განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117002235260
საქმე №1ბ/1011-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ---------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: რ----–---------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რეგისტრირებული რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ი------–----ს რაიონი, ფაქტობრივად მცხოვრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ.მინგაჩევი, ვ-----–-----------.
ადვოკატი - ბ--------------–----ე.
თარჯიმნები: ას--------–-----------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----–---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ--------------–----ემ. აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილებების შეტანა და რ----–---------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის შემცირება. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ზემოხსნებეული განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გამოძიებით არ იქნა დადგენილი საცხოვრებელი სახლის კონკრეტულად რა ადგილას მოხდა კონფლიქტი და სად დაიჭრა დაზარალებული, არ არის აზომილი ოთახის ფართი და აღწერილი ოთახში განლაგებული საგნები, მათი პარამეტრები. არ არის დადგენილი ოთახები არის თუ არა ერთმანეთში გამავალი, მათ შორის დაშორების მანძილი და რამდენი კარია თითოეულ მათგანს შორის. დაუდგენელია რა ადგილას იდგა მაგიდა, საიდანაც დანა აიღო რ----–---------------მა, მისი სიგრძე და სიგანე, რა ნივთები იყო განლაგებული მასზე ან მის გარშემო, ჰქონდა თუ არა ოთახს ფანჯრები, სხვა ოთახში იყო თუ არა მაგიდა და დანები, ასევე შესაძლებელი იყო თუ არა, ოთახში ორი ადამიანის თავისუფლად გადაადგილება. დაუდგენელია, რა მანძილითაა დაშორებული საძინებელი ოთახი და რამდენი საწოლი იდგა იქ, მათი განლაგება და დაშორება კარიდან, რომელიც ოთახს ხდიდა იზოლირებულს. ასევე გაურკვეველია კონფლიქტის დროს კარი იყო თუ არა დახურული და გაიგებდა თუ არა ხმაურს სახლში მყოფი მოწმე ფ---------------–ი, რომელსაც კონფლიქტის დროს ეძინა. დაუდგენელია ასევე იყო თუ არა საშუალება პირს თავი აერიდებინა კონფლიქტისთვის და ისე გასცლოდა იქაურობას და ამაში ერთმანეთს ხელს ხომ არ უშლიდნენ დაზარალებული და მსჯავრდებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გასასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაბეჭდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, თუმცა გაურკვეველია კარის შიდა ზედაპირის რომელ მონაკვეთზე აღმოჩნდა აღნიშნული. ასევე დაუდგენელია ეს იყო სისხლის შხეფის მიკრონაწილაკი თუ სისხლის ღვენთის კვალი, ან რა ვითარებაში დარჩა კვალი საგანზე. გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაზარალებულის სხეული სისხლის მკვეთრ დენას არ განიცდიდა, მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრა დაფიქსირდა მხოლოდ პირველი კლინიკური საავადმყოფოს ბარათის ჩანაწერებში. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფ---------------–ის და დაზარალებულის ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობები. ამასთან, ბრალდების მხარის არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ დაჭრის შემდეგ გაგრძელებულ ჩხუბში დაზარალებულს მოსდიოდა სისხლი. განაჩენში არ არის ნამსჯელი თუ რა დაზიანება ჰქონდა ტანსაცმელს. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ჭრილობის არხები მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო ჭრილობა იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, რაც დაფიქსირებულია პირველ კლინიკურ საავადმყოფოში წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციით. გამოძიების მიერ ექსპერტს დაესვა კითხვა დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების, მათი ლოკაციის, ხანდაზმულობის და დაზიანების ხარისხის შესახებ, თუმცა მისთვის არ დაუსვამთ კითხვა შესაძლებელი იყო თუ არა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის არამიზანმიმართული მოქნევით მსგავსი ჭრილობები მიეყენებინა მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის. აპელანტებმა განმარტეს, რომ რ----–---------------ს და დაზარალებულს შორის კონფლიქტი წარიმართა ამ უკანასკნელის აგრესიული და მიზანმიმართული ქმედებით დაესაჯა რ----–--ი და პასუხი მოეთხოვა გაკონტროლების მცდელობისთვის, რასაც ეს უკნასკნელი პასუხობდა თავდაცვით და მოგერიებით, რა დროსაც რ----–---------------ი ერთი ხელით უწევდა წინააღმდეგობას დაზარალებულს და იგერიებდა მის აგრესიას. სწორედ აღნიშნულის გამო მოიქნია მან დანა მარჯვნიდან მარცხნივ, რათა მოეგერიებინა ტანმაღალი დაზარალებული, რომელიც კვლავ იწევდა მისკენ. გამოძიების მიერ დადგენილი არ არის, იყო თუ არა შესაძლებელი რ----–---------------ს დანა აერიდებინა დაზარალებულისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მსჯავრდებულმა დანა შემთხვევით აიღო მაგიდაზე განთავსებული ნივთებიდან და მის ასაღებად არ წასულა სხვაგან. მას არ ჰქონია მკვლელობის განზრახვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა. აღნიშნული კი, გამორიცხავს მკვლელობის მცდელობას. აპელანტების მოსაზრებით შესწავლილი არ იქნა რ----–---------------ის ფსიქოტიპი და არ დადგენილა ემოციური და სულიერი აღელვების დინამიურობა რამდენად გამოიწვევდა უკონტროლობას და ცნობიერ აშლილობას, იმ დროს, როდესაც რ----–---------------ი იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში. სასამართლო სხდოზე მოსამართლემ თვალნათლივ ნახა დაზარალებულსა და მჯავდებულს შორის არსებული ფიზიკური სხვაობა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობაში აყენებდა დაზარალებულს, რასაც თან ერთვოდა მომხდარი ფაქტის დროს ნაღრძობი მარჯვენა ხელი. სასამართლო განაჩენში უთითებს, რომ ა-–--------------------ის დაჭრის შემდეგ, მოჩხუბარეები გააშველეს კონფლიქტის შემსწრე პირებმა, შესაბამისად ცხადია რომ მათი განცალკევებისა და მათ შორის ფიზიკური კონტაქტის აღკვეთის შედეგად დაზარალებულისათვის დანის დარტყმის შესაძლებლობა ბრალდებულს უკვე შეზღუდული ჰქონდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სასმართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ პირს არ უთქვამს, რომ რ----–---------------ი კვლავ ცდილობდა დანის დარტყმას. კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით, ტანსაცმელებზე ქსოვილის ბოჭკოს მიკრონაწილაკებით შეხება არ გამოვლენილა. გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ დაზარალებულს მიყენებული დაზიანებების შედეგად ორგანო არ დაუკარგავს, ჯანმრთელობა არ აქვს შერყეული, არ საჭიროებს ხანგძლივ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მან საავადმყოფოში დაჰყო შვიდი დღე, ოპერაციიდან მეორე დღეს განთავსდა პალატაში და გამოჯანმრთელებული გაეწერა სახლში. მას შემდეგ კი, რაც გააცნობიერა, რომ თავად მისი ქმედება იყო დამდგარი შედეგის მაპროვოცირებელი, წერილობით ითხოვდა რ----–---------------ისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტებმა მოითხოვეს რ----–---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ----------------ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული რ----–---------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა რ----–---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ--------------–----ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რ----–---------------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ო--------–------------ ში, რ----–---------------ს და ა-–--------------------ს, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბით და ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა რ----–---------------მა განიზრახა ა-–--------------------ის მოკვლა, რისთვისაც მაგიდიდან აიღო დანა და ორჯერ დაარტყა მას წელის მარცხენა არეში, მე-12 ნეკნის მიდამოში და გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რითაც მიაყენა შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის და კუჭის დაზიანებით. რ----–---------------ის და ა-–--------------------ის გაშველება შეძლეს იქვე მყოფმა ჯ----–-–-----–---მა და ფ---------------–იმ, რომლებმაც დაჭრილი ა-–--------------------ი გადაიყვანეს თ---–------- საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური დახმარების შედეგად, იგი გადაურჩა სიკვდილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით რ----–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა რ----–---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი ცხოვრობდა ფ---------------–ისთან და ა-–--------------------თან ერთად, რომლებთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ამასთან, თუ რომელიმე მათგანი აგვიანებდა სახლში მისვლას, ურეკავდნენ და კითხულობდნენ. 2017 წლის 17 ნოემბერს, საღამო ხანს, იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ფ---------------–ი და ეძინა. მან ჩვეულებისამებრ დაურეკა ა-–----------ს და უთხრა დროულად მისულიყო სახლში, რათა ერთად ესადილათ. საუბრიდან რამდენიმე ხანში სახლში მივიდა ა-–----------ი, რომელიც იყო გაბრაზებული. ამ უკანასკნელმა მისვლისთანავე დაუწყო მას ჩხუბი, კერძოდ, ჰკრა ხელი, შემდეგ კი ხელი დაარტყა სახისა და გულმკერდის არეში, რაზეც განაწყენდა. მას მარჯვენა ხელის თითი ჰქონდა ნაღრძობი და ძალიან ტკიოდა, რის გამოც უჭირდა ა-–----------ისგან თავის დაცვა. ამიტომ, იგი თავდაცვის მიზნით, მაგიდიდან მარცხენა ხელით იღებდა სხვადასხვა ნივთებს და ესროდა ა-–----------ს, რომელიც კვლავ აგრძელებდა მუშტებით მის ცემას. ამის შემდეგ მან მაგიდიდან აიღო დანა და ერთი-ორჯერ ისე მოუქნია ა-–----------ს, რომ ვერ აცნობიერებდა, რა ნივთი ჰქონდა მომარჯვებული. მას შემდეგ კი, რაც დაინახა სისხლი, დანა დააგდო ძირს და შეწყვიტა თავდაცვა. ამასთან, ა-–----------ის დაჭრის შესახებ უთხრა მეგობრებს, რომლებიც იმ მომენტში სიტუაციის განსამუხტად აკავებდნენ ა-–----------ს და ცდილობდნენ მის დაწყნარებას. ფ---------------–იმ და ჯ----–მა ისინი გაიყვანეს სხვადასხვა ოთახებში, რა დროსაც მან დაჭრილი ა-–----------ის საავადმყოფოში წასაყვანად მეგობრებს მისცა ტაქსით მგზავრობისთვის საჭირო თანხა, თავად კი დარჩა სახლში და დაალაგა, შემდეგ კი, წავიდა თანხის საშოვნად, რა დროსაც ნაგავი, მათ შორის გატეხილი ჭურჭელი და დანის პირი გაიყოლა თან და გადაყარა ქუჩაში განთავსებულ ნაგვის ურნაში. იგი მეგობრობს დაზარალებულთან და მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ნივთს, რომელიც აღმოჩნდა დანა იქნევდა მხოლოდ თავდაცვის მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ა-–--------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ვინაიდან სწავლობს საქართველოში, მეგობრებთან ფ---------------–ისთან და რ----–---------------თან ერთად ცხოვრობდა თბილისში მდებარე ნაქირავებ ბინაში. 2017 წლის 17 ნოემებრს, საღამოს სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან - ჯ----–-–-----–---თან, რა დროსაც მობილურ ტელეფონით დაურეკა რ----–---------------მა და ჰკითხა სად იყო და როდის აპირებდა სახლში მისვლას. საუბრისას მათ მოუვიდათ შელაპარაკება. იგი მალევე მივიდა სახლში, რის შემდეგაც მასსა და რ----–---------------ს შორის კვლავ გაგრძელდა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც რ----–---------------ს ხელი დაარტყა გულ-მკერდის არეში. ამ უკანსკნელმა კი, მისი მიმართულებით ისროლა სკამი. აღნიშნულის შემდეგ ოთახში განთავსებული მაგიდიდან იღებდნენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებსაც ესროდნენ ერთმანეთს და იწევდნენ ერთმანეთისკენ, რა დროსაც ფ---------------–ის, რომელსაც მისი სახლში დაბრუნებისას ეძინა გვერდით ოთახში, გაეღვიძა და ცდილობდა მათ გაშველებას. ჩხუბის დროს რ----–---------------მა საიდანღაც აიღო დანა და ზედიზედ ორჯერ დაარტყა გულმკერდის მარცხენა მხარეს. ამ დროს მათთან მივიდა ჯ----–-–-----–---ი, რომელიც ფ---------------–ისთან ერთად ცდილობდა მათ გაშველებას. რ----–---------------ს დანა გაუვარდა ხელიდან, რის შემდეგაც იგი ჯ----–-–-----–---მა გაიყვანა მეორე ოთახში. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან იყო დაჭრილი, იგი ფ---------------–იმ და ჯ----–-–-----–---მა წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ფ---------------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, საღამოს, იმყოფებოდა სახლში რ----–---------------თან ერთად, ა-–--------------------ი კი - იყო მეგობართან. რ----–---------------მა დაურეკა ა-–----------ს და ჰკითხა როდის აპირებდა სახლში დაბრუნებას. ამ უკანასკნელმა ჩათვალა, რომ მას რ----–---------------ი აკონტროლებდა, რის გამოც მოუვიდათ შეკამათება. სატელეფონო საუბრის დასრულებიდან მცირე ხანში ა-–--------------------ი მივიდა სახლში და კვლავ განაგრძო კამათი რ----–--თან, შემდეგ კი, გაიწია რ----–---------------ისკენ, რომელსაც მიახლოებისას ჰკრა ხელი. რ----–---------------ი, რომელიც ჩანდა შეშინებული, უკუსვლით გაეცალა დაზარალებულს, რა დროსაც დაეჯახა იქვე განთავსებულ მაგიდას, ხელი მოჰკიდა მაგიდაზე არსებულ დანას, რომელიც ორჯერ დაარტყა ა-–--------------------ს. თავად კი, შემოსწრებულ ჯ----–-–-----–---თან ერთად, აშველებდა მოჩხუბრებს. რ----–---------------ი და ა-–--------------------ი გაშველებისას იწევდნენ ერთმანეთისკენ და ერთმანეთს უყვიროდნენ - „მოდი აქ“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რ----–---------------ს იმ პერიოდში დაზიანებული ჰქონდა საჩვენებელი თითი, რის გამოც ა-–--------------------ს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რის გამოც აიღო დანა ხელში, სხვა შემთხვევაში, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ჩხუბისას დანას არ გამოიყენებდა. ამასთან, ჩხუბის დასრულების შემდეგ რ----–---------------ი განიცდიდა მომხდარს და ამბობდა ,,ეს რა გავაკეთეო“.
მოწმე ჯ----–-–-----–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ რ----–---------------ი და ა-–--------------------ი არიან მისი მეგობრები. 2017 წლის 17 ნოემბერს, საღამოს, მივიდა ხსენებულ პირთა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ნახა, რომ რ----–---------------ი და ა-–--------------------ი ჩხუბობდნენ, ძიძგილაობდნენ. ფ---------------–ისთან ერთად შეეცადა მათ გაშველებას, თუმცა ისინი კვლავ იწევდნენ ერთმანეთისკენ, რა დროსაც რ----–---------------მა შენიშნა, რომ ა-–---------- უ-------ი იყო სისხლიანი და შეწყვიტა ჩხუბი. მან რ----–---------------ი გაიყვანა სამზარეულოში, სადაც ცოტა ხანში შევიდა ფ---------------–ი და უთხრა, რომ ა-–--------------------ი იყო დაჭრილი და სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. მან და ფ---------------–იმ დაჭრილი ა-–--------------------ი წაიყვანეს საავადმყოფოში. მას ინციდენტის დროს დანა არ დაუნახავს და არც მისი დარტყმის მომენტს შესწრებია.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ო--------–------------ში და წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მისაღებ ოთახში პარკეტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკის ნაგლეჯი, მოწითალო ფერის ლაქებით, ხოლო მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გასასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს, 03:35-04:07 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----–---------------მა მიუთითა თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგვის ბუნკერზე, სადაც აღმოჩენილი იქნა დანა, რომლითაც, რ----–---------------ის განმარტებით, ამ უკანასკნელმა დაჭრა ა-–--------------------ი.
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს, 04:12-04:30 საათზე, თბილისში, გ---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის მეტალის პირი, წარწერით ,,CARD SHARP“ და ნომრით 0--------. დანის პირი წინა მხარეს არის წაწვეტებული ფორმის და წვერთან აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:45-13:10 საათზე, ქ. თ---–------- საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ექთნის თანაშემწე მ--------–------–---–ისგან ამოღებულ იქნა ა-–--------------------ის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, კერძოდ, ჯინსის შარვალი, ტყავის ქამარი და უმკლავებო მაისური, რომლებზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ პაკეტში წარწერით: ....,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ს.
▪ პაკეტში წარწერით: ....,,ამოღებულია ერთი ცალი მეტალის საგანი მოწითალო ფერის ლაქებით ნაგვის ურნიდან...“ მოთავსებულ მეტალის, ცალმხრივლესილ საგანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ს.
▪ პაკეტში წარწერით: ....,,უ-------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე და უსახელოებო მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–--------------------ს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ შპს „პირველი საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------დან ირკვევა, რომ ა-–--------------------ს, 2017 წლის 17 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიუმართავს აღნიშნული კლინიკისთვის 2017 წლის 17 ნოემბერს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ფილტვის სხვა ტრავმები, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, კუჭის ტრავმა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. (გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ფილტვის და კუჭის დაზიანებით, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ლაპარატომია, გასტრორაფია, მუცლის ღრუს დრენირება, მარცხენამხრივი თორაკოტომია, პულმორაფია, პლევრის ღრუს დრენირება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა).
▪ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
▪ სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, ჭრილობათა (2 ჭრილობა) არხები მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
დაცვის მხარის მტკიცებულებით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ 2018 წლის 18 მაისის ექსპერტის N-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, მოქ. ა-–--------------------ს 17.11.17 წ. შემთხვევასთან დაკავშირებით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ხასიათის ჭრილობა უკანა იღლიის ხაზზე მე-12 ნეკნის საპროექციოდ და წინა იღლიის ხაზზე მე-6-7 ნეკნთაშუა სივრცეში. ორივე ჭრილობა შემავალია გულმკერდის და მუცლის ღრუებში კუჭისა და ფილტვის დაზიანებით.
▪ მოქ. ა-–--------------------ს სხეულზე არსებული ჭრილობების მხარეობის და ლოკალიზაციის მხედველობაში მიღებით, ექსპერტიზას სავსებით დასაშვებად მიაჩნია დანის არამიზანმიმართული ქაოტური ქნევის პირობებში რ----–---------------ს ა-–--------------------ისთვის მიეყენებინა აღნიშნული დაზიანებები, როგორც ამაზე მიუთითებს დაკითხვის ოქმში თვით რ----–-- რ----------ი (... „მე ავიღე აღნიშნული დანა მარცხენა ხელში ვინაიდან მარჯვენა ხელი მტკივა და დავიწყე ა-–----------ის მიმართულებით მოქნევა... მე არ მინდოდა ა-–----------ის მოკვლა დანით, მე უბრალოდ მისი შეშინება მინდოდა“).
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–-----------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე. გამოკვლევისას კი, გამოიყენა მხოლოდ ბრალდებულ რ----–---------------ის გამოკითხვის ოქმი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ----–---------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკველობის ბრალდების დასადასტურებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, წარმოადგენს დანაშაულის მცდელობას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, დაზარალებულთან წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე, რ----–---------------მა დაზარალებულ ა-–--------------------ს დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ორი დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ რ----–---------------ის და ა-–--------------------ის გაშველებას, ეს უკანასკნელი დაიჭრა. მართალია, მოწმე ჯ----–-–-----–---მა განმარტა, რომ მას დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახვას, თუმცა დაადასტურა, რომ სწორედ რ----–---------------თან ჩხუბის შემდეგ შეიტყო, რომ ა-–--------------------ი იყო დაჭრილი, ხოლო მოწმე ფ---------------–იმ აღნიშნა, რომ მან დაინახა, როგორ მიაყენა დაზარალებულს დანით დაზიანებები რ----–---------------მა.
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ა-–--------------------ს დაზიანებები მიაყენა რ----–-- უ-------ს, თუმცა, არა მოკვლის განზრახვით, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი: ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს; ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
იმისთვის, რომ ზუსტად იქნეს განსაზღვრული, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, უნდა დადგინდეს იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შემდეგ განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობა იწვევს აუცილებელი მოგერიბის გადაცილებას. ამ კრიტერიუმად კანონი თვლის მომგერიებლის მიერ დაცვის აშკარა შეუსაბამობას ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, როდესაც ხელმყოფს აუცილებლობის გარეშე განზრახ ადგება ზიანი. გარდა ამისა ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო დაცვისა და თავდასხმის საშუალებას, თავდასხმის საშიშროების ხარისხს, რომელიც ემუქრება მომგერიებელს, თავდასხმის თავიდან აცილებისათვის მის ძალას და შესაძლებლობას, არამედ სხვა გარემოებებსაც, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მომგერიებლისა და ხელმყოფის ძალის რეალურ შესაძლებლობაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–--------------------ს აღენიშნებოდა ფილტვის სხვა ტრავმები, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, კუჭის ტრავმა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
პალატას მიაჩნია, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა მოწმეთა ჩვენებისა, უნდა შეფასდეს რ----–---------------ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც, რომლის მიხედვითაც, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან მას დაზიანებული ჰქონდა თითი და ვერ უწევდა სათანადო წინააღმდეგობას დაზარალებულს, მისგან თავდაცვის მიზნით მაგიდიდან აღებული დანა მოიქნია ერთი-ორჯერ, ისე რომ ვერც აცნობიერებდა რა ეკავა ხელში. რ----–---------------ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას და ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ცდილობდნენ მოჩხუბრების გაშველებას, შესაბამისად საფრთხე არც თუ ისე რეალური იყო. გარდა ამისა ა-–--------------------ს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული რ----–---------------ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. გასათვალისწინებელია, რომ დანა იყო რ----–---------------ის ხელში, ხოლო ა-–--------------------ს სხვა რაიმე იარაღი ან ბასრი საგანი არ ჰქონია. ასევე, მათ შორის იდგნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ რ----–-- რ----------ი იცავდა თავს, არის დაუსაბუთებელი. ამასთან, რ----–---------------ის ჩვენება არ შეესაბამება მოცემულ რეალობას. კერძოდ, ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის მის ჩვენებასთან. დანის ქნევა მოსაგერიებლად და შემავალი ჭრილობების მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად.
გასათვალისწინებელია როგორც ჭრილობების მიმართულებები, ისე დანის სიგრძე. ა-–--------------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ლოკალიზაცია, ხარისხი მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოსდა რ----–---------------ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება, რომ შემთხვევის ადგილი არ იქნა აღწერილი სრულყოფილად, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დეტალურად არის აღწერილი საცხოვრებელი ბინის განლაგება და აღწერილია მასში განთავსებული ნივთების ადგილმდებარეობა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ამასთან, მოწმეთა ნაწილმა გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც არ უნდა დადებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა დაზარალებულების და მოწმეთა მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
პალატა ასევე ვერ გაზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემეობას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა თავადვე აღნიშნა, რომ დასკვნის გაცემისას არ უხელმძღვანელია სისხლის სამართლის საქმის სრული მასალებით და დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს და ექსპერტიზის დასკვნას.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რ----–---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ რ----–---------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ----–---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--------------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ერთი ცალი დანის პირი, პოლიეთილენის პარკის ნაგლეჯი, მოწითალო ფერის ლაქებით და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად - განადგურდეს.
ა-–--------------------ის ტანსაცმელი და რ----–---------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
დისკები, მათზე განთავსებული ინფორმაციით - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ----–---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--------------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ----–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ----–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ერთი ცალი დანის პირი, პოლიეთილენის პარკის ნაგლეჯი, მოწითალო ფერის ლაქებით და მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად - განადგურდეს.
ა-–--------------------ის ტანსაცმელი და რ----–---------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
დისკები, მათზე განთავსებული ინფორმაციით - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე