განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100118002739226
ინსტანცია
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002739226

საქმე №1ბ/610-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, უკრაინის მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ. თბილისი, ა------–--------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განაჩენით მა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მა---------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მა---------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის ოქტომბრის თვემდე დროის მონაკვეთში, მა---------------ი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მის მეუღლეს - ნი----------ეს და ამცირებდა მას. კერძოდ, მუდმივად ეუბნებოდა ნი----------ეს, რომ იყო მსუქანი და მახინჯი. ამავდროულად, მა---------------ი ეროვნული კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ახორციელებდა ნი----------ის მიმართ დისკრიმინაციის შემცველ გამონათქვამებს. ხოლო, 2018 წლის 12 ოქტომბრის დილის საათებში, მა---------------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ნი----------ის მიმართ, კერძოდ, ორივე ხელი მოკიდა ყელის არეში და მოუჭირა ძლიერად, შემდეგ კი თავი მიარტყმევინა კედელზე. აღნიშნული ქმედებებით ნი----------ემ განიცადა მორალური ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის მა---------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მის ნაცვლად მა---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოადგინა რელევანტურ, დასაშვებ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ყოველმხრივი და ობიექტური შემოწმების თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მა---------------ის მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტი. აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნი----------ის მიერ სსიპ 112-ში გაკეთებული შეტყობინებით მის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 2018 წლის 12 ოქტომბერს მის მიერვე შედგენილი განცხადებით, დაზარალებულის მეგობრის - ნი-----------–--ის და მოწმე გა-–----------ის ჩვენებებით ნამდვილად დადასტურებულია მა---------------ის მხრიდან ნი----------ეზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტი. დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაადასტურა ის გარემოებაც, რომ გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ყოველგვარი მუქარის, მოტყუებისა თუ სხვა რაიმე უკანონო ქმედების გარეშე. ბრალდების მხარის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სხვა მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ობიექტურად შეფასების შემთხვევაში, სასამართლო დარწმუნდება, რომ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს მა---------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულმა მა---------------მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას მა---------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში, კერძოდ:

 

მა---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ნი----------ის გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი მა---------------ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − მა---------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულის მხრიდან მისთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, გაზიარების ღირსია მისი დასტური, რომ გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მუქარის, მოტყუებისა და სხვა უკანონო ქმედების გარეშე. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს წინასწარი გამოძიებისას მოწმის გამოკითხვის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, ხოლო მის მიერ თუნდაც კანონიერი გზით მიწოდებული ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ სასამართლოში გადამოწმების შედეგადაა შესაძლებელი, რაც ვერ განხორციელდა დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო.

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ მა---------------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ ესენია - 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაზარალებულ ნი----------ის მიერ სსიპ 112-ში გაკეთებული შეტყობინება, მის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და ამავე დღეს დაზარალებულის მიერ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში შედგენილი განცხადება, რომლის თანახმად, იგი იმ დღეს დილის საათებში მისი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და ამავდროულად, მთელი მათი თანაცხოვრების პერიოდში მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო.

აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებთან მიმართებით, პალატა კვლავ მიუთითებს, რომ მათში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის, სახეზე არ არის დაზარალებულის მხრიდან მტკიცებულებებში ასახული ფაქტების დამადასტურებელი ჩვენება მიწოდებული სასამართლოსათვის, რის გამოც მათი მტკიცებულებითი ძალა ვერ აღწევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

აპელანტი ასევე მოიხმობს მოწმეთა - ნი-----------–--ისა და გა-–----------ის ჩვენებებს, როგორც მა---------------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნი-----------–--ე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს საღამოს, მას სადარბაზოში შეხვდა ნი----------ე ბავშვთან ერთად, რომელიც იყო განერვიულებული და მიზეზად დაუსახელა მეუღლესთან - მა---------------თან მომხდარი შეკამათება, რა დროსაც ის ხელით შეეხო, რის გამოც მიმართა პოლიციას. ასევე ნი-----------–--ემ განუმარტა, რომ გრძნობდა ყელის ტკივილს, რადგან მეუღლემ ყელში მოუჭირა ხელი. მოწმე გა-–----------ემ ასევე დაადასტურა დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მა---------------მა იძალადა მასზე, კერძოდ, ყელის არეში მოუჭირა ხელი. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ბრალდების მხარე ასევე უთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ ნი----------ის განმარტებით, 2018 წლის 12 ოქტომბრის დილის საათებში მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პალატა ითვალისწინებს, რომ მოცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, მოქალაქე ნი----------ეს სხეულზე გარეგნული მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამდენად, შემოწმების წინ ექსპერტისათვის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არის გამყარებული თავად ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით, შესაბამისად, მოცემული წერილობითი მტკიცებულებიდან სასამართლოსათვის სახელმძღვანელო ვერ გახდება ექსპერტიზის დაწყებამდე ნი----------ის მიერ გაკეთებული განმარტება, რაც მას სასამართლოში არ დაუდასტურებია.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მა---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მა---------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მა---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მა---------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მა---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10. 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

მა---------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე