეგორიას, როდესაც უმეტეს შემთხვევაში მოძალადე და მსხვერპლი იმყოფებიან მარტო, საკუთარ სახლში და მომხდარ ფაქტს არ ჰყავს სხვა თვითმხილველი პირები. აქედან გამომდინარე, მოცემული დანაშაულის მტკიცებულებითი სტანდარტი, ხშირ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შემოიფარგლება. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ რო-–----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შეიცვალოს და გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ რო-–----------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ალ-----------------მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას რ---–----------–---–ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:

 

რო-–----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულ ას---------–---–-–---–ისა და არასრულწლოვან ნი--------–---–ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც რო-–----------–---–ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მამისა და მეუღლის − რო-–----------–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დასახელებული პირების მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რო-–----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, აპელანტი მთავარ აქცენტს აკეთებს საქმის გამომძიებლებისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის, გუ-–--------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ას---------–---–-–---–ის მიერ მისთვის ნაამბობი ინფორმაცია.

 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მასში აღწერილი საცხოვრებელ სახლში არსებული უწესრიგობა და ნივთების ზუსტი განლაგების მითითება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რო-–----------–---–ის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის უტყუარ დადასტურებად, ხოლო საგამოძიებო მოქმედება - საგამოძიებო ექსპერიმენტი სასამართლოს მიერ სამართლიანად იქნა მიჩნეული საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარებულ მოქმედებად, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ დასახელებული საგამოძიებო მოქმედების დროს შესამოწმებელი ინფორმაცია (ჩვენება) საჯაროდ არ წაკითხულა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ რო-–----------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გამომძიებლებისა და ექსპერტების ჩვენებები საკმარისია რო-–----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან, აღნიშნული პირების ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რო-–----------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება რო-–----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რო-–----------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნე-–---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რო-–----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 აპრილის და 2018 წლის 01 მაისის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებებში.

გამართლებულ რო-–----------–---–ს განემარტოს, რომ მას აქვს უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე