განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
190100118002727536
ინსტანცია
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002727536

საქმე №1ბ/639-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–-–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ქ-------------------–---–---------------–--–-----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი-------–-–---–ი და ზ-----------------ი არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად ქ----------–-------–---–-----------------–--–-----------------, ბინა N1-ში. ზ---------------ი სისტემატურად იღებს ალკოჰოლს და დას ი------–-–---–ს სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას - აგინებს და ეუბნება უშვერ სიტყვებს, რამაც გამოიწვია ი------–-–---–ის ტანჯვა. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ზ---------------ი დილიდან იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და სთხოვა, რომ მიეცა მისთვის სიგარეტი, ხან ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. როდესაც ი------–-–---–მა გადაწყვიტა ჩაცმა და სახლიდან გასვლა. მას საძინებელ ოთახში შეჰყვა ზ---------------ი, უკნიდან თმებში მოსჭიდა ხელი და მოქაჩა. სასტუმრო ოთახში გამოსვლის შემდეგ კი ერთი ხელი მოუჭირა ყელზე, ხოლო მეორე - მარჯვენა მხარეს გვერდში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილიდან (3 წელი თ/ა) –1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ზ---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ზ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ზ---------------მა დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს.

ი------–-–---–ი და ზ---------------ი არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად ქ----------–-------–---–-----------------–--–-----------------, ბინა N1-ში. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ---------------მა ი------–-–---–ი იდაყვით მიიმწყვდია კედელთან და ყელში მოუჭირა. შედეგად ი------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–-–--------მ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზ---------------ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, აღნიშნული ეჭვის საფუძველს იძლევა დაკითხული პირების ჩვენებები, მათ შორის დაზარალებული ი------–-–---–ის ჩვენება. სხეულზე დაზიანება ჰქონდა როგორც ი------–-–---–ს, ასევე ზ---------------ს. ი------–--–---–ის განცხადებით თავდამსხმელი იყო ზ---------------ი, ხოლო ზ---------------ის განცხადებით, თავდამსხმელი იყო ი------–-–---–ი. შესაბამისად, ვინაიდან ი------–-–---–იც და ზ---------------იც იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები, ორივე მათგანს შეეძლო შეცდომაში შეეყვანა, როგორც გამოძიება ისე სასამართლო.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ზ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ზ---------------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საღამოს საათებში სახლში იმყოფებოდა და დასთან მოუვიდა შელაპარაკება, მან საპასუხოდ სახეში ხელი წაავლო და გაკაწრა, მისი მოშორება უნდოდა და ამიტომ მოუჭირა ხელი. სიგარეტი არ უთხოვია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია. ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ დას სისტემატურად ამცირებს და მიმართავს უცენზურო სიტყვებით.

 

დაზარალებულმა ი-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ---------------ი მისი ძმაა, შემთხვევის დღეს ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც სიგარეტის გამო იჩხუბეს. მას სახლიდან წასვლა უნდოდა და გარეთ რომ გადიოდა, ზ-----მა კედელთან მიიმწყვდია იდაყვით, მოუჭირა და სუნთქვის საშუალება არ ჰქონდა. ყვირილზე მეზობელი შემოვიდა და გააშველა. არ გამორიცხავს, რომ თავადაც უხეშად უპასუხა, მაგრამ სახეზე იმ დროს ჩამოკაწრა, როდესაც ყელში მოუჭირა. ოჯახის სხვა წევრებზე ზ---------------ს არ უძალადია, მხოლოდ მის მიმართ არის აგრესიული. არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. ხელის მოჭერის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში. შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას. ბინაზე მისვლის დროს სახლში იმყოფებოდა და მათ დანახვაზე აგრესიული გახდა. სახეზე ნაკაწრები ეტყობოდა და აღნიშნა, რომ დამ მიაყენა.

 

2018 წლის 22 ოქტომბერს დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მისამართზე ქ------------------–---–-----------------–--–-------------------------------ში. დაზარალებულმა მიუთითა ის ოთახი, სადაც ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე ი-----–--–-------- დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და დამატებით განმარტა, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულის თანხმობით და მანვე მიუთითა ძმასთან მომხდარი კონფლიქტის ადგილზე. ექსპერიმენტი ფოტოგადაღებით დასურათდა.

 

2018 წლის 26 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ი------–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ბ-------------–---, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვა, ამასთან დამატებით განმარტა, რომ ნაჭდევი არის კანის ზედაპირზე არსებული დაზიანება, რომელიც მიიღება რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ შესაძლოა ზ---------------ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და აღნიშნული ეჭვის საფუძველს იძლევა დაკითხული პირების ჩვენებები, მათ შორის დაზარალებული ი------–-–---–ის ჩვენება, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაზარალებულისა და იმ პირთა ჩვენებების შეფასებისას, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი და მიუთითა ძალადობის დამადასტურებელ გარემოებებზე. მისი ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ ზ---------------მა, მას შემდეგ რაც სთხოვა მას სიგარეტი და იგი სახლიდან გადიოდა, იდაყვით მიაწვა ყელის არეში და ი------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ი------–-–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც ასევე ამყარებს და ადასტურებს დაზარალებულის ჩვენებას. აღნიშნული გარემოებები კი ერთობლიობაში სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის დადგენის შესაძლებლობას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–-–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი ზ---------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–-–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი ზ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ზ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილიდან (3 წელი თ/ა) –1 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ზ---------------ს, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი