განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002510629
საქმე №1ბ/120-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის
ადვოკატის: ლ-------------–---–ის
გამართლებულის: ნ-----------------------------------ის
თარჯიმნების: მ-------------–---–ის, თ---------–--ის, გ---–---------------------ის,ვ--------------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ნ-----------------------------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, სომალის მოქალაქის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ს---------------------------------–--------------–--------------------------ის ქუჩა, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------–-----ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ-----------------------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 დეკემბრიდან დღემდე მ----------------ე და ნ-----------------------------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 24 მარტს, დღის საათებში, ქ. თბ--–--–--------–---–-------------------------------------ში, ნ-----------------------------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ორსულად მყოფ მეუღლეს, მ----------------ეს მუცელში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც მ----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
ნ-----------------------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ნ-----------------------------------ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ნ-----------------------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ნ-----------------------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-----------------------------------ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხული დაზარალებულ მ----------------ის პირდაპირი ჩვენებით, ასევე მოწმეების - ა-----------–-----–---–ისა და მ----------–---–ის ირიბი ჩვენებებით დასტურდება ნ-----------------------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ-----------------------------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა მ----------------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----------------------------------თან, რომელთანაც თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ხოლო მოგვიანებით ურთიერთობა დაეძაბა. ნ-----------------------------------ი პერიოდულად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ------- ხშირად ღალატობდა მას და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნ------მა მასზე იქორწინა იმ მიზნით, რათა უფრო ადვილად მოეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჰქონოდა გარკვეული პრივილეგიები, რის გამოც 2018 წლის 24 მარტს დაუხია პასპორტის და ქორწინების მოწმობის ასლები, რის შემდეგაც ნ------ ა----------------------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ორსულს (მ----------------ეს) ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სააპელაციო პალატა მოწმეების - ა-----------–-----–---–ისა (ინსპექტორ-გამომძიებელი) და მ----------–---–ის (დაზარალებულის მეგობარი) ჩვენებების შეფასებისას სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და დასკვნას მათი ჩვენებების ირიბ ჩვენებებად მიჩნევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ბრალდება ნ-----------------------------------ს ედავება მეუღლის - მ----------------ის მიმართ 2018 წლის 24 მარტს განხორციელებულ ძალადობას (ფეხი დაარტყა მუცელში რამდენჯერმე მ----------------ეს), რისი უშუალო შემსწრე მოწმეებიც ა-----------–-----–---–ი და მ----------–---–ი არ არიან და ამ უკანასკნელებს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიღებული აქვთ დაზარალებულისგან.
ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება დაზარალებულის მიმართ ჩატარებულ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნას და სასამართლოში ექსპერტ თ-------------ის ჩვენებას, მ----------------ეს ფსიქიკური ფუნქციების აღსანიშნავი შეფერხება ან დაქვეითება არ აღენიშება. ექსპერტმა, ამასთან, განმარტა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა შეეხებოდა მხოლოდ მ----------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის განსაზღვრას, ხოლო განიცადა თუ არა დაზარალებულმა ძალადობის შედეგად ფიზიკური ტანჯვა, აღნიშნული მისი კვლევის საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულებით და ექსპერტის ჩვენებით არ დასტურდება გამოსაკვლევ პირზე რაიმე ფსიქიკური ან ფიზიკური დაზიანების, ტკივილის ან ჩივილების არსებობა.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენების კუთხით საკონსტიტუციო სასამართლო აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და არა აბსოლუტურს, არ გამორიცხავს მის გამოყენებას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. სააპელაციო საჩივრის ავტორის მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობის არეალში ხორციელდება. ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძვნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს ნ-----------------------------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ----------------ის ჩვენება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.
გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულ მ----------------ის ჩვენების შეფასებისას სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის წერილით (ს.ფ. 144), რომ ნ-----------------------------------ს ბინადრობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის არ მოუმართავს - არ დასტურდება დაზარალებულის მოსაზრება, რომ ნ------მა მასზე იქორწინა იმ მიზნით, რათა უფრო ადვილად მოეპოვებინა საქართველოს მოქალაქეობა და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჰქონოდა გარკვეული პრივილეგიები. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულ ნ-----------------------------------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაზე, რომ 2018 წლის 24 მარტს მას მ----------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მასთან ქორწინებამდე მ----------------ეს ჰყავდა პარტნიორად ი----ის მოქალაქე, რომელმაც შემდეგ ცოლად მოიყვანა მ-------ს ახლო მეგობარი, რის შემდეგაც მაკარაძეს დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები, გახდა ზედმეტად ეჭვიანი, რაც წარმოშობდა მათ ურთიერთობაში კონფლიქტებს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მ----------------ემ მას (ნ-----------------------------------ს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მან (ნ-----------------------------------მა) მიმართა პოლიციას. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია საქმეში არსებული, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან წარმოდგენილი მასალებით.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ-----------------------------------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ-----------------------------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ-----------------------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ნ-----------------------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ნ-----------------------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ-----------------------------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----------------------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;
გამართლებულ ნ-----------------------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე