განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
140210017001806064
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017001806064

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4710-18 19 აპრილი, 2018 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ბ----ა ჩ-----ე

 

წარმომადგენელი - ს---------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ--- ა---–---–-

 

წარმომადგენელი - ნ-------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მ--- ა---–---–მა გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე ბ----ა ჩ-----ისთვის 22.10.2014 ხელშეკრულებისა და 14.11.2014 ხელწერილის საფუძველზე სესხის სახით აღებული 1 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. ბ----ა ჩ-----ემ სარჩელი არ ცნო.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ბ----ა ჩ-----ეს მ--- ა---–---–-ს მიმართ ჯამში 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ბ----ა ჩ-----ემ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ბ----ა ჩ-----ემ შპს „ჩ-----------–-----“ 400 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგში 500 აშშ დოლარი მიიღო, რაც 2014 წლის 14 ნოემბრის ხელწერილით დაადასტურა (ტომი I, ს.ფ. 25-28, 33).

 

6. 2016 წლის 29 ოქტომბერს შპს „ჩ------------–--“ და მ--- ა---–---–ს შორის მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც შპს „ჩ-------------–--“ მ--- ა---–---–ს მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის, ბ----ა ჩ-----ის მიმართ არსებული მოთხოვნა, დაუთმო (ტომი I, ს.ფ. 20-23).

 

7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ აპელანტ მხარეს აღებული სესხის მ--- ა---–---–-სთვის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება აპელანტთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტსა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნას - სესხის სახით თანხის მოპასუხისთვის გადაცემისა და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. ხოლო, მსესხებლის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ფაქტი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. სესხის გადაცემის ფაქტი განსახილველი დავის ფარგლებში სადავო არაა, მართალია თავდაპირველად მოპასუხე აცხადებდა, რომ მასსა და შპს „ჩ------------–-“ შორის 22.10.2014 სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე დაუყენებია შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც მოპასუხემ გორის რაიონულ სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სადავო გახადა ხელშეკრულების 2.2 და 6.1 პუნქტებში დაფიქსირებული მისი ხელმოწერის ნამდვილობა, ხოლო სასამართლოსათვის მიცემული განმარტებით, მოგვიანებით აღნიშნული ხელშეკრულების ბოლოს მსესხებლის გრაფაში მისი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 15.02.2018 წლის სხდომის ოქმი). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის, მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 500 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა. რაც შეეხება, 2014 წლის 14 ნოემბრის ხელწერილს, იგი თავისის არსით ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით არის რეგლამენტირებული. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილი შეიცავს გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო არსებით პირობებს, კერძოდ, მითითებულია მსესხებლისა და გამსესხებლის ვინაობა, სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, დოკუმენტი დათარიღებულია და ხელწერილის ბოლოს დასმულია მსესხებლის ხელმოწერა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ხსენებული ხელწერილით, რომელზეც ვრცელდებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, აპელანტმა მხარემ გამსესხებლისგან დამატებით, 500 აშშ დოლარი ისესხა.

 

ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, მოპასუხისგან მხოლოდ ძირითადი თანხის დაბრუნებას მოითხოვდა და პროცენტის დაბრუნებაზე უარი განაცხადა. თუმცა, მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო თანხა მას გადახდილი ჰქონდა, აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მოპასუხემ საბანკო ამონაწერზე გაამახვილა ყურადღება. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ ამონაწერით აპელანტის ანგარიშიდან თანხის გატანა ფიქსირდება ორი ბარათით, კერძოდ Prisma Classic-ის ბარათით, რომლის ბოლო შვიდი ციფრია 0------- 2014 წლის 21 ოქტომბრიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე გატანილი თანხის ოდენობა ჯამში 1205 ლარს შეადგენდა, ხოლო სადავო ანგარიშიდან სხვა თანხების განაღდება მეორე ბარათი Prisma Electron-ით მოხდა, რომლის ბოლო შვიდი ციფრია: 4-----. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და გაფორმებული მინდობილობის თანახმად, რომლის პირობებიც აპელანტის მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმებულ ხელწერილზეც ვრცელდებოდა, კრედიტორს მოვალის ანგარიშის მართვის უფლება - სახელფასო პლასტიკური ბარათით (---------------- მიენიჭა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა ვერ წარადგინა დამატებითი მტკიცებულება მასზედ, რომ Prisma Electron-ი ბარათიდან, რომლის ბოლო შვიდი ციფრია: 4-----, გატანილი თანა კრედიტორს გადაეცა, ვალდებულება შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

 

9. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისადმი თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იყო სახელფასო ანგარიშიდან თანხის მოხსნის უფლებით, ამიტომ გამსესხებელს საკუთარი მოთხოვნა სწორედ უზრუნველყოფის საგნით უნდა დაეკმაყოფილებინა. სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს რომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის ინტერესების დაცვას ემსახურება და მის ინტერესებს სწორედ ისეთი მოვალეებისგან იცავს, რომლებიც არაკეთილსინდისიერები აღმოჩნდებიან და ნაკისრი ვალდებულების შესრულებას თავს არიდებენ. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები განისაზღვრება კანონით და/ან დგინდება მხარეთა შეთანხმებით. მისი მიზანი ძირითადად მიმართულია იქითკენ, რათა კრედიტორმა მოვალე აიძულოს, შეასრულოს შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულება. არცერთი სამოქალაქო სამართლებრივი ნორმა არ ზღუდავს კრედიტორს ვალდებულება დაიკმაყოფილოს მოვალისგან თანხის მოთხოვნით, უზრუნველყოფის ღონისძიების რეალიზაციის გარეშე. მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განცხადებით კრედიტორი ვერ ახერხებდა ბ----ა ჩ-----ის ანგარიშიდან თანხის გამოტანას, ანუ უზრუნველყოფის ღონისძიების პრაქტიკულ გამოყენებას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მას ანგარიშიდან თანხა უკვე გატანილი ხვდებოდა აპელანტის მიერ, ეს გარემოება კი გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, ასევე დასტურდება საბანკო ამონაწერითაც, სადაც მითითებულია, რომ ბ----ა ჩ-----ის ანგარიშიდან თანხის განაღდება ორი ბარათით ხდებოდა.

 

გარდა ამისა, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება მასზედ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კრედიტორმა განზრახ გააჭიანურა და შემდეგ მიზანმიმართულად გააფორმა ცესიის ხელშეკრულება, რათა გაზრდილიყო მოვალესთვის მოსათხოვი თანხები. მოცემულ შემთხვევაში მოვალე ითხოვს მხოლოდ სესხად აღებული ძირი თანხის დაბრუნებას შესაბამისად, სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ შედავებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს.

 

10. სააპელაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს ბ----ა ჩ-----ის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 29 ოქტომბერს ც------------–---–-- და მ--- ა---–---–ს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ ხასიათს ატარებდა. გარიგების ბათილობას მხარე იმ გარემოებას უკავშირებდა, რომ შპს „ჩ------------–-“ მოვალეთა რეესტრში იყო რეგისტრირებული, ფინანსური პრობლემები გააჩნდა და მისგან თანხის ამოღების შემთხვევაში საწარმო თანხას მოგების სახით ვერ მიიღებდა, სწორედ ამიტომ გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება, რომლის ძალითაც მ--- ა---–---–- ბ----ა ჩ-----ისგან თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამ ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები იმ განზრახვის გარეშე მოქმედებენ, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ, ცედენტი და ცესიონერი გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი. პალატა პირველყოვლისა მიუთითებს, რომ მოვალეთა რეესტრში სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციის ფაქტი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად კვალიფიკაციისთვის უპირობო წინაპირობას არ წარმოადგენს, აპელანტს კი სხვა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გარიგების სამართლებრივი შეფასების საშუალებას მისცემდა არ წარუდგენია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპელანტი წარმოადგენს მოვალეს, რომლის მიმართაც სადავო თანხის მოთხოვნის უფლების არსებობა საქმის მასალებით დადასტურდა, მის მიერ თანხის გადახდის შემდეგ არსებული ვალდებულება წყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც მოთხოვნის დამთმობი და ვერც სხვა ნებისმიერი მესამე პირი, თანხის ხელახლა დაბრუნებას მისგან ვერ მოითხოვს, შესაბამისად გარიგების ბათილად ცნობა სამართლებრივად აპელანტისთვის მნიშვნელოვანი და რაიმე სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება. პალატის აზრით, მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელი საკითხი არაა და აღნიშნული შედავება სხვა დავის ფარგლებში, შეიძლება განახორციელონ პირებმა, რომლითაც ხსენებული გარიგების ბათილად ცნობის ღირსი იურიდიული ინტერესი გააჩნიათ.

 

11. სააპელაციო სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად ასკვნის, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ბ----ა ჩ-----ის მიერ გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ----ა ჩ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია