განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002694524
საქმე №1ბ/588-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნი-------------–-ძის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. სენაკში, ა-------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ფ----------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით ნი-------------–-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ნი-------------–-ძის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, ჩაეთვალა მოხდილად.
ნი-------------–-ძეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, გ-------------------------------–--------------------ში, ნი-------------–-ძემ არასრუწლოვანი შვილის, სა-----------------–-ძის თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი საკუთარი მეუღლის, თა---------------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა, რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, შემდეგ კი მუშტი ჩაარტყა ნიკაპის არეში. ნი-------------–-ძის აღნიშნული ქმედებებით თა---------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან--------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ნი-------------–-ძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა - მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ნი-------------–-ძის მიერ განხორციელებული ქმედება იყო მაღალი საფრთხის შემცველი და არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშიშროება. ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, რაც სახელმწიფოს მსხვერპლის უფლებათა ეფექტურად დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას უჩენს. იმისათვის, რათა არ მოხდეს ძალადობრივი ქმედებების წახალისება და საზოგადოებას არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა, აუცილებელია, რომ განხორციელდეს ასეთი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულების უმკაცრესი დასჯა. ნ--- თ-------–--ის მხრიდან ჩადენილ ქმედებას კი სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას დაუსაბუთებლად ლმობიერი მიდგომით უპასუხა. გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული არ აღიარებდა დანაშაულს და სადავოდ გახადა მტკიცებულებები. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აპელანტის აზრით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ნი-------------–-ძეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ფა---------–--------ას და მე------------ას ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ნი-------------–-ძემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნი-------------–-ძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ნი-------------–-ძეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი ნი-------------–-ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ან--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასანართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნი-------------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ნი-------------–-ძის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, ჩაეთვალოს მოხდილად.
მსჯავრდებულ ნი-------------–-ძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე