განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
160100118002580096
ინსტანცია
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002580096

საქმე №1ბ/418-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ზა----–----------ს

ადვოკატის: ზუ---------–---–---–-ს

მსჯავრდებულის: აფ-----------ს

თარჯიმნის: ზა---------------ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ აფ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------–---–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, აფ-----------–--------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–-----------------------------------–--- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, აფ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

აფ----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა აკრძალული იარაღით თევზჭერა, აკრძალულ დროს, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 1 ივნისს დაახლოებით 15:00 საათზე, მოქალაქე აფ-----------ი მ--------–-- რაიონის სოფელ დ------------–--–-- მდინარე ხ-------- აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით, კერძოდ სახლართი ბადით, აწარმოებდა თევზჭერას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ აფ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ასევე, დაცვის მხარემ დააყენა ალტერნატიული მოთხოვნა, კერძოდ, მსჯავრდებულის უდანაშაულოდ არცნობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის 500 ლარამდე შემცირება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აფ----------- ადასტურებს თევზჭერის ფაქტს, თუმცა თევზაობაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებები მისთვის უცნობი იყო. იგი თანასოფლელმა წაიყვანა სათევზაოდ, თუმცა აღნიშნული პიროვნება არ ფიგურირებს საქმეში. ამდენად, სასამართლოს აფ-----------ს მიერ ჩადენილი ქმედება, მისდამი ბრალდებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამო, უნდა ეცნო მისატევებელ შეცდომად. აფ----------- პირველად იმყოფებოდა სათევზაოდ და არანაირი კავშირი წარსულში ამ პროცესთან არ ჰქონია. საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის ნორმა და უკანონო თევზჭერის საკითხებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილება, რომლის ცნობადობა და ხელმისაწვდომობაც ნაკლებია საზოგადოებაში. ამასთან, აფ----------ს არ დაუჭერია არც ერთი თევზი და არ მიუყენებია გარემოსათვის არანაირი ზიანი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი ნათელია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა, რათა აფ-----------ს ქმედება ჩაითვალოს მისატევებელ შეცდომად. ამასთან, თევზაობა არ წარმოადგენს სალიცენზიო საქმიანობის სფეროს, რაც პირს დაავალდებულებდა სცოდნოდა ელემენტარული წესები მაინც.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და ასევე, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ზ-----------------------------–---------------------------------------------–-------- ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, ასევე თავად მსჯავრდებულის განმარტებით დგინდება, რომ 2018 წლის 1 ივნისს აფ----------- სოფელ დ------------–--–-- მდინარე ხ-------- ანკესზე მობმული სახლართი ბადით ახორციელებდა თევზჭერას.

საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც ჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.

პალატა პირველ რიგში ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თევზჭერის საკითხებს არეგულირებს საზოგადოებისათვის ისეთი ნაკლებად ხელმისაწვდომი სამართლებრივი აქტი, როგორიცაა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილება და მიუთითებს, რომ თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხლისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კანონებს და ხელმისაწვდომია ყველასათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებას „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, იგი აკონკრეტებს თევზების მოპოვების წესებს და უშუალოდ განსაზღვრავს ვადებს, მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ და ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე არის მარტივად ხელმისაწვდომი. ასეთ ვითარებაში კი კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის არის ბრალკეტური შინაარსის, რომლის შესახებ ინფორმაციაც კონკრეტული საქმიანიანობის ან გამოცდილების გარეშე ვერ ექნება პირს.

საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ცნობილია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გარემოზე ზემოქმედების სხვადასხვა ხერხები, მათ შორის თევზაობა, ნადირობა, ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა, მოქცეულია გარკვეული რეგულაციების ქვეშ და აღნიშნული ინფორმაციის ფლობას არ ჭირდება განსაკუთრებული ხასიათის უნარ-ჩვევები, ცოდნა-განათლება ან კონკრეტულ სფეროში საქმიანობა. ამ ინფორმაციას სწორედ რომ ყოველდღიური ცხოვრების და საზოგადოებრივი ურთიერთობების შედეგად იღებს ადამიანი. ბლანკეტური ნორმები კი არის ისეთი წესები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივ ნორმებთან და თუ მას სპეციალურად არ გაეცნო პირი, მის შესახებ ცოდნას ვერ მიიღებს.

გარემოს დაცვა წარმოადგენს საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინტერესს და მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განეკუთვნება სწორედ იმ დანაშაულთა კატეგორიას, რომლებიც გარდა მათი მართლსაწინააღმდეგო ბუნებისა, საზოგადოებაში დადგენილ კულტურულ ნორმებსაც ეწინააღმდეგებიან. ამდენად, აკრძალვაში შეცდომა გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებთან და მათ შორის უკანონო თევზჭერასთან მიმართებაში არ არის რელევანტური. იმ შემთხვევაში, თუ პირისათვის უცნობია რაში მდგომარეობს უშუალოდ აკრძალვის შინაარსი, იგი ვალდებულია ნებისმიერი კონკრეტული, თუნდაც ერთჯერადი ქმედების განხორციელებამდე გაეცნოს შესაბამის სამართლებრივ ნორმებს.

ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ აფ-----------სათვის თევზჭერა არ წამოადგენს საქმიანობის სფეროს, იგი პირველად დანაშაულის ჩადენის დღეს იმყოფებოდა სათევზაოდ და შესაბამისი აკრძალვების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია, ვერ ჩაითვლება მისატევებელ შეცდომად და ვერ გათავისუფლედება იგი სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობისაგან.

სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ აფ----------- თევზის დასაჭერად წასული იყო სხვა პიროვნებასთან ერთად, რომლის არსებობაც შეგნებულად დამალა ბრალდების მხარემ. პალატა განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილას სხვა პირის ყოფნის ფაქტი არსებით გავლენას ვერ იქონიებს მსჯავრდებულ აფ-----------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შეფასებაზე. დადგენილია, რომ უშუალოდ ეს უკანასკნელი ახორციელებდა ანკესზე მობმული სახლართი ბადით თევზის მოპოვებას.

ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ აფ----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

2. პალატა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედებლობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი კი არ გვაქვს სახეზე. ასევე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახური და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. კერძოდ, აფ----------ს ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, ხოლო ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის და არ გააჩნიათ მატერიალური შემოსავლის სტაბილური წყარო.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში მიზანშეწონილია მსჯავრდებულ აფ----------ს დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 500 ლარამდე, რაც იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ აფ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ აფ-----------ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ აფ-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. აფ----------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი)ლარის ოდენობით;

4. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აფ-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულებები: ანკესი და სახლართი ბადე მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი